საზოგადოება
ომბუდსმენი: დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო
დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. „სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას,” - ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან
რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები შეიკრიბნენ. საჯარო სექტორში დასაქმებულები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც უკვე მე-14 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო,“ - განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ. ომბუდსმენის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი - 64%; ხოლო 157 ადამიანს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები - 44%-ს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.
PACE-ს მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ რეიდებზე. მათი შეფასებით, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან დაუცველია. “ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, რომელთა შესახებაც ცნობები იყო, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში,” - ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში. კერნმა და ესტრელამ ასევე დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, რომელიც შეუნელებლად გრძელდება და რასაც საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს. “როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია,” განაცხადეს მომხსენებლებმა. მათ ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, სრულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის შესაბამისად სრულად აგონ პასუხი. „ასეთი სამწუხარო საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს,” - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე მომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - თბილისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწისში ჩამოვლენ.
პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა
„თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არამხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში,“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა. პრეზიდენტმა დააჯილდოვა: ჯონი ბაკურიძე; სერგი ბარამიძე; ნუცა ბახუტაშვილი; დავით ბერაძე; დავით ბიჭიკაშვილი; სალომე ბოკუჩავა; ნიკა ბუჩაშვილი; მინდია გაბაძე; მარიამ გაფრინდაშვილი; რუსუდან დუმბაძე; აკაკი ზარქუა; ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი; მალხაზ კანდელაკი; დავით კობიძე; ნიკოლოზ კოკაია;ანა ლომთაძე-მდივანი; მარიამ მაკასარაშვილი;დეა მამისეიშვილი;მიხეილ მარტიაშვილი; მირიან მელაძე;გივი მჭედლიშვილი; მარიამ ნიკურაძე; გურამ როგავა; დავით ქაშიაშვილი; ნანუკა ქაჯაია; ალექსანდრე კეშელაშვილი; გენადი ქვაჩახია; ბექა ყორშია; გიორგი შეწირული; მაკა ჩიხლაძე; ქეთევან ციცქიშვილი; პავლე ხაჩიძე; ირინა ყურუა; ბესო გაფრინდაშვილი. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აშუქებენ საპროტესტო აქციას. „თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და არა მხოლოდ მიკროფონი, თქვენ ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ თქვენ ჩაიწერებით, როგორც დღევანდელი დღის ეპოქის გმირები, იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო, კითხვებიც დაუსვა; იყო იქ, სადაც გაზს უშვებენ, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად; როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ და ეს არ არის ფორმულა, ეს არის რეალობა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს. მე თქვენს ადგილზე ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს საზღვრების გარეთ და რაზეც ალბათ, შურით გვიყურებენ, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, თავისი ფასეულობებისთვის, თავისი ენისა და რწმენისთვის, მომავლისთვის და ყველაფრისთვის. თქვენ ხართ წინა რიგებში. თქვენთან ერთად ბრუნავს ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება," - განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე, ისაუბრა ქვეყანაში ბოლო მოვლენების ფონზე არსებულ განწყობებზე და განაცხადა, რომ საქართველოში საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ არსებობს და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მედიას. „აქ არ არის ორი საქართველო. ხშირად არის მცდელობა იმის, რომ წარმოდგენილი იყოს რაღაც დაპირისპირება. არ არსებობს ის საქართველო, რომელიც რუსეთის მომხრეა, რომელიც მზად არის, რომ ჩაბარდეს. არსებობს უფრო და უფრო ვიწრო წრეები, რომლებიც არიან მიბმული რაღაცით - ხან ინტერესით, ხან პრივილეგიით, ხან ნათესაობით, ხან ჩადენილიო კომპრომატებით - რომლებიც არიან მიბმული, მაგრამ ქართველი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ჩაბარდეს რუსეთს და რუსული რეჟიმით იცხოვროს, ასეთი ქართველი არ ვიცი და აქ ორ საქართველოს შორის დაპირისპირება არ არსებობს. დაპირისპირება არის შემართული საზოგადოების, რომლის წინაშე დგანან “ტიტუშკები” და ვიღაც-ვიღაცები. იქაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში უფრო და უფრო უჭირთ ის, რომ მათი მეთაური და მათი იერარქია არიან კრიმინალები - ეს ღირსეული პოლიციელისთვის არის ალბათ, ის, რაც ყველაზე ძნელია. მე მინდა, გითხრათ უღრმესი მადლობა, მაგრამ თქვენ ამას მადლობისთვის არ აკეთებთ, თქვენ აკეთებთ ამას იმიტომ, რომ გესმით ბოლომდე, რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება. ხვალ, ალბათ, თქვენზე ძლიერი ზეწოლა წამოვა, ესენი თუ ამ მდგომარეობაში გააგრძელებენ ყოფნას, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რაც ხდება, თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ, არ ეცოდინებოდათ, იქ რა ხდება. თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელს ქალაქში ან სხვადასხვა ქალაქში - არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ,” - მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მედიის წარმომადგენლებმა, ნაძვის ხეზე, რომელსაც პარლამენტის წინ ამონტაჟებენ, საპროტესტო აქციებზე დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს
მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხეზე, რომელსაც ამ წუთებშიც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ. ამავდროულად, მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ნაძვის ხე არ დაეზიანებინათ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა, რუსულ ძალადობას“, „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას.“ აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.
რესპუბლიკის მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
„რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ. „მედიაზე ძალადობა ეს არის ყველაზე დიდი გამოხატულება ყველაზე დიდი სისუსტის. ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს ძალადობა არ იყო, ეს არის მკვლელობის მცდელობა, ნამდვილად ასე დავარქმევ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო ისევე როგორც გურამ როგავას შემთხვევაში, ასევე მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაში ეს ამბავი დამთავრებულიყო საშინელი შედეგით...." - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ ძალადობას გმობენ. შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.
გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: შეუძლებელია ამის მოთმენა
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „TVპირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ „ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.“ „სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება. შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას. ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!,“ - წერს ქოჩორაშვილი. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მათ შორის, აქციის 10 მონაწილე იყო, ხოლო მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელი. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. „მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე - ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს
საპატრიარქო: ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, გადამწყვეტი ზომები სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, „ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში. ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად. მივმართავთ საზოგადოების ყველა წევრს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და შეხედულებისა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და კეთილგონიერება. გავუფრთხილდეთ თანამოქალაქეებს და ამ რთულ დღეებში განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ლოცვა მშვიდობისა და ერთობისათვის! ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფს. 28, 11),“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
პარლამენტის ტერიტორიიდან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს
პარლამენტის ტერიტორიიდან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს. აღნიშნულ ტერიტორიებზე ამჟამად მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რჩებიან. მომიტინგეებმა კი, ქაშვეთის ტაძართან და „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი ჯერ კიდევ გადაკეტილია. შეგახსენებთ, საქართველოში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
UNICEF: საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება
UNICEF-ის საქართველოს წარმომადენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელმოწერით, საქართველო აღიარებს ბავშვთა გამოხატვის თავისუფლების უფლებას (მუხლი 13), გაერთიანების თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას (მუხლი 15). ასევე, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თითოეულ ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება (მუხლი 17). მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ ყველა ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებას.“
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე: სიმართლე როცა შენს მხარესაა, გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის
„ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის,“ - ციტირებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სიტყვებს მედია, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ. განახლება: სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებს. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას. სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი, აქციის მონაწილეები რჩებიან. ვრცელდება ინფორმაცია პროტესტის მონაწილეთა დაკავების შესახებ, რაც ასევე არაერთმა მედიასაშუალებამ დააფიქსირა, თუმცა შსს-ს ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან.“ განახლება: კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, გაათავისუფლეს, რადგან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია პარლამენტს მისი მანდატი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. სახალხო დამცველი: აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი
6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6-7 დეკემბრის ღამეს, აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ამ ადამიანებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი, გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს,“ წერს ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში. 6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკეს. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდა წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
სახალხო დამცველი: აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება, განაგრძონ აქცია. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების დაშლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა „სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. „საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცველები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი ოქმი. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს
სახალხო დამცველი: გუშინ, მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით - ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები. მან ასევე ისაუბრა, სხვადასხვა სკოლაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ დაუშვებელია სკოლების პოლიტიზება, ისევე როგორც მესამე პირის სასწავლო პროცესში ჩარევა. „და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო, სკოლებში მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, გარანტირებულია როგორც შეკრების, ისე მოსწავლეთათვის აზრის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამავე დროს, აკრძალულია სკოლების პოლიტიზება, ისე როგორც მესამე პირების სასწავლო პროცესში ჩარევა. დაუშვებელია, მშობლის ინფორმირების გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება სკოლის დატოვების შესახებ. სკოლაში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახალხო დამცველი და როგორც მშობელი განსაკუთრებულად ვაკვირდები. ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას გავუზიარებ,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. ცნობისთვის, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ზემოთ აღნოშნული არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი. ამ განცხადების შემდეგ, „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება: „პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“ მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა
დღეს, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, ერთი ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
ისტორიაში პირველად, ბიტკოინის ფასმა 100 000 აშშ დოლარს გადააჭარბა
ბირჟა Binance-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა 5 დეკემბერს დილით, თბილისის დროით 6:39-ზე 100 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა და ზრდა განაგრძო. დილის 7 საათისთვის ბიტკოინის ფასმა 104 ათას დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა მატება აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ დაიწყო. ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს კრიპტო ლობისტის, პოლ ატკინსის დანიშვნას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელად. მან პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „მსოფლიოს კრიპტო დედაქალაქად“ აქცევს. დღეს კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობა, ექსპერტების აზრით, სამ ტრილიონ დოლარზე მეტია. ამასთან, სულ რაღაც სამი წლის წინ ტრამპმა ბიტკოინს თაღლითური თაღლითობა უწოდა.
ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს. პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენდგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.
ლევან იოსელიანი: ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს
ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა „დაკავების პირველივე საათებში“ მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი, ასევე ალეკო ელისაშვილი და შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები მოქალაქეების დაკავების დროს იყენებენ. ომბუდსმენის თქმით, „საგანგაშოდ ბევრი მათგანი მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე.“ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართეს. „ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 პირი. ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ინახულა დაკავებული გელა ხასაია, რომელიც სასწრაფო დახმარების გამოძახებას ითხოვდა, რაზეც დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია პოლიციის წარმომადგენლებთან და გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამედიცინო ეკიპაჟი. არაერთხელ განვმარტე და ახლაც გავიმეორებ, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა, აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებშიც,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილი, რომელსაც დაზიანებები აღენიშნება სახისა და ზურგის არეში. „ამასთან, ცალკე მინდა, გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად, ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი,“ - განაცხადა იოსელიანმა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ბრალდება პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარედგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია ინფორმაციაში. ომბუდსმენი: ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს