საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 285 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, რის შედეგადაც ინფექცია 100-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ე.წ. ​კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ით 14 და 15 ოქტომბერს 4 ადამიანია გარდაცვლილი. მათივე მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2579-ს აღწევს. 1167 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ქართული გასტრონომია Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატში მონაწილეობს

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია Bocuse d’Or (ბოკუს დორი) ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატში მონაწილეობს. ჩემპიონატი 2020 წლის 15 და 16 ოქტომბერს, ტალინში იმართება და მასში მონაწილეობას 20 ქვეყანა ღებულობს. გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტის დამფუძნებელი და Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი ლევან ქოქიაშვილი, გუნდთან ერთად ტალინში იმყოფება. „ჩვენ მიერ წარდგენილ კერძს 15 ევროპული ქვეყნის წამყვანი შეფმზარეული გასინჯავს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არამხოლოდ სარესტორნო ბიზნესით არიან დაკავებული, არამედ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ეწევიან, ასწავლიან უნივერსიტეტებში და საფუძვლიანად უღრმავდებიან თავიანთი ქვეყნის კულტურას და გასტრონომიას. შესაბამისად, ეს სხვა მოწოდების სიმაღლეზე მდგარი ღონისძიებაა, სადაც ისეთ დეტალებზეა საუბარი, როგორებიცაა გასტრონომიური ტრადიციები, ტექნიკები, მიდგომები, მზარეულთა ტაქტიკები, სადაც კარგად იკვეთება ქვეყნის გასტრონომიული ხელწერა და გვეძლევა საშუალება დავიკავოთ ჩვენი უნიკალური ნიშა მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ ჩვენ, საქართველოს, გვაქვს საუკეთესო გასტრონომიული მემკვიდრეობის ქონის პრეტენზია, მაშინ, სწორედ, ესაა ის ადგილი, სადაც ამის დამტკიცება შეიძლება, სადაც საუკეთესო მზარეულები გამოგვცდიან და შეგვამოწმებენ, მსოფლიო დონის შეფ მზარეულის, კლერ სმიტის, თაოსნობით. შედეგად ეს გახდება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ მივხვდეთ ვართ თუ არა მსოფლიში ერთ-ერთი გამორჩეული. თუ ჯერ არა ვართ, მაშინ გავიგებთ რა უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად", - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს. სწორედ ამიტომ ღებულობს საქართველო მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში. ბოკუს დ’ორი, 30 წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს. საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული - ლუკა ხინკალაძე. ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში გამარჯვებული შეფები, თავიანთ ქვეყნებს 2021 წელს, ლიონში დაგეგმილ ფინალზე წარადგენენ, რომელიც თავის მხრივ, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული გამოფენა „სირას“ ფარგლებში ტარდება. Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი გახლავთ გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და საქართველოს კულინარიულ ფედერაციასთან ერთად. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს გუნდის გამოსვლა დღეს, თბილისის დროით 11:30-ზე დაიწყო.

"ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინო სივრცე აღარ დასჭირდება"

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკარატინოსივრცე აღარ დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის სქემა შეიცვლება. “ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ენტონი ფაუჩი - წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება. „ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში უკვე გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მისი რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება“, - განაცხადა ფაუჩიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ უკვე 2021 წლის გაზაფხულისთვის ვაქცინა აშშ-ის თითოეული მოაქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამჟამად ვაქცინის შექმნაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში მარინა ენდელაძემ გააკეთა. „თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, - განაცხადა ენდელაძემ.

საფრანგეთის 9 დიდ ქალაქში, კომენდანტის საათი გამოცხადდა

საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება. შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიაწოდა. მისი განცხადების თანახმად, „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. კომენდანტის საათი მოიცავს პარიზსა და კიდევ რვა ქალაქს: რუანს, ლილს, სენტ-ეტიენს, ლიონს, გრენობლს, მონპელიეს, მარსელსა და ტულუზას. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვა შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება და მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე შაბათიდან გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა. მაკრონის განცხადებით, ვინც “კომენდანტის საათის” წესებს დაარღვევს, 135 ევროთი დაჯარიმდება. მისივე თქმით, სანამ “კომენდანტის საათი” გაგრძელდება, “ხალხმა უნდა დაივიწყოს ღამით რესტორნებში ან მეგობრებთან სახლებში ვიზიტები”. ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაუდებელი მგზავრობა კვლავ დაიშვება.

პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა. პოროშენკო მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ის კვირა-ნახევარში გამოჯანმრთელდა. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს COVID-19, 3 ოქტომბერს დაუდასტურდა. ვირუსი მის შვილსაც გამოუვლინდა.

"ედისონ რისერჩი" - საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში

კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად გაუზიარა „ედისონ რისერჩის“ ვიცეპრეზიდენტმა, ნინო ჯაფარიძემ. როგორც მან განმარტა, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას, როგორც ქვეყნის დაცულობის ერთ-ერთ გზას, თავიანთ სტატიებში არაერთი ქართველი მკვლევარი განიხილავს: „ძალიან დამაინტერესა მოსახლეობის აზრმა ამ საკითხთან მიმართებით და მინდა გაგიზიაროთ. კითხვა დავსვით ასე: მომხრე ხართ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზა? მე-5 კვლევის შედეგმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% არის მომხრე, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის სამხედრო ბაზა. 36% უარყოფითად უყურებს ამ საკითხს და იმასაც ვიტყოდი, რომ გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის პროცენტი, რომელიც მომხრეა, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის ბაზა". ნინო ჯაფარიძის თანახმად, მსგავს შეკითხვას ერთი წლის წინანდელ გამოკითხვაში დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 51%-მა. ის არ გამორიცხავს, რომ მხარდამჭერთა ზრდა გაპირობებული იყოს მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაპირისპირების გამწვავებითა და ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობით. გასათვალისწინებელია, რომ „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევის მე-5 ტალღა 25 სექტემბერი - 7 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა: „შესაძლებელია, ამ კონტექსტშიც საქართველოს მოსახლეობა არ გრძნობს თავს დაცულად“.

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი.

თბილისი - 297, აჭარა - 189, იმერეთი - 150 - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 - აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მონაცემებით, 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. "ასევე ჩვენთანაა 2 შესაძლო შემთხვევა, ინფიცირებულის შვილები არიან და სავარაუდოდ, მათაც დაუდასტურდებათ. პაციენტებიდან 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. ასევე, გვყვავს მძიმე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, მაგრამ ისინი არ არიან მართვით სუნთქვაზე. გვყვავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამჟამად მსუბუქი პაციენტები ნაკლებად გვყავს", - განაცხადა ენდელაძემ. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაშია. როგორც ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც შეიტყო, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც მასთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. „შემატყობინეს, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჩემთან და იანეზ ლენარჩიჩთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. კვირას, დაბრუნების შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. წესების შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავდივარ და მეორე ტესტის ჩატარებას დაველოდები”, - წერს დიპლომატი.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია. მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ხიდაშელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი. მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა - ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა. საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუღწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია? როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა. ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. მეტიც, ჩემი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ - საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფუნქციას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ. აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს",- ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში.

8 თვის მონაცემებით, საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება

2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოსგან გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1146 შემთხვევიდან, რომელზეც მიმართვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში შევიდა, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას, ადრეულ ქორინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას 87, ფიზიკური ძალადობა 256 შემთხვევაში დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად სტატისტიკა ასე გამოიყურება: ფიზიკური ძალადობა - 256; ფსიქოლოგიური ძალადობა - 401; უგულებელყოფა -152;იძულება - 3; სექსუალური ძალადობა - 55; ოჯახში ძალადობა - 120; მიტოვება - 7; ეკონომიკური ძალადობა - 19; ადრეული ქორწინება/არასრუწლოვნის ორსულობა - 87; სუიციდის მცდელობა - 19; ბულინგი - 6;კიბერბულინგი - 5; ტრეფიკინგი - 2; ადევნება- 2; ფემიციდი -5; არამართლზომიერი გადაადგილება - 1; არასრუწლოვნების კონფლიქტი - 6. აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ძალადობის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. 2019 წელს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სააგენტოში 1624 მიმართვა შევიდა. აქედან: ფიზიკური ძალადობა - 342; ფსიქოლოგიური ძალადობა - 402; უგულებელყოფა - 504; სექსუალური ძალადობა - 88; ადრეული ქორწინება - 113; ოჯახში ძალადობა - 87; ბულინგი - 20; სუიციდის მცდელობა - 35; მიტოვება - 16; შრომითი ექსპლუატაცია - 9;არასრულწლოვნის მშობიარობა - 2; ტრეფიკინგი - 6. სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის მიზეზით ალტერნატიულ სერვისებში განთავსდა 133 ბავშვი, 2020 წელს კი 69 ბავშვი, აქედან: 28 - მინდობით აღზრდაში, 22 - მცირე საოჯახო ტიპის სახლში; 12 - ძალადობის თავშესაფარში, 2 - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი; 5 - დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.

WHO მთავრობებს მიმართავს: საგანგებო მდგომარეობებმა შესაძლოა ბიზნესები გაანადგუროს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობებმა, შესაძლოა, ბიზნესები გაანადგუროს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. WHO-ს წარმომადგენელი დავიდ ნაბარო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მხარს არ უჭერს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, როგორც ვირუსზე კონტროლის ძირითად საშუალებას. ის აღნიშნავს, რომ აკრძალვების დაწესება გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს. „საგანგებო მდგომარეობები ნეგატიურ გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი, ღარიბ ადამიანებზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს მათ“, - განაცხადა ნაბარომ. WHO-ს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები მძიმედ მოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი ქვეყნის მთავრობებს ეკონომიკის და სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვირუსის კონტროლი მთლიანი დახურვის გარეშე და ისე, რომ ამან ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს“, - განაცხადა გებრეისუსმა.

კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კორონავირუსით გარდაცვლილების შემთხვევათა რაოდენობა ერთეულებით იმატებს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 9 პაციენტისთვის სიტყვა „რეკორდული მაჩვენებელი“ შეუსაბამოა. „დამიჯერეთ, ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ერთეული მატებაა, იყო რვა და გახდა ცხრა. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარა ქვეყანას ჰყავს 1100 გარდაცვლილი, ჩვენ სომხეთზე მოსახლეობით 2-ჯერ დიდ ქვეყანას 102 გარდაცვლილი. დინამიკა ერთი პაციენტით იზრდება, ერთით მეტი და ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკიც, ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის გარდაცვლილი გვყავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში თანმხლები დაავადებების გარეშე მხოლოდ კორონავირუსით გარდაცვალების ერთეული შემთხვევა ფიქსირდება. „გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დავადებები აქვთ. ერთეული შეთხვევები 2-3 შემთხვევა იყო როდესაც მარტო კოვიდინფექციით გარდაიცვალა პაციენტი, დიდი ალბათობით მათ თრომბოემოლიური გართულება გამოეხატათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ბათუმის სათნოების სახლში COVID-19 კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლში, სავანეში, კორონავირუსი კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი, რომელიც COVID-19-ისგან განიკურნა, 73 წლის კაცია. მათივე ცნობით, ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ყველა მათგანი თავშესაფარს დაუბრუნდა. კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში ამჟამად მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ბოლო 24 საათში დადასტურებული ინფიცირების 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში აღირიცხა. აჭარაში ინფექციისგან კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა და 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, მარია კოლესნიკოვამ, ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ბელორუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა მარია კოლესნიკოვამ უარი განაცხადა ალექსანდერ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში. ამის შესახებ კოლესნიკოვას ადვოკატმა ალექსანდრე პილჩენკომ განაცხადა. 10 ოქტომბერს ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში ბელარუსის დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა. მისი თქმით, 9 ოქტომბერს, ჟოდინოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, "ორი სიმპათიური მამაკაცი" მივიდა კოლესნიკოვასთან და შესთავაზა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე წასვლა. მან მათ უთხრა, რომ ლუკაშენკოსთან კომუნიკაციას აზრი არ ჰქონდა. კოლესნიკოვას თქმით, ოპოზიციამ ლუკაშენკოს თვენახევრის წინ მოუწოდა ძალადობა დასრულებულიყო, თუმცა ახლა "ყველანი ციხეში არიან ან ქვეყნიდან არიან გაძევებულნი". 17 სექტემბერს კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად. ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური აქციები დაიწყო. ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ არჩევნებში გაიმარჯვა. საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ან დაპატიმრებულები არიან, ანდა ისინი იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში.

საპატრიარქო, ტაძარში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავს

საპატრიარქოს ცნობით, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, სვეტიცხოვლის ეზოში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. მიზეზი "ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების" უზრუნველყოფაა. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 - საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე. ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

569 ახალი შემთხვევა და 329 გამოჯანმრთელებული - ახალი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 329 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. ზოგადი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12841 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6867 მათ შორის გარდაცვლილი – 102 კარანტინის რეჟიმში – 5590 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 28 608 404 ადამიანი განიკურნა, 1 085 482 კი - გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 037 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 175 880 ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 103 408 ადამიანს დაუდასტურდა.