უცხოეთი

ნედ პრაისი: აშშ-მ აცნობა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება ჩვენი ხედვა რუსეთის მოთხოვნებზე და წერილობით პასუხში მათი პოზიციაც ავსახეთ

აშშ-მა შეატყობინა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება შტატების წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე და ამ პასუხში კიევის პოზიციაც გაითვალისწინა, - ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთანაც. ჩვენ არა მხოლოდ გავაცანით მათ, თუ როგორი იქნება ჩვენი პასუხი, არამედ გავითვალისწინეთ მათი მხრიდან უკუკავშირი და ავსახეთ ის დოკუმენტში. შესაბამისად, აქ სიურპრიზები არ იქნება - არც NATO-სთვის, არც ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის და არც უკრაინელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ჩვენ არა მხოლოდ ვაცნობეთ მათ და მივეცით წინასწარი ხედვა იმის შესახებ, თუ რა იქნება ამ ანგარიშში, არამედ ჩვენ ფაქტობრივად ცალსახად მოვითხოვეთ მათი გამოხმაურება და ჩავრთეთ ეს გამოხმაურება ჩვენს ანგარიშში. ასე რომ, სიურპრიზები არ იქნება. ნატოსთვის სიურპრიზები არ იქნება; ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის სიურპრიზები არ იქნება; ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისთვის სიურპრიზები არ იქნება. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უკრაინის საკითხის განსახილველად შეხვდა

დიდი ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი ახალ კანონმდებლობას წარადგენს, რათა სანქციების რეჟიმი გამკაცრდეს და რუსეთში უფრო მეტი კომპანია და ფიზიკური პირი სანქციების სამიზნე გახდეს. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება

ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ამსუბუქებს

ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ბოლოს დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ნაწილობრივ ამსუბუქებს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა. ამასთან, ბოლო დღეებში ნიდერლანდებში ყოველდღიურად 50-60 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. რუტეს თქმით, ნიდერლანდებში 26 იანვრიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები, თეატრები, მუზეუმები და კინოთეატრები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი სიხშირის პირობებში, ხელისუფლება „გარკვეულ რისკებზე“ მიდის.

ემანუელ მაკრონმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო წლებში მეტი დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. „ მაკრონის თქმით, მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ სულ უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს ხედავს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კრემლი არ ჩერდება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ რუსეთს, მისთვის სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას თავს დაესხმება. ოლაფ შოლცის განცხადებით, ოფიციალურ ბერლინს დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის განვითარებაში და უკრაინულმა მხარემ იცის, რომ შეუძლია, გერმანიას „დაეყრდნოს“. ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, იმის მიუხედავად, რომ მისმა შედეგებმა მოლოდინები ვერ გაამართლა. მაკრონის თქმით, ამ ფორმატით მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ აღარ განიხილება „პოლიტიკური ქმედებები“. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი ანიცა ჟამიჩი დაიბარეს. ამის მიზეზი ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებული არიან ხორვატიის პრეზიდენტის NATO-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. უკრაინაში თვლიან, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე ეს განცხადება უადგილოა.

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის

"რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის. მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ეს არ არის ამ საუკუნის კონცეფცია“, – განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ორგანიზაციას ორი პრიორიტეტი აქვს. დიპლომატია და შეკავება. ბორელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს შტაბბინაში დღეს შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართეს. განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა 282-მა დეპუტატმა. „უმაღლესი რადა მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადებისა და მოდელის განსაზღვრას“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრას რეკომენდაცია გაუწია

ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრას რეკომენდაცია გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფში აცხადებენ, რომ მეოთხე დოზით ვაქცინაცია მესამე დოზის მიღებიდან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან, სულ მცირე, ხუთ თვეში უნდა მოხდეს. ცნობისთვის, 3 იანვარს, ისრაელის მთავრობამ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა.

ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც სამართალდამცავ ორგანოში განაცხადეს, პოლიცია შეისწავლის „კოვიდრეგულაციების ყველა პოტენციურ დარღვევას“, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 19 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება გაიმართა. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში ლოკდაუნი იყო გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. კერძოდ, ორზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში აკრძალული იყო.

საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობის გამო საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ძლიერი თოვლის გამო, ათობით ავტომობილი ღამის განმავლობაში გზაზე ჩაიხერგა. ავტომობილის მძღოლებს სასმელი წყალი, საკვები და პლედები დაურიგეს. ტერიტორიაზე გზის გასაწმენდად მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობამ შეაფერხა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც. გავრცელებული ინფორმაციით, 15 მგზავრი დაშავდა, როდესაც თოვლში გაჩერებული მატარებლის სარკინიგზო ბუქსირით გადაყვანას ცდილობდნენ. სულ კი მატარებელში 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა. 15 დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებში.

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე , ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კოვიდრეგულაციების გამო, დედაქალაქ იაუნდეში მდებარე პოლ ბიიას სახელობის სტადიონზე, რომელიც 60 000 ადამიანზეა გათვლილი, გულშემატკივრების რაოდენობა შეზღუდული იყო - საერთო ტევადობის მხოლოდ 80%-ის დაკავება იყო ნებადართული. ამასთან, მომხდარის მიუხედავად, კამერუნსა და კომორის კუნძულებს შორის დანიშნული მატჩი მაინც ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით (2-1) დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობის გამო და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს არსებული დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის საერთო სურვილი. ლიდერებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად, მათ შორის რუსეთისთვის ასეთი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესება და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციებს ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ნატოსთან და ეუთოსთან მუშაობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თქმით, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინის მიერ იმპერიისა თუ გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობის გეგმა მოიცავს დასახელებულ სამ ქვეყანას. „რუსებმა დაიპყრეს ყირიმი, შექმნეს კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, რათა შეექმნათ იქაც ინტერვენციის საბაბი. ეს იყო 2014 წელი და გადამწყვეტი მომენტი. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. მანამდე კი რუსეთმა დატოვა თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ამ ქვეყნების რუსეთის ორბიტაზე შენარჩუნების მცდელობას ემსახურება“, – განაცხადა ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: იან კელი: ვფიქრობ, პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს

საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება, რათა მას დეესკალაციის გზა შესთავაზოს“, - აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის სივრცე არსებობს. ასევე წაიკითხეთ: NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის, მოკავშირეების ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება

"უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს

დიმიტრი პესკოვი: რუსი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან NATO-ს აქტიურობას ვერ უგულებელყოფენ

"რუსი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან NATO-ს აქტიურობას ვერ უგულებელყოფენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მსგავსი ქმედებები და ჩვენს საზღვრებთან NATO-ს გაზრდილი აქტიურობა არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

ჯანმოს დირექტორი: სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია

"სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლა შესაძლებელია. „მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვის“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ასევე წაიკითხეთ: ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. „რუსეთის ტაქტიკა ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მათი ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანაა. ეს არის გამარჯვება, რომელიც რუსებს არ უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია უნდა დავიკავოთ

გერმანიის კანცლერი: აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას

აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში. უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ვითარება ძალიან სერიოზულია. „ევროპაში უსაფრთხოება და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გავლენის ზონების იდეა არ არის, რომელიც ქვეყნებს საკუთარი განვითარების განსაზღვრას უკრძალავს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის