უცხოეთი
უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს იგეგმება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. გუშინ მთავრობამ დაამტკიცა ამ შეთანხმების ტექსტი, ეს ეხება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობას მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში", - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, სწორედ ის მოაწერს ხელს დღეს შეთანხმებას და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეგზავნება უკრაინის უმაღლეს რადას. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს.
რუსეთმა გერმანიაში RT-ის დაბლოკვის საპასუხოდ Deutsche Welle დახურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მოსკოვის ბიუროს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ Deutsche Welle-ს რუსეთის ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაცია გაუქმდება, ხოლო სატელიტური და სხვა სახის მაუწყებლობა შეწყდება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ტელეკომპანიის ე.წ უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურას დაიწყებს. 2 თებერვალს, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა. გერმანულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონაა.
უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო
უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეშვიდე პარტია მიიღო. თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ეს არ არის დასასრული და გაგრძელება იქნება“. „ბორისპოლში მე-7 ჩიტი დაეშვა! 85 ტონა საბრძოლო მასალები ყუმბარმტყორცნებისთვის. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის დასასრული! გაგრძელება იქნება“, - აღნიშნულია მინისტრის ტექსტში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო. ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისი არ იქნება საკითხზე, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ფსაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა ბაიდენმა და ზელენსკიმ გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს და უკვე შემდგომ ნაბიჯზე მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინის მთავრობების დონეზე გაგრძელდა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 27 იანვარს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებითი დახმარების გზებს განიხილავს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რუსეთის სამხედრო ზეწოლას განიცდის. უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო.
ილონ მასკმა ჯო ბაიდენს „დამპალი წინდის თოჯინა“ უწოდა
„დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით“, ამ სიტყვებით, Tesla-ს დამფუძნებელმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიხსენია. ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის გაბრაზებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის Twitter პოსტი, რომელიც მისი კონკურენტი, უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, General Motors-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ასახავდა. „კომპანიები, როგორიცაა GM-ი და Ford-ი აწარმოებენ უფრო მეტ ელექტრო მანქანას ამერიკაში, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია აშშ-ის ლიდერის ტექსტში. თეთრმა სახლმა მიიწვია რამდენიმე წამყვანი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და Ford Motor-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი, რათა განეხილათ ბაიდენის 1,75 ტრილიონი დოლარის ღირებულების Build Back Better (BBB) კანონპროექტი. მასკი შეხვედრაზე მიწვეული არ იყო.
ერდოღანმა კიევში გამგზავრების წინ, თურქეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა
უკრაინაში გამგზავრების წინ, თურქეთის რეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში რუსეთის ლიდერის ვიზიტზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვევა. პუტინის ვიზიტი 3 თებერვალს არის დაგეგმილი ჩინეთში, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. რაც შეეხება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ერდოღანის თქმით, თურქეთი მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს. „ყველა პლატფორმაზე ჩვენ ვაცხადებთ თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დიალოგში ჩაერთონ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა 3 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური თურქეთს ვიზიტით მარტში ეწვევა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
ერდოღანი უკრაინაშია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ერდოღანი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, შეხვედრები ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევებს და დაძაბულობას რეგიონში. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით და დიალოგით შეინარჩუნონ მშვიდობა რეგიონში. ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს თავის რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ.
ამერიკას თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს
ამერიკის ახალმა ელჩმა თურქეთში ჯეფრი ფლეიკმა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ფლეიკი ანკარაში 7 იანვარს ჩავიდა. მან ელჩი დევიდ სატერფილდი შეცვალა. „თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მტკიცედ არის დაკავშირებული NATO-სთან და მნიშვნელოვანი პარტნიორია არამდგრად რეგიონში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობა ძალიან სერიოზული საფრთხეების დასაძლევად", - განაცხადა ფლეიკმა სტატიაში, რომელიც თურქეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული სახელწოდებით - „პარტიული პოლიტიკა წყლის პირას მთავრდება“. ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატმა ოქტომბერში დაამტკიცა. ფლეიკი 2019 წელს სენატიდან წავიდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობა „რესპუბლიკელების“ იდეოლოგიას დაშორდა. მოგვიანებით მან წიგნი დაწერა „კონსერვატორის აღიარება", რომელშიც ტრამპს აკრიტიკებდა. ელჩი ფლეიკი იყო შეერთებული შტატების „რესპუბლიკელი“ სენატორი, რომელიც წარმოადგენდა არიზონას შტატს 2013-2019 წლებში, მანამდე, არიზონას წარმოადგენდა, როგორც კონგრესის წევრი 2001-2013 წლებში. სენატში ყოფნისას მსახურობდა საგარეო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და მართლმსაჯულების კომიტეტებში. მსახურობდა ასიგნებების კომიტეტში.ბოლოს, ფლეიკი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობდა. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მრჩეველთა კომიტეტში. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა, მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკის წინამორბედი დევიდ სატერფილდი. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. სატერფილდამდე, თურქეთში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი იყო, რომელმაც ანკარა პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.
გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში შოლცი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს მომავალში, როდესაც ის რუსეთს ვიზიტით ეწვევა. „უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩახლართული სიტუაციიდან სხვადასხვა დისკუსიის, ფორმატების გამოყენებით“, - აღნიშნულია შოლცის ტექსტში.
მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, თურქეთს თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს, იუწყება ტელეარხი A haber. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში შესაძლებელია, პეკინის ოლიმპიადის გახსნის შემდეგ განხორციელდეს. რუსეთის ლიდერის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ისარგებლებს პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მიწვევით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და განრიგი ამის საშუალებას მისცემს.
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით, რათა მართონ ეს საკითხები კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის. 2 000 ჯარისკაცი პოლონეთსა და გერმანიაში მიმდინარე კვირაში, ხოლო Stryker-ის ქვეითთა ნაწილის დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში განთავსდება. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია დააზღვიოს მოკავშირეები უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის მიერ სამხედრო ძალების უჩვეულო დაგროვებით გამოწვეული მზარდი დაძაბულობის დროს. ”ეს ძალები არ აპირებენ ბრძოლას უკრაინაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი ბატონ პუტინს და მსოფლიოს, NATO-ს მიმართ აშშ-ის ერთგულების შესახებ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
კირბი El País-ის ინფორმაციაზე: ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია. „ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.
იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგმა ნაბიჯს თავდაცვითი და პროპორციული უწოდა. „ეს არის აშშ-ის ძლიერი გზავნილი და დამატებითი წვლილის შეტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისივე თქმით, NATO გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად. აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის.
ბორის ჯონსონი პუტინს: უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტიურობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. „პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია“, - ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას. „ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა“, - დაწერა თავის მხრივ ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.
თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ
თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს როგორც „გარდაუვალს“ აღარ აღწერენ. ამის მიზეზი ფსაკიმ ბრიფინგზე განმარტა. „ჩვენ შევწყვიტეთ ამ სიტყვის გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ მან ის მესიჯი გაგზავნა, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით, რაც იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა გარდაუვალ ფაქტად შეაფასა.
FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიადაზე საკუთარი მობილური ტელეფონები არ წაიღონ
სპორტსმენებმა და ვიზიტორებმა, რომლებიც მიდიან პეკინში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ტელეფონები სახლში უნდა დატოვონ და ამის ნაცვლად დროებითი ტელეფონები გამოიყენონ, BBC-ის ცნობით, ეს FBI-ს მოთხოვნაა. მიზეზი კიბერუსაფრთხოება და მოვლენებზე კიბერაქტივობების შესაძლო უარყოფითი გავლენაა. „FBI მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, დატოვონ პირადი მობილური ტელეფონები სახლში და გამოიყენონ დროებითი ტელეფონი თამაშებზე ყოფნისას", - წერია განცხადებაში. FBI-მ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოუწოდა პარტნიორებს, სიფრთხილე შეინარჩუნონ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაიმართება. ჩინეთის მთავრობა 3,9 მილიარდ დოლარს (2,9 მილიარდი ფუნტი) ხარჯავს მოახლოებულ თამაშებზე. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ჩინეთში უიღურების მიმართ მოპყრობის გამო, მთავრობებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
პოლონეთი უკრაინას პოლონური წარმოების ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას Grom-ს, დრონებს და სხვადასხვა საბრძოლო მასალას გადასცემს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კიევში ვიზიტის წინ განაცხადა. "ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი მეზობლების მიმართ, რადგან ისინი რუსეთის საფრთხეების წინაშე დგანან. მაგრამ სოლიდარობა და სიტყვები ამჟამად საკმარისი არ არის. ჩვენ ისინი მოქმედებად უნდა ვაქციოთ. ამიტომ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ თავდაცვითი იარაღი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მორავიეცკიმ განმარტა, რომ პოლონეთი გაგზავნის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვადასხვა ტიპის თავდაცვით უპილოტო საფრენ აპარატებს. „პოლონეთს ასევე შეუძლია, გაუგზავნოს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება „რამდენიმე დღეში“, თუ ეს საჭირო იქნება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინას გაუგზავნიან იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის Stinger სისტემებს.
რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე ორეტაპიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. მანევრების ოფიციალური სახელმწოდებაა „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმება“. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, პირველ ეტაპზე, 9 თებერვლამდე ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების/ საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზება მოხდება. ასევე შემოწმდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნა და შესაძლებლობები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე, 10-20 თებერვალს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე ჩატარდება ერთობლივი სწავლება „სამოკავშირეო სიმტკიცე 2022“, რომლის ფარგლებში დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების რაოდენობა „ვენის დოკუმენტით“ დადგენილ პარამეტრებს არ აღემატება და რუსეთს და ბელორუსს არ ჰქონდათ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების ვალდებულება, შოიგუს თქმით, რუსეთმა ეს გააკეთა „ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში“. შოიგუს არ დაუსახელებია მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების ზუსტი რიცხვი და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, მათ შორის საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები, გადასროლილია 10 ათასი კილომეტრის მანძილზე. ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები, რომელიც თებერვლისთვის დაიგეგმა, მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ. ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება
პრაღის აეროპორტი უკრაინის ავიარეისებს რუსულად აღარ გამოაცხადებს
ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩმა ევგენ პერებიინისმა განაცხადა, რომ პრაღის აეროპორტი ფრენების შესახებ რუსულად აღარ გამოაცხადებენ. საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრაქტიკის შეცვლას, რადგან ინფორმაციის რუსულ ენაზე დუბლირებას არალოგიკურად მიიჩნევდა. აეროპორტის ადმინისტრაცია კი განმარტავდა, ორმ ავიაკომპანიების თხოვნას ითვალისწინებდა და აღნიშნული პრაქტიკა ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი არგუმენტების გათვალისწინებით, პრაღის აეროპორტმა საელჩოსადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების შესახებ ყველა განცხადება საბოლოოდ მხოლოდ ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოცხადდება, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართულებით ფრენების დროს“, - განაცხადა ელჩმა. მისივე განცხადებით, „უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაიგონ ინგლისურ ენაზე მიწოდებული საბაზისო ინფორმაცია, რუსეთის მოქალაქეები კი, უკრაინის გავლით, როგორც წესი, არ დაფრინავენ, რადგან უკრაინას აგრესორ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვს“.