უცხოეთი
იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
„ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო, იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. იაპონური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ასევე შეეხება ბიზნესმენებსა და უცხოელ სტუდენტებს. შემზღუდველი ზომები ძალაში 30 ნოემბრიდან შევა. იაპონიამ, თითქმის ერთწლიანი აკრძალვის შემდეგ, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები შეამსუბუქა და უცხოელ სტუდენტებს, 14-დღიანი კარანტინის გავლის შემთხვევაში, ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. აცრილებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღემდე იყო შემცირებული. იაპონური მედია წერს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტის საფრთხის გამო, რომელიც შეიძლება, იყოს უფრო გადამდები, ვიდრე სხვა შტამები, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ გაამკაცრებს შესვლის შეზღუდვებს.
გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამის საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
COVID19-ის ახალი შტამ „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, „ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია. თუ პაციენტს ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება „ომიკრონით“ დაავადების პირველი შემთხვევა გერმანიაში.
რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში აფეთქებები ტყვია-წამლის ქარხანაში მოხდა
რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე სვერდლოვის სახელობის ტყვია-წამლის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არის დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მოიპოვება, მიაჩნიათ სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მეხანძრეთა ქვედანაყოფები. ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, აფეთქებების ადგილას ხანძარი გაჩნდა. ქარხნის პროდუქციის მესამედს შეადგენს თავდაცვითი პროდუქცია, დანარჩენს - ძირითადად სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები და საწარმოო ქიმია.
ევროკავშირი სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს კრძალავს
ევროკავშირის ქვეყნები სამხრეთ აფრიკიდან ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ. როგორც BBC წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელსაც "ომიკრონს" უწოდებენ. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერი ერიკ მამერი აცხადებს, ბლოკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ აფრიკიდან ფრენები აკრძალონ მას შემდეგ, რაც ახალი შტამის პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. აკრძალვა შეეხება ბოტსვანას, ლესოთოს, მოზამბიკს, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკას, ზიმბაბვესა და ესვატინის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნულ შტამს შემაშფოთებელი უწოდა. თუმცა მეცნიერების თქმით, მათ ვირუსის ახალ მუტაციასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი აქვთ შესასწავლი. პირველადი მონაცემების შედეგად კი WHO-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში სხვა შტამებთან შედარებით რეინფიცირების უფრო მაღალი რისკი არსებობს.
ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრიანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრიანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო და უკრაინა NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან.
ენტონი ბლინკენი NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს
მომდევნო კვირაში დაგეგმილ NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა. დონფრიდის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე და 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, მთიანი ყარბაღის კონფლიქტის და ბელარუსში არსებული კრიზისის შესახებ საუბარს გეგმავს. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრა რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე გაიმართება. გარდა ამისა, დონფრიდის განცხადებით, მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა შესაძლო ქმედება იქნება განხილული და NATO-ს წევრების გადასაწყვეტი იქნება, რა სახის ნაბიჯების გადადგმა სურს ალიანსს რუსეთთან მიმართებით.
კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 3 ადამიანი
კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა პატარა ქალაქ დეჩანის მახლობლად, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ისფაჰანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ისფაჰანში ადგილობრივი ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც დემონსტრანტებმა რეგიონში არსებულ წყლის დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება გააპროტესტეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს, რის გამოც პოლიციას ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენება მოუწია. ისფაჰანის პოლიციის უფროსის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავებულები ორივე მხარეს არიან, თუმცა მათი რაოდენობა არ გასაჯაროებულა. ადგილობრივი ფერმერები რამდენიმე წელია, აპროტესტებენ ზაიანდეჰ რუდიდან წყლის სხვა რეგიონებისთვის მიწოდებას, რის გამოც საფრთხე ექმნება მათ მეურნეობას და ძირითად საარსებო წყაროს.
ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო გახდა
კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში 2021 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სავალდებულო გახდა კოვიდპასპორტის წარდგენა. "კატალონიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარსელონასა და კატალონიის მთელს რეგიონში 2021 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სავალდებულო გახდა კოვიდპასპორტის წარდგენა შემდეგ დაწესებულებებში შესასვლელად: სასტუმროები; ბარები და რესტორნები (დახურული სივრცე);- სპორტული დარბაზები და ცენტრები; მოხუცთა სახლები; ღამის კლუბები; მუსიკალური ფესტივალები (დახურული სივრცე); ღონისძიებები და დღესასწაულები, რომელიც ტარდება სასტუმროებისა და რესტორნების დახურულ სივრცეში;ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში", - ავრეცლებს საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვფლობთ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას შესაბამისი აუდიოჩანაწერი აქვს, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება, თუმცა არ არის მზად, ამ საქმის დეტალებზე ისაუბროს. „ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. ჩვენ არამხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ჩანაწერებიც გვაქვს, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას განიხილავენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ოლიგარქი რინატ ახმეტოვის გარემოცვა მონაწილეობს, თუმცა მას არ სჯერა, რომ ახმეტოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობს. „ვფიქრობ, ეს ოპერაციაა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მის ჩათრევას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება შენს ხალხსა და პრეზიდენტს ეომო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
WHO/ევროპა: კოვიდვაქცინამ ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს. „COVID-19-მა ჩვენს რეგიონში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით,“ - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი. „COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევაა და ეს კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ასრულებს დანაპირებს - იცავს ადამიანის სიცოცხლეს მძიმე დაავადების და სიკვდილისგან. ვაქცინების გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია ევროპის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ რაც შეძლება მეტი ადამიანის აცრა, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანებს, ვინ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას და რაც შეიძლება მალე უნდა დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები. ამასთანავე, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა გადაცემა იყოს დაბალი, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება შეუფერხებლად წარიმართოს,“ - ამბობს კლუგე. 2019 წლის დეკემბრიდან ევროპის რეგიონის ქვეყნებში SARS-CoV-2-ით 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 90.2% 60 წლის და მეტი ასაკის იყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი წარმოების და ადმინისტრირების წყალობით შესაძლებელი გახდა მილიონობით მოწყვლადი ადამიანის დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან. თუმცა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვაქცინების გამოყენების ტემპი არათანაბარია. მეთოდოლოგია ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე კვლევის ავტორებმა (WHO/ევროპა და ECDC) გამოთვალეს იმ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. ამის შემდეგ გამოთვალეს COVID-19-ის ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა, როგორც სხვაობა ამ სავარაუდო რაოდენობასა და 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით აღრიცხულ სიკვდილის რაოდენობას შორის, 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში. ამ შეფასების მიხედვით, COVID-19 ვაქცინაციის წყალობით ამ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა 33 ქვეყანაში - სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა. რამდენიმე ქვეყანაში, სადაც უფრო დეტალური მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, გადარჩენილ ადამიანებს შორის უმეტესობა 80 წლის და ზემო ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება (261,421 ადამიანი). კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა. აქ ასევე ნაჩვენებია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ადრეულად დაიწყო და მისი გამოყენება სამიზნე ჯგუფებში მაღალი იყო. სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ნაკლებად ეფექტური იყო, ვინაიდან ვაქცინაცია ან ნელა წარიმართა, ან მიმდინარეობდა არაეფექტური ფარმაცევტული ინტერვენციების პარალელურად. ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი ამბობს: „ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპს შედეგად მოჰყვება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ გააუმჯობესონ იმუნიზაციის ტემპი, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.“ „ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია COVID-19 ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ დაცვა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ქვე-ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალია, ვიდრე ეს სასურველია. ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინაცია გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. "ვაქცინაცია ერთერთია იმ პრევენციულ საშუალებებს შორის, რომელიც პანდემიის შეჩერებისთვისაა საჭირო, თუმცა ის, ცალკე აღებული, ვერ დაასრულებს ჯანდაცვის სექტორის ამ კრიზისს. ვირუსის გადაცემის შეზღუდვისთვის საჭიროა სხვა ზომების მიღებაც. ეს საჭიროა, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საზოგადოებრივი ცხოვრება, შემცირდეს ზეწოლა ისედაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე და რაც მთავარია, ჯანდაცვის მუშაკებზე, რომელთაც ხშირად 18 საათზე მეტის მუშაობა უწევთ პანდემიასთან საბრძოლველად. „უპირველეს ყოვლისა - აიცერით. ვაქცინაცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლეს იცავს,“ - ამბობს ჰანს კლუგე. „ჩვენ ვიცით რომ ვირუსი ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ და შეზღუდულ ადგილებში. ამიტომაც, აუცილებელია ზომების დაცვა, რადგან შევამციროთ გადაცემა, განსაკუთრებით ახლა, როცა ზამთრის დადგომასთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებთ შიდა სივრცეებში.“ „დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში ატარეთ პირბადე; დაცემინებისა თუ ხველების დროს დაიფარეთ პირი; სხვა ადამიანებთან დაიცავით ფიზიკური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ ხელები. ასევე აუცილებელია კარგი ვენტილაცია, ამიტომ, თუ უსაფრთხოა, გამოაღეთ ფანჯრები და კარი და შემოუშვით სუფთა ჰაერი. აუცილებელია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ამ ზომების დაცვას და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი და სხვების დასაცავად, მაშინაც კი, როცა სრულად ვართ ვაქცინირებული, ვინაიდან ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრავს ვირუსის გადაცემას.“ „ამ ქმედებების ჩვეულებად ქცევით ყველა ერთად შევძლებთ შევაჩეროთ ინფექცია და ვირუსის გავრცელება. როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომისას ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, ისევე უნდა ვიფიქროთ ხელების დაბანაზე, პირბადეს ტარებაზე ან დისტანციის დაცვაზე, რათა დავიცვათ თავი ინფექციისგან.“ სანამ პანდემია დასრულდება, ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ეფექტური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაგალითად, უფასო ტესტირება, კონტაქტების მოძიება გადაცემის ჯაჭვის შესამცირებლად, ასევე დაუყოვნებლივ კომუნიკაცია პრიორიტეტული ჯგუფების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სრული ვაქცინაცია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ჩეხეთში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ შემოიღო 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 26 ნოემბრის ღამით შევა ძალაში. გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა შეზღუდვების პაკეტი. პარასკევიდან რესტორნები, ბარები, კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები იმუშავებენ 22.00 საათამდე. აიკრძალება ტრადიციული საახალწლო ბაზრობები და ალკოჰოლის მოხმარება ქუჩაში. სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე 1000-მდე შეიზღუდება დამსწრეთა რაოდენობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა დღით სარეკორდოდ გაიზარდა და 25 000-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაავადდა ჩეხეთის 77 წლის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი. ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამო თვე-ნახევარი იმყოფებოდა საავადმყოფოში და წინა დღით გამოწერეს, კორონავირუსის გამო კვლავ საავადმყოფოში შეაბრუნეს.
მოლდოვა მზადაა, “გაზპრომს" ბუნებრივი აირის დავალიანება გადაუხადოს
25 ნოემბერს მოლდოვის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილების პროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გადაუხადოს ბუნებრივი აირის დავალიანება რუსულ კომპანია "გაზპრომს" და ამით თავიდან აიცილოს ახალი ენერგეტიკული კრიზისი. კენჭისყრის შედეგად, მთავრობა 1,4 მილიარდ მოლდავურ ლეის (79 მილიონ $-ს) გადაურიცხავს კომპანია "მოლდოვაგაზს", რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომისათვის" დავალიანების დასაფარავად. 22 ნოემბერს "გაზპრომმა" გააფრთხილა კიშინიოვი, რომ 48 საათის განმავლობაში გადაუკეტავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუ არ დაფარავდა წინა მიწოდების სანაცვლოდ დაგროვილ ათეულობით მილიონობით დოლარის დავალიანებას. მოგვიანებით "გაზპრომმა" 26 ნოემბრამდე გადაუწია კიშინიოვს ვალის გადახდის ვადა. გასულ თვეში კიშინიოვმა ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სხვა ქვეყნებიდან დაიწყო ბუნებრივი აირის შეძენა მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობამ, ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე არსებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ვერ შეძლეს ახალი გრძელვადიანი შეთანხმების დეტალებისა და ფასის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. მაგრამ 28 ოქტომბერს მოლდოვის ხელისუფლებამ და "გაზპრომმა" შეძლეს გარღვევის მიღწევა და ხელი მოაწერეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ახალ ფორმულას. ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ მოსკოვი გაზრდილი ფასით აწვდის ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის მოქცეულ მოლდოვას, რათა ზეწოლა მოახდინოს მის პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუზე, რომელმაც არჩევნებში მოსკოვის მეგობარი იგორ დოდონი დაამარცხა. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა წმინდა წყლის კომერციაა, რასაც გლობალური ბაზრის ტენდენცია განაპირობებს.
მექსიკაში ფემინისტების მარშზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში ფემინისტების მარშზე სროლის დროს სამი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ გუაიამაში მოხდა. მსხვერპლთა შორის არის ორი მამაკაცი და ერთი ქალი. გარდაცვლილი მამაკაცები ქალაქის მერის პირადი მცველები იყვნენ, ხოლო ქალი აქციის მონაწილე. გუაიამაში გამართული აქცია ერთ-ერთი იყო იმ დემონსტრაციებს შორის, რომლებიც მექსიკის სხვადასხვა ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს
სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აქტივისტებს ხელში დიდი ზომის ბანერები ეჭირათ და სხვადასხვა სლოგანებს სკანდირებდნენ, რითაც ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გენდერზე დაფუძნებული ძალდობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომები მიიღოს. აქციის მონაწილეებმა ტაქსიმის მოედანზე მსვლელობაც გამართეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მოხდა რამდენიმე შეტაკებაც. ივლისში თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ნაბიჯის გამო, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთში მწვავედ გააკრიტიკეს.
ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა
ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი COVID19-ის ახალი ვარიანტის გამო, საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში შეიყვანა“. ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ახალ შტამს უამრავი მუტაცია აქვს. სპეციალისტები მას შემაშფოთებელ ვარიანტად განიხილავენ. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს. ახალი ვარიანტი ჰონგ კონგშიც დადასტურდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს დაუდასტურდათ.
საფრანგეთში, COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულაციები მკაცრდება
საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, COVID19-ს გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულაციები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ოლლივიე ვერანის განცხადებით, დადგენილებაში ცვლილებები შევა ე.წ. მწვანე ბარათებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 65 წელს გადაშორებული ადამიანებისთვის მწვანე პასპორტი ძალაში აღარ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ბუსტერ დოზა არ ექნებათ გაკეთებული. 15 იანვრიდან კი ცვლილება გავრცელდება ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე გავრცელდება. ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 7 483 282 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი
სლოვაკეთში COVID19-ის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
სლოვაკეთში COVID19-ის დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მთავრობა ქვეყანაში მოკლევადიანი ლოკდაუნის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე -ღამეში სლოვაკეთში COVID19-ის 10 315 შემთხვევა აღირიცხა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის სლოვაკეთი ყველა დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის 45 პროცენტი.
იტალია არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
იტალიის მთავრობამ, COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლისა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებსაც ვაქცინაციის, ან COVID19სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ. ამასთან, მთავრობის ახალი დადგენილებით, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის.
გაეროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს
გაერო-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე იემენში დაღუპულთა რიცხვი 377 000-ს მიაღწევს. გაერო-ს განვითარების პროგრამის მოხსენების თანახმად, დაღუპულთა 70 პროცენტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იქნება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაცვალების 60 პროცენტი იქნება არაპირდაპირი მიზეზების შედეგი, როგორიცაა შიმშილი და პრევენციული დაავადებები, დანარჩენი პირდაპირი მიზეზის შედეგი, როგორიცაა ფრონტის ხაზის ბრძოლები და საჰაერო იერიშები. ცნობისთვის, იემენი კონფლიქტშია ჩაფლული 2014 წლიდან, როდესაც „ჰუსიტების“ მეამბოხე მოძრაობამ დაიპყრო ქვეყნის ჩრდილოეთი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სანა, როდესაც მთავრობა გაიქცა. 2015 წლის მარტში არაბული ქვეყნების კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ჩაერია ომში ხელისუფლების აღდგენის მიზნით.