უცხოეთი

გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მომავალი კვირიდან გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) რეკომენდაცია Pfizer-BioNTech– ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, - ნათქვამია გაერთიანებულმა სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90%-ზე მეტს იცავს. ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან მონაწილეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო სამეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, მინისტერიალი ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ტარდება. დღეს, 2 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი ონლაინ-შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთად ჩაერთვება. მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის „არსებითი პაკეტის“ განახლების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.

კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ჯო ბაიდენმა სახაზინო მდივანი წარადგინა

კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ასე წარადგინა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახაზინო მდივანი და ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი სახაზინო მდივნის პოზიციაზეა შერჩეული. „მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - განაცხადა ბაიდენმა. იელენის მოადგილედ კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ფონდის ხელმძღვანელი უოლი ადეიემო წარადგინეს. ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაასახელა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 64 194 674 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 44 441 249 ადამიანი, 1 486 829 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 266 596 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება

შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება. Edinburg News-ი შოტლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერზე, ჯინ ფრიმანზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არის ვაქცინაციის დაწყებისთვის, როგორც კი რომელიმე პრეპარატი ნებართვას მიიღებს. მისივე ცნობით, დიდი ალბათობით პირველი - Pfizer/BioNTech-ს ვაქცინა იქნება, რომელსაც 7 დეკემბერს, მოსახლეობის ასაცრელად დაუშვებენ. შოტლანდიის მთავრობის თანახმად, ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) თანამშრომლები ვაქცინის მიწოდებაზე ტრენინგს, ამ კვირიდან გაივლიან. შოტლანიდა Pfizer-ის 320 000 დოზას დეკემბერში მიიღებს. პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის პერსონალი აიცრება. დიდმა ბრიტანეთმა 40 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა, შვიდი მილიონი Moderna-სა და 100 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძინა.

ჩინეთი NATO-სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ჩინეთი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის და ალიანსს სწორი მსოფლმხედველობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. "ჩინეთი იმედოვნებს, რომ NATO მათ მიმართ შექმნილ დამოკიდებულებას შეცვლის, ქვეყანა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს", - განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.

ბიტკოინი ისტორიულ ნიშნულზეა

მსოფლიოს უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის ღირებულება 19,857 დოლარი გახდა. ორშაბათს ბიტკოინმა 8.7 %-თ მოიმატა, რის შედეგადაც, მსოფლიოს უდიდესი ციფრული აქტივის ღირებულებამ 19,857 დოლარი შეადგინა. კრიპტოსამყაროს ყველაზე ცნობილი ვალუტისთვის ამგვარი მატება ახალი არაა, მაგალითისთვის 2017 წელს მისი ღირებულება 19,511 დოლარი იყო, თუმცა ვალუტამ წლის ბოლოს ღირებულების 70% დაკარგა. ბიტკოინი, მატების მიუხედავად, ძალზე არამდგრადი რჩება. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ციფრული ვალუტის საშუალო დღიური ფასი 2,7%-თ იცვლება.

პანდემიის გამო, ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა - გაერო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, მსოფლიოს მასშტაბით 40 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გაეროში აცხადებენ. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ასეთი ადამიანების დასახმარებლად დაახლოებით 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. „ყველა, ვისაც მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება ერთ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს, ეს მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ქვეყანა იქნებოდა", - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელმა, მარკ ლოუკოკმა. მისივე თქმით, პანდემიამ, განსაკუთრებით ყველაზე არამყარი და დაუცველი ქვეყნები დააზარალა. გაერომ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021 წლისთვის 56 ქვეყნაში 160 მილიონამდე ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ყველაზე დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილის, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებებისა და კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების წინაშე იდგებიან, მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში, დაახლოებით 235 მილიონი იქნება, საიდანაც გაერო დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის დახმარებას შეძლებს. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მივაღწიოთ გაჭირვებულთა დაახლოებით ორ მესამედამდე, რადგან სხვები, მაგალითად, წითელი ჯვარი, შეეცდება დარჩენილი ხარვეზი შეავსოს”, - აღნიშნა ლოუკოკმა. მისივე თქმით, იმ პრობლემებს შორის, რის მოგვარებასაც გაერო ცდილობს, მთავარია შიმშილის აღმოფხვრა იემენში, ავღანეთში, ჩრდილო - აღმოსავლეთ ნიგერიაში, სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბურკინა ფასოში.

პოლონეთში სამუშაო ვიზას, წლიურად, საქართველოს 10,000-მდე მოქალაქე ითხოვს - ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, საკონსულოში წელიწადში თითქმის 10 000 განაცხადი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღების მიზნით. ამის შესახებ დიპლომატმა Forbes Georgia-სა და BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმთ, როგორც სასწავლებლად, ისე სამუშაოდ, ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. „აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები. პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ჩვენ ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.

Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს

Moderna აშშ-სა და ევროპაში ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის ნებართვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ხალხს კორონავირუსისგან 94%-ით იცავს. ამავდროულად Pfizer-მა, რომელსაც მსგავსი ინექცია აქვს, აშშ-ში განცხადება უკვე შეიტანა. გაერთიანებული სამეფო, ასევე Pfizer-ის ვაქცინის განხილვის პროცესშია, ამასთან ისინი AstraZeneca-ს პრეპარატსაც მოისაზრებენ. Moderna-ს თქმით, მათ იმედი აქვთ რომ ბრიტანეთში პრეპარატს დაუშვებენ, რადგან მათ, კლინიკური ცდების შედეგები, 30,000-ზე მეტი მოხალისისგან აქვთ, მათ შორის კი რისკჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ ხანდაზმულებიც არიან. გამოცემა წერს, ვაქცინების მოწინავე კომპანიებს, აქვთ თავისი უპირატესობები და უაყოფითიც. კერძოდ, AstraZeneca უფრო იაფია, ერთი დოზა სამი ფუნტი ჯდება, ხოლო Pfizer-ის 15 ფუნტი, მოდერნა კი საკუთარი პრეპარატის ერთ დოზას 25 ფუნტად აფასებს. ამასთან ერთად, ოქსფორდის AstraZeneca-ს ვაქცინა უფრო მარტივი გადასატანია, რადგან ის კრიტიკულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს, თუმცა ბრიტანული კომპანიის ვაქცინის შედეგიანობა სხვებთან შედარებით (62-დან 90%-მდე), უფრო დაბალია. დიდმა ბრიტანეთმა, ვაქცინის დოზები, სამივე კომპანიისგან ნაადრევად შეისყიდა. ქვეყანას, 7 მილიონი Moderna-ს, 40 მილიონი Pfizer-ისა და 100 მილიონი AstraZeneca-ს პრეპარატი აქვს მომარაგებული.

მერკელი შობა–ახალი წლის დღეებში სასტუმროების მუშაობის წინააღმდეგია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შობა-ახალი წლის დღეებში სასტუმროების მიერ მუშაობის განახლების წინააღმდეგია, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. როგორც კანცლერმა განაცხადა, სასტუმროების გახსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს. სასტუმროების მუშაობის განახლების თაობაზე გერმანიის თითოეულმა რაიონმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ შობა-ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აჭარბებდეს. კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს. ამასთან, დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ. გერმანია შეზღუდვების გახანგრძლივებას საშობაო პერიოდის შემდეგაც გეგმავს. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების ერთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 560 პაციენტი გარდაიცვალა.

ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს - უკრაინული მედია

ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ კიევში, თბილისსა და ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნატოს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე უკვე მიაღწიეს თანხმობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეუძლია წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა სამოქმედო გეგმის მოთხოვნები და ახლო მომავალში ალიანსის 31-ე წევრი უნდა გახდეს“, - წერს უკრაინული გამოცემა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე ყველა მოკავშირის პოლიტიკური თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის. წყაროების ინფორმაციით, დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს

29 ნოემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 250 ადამიანი მინსკში დააპატიმრეს. კვირის მორიგმა აქციამ ამჯერად "მეზობლების მარშის" სახელი მიიღო. დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ კოლონად უნდა გაერთიანებულიყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. აქციის დაწყებამდე მინსკში კვლავ შეფერხებული იყო მობილური ინტერენეტის კავშირის და დახურული იყო მეტროს ცენტრალური სადგურები. საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აშშ-ში არსებული შეზღუდვები განსაკუთრებით შობის პერიოდში იქნება საჭირო - ფაუჩი

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი, თვლის, რომ აშშ-ში ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები და მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საშობაო დასვენების პერიოდშიც საჭირო იქნება. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ დეკემბერში მოსალოდნელი იყო შემთხვევების უკვე გაზრდილი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა. აშშ-ში ეპიდმდგომარეობაზე ენტონი ფაუჩიმ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. იმუნოლოგი ამერიკელებს ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე მადლიერების დღესთან დაკავშირებული მგზავრობისას, გამოიყენონ ნიღბები, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა მადლიერების დღის დასვენების პერიოდში მგზავრობის საწინააღმდეგო რეკომენდაცია გასცეს. ამის მიუხედავად, დღესასწაულის პერიოდში, დაახლოებით, 9 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა შიდა ფრენებით. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ შეზღუდვები განსაკუთრებით საჭირო იქნება შობის პერიოდში, ვინაიდან ქვეყანაში "ძალიან სარისკო მდგომარეობა" იქმნება. ის ამბობს, რომ ამერიკელებმა თავადაც უნდა გადადგან ნაბიჯები ვირუსის გავრცელების შესანელებლად, რათა ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მკაცრი კარანტინის შემოღება არ გახდეს საჭირო. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა და, სულ მცირე, 266 000-ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებს პაციენტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 63 070 279 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 43 544 373 ადამიანი, 1 465 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 060 811 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის პრესმდივნად 41 წლის ჯენიფერ ფსაკი დანიშნა. შესაბამისი განცხადება ბაიდენის გუნდის მიერ შექმნილ გარდამავალი პერიოდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს. ამასთან, ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი მხოლოდ ქალებით დაკომპლექტდა. მათ შორისაა 39 წლის კეი ბედინგფილდი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების საკითხი დირექტორის პოზიციაზე იმუშავეს. მანამდე ბედინგფილდი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის მოადგილე იყო.

მარადონას ექიმი აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის

დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის. „თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ. ცნობისათვის, არგენტინის პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, გამოიჩინა თუ არა ექიმმა გულგრილობა მარადონას მკურნალობისას და არის თუ არა ის ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავე. ამ მიზნით სამართალდამცავებმა ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიება მარადონას სამი ქალიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილ ორასკაციან მიტინგზე ანტისამთავრობო შეძახილებიც ისმოდა. „სირცხვილი პოლიციას“, „პუტინი უნდა გადადგეს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი და სამი აქტივისტი დააკავა. ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით, ივლისში დააპატიმრეს. ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად აფასებენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

გერმანიაში, კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გერმანიაში, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისი თქმით, BioNTech-სა და Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე წარმატებული კლინიკური ცდის შემდეგ გერმანიაში მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია. მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცებისთანავე ქვეყანაში პირველ რიგში საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების სამედიცინო პერსონალს აცრიან და დასძინა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო არ იქნება. „ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენს დასაცავადაა საჭირო, არამედ მათთვისაც, ვისზეც თქვენ ზრუნავთ,“- აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. იენს შპანის ინფორმაციით, სხვადასხვა მწარმოებელთან მიღწეული შეთანხმების შედეგად გერმანიამ ვაქცინების 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა შეძლო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატის ეფექტურობა 95%-ს აღწევს.

იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა წარსულში დარჩება - რუსეთის საგარეო უწყება

"გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისთვის გამოიყენებენ,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.