უცხოეთი

სამოაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წყნარ ოკეანეში, სამოაზე ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ტუილაეპა საილელე მალიელეგაუიმ ქვეყნის 200 ათას მოქალაქეს ტელეეთერით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ინფიცირებული მეზღვაურია, რომელიც სამოაზე ახალი ზელანდიიდან ჩავიდა. ასევე ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენიდან 4 დღეში ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება. „ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, - განაცხადეს ევროკომისიაში. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბარაკ ობამა: ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის დაესაჯა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემასა და ამ თემაზე რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან გამართულ საუბარს იხსენებს. „G20-ის სამიტზე „ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე უფრო მედვედევთან შეხვედრა მაინტერესებდა. აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაბალ ნიშნულზე იყო. გასულ ზაფხულს, მედვედევის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში რუსეთი მეზობელ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რითაც ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვია“, - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა პუტინის მზარდი გაბედულობისა და აგრესიულობის ნიშანი იყო. „ეს იმის ნიშანი იყო, რომ პუტინს შემაშფოთებლად არ სურდა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა. ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ დაწყებას იმედოვნებდა, რათა დიალოგი დაგვეწყო ჩვენი ინტერესების დასაცავად, რეგიონში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიზნებისთვის თანამშრომლობის მისაღებად. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მედვედევს პირადად შევხვდებოდი სამიტის წინა დღეს“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა თავის მემუარებში. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, 2009 წელს, G20-ის სამიტზე დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის საკითხის განხილვით დაიწყო. „როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ჩაეჭიდა. მან საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა კრიზისის გამწვავებაში და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ძალადობისგან დასაცავად მოქმედებდა. მან უარყო ჩემი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში აშშ-ის ძალებისგან განსხვავებით, რუსულ ძალებს, როგორც განმათავისუფლებლებს მიესალმნენ. ამ ყველაფრის გაგონებაზე საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები გამახსენდა, რომ „ტყუილი არა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი გახდა“. მედვედევს განცხადებაში გარკვეული ირონიული განკერძოებულობა შევატყვე, თითქოს უნდოდა მცოდნოდა, რომ მას ნამდვილად არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა“, - იხსენებს ბარაკ ობამა. წყარო

დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 000 ხმით აჯობა. უისკონსინში ხმების ნაწილობრივი გადათვლის მოთხოვნა ტრამპის იურისტებმა, პროცედურისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, მილუოკისა და დეინის რაიონებში არჩევნების დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტები არჩევნების შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებენ. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,6 მილიონი ხმით მეტი მიიღო. წინასწარი პროგნოზებით, საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენი 306 ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 232-ს. იმისათვის, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს, აუცილებელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ სულ მცირე სამ შტატში შეიცვალოს. ამჟამად ხმების ხელით გადათვლა გრძელდება ჯორჯიის შტატში. შედეგები 20 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 250 029-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11.5 მილიონს მიაღწია. შეერთებული შტატები პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში როგორც კოვიდიფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით. 1 სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვასა და ნებრასკას შტატებში. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქალაქ ნიუ-იორკში დღეიდან სკოლები იხურება.

ბერლინში, ეპიდშეზრუდვების წინააღმდეგ გამართული აქცია, წყლის ჭავლით დაშალეს

ბერლინში, პოლიციამ, ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები დაშლისკენ მოწოდებას არ დაემორჩილნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ ჰიგიენურ ნორმებს არღვევდნენ. ბერლინის ცენტრში მიმდინარე აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190-მდე პირი და დაშავებულია 9 პოლიციელი. გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ 18 ნოემბერს დამტკიცებული ცვლილებები, ეპიდაფეთქებების დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთი ზომების ჩამონათვალშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და სხვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სოციალური და ეკონომიკური შედეგები. ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მთავრობის უფლებამოსილებას აფართოებს და მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს. გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 854 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 13 400-ს აჭარბებს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 56 016 137 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 028 474 და დაიღუპა 1 345 070 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.9 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.9 ინფიცირებულით. ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 13 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 788 473 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 42 461 პაციენტი გარდაიცვალა.

იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია - მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ზომებს გაგებით მოეკიდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მერკელმა აღნიშნა, რომ სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, მიღებული გადაწყვეტილებები კი მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული იყო. „თუმცა, იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა მიუნხენში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.

„აზიის განვითარების ბანკმა“ წევრებისთვის კოვიდ19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

„აზიის განვითარების ბანკმა" 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ტექნიკური დახმარების სახით, განვითარებადი წევრებისთვის კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისა და ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური განაწილებისთვის სისტემების დანერგვის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ADB-ში აცხადებენ, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად, რათა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგისთვის. ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ცივი ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს. „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად საერთო ჯამში კარგად იმუშავა. უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია. აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება", - განაცხადა ADB-ის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვოჩონგ უმმა. ინფორმაციის თანახმად, ADB ტექნიკური დახმარების განხორციელებას პარტნიორებთან - UNICEF-თან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად გეგმავს, COVAX-თან, Gavi-სთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მრავალმხრივ სააგენტოებთან კოორდინაციის გზით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების 20 მილიონ აშშ დოლარს ADB-ის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300,000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

რუსეთში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 442 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 971 013-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 442 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 33 931-ს მიაღწია. რუსეთში კოვიდ 19-სგან დღემდე 1 475 904 ადამიანი განიკურნა.

ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება

ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ წაუყენეს. როგორც ჩინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ზანი ქალაქ უხანში თებერვალში ჩავიდა დ იქ არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდა. მათ შორის მან გაავრცელა ცნობები, ქალაქში მომუშავე სხვა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების შესახებ. მის რეპორტაჟებში საუბარი იყო ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც. რეპორტიორი 14 მაისს უხანში გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯან ზანი შანხაიში დააკავეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეპორტიორი შიმშილობს და ამგვარად აპროტესტებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.ახალი ბრალდების მიხედვით, ჩინელს ჟურნალისტს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა. ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის „კარანტინში“ იმყოფებოდა.

გერმანიაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 267 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 815 746-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 267 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 12 814-ს მიაღწია. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.

ბელგიის მოსახლეობისთვის კორონავირუსის ვაქცინა უფასო იქნება

ბელგიის მთავრობა გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და ვაქცინაცია უფასო იყოს,- ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრენკ ვანდენბრუკმა განაცხადა, რომ მათი მიზანი მოსახლეობის სულ მცირე 70 პროცენტის ვაქცინაციაა. „პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრება სამეცნიერო მოსაზრებებისა და სოციალური დებატების საფუძველზე”, - განაცხადა ვანდენბრუკემ. მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო არ იქნება, თუმცა ყველა მსურველი უფასოდ აიცრება. ბელგიაში 11. 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 540 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 14 000-ს აჭარბებს.

ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით - ეველინ ფარკასი

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები რომ არ გადაკვეთოს და ეცდება ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ამის შესახებ ფარსკასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება. ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა. ამასთან, თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია - არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა ინტერვიუში.

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამას იწყებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. მედიის ინფორმაციით, ოთხი შტატი - როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი - პროგრამისთვის ზომის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.

BBC: კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა 95%-ით ეფექტურია

ამერიკულმა კომპანია, Moderna-მ განაცხადა, რომ წინასწარი კლინიკური ანალიზებით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 94.5% პროცენტით ეფექტურია Covid-19-ის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მეცნიერების ძალისხმევა შედეგს აღწევს, უკიდურესად მძიმე სტადიაში მყოფი პანდემიის პირობებში. Pfizer-მა და BioNTech-მა სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამცნეს საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი ვაქცინის შესახებ, რომელმა 90%-ანი მაჩვენებელი გადალახა. ორივე კომპანია იყენებს ტექნოლოგიას სახელწოდებით „messenger RNA“, რომელიც ამ დრომდე არასდროს გამოყენებულა აღიარებული ვაქცინის შესაქმნელად. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სულ მალე, ეს აღმოჩენა შეძლებს, იხსნას მილიონობით ადამიანი დაავადებისგან. წინასწარი მაჩვენებლებით, 30 000 მოხალისეში სრულიად გაქრა Covid -19-თან დაკავშირებული ყველა სიმპტომი. ამასობაში კი, „Moderna-ს“ აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 9%-ით გაიზარდა აშშ-ში, ხოლო ევროპული- „the Stoxx 600“-ის ინდექსმა 1.5%-თ მოიმატა.

ერდოღანი ყარაბაღში თურქ სამხედროებს გზავნის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ ბრძანებულება მოამზადა. პროექტი პარლამენტში უკვე გადაზავნილია დასამტკიცებლად, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო “Anadolu”. «ცენტრის დისლოკაციის ადგილს აზერბაიჯანი განსაზღვრავს. მასში იმოქმედებენ სამხედრო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში კი – სამოქალაქო სპეციალისტებიც. ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ჭრილში, რაც ასახულია გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს რეზოლუციებშიც” - ნათქვამია ბრძანებულების პროექტი. მასში ასევე აღნიშნულია, რომ “აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნა თურქეთის ეროვნულ ინტერესებსაც შეესაბამება”. ცნობისთვის: რუსეთი და თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაკონტროლებლად ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. თუმცა შემდგომში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ "არანაირი თურქი სამხედროები ყარაბაღში არ შევიდოდნენ" და რომ დიახ, სადამკვირვებლო მისიაში თურქული მხარის მონაწილეობა მართლაც იყო შეთანხმებული, მაგრამ "დაკვირვების განხორციელება დისტანციურადაცაა შესაძლებელი, მაგალითად, დრონების გამოყენებით".

საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მოშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. მან პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა. Congratulations with a deserved victory @sandumaiamd, President- elect of Moldova. Another woman President in our region is extremely important. I look forward to working together and forging our common path to Europe.#WomenLeadtheChange 🇬🇪 🇲🇩 🇪🇺 — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 16, 2020

ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. BBC-ი წერს, რომ აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია. ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან განაგრძობს. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან 3 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგაც ექიმებს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.