საზოგადოება
უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგძელდება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურად განახლების შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაცნობებთ“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელა. აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძლდება ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დღეს გახდა ცნობილი, რომ ყველგან, სადაც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გორსა და ფოთში კი სკოლას დაუბრუნდება ყველა კლასის მოსწავლე. გამონაკლისი იქნება აჭარა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება
აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. „ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1705-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
"უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები"
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს იმ ეტაპებს, რომლითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენა დაიწყება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მას არ დაუზუსტებია, განიხილება თუ არა სკოლებში დაბრუნებით თარიღის ცვლილება. "განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რამეთუ, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესი და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა გახარიამ. სასკოლო პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პრემიერის თქმით, შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და ექნება მხოლოდ ლოკალური ხასიათი.. „როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ, როგორც ქვეყნის რესურსი, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ სისტემასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას კარგად გაუმკლავდა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, თუმცა არა შეზღუდვით და ეკონომიკის გაჩერებით, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ამასთან ერთად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთ მიმართულებებზე როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც საარჩევნო პროცესი“,- განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.
Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა
გამოცემა Time-მა 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალი განსხვავებულია გასული წლების რეიტინგებისგან, რადგან წელს გამოცემამ რეიტინგში შეიყვანა ექიმები, მედდები და მეცნიერები. გამოცემა Time-ის ჩამონათვალში მოხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი და აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩიც. Time-მა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წელს ასევე დაასახელა გერმანელი ინფექციონისტი კამილა როთი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დადგენაში, რომ COVID-19-ი უსიმპტომო ადამიანებისგანაც ვრცელდება. ასევე, მედდა ნიუ-იორკიდან, ემი ოსულივანი, რომელიც ნიუ-ორკში კორონავირუსით დაღუპულ პირველ პაციენტს მკურნალობდა, რის შემდეგაც თავადაც დაინფიცირდა. გარდა ამისა, Time-ის წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში არიან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტაივანის პრეზიდენტი ცაინ ვენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. გამოცემის მთავარი რედაქტორის დენ მასაის განცხადებით, წლევანდელი წელი კორონავირუსის გამო სრულიად განსხვავებულია, რადგან გამოცემის თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დისტანციურად იმუშავა ამ სიის შედგენაზე. „წლევანდელი ჩვენი ჩამონათვალი ასობით ვირტუალური შეხვედრის შედეგია. წელს გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ისინ, ვისიც გვჯერა და იმედის თვალით შევყურებთ. წლევანდელი წელი არის წარმოუდგენელი გამოწვევების წელი, რომელიც ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა დენ მასაიმ.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობა 89 კოვიდინფიცირებულს უტარდება. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 1116 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 330 ადამიანი.
"იტალიის სკოლამ, ონლაინ სწავლებისთვის, მოსწავლეები, კომპიუტერებით თავად უზრუნველჰყო"
როდის და რა ფორმით განახლდა სასწავლო პროცესი იტალიაში და რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგას პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნის სასკოლო სისტემა... მაშინ, როდესაც საქართველო, უამრავი სხვა ქვეყნის მსგავსად, ჯერ კიდევ შორიდან აკვირდებოდა კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ამბებს, იტალია ნამდვილ ომში ჩაერთო ამ ერთი შეხედვით არცთუ საშიშ, მაგრამ როგორც ადამიანურად, ისე ფინანსურად, ძალიან დიდი ზარალის, მომტან ვირუსთან. სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ერთ-ერთი პირველი მოხვდა იმ ობიექტების სიაში, რომლებიც ჯერ კიდევ საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიხურა. იტალიამ, პირველმა მიიღო ძლიერი დარტყმა და ერთ-ერთმა პირველმავე დაიწყო მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. საწყის ეტაპზე მძიმე შეზღუდვების გათვალისწინების შედეგად და ჯერ კიდევ მთელი რიგი რეგულაციების ფონზე, რაც დახურულ და ღია სივრცეში ნიღბების ტარებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე, დისტანციის დაცვის აუცილებლობას და სხვა სახის შეზღუდვებს გულისხმობს. ამ ეტაპზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იტალია ძველ, საოცრად ცოცხალ და ლამაზ ყოველდღიურობას ნელ-ნელა უბრუნდება. იმის ფონზე, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ ის ფაქტი, რომ იტალიის სკოლების დიდმა ნაწილმა, სასწავლო პროცესი, ჩვეულ რეჟიმში განაახლა. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ფლორენციის, სკანდიჩის, რასელ-ნიუტონის სახელობის „HIGH SCHOOL“-ის, იტალიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მასიმო სერიაკოპის, რომელსაც 29 წლიანი გამოცდილება აქვს, მოსწავლეები და სკოლის პერსონალი კი ბავშვების სიყვარულის ამდენივეწლიანი სტაჟით ახასიათებენ. მასიმო სერიაკოპი: იტალიაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 5 მარტს, სრულიად მოულოდნელად, პირველი კომუნიკაციიდან, სულ რამდენიმე საათში დავხურეთ სკოლა. მოგვიწია შუა გზაზე მიგვეტოვებინა არა მხოლოდ ძირითადი სასწავლო პროგრამა და პროცესი, არამედ მთელი რიგი პროექტები და აქტივობები, რომელთა ნაწილი დღემდე დაუსრულებელია. სრულიად პარალიზებულნი აღმოვჩნდით, როგორც დირექცია და პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები, მაგრამ ვაცნობიერებდით, რომ შექმნილ ვითარებაში, ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო. - მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ სკოლები იხურებოდა, როგორი იყო პირველი რეაქცია და შემდეგ უკვე პირველი ნაბიჯები სკოლის მხრიდან? - მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა საუბრები, მაინც მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა იტალიის მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას. სემესტრი ისე დასრულდა, რომ სასწავლო პროცესის განახლება ვერ მოხერხდა. ბავშვები მერხებს ახალ სასწავლო წელს, 14 სექტემბერს დაუბრუნდნენ, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით, გავიხსნებოდით თუ არა. სკოლის დახურვის შემდეგ, არ დავლოდებივართ განათლების სამინისტროს ინსტრუქციებს და დამოუკიდებელად დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. მაშინვე სრული დატვირთვით ავამუშავეთ სკოლის ინფორმატიკის განყოფილება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ტექნიკური და ტექნოლოგიური სირთულეებისა, შევძელით მოსწავლეებთან და ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება. არ ვგულისხმობ მხოლოდ მკაცრად გაწერილ სასწავლო პროგრამას, გვინდოდა ჩვენი ბავშვებისთვის გვეგრძნობინებინა, რომ მათ გვერდით ვიყავით და რომ ისინი არავის მიუტოვებია. მასწავლებლებიც მუდმივად ხაზზე ვიყავით ერთმანეთთან და ვცვლიდით ინფორმაციას. რამდენიმე კვირაში, განათლების სამინისტროს ინსტრუქციებიც წამოგვეწია. პასუხისმგებლობის გრძნობის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინეს. - დისტანციური სწავლებისას საქართველოში, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, თავი იჩინა საკმაოდ მწვავე პრობლემამ, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში მხოლოდ ერთი კომპიუტერია, მაგრამ ონლაინგაკვეთილები ყველა ბავშვისთვის ერთდროულად მიმდინარეობს. ეს საკითხი როგორ მოაგვარეთ? - ჩვენ გამოვავლინეთ ყველა ის მოსწავლე, რომელსაც არ ჰქონდა პერსონალური კომპიუტერი და სკოლამ საკუთარი რესურსებით, უფასოდ უზრუნველჰყო ისინი ტაბლეტებით. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დისტანციური სწავლის პროცესშიც ყველა მოსწავლე თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყო. - განაახლეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ თქვენი სკოლა ძალიან დიდია მასშტაბებით, როგორ ახერხებთ უზრუნველჰყოთ უსაფრთხო გარემო მოსწავლეებისთვის პანდემიასთან მიმართებაში? - პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად თავისი მასშტაბებისა, იგულისხმება როგორც ფართობი, ასევე მოსწავლეებისა და პერსონალის რაოდენობა, 1800 მოსწავლე, 200 მასწავლებელი და პლიუს მომსახურე პერსონალი. სკოლა იქცა ყველაზე უსაფრთხო და სამაგალითო სივრცედ. მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, სრულიად ითვალისწინებენ იმ რეგულაციებს, რაც სკოლის გახსნისთვის, აუცილებელი პირობა იყო. ბავშვებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ძალიან დაზარალდნენ გასული თვეების განმავლობაში და ახლა ცდილობენ წესების დაცვით, თავიდან აიცილონ სიტუაციის განმეორება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოზარდები საოცარ მაგალითს იძლევიან საზოგადოების ზრდასრული ნაწილისთვის. პირდაპირაც ვეუბნები-ხოლმე, რომ ქედს ვიხრი მათ წინაშე. - როგორია ახალი რეგულაციები და შეზღუდვები სკოლებისთვის? - სკოლამ უზრუნველჰყო რამდენიმე შესასვლელი, რათა ზარის დარეკვისას, ბევრმა მოსწავლემ ერთად არ მოიყაროს თავი, სავალდებულოა ტემპერატურის კონტროლი მასწავლებლებისთვის, ყველა კუთხეში დგას ხელების სადეზინფექციო ხსნარი, აუცილებელია ნიღბების ტარება და ისინი მოსწავლეებს და მასწავლებლებს ურიგდებათ სკოლაში. გარდა დასუფთავების ძირითადი მეთოდისა, კლასების დასუფთავება ხდება განსაკუთრებული წესითაც. მასწავლებლებს გვაძლევენ დეზინფექციის ჩასატარებელ ხელსახოცებს, ჩვენი მაგიდის გასაწმენდად ყოველი გაკვეთილის დაწყების წინ. ვიცავთ დისტანციას საკლასო ოთახებში და ასევე სკოლის თავისუფალ სივრცეში. დირექციამ გვთხოვა, მოვერიდოთ პირდაპირ კონტაქტს, თუნდაც დიდაქტიკური მასალების გაცვლის დროს, თუ მაინც მიწევს შეხება, ხელთათმანებს ვიყენებ. რაც შეეხება საშინაო დავალებებს, ნამუშევრები ე.წ. კარანტინს გადიან, სამი დღის განმავლობაში ვაკონსერვებთ და მხოლოდ შემდეგ ვამოწმებთ. ასევე, სკოლამ სამინისტროსგან დამოუკიდებლად, მასწავლებლების მიერ გამართული კენჭისყრის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, შევადგინეთ ცხრილი და კვირაში ერთი დღე, როტაციის პრინციპით, თითოეულ კლასს აქვს ონლაინგაკვეთილები. ამგვარად, შევამცირებთ მოსწავლეების რაოდენობას ყოველდღიურად და ეს საშუალებას მოგვცემს შენობის კონკრეტული სექტორები დავტოვოთ თავისუფალი, სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. - სწავლის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ფლორენციის სკოლებში დაინფიცირების 42 შემთხვევა გამოვლინდა, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ სასწავლო პროცესი ისევ სრულიად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს? - აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ 42 მოსწავლეს ვირუსი სკოლაში არ შეხვედრიათ. სამწუხაროდ, სკოლის გარეთ არც თუ ისე ყურადღებით არიან რეგულაციების მიმართ და შედეგიც სახეზეა. საშიშროება, რომ ისევ დაგვხურონ, არსებობს, მაგრამ არა იმის გამო, რაც სკოლაში ხდება, არამედ იმის გამო, რასაც სკოლის გარეთ ვხედავთ. - როგორ აფასებთ დისტანციურ სწავლებას, შესაძლოა შევადაროთ ის ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს? - ვირტუალური რეალობა, რეალობას ვერასდროს შეცვლის. ეს შედარება, ვერანაირ კრიტიკას გაუძლებს, მაგრამ იმ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი იყო, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა და ასეც მოვიქეცით. ვეცადეთ მოვრგებოდით არსებულ რეალობას. დამატებით მოგვიწია პროგრამის გადახედვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოგვეღო ძირითადი პროგრამიდან და ისეთი ფორმით მიგვეტანა ბავშვებამდე, რაც დისტაციური სწავლებისთვის იქნებოდა ადექვატური. მასალებს ვამზადებდით სპეციალურ ფორმატში, იქნებოდა ეს წერილობითი, გრაფიკული, ვიდეო თუ სხვა. შევხედოთ ამ ყველაფერს დადებითი კუთხიდან. წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციაში ოცი წლის წინ რომ აღმოვჩენილიყავით. მაშინ მართლაც „ლოქდაუნში“ მოვხვდებოდით. შევხედოთ დისტანციურ სწავლებას როგორც საშუალებას, რომ ასიათასობით მოზარდი, სრულიად მოწყვეტილი არ აღმოჩნდა სასწავლო პროცესს. - იტალიურ უმაღლეს სკოლებში სწავლა, საკმაოდ რთულია და ხშირია საშემოდგომო გამოცდები, ან კლასში ჩარჩენის ფაქტები. წელს, მსგავსი არაფერი მომხდარა, საატესტატო გამოცდებიც შედარებით მარტივად ჩატარდა, ყოველივე ეს, ცუდ ზეგავლენას ხომ არ მოახდენს მოზარდებზე? - სხვანაირად არ გამოვიდოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, მასწავლებლების აზრით, განათლების მინისტრმა დაუშვა შეცდომა, როდესაც მარტშივე განაცხადა, რომ ყველა გადავიდოდა კლასიდან კლასში და ყველა დაამთავრებდა სკოლას, პრობლემების გარეშე. ბავშვების დაიმედება და ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა, დაგეთანხმებით, რომ გაცილებით მარტივი და მხოლოდ ზეპირი ფორმით ჩატარდა, მიუხედავად ამისა, მოსწავლეებმა პასუხისმგებლობის საკმაოდ მაღალი გძნობა გამოიჩინეს და მომზადებულები მოვიდნენ. - აკრძალვები, რომ ბავშვები ერთმანეთს კონკრეტულ მანძილზე არ უნდა მიუახლოვდნენ, ერთმანეთს არ უნდა შეეხონ, უხეშად რომ ვთქვათ, ერთმანეთს უნდა მოერიდონ, სამომავლოდ ხომ არ იქონიებს გავლენას მათ ხასიათსა და დამოკიდებულებებზე? - სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, მოზარდებზე კვალს დატოვებს. ამის შედეგს აუცილებლად ვნახავთ, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად სოლიდარულები არიან ისინი ერთმანეთის მიმართ, როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს, მაგრამ შეხება, ჩახუტება, თუნდაც ერთმანეთში კამათი, ჰაერივით აუცილებელია მათთვის. აშკარად იგრძნობა, თუ რამდენად აკლიათ მათ ეს ყველაფერი. - რა იქნება თქვენი მესიჯი ქართველი მასწავლებლებისთვის ამ რთულ სიტუაციაში, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე? - ნუ დავივიწყებთ, რამდენად ვჭირდებით ბავშვებს როგორც გზამკვლევები და რომ მათთვის მისაბაძი მაგალითი ვართ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ ჩვენი სითბო სჭირდებათ, ნუ შევიკავებთ თავს ამ სითბოს გამოხატვისგან. ნუ დავივიწყებთ მათ ასაკს და გვახსოვდეს თუ რამხელა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ამ რთულ ასაკში. გამოვიყენოთ ყველა საშუალება იმისთვის, რათა ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ, თუნდაც ზოგჯერ სიმკაცრით გამოვხატოთ ჩვენი სიახლოვე. დამიჯერეთ, ეს მათ სჭირდებათ და აფასებენ. თუ იგრძნობენ რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის, იგივეს დაგვიბრუნებენ. ნინა მამუკაძე-სორდინი - სპეციალურად „ევროპატაიმისთვის“ იტალიიდან
Johnson & Johnson's-ის ვაქცინა კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზეა
დღეიდან Johnson & Johnson's-ის ვაქცინა კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზეა. CNN-ი ფარმაცევტული კომპანიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აცრისათვის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. აშშ-ს და მსოფლიოს მასშტაბით კვლევა დაახლოებით 60,000-მდე მოხალისეზე ჩატარდა. Johnson & Johnson's-ის მთავარი მეცნიერის პოლ შტოფელის განცხადებით, კლინიკური ცდის მესამე ეტაპი სტარტს დღესვე აიღებს. რაც შეეხება პირველ და მეორე კლინიკურ ტესტირებებს, ირკვევა, რომ ვაქცინა აყალიბებს იმუნიტეტეს და უსაფრთხოა მასშტაბური ცდების ჩატარების თვალსაზრისით. კლინიკური ცდის მესამე ეტაპზე, კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან მედიკამენტის უსაფრთხოებას და გაარკვევენ საკმარისია თუ არა ერთი დოზა ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შესაქმნელად. ამასთანავე Johnson & Johnson აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობით შეისწავლოს ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა. მედიკამენტის კლინიკური ტესტირება ჩატარდება არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, მექსიკაში, პერუში, სამხრეთ აფრიკასა და შეერთებულ შტატებში. Johnson & Johnson-ი აღნიშნავს, რომ თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპს, ის ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის დასაწყისში გახდება. აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდების მესამე ეტაპს გადიან Moderna, Pfizer/BioNTech და AstraZenec-ს ვაქცინები.
კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 საწოლია თავისუფალი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 თავისუფალი საწოლია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით კოვიდპაციენტების მიერ დაკავებულია 1342 საწოლი. “სულ მობილიზებულია 2522 საწოლი, დაკავებულია - 1342, ტრიაჟისთვის დაკავებულია -207 საწოლი, ხოლო თავისუფალია 715 საწოლი“, - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი და გარდაცვლილი 25. კარანტინის რეჟიმში 5390 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში - 640. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნებიან - რა წესების დაცვა მოგიწევთ
საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნებიან. ბაგა-ბაღების გაერთიანება წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. აკრძალვები: ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები; არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია; აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა; აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება. ვალდებულებები: ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი; რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა; მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112; ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით; ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა; ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. პერსონალი: პერსონალი ვალდებულია სამუშაო პროცესი განახორციელოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა; დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უნდა მოხდეს სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება; დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი; სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით; მუშაობის პერიოდში პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება. „ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ წესებისა, რომლის შესრულებაც მოუწევთ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს“, - ნათქვამია ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ADB-ის მხარდაჭერით ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით, კიდევ ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნება. „ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით, ორი ჰექტარი ფართობის ტერიტორია იქნა მოძიებული. აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ პარკის დაპროექტება და შემდეგ მისი მოწყობა მოხდება. მინდა, აზიის განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან მიხარია, რომ ავჭალაში საუბნო პარკი გაშენდება. ჩვენ ამ ტენდეციას შევინარჩუნებთ, თბილისში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ. გზაგამყოფ კუნძულებსაც კი არ ვტოვებთ ქალაქში. ვცდილობთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავალამაზოთ. წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო, რომ სკვერების, პარკების, საფეხბურთო მოედნების ხარჯზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდნენ. მთავარია, რომ საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭერა. ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ. ეს ჩვენი შვილებისთვის აუცილებელია. მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება და გამონაბოლქვის პრობლემა ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. პროექტის განხორციელების შედეგად, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა თანაბრად ხელმისაწვდომი და კომფორტული სივრცეები მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის. საუბნო პარკის მოწყობის პროექტირების პროცესში, გაზიარებული იქნება საუკეთესო სართაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები. თანამონაწილეობითი პრინციპების გათვალისწინებით, დაგეგმარების პროცესი მოსახლეობის გამოკითხვას და მათთან კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს, რათა ადგილობრივი მცხოვრებლების, როგორც პარკის მთავარი მომხმარებლების ინტერესები და საჭიროებები გამოვლინდეს.
საქართველოში 5 თვის განმავლობაში 5.4 მილიონი პირბადე შეიკერა
5 თვის განმავლობაში საქართველოში 5.4 მილიონი მრავალჯერადი პირბადე შეიკერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მრავალჯერადი დოლბანდის პირბადის წარმოებაზე, რომლის საცალო ფასი მოსახლეობისთვის 50 თეთრია. როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან 5.4 მილიონი პირბადის წარმოებაზე გაწეული ხარჯი 3.6 მილიონ ლარს შეადგენს. „ადგილობრივი პირბადეების წარმოების საჭიროება ქვეყანაში პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის ამ უმნიშვნელოვანესი საშუალების მკვეთრმა დეფიციტმა განაპირობა. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ორგანიზება გაუწია დოლბანდის მრავალშრიანი პირბადეების მასიურ წარმოებას. აღნიშნულ პროცესს წინ უძღვოდა მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დროსაც შემუშავდა და ლუგარის ლაბორატორიაში გაიტესტა პირბადის პროტოტიპები, შემუშავდა დოლბანდის პირბადის წარმოების სტანდარტი, ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცდა დოლბანდის პირბადის პროტოკოლი, განხორციელდა დოლბანდის მარაგების შეძენა, ტექსტილის საწარმოებთან მოლაპარაკება და სხვა ტექნიკური და ლოგისტიკური საკითხების გადაჭრა. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში განხორციელდა 5.4 მილიონი პირბადის წარმოება. წარმოების პროცესში პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად ჩართული იყო 16 საწარმო, სადაც 900-მდე თანამშრომელი დასაქმდა. საწარმოთა ნაწილმა პირბადეების გარკვეული რაოდენობის წარმოება განახორციელა უსასყიდლოდ“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა მრავალჯერადი პირბადეების წარმოების გაგრძელება, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ბაზრის მოთხოვნაზე.
საქართველოში დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 4140; გამოჯანმრთელებული - 1643; გარდაცვლილი - 24; კარანტინის რეჟიმში - 5390; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;
პარიზში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება
საფრანგეთის მთავრობა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით დედაქალაქში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების თანახმად, პარიზში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, დიდ ღონისძიებებზე დამსწრეთა დასაშვები რაოდენობა კი 5 000-დან 1 000-მდე შემცირდება. გარდა ამისა, იგეგმება საღამოს 20.00 საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვაც. ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება მთელ საფრანგეთში ფიქსირდება. Worldometers-ის ცნობით, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 468 069 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 93 538 და დაღუპულია 31 416 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 24-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 24-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 4140; გამოჯანმრთელებული - 1643; გარდაცვლილი - 24; კარანტინის რეჟიმში - 5390; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;
იაპონია სტუდენტებისა და მედიკოსებისთვის საზღვრებს ხსნის, ტურისტებისთვის კი შეზღუდვებს ძალაში ტოვებს
იაპონია კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - ამის შესახებ Asahi წერს. გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვების შემსუბუქება ოქტომბრიდან დაიწყება და იმ მოქალაქეებს შეეხებათ, ვინც იაპონიაში 3 თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებენ, მათ შორის სტუდენტებსა და მედიკოსებს. აღსანიშნავია, რომ სიახლე არ ეხებათ ტურისტებს. გარდა ამისა, ქვეყანაში დღეში 1 000-ზე მეტი ადამიანის შესვლა ნებადართული არ იქნება. შეგახსენებთ, იაპონიამ სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები ივლისის ბოლოდან 7 ქვეყანასთან გააუქმა. ცნობისათვის, იაპონიაში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 80 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 519 ადამიანი.
ამერიკამ კორონავირუსის ტესტირებაში რეკორდი დაამყარა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთ დღეში ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში დღეში მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა, თუმცა, ექსპერტების თქმით, ვირუსის გასაკონტროლებლად, ქვეყანას დღეში 6-დან 10 მილიონამდე ტესტი სჭირდება. ქვეყანაში, შაბათს, ზუსტად 1,061,411 ტესტი გაკეთდა. ინფორმაციას "კოვიდის მეთვალყურეობის პროექტი" ავრცელებს. ეს მოხალისეების მიერ ორგანიზებული მონაცემების ბაზაა, რომელიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და ამუშავებს.ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქამდე დღეში, საშუალოდ, 650,000 ადამიანს უტარდებოდა ტესტირება. ივლისის ბოლოსთვის ეს მონაცემები, დღეში 800,000-ს უტოლდებოდა. პანდემიის დაწყებიდან, ტესტირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის ტესტები, რათა მოსახლეობა გაესინჯათ და ვირუსის გავრცელება მეტად აეცილებინათ თავიდან. მაგალითად, ჰიუსტონში, მოსახლეობა მანქანებით ჩადგა რიგში ტესტის გასაკეთებლად. რიგი კი ისეთი დიდი იყო, რომ ხალხს საათობით დგომა და ზოგიერთს მანქანაში ძილიც კი მოუწია. მსგავსი რამ მოხდა მაიამიშიც.ტესტირების ჩატარების შემდეგ, პაციენტი პასუხს ორ კვირას უნდა ელოდოს. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ პასუხის ასეთი ხანგრძლივი მოლოდინი აბათილებს ტესტირების მიზანს- შეამციროს ვირუსის გავრცელება. მარტში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: "ნებისმიერი, ვისაც სურს, რომ გაიკეთოს ტესტი, გაიკეთებს კიდეც ტესტს", თუმცა ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა 200,000-მდე ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 6,7 მილიონზე მეტია.
"თუ ინფიცირება ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, ალბათ, სკოლებში სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ"
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება. როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შევინარჩუნეთ, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ, თუმცა ამჟამად, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს. ,,თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
თბილისში, კორონავირუსზე ტესტირება დღეს და ხვალ იქნება შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მათი მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა. „მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნებიან ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.
მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს
"საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დროა, რაც პანდემიას ვებრძვით, ჯერ კიდევ ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულიამნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული მოქალაქე წესებს და ყველას პირბადის ტარებისკენ, დისტანციის დაცვისა და არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც ერთობლივად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პანდემიას ვებრძვით და დღეს, იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, სამწუხაროდ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან საუბარი ჯარიმების ენით. სამწუხაროდ, ჯარიმების გარეშეც და მკაცრი მიდგომების გარეშეც, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, ნასწავლი გვაქვს იმდენი რამ, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს. როდესაც ვსაუბრობთ, როგოც პირბადის ტარების აუცილებლობაზე, ისე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან, ამიტომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.