უცხოეთი
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში, ხმების 57%-ით, მაია სანდუ იმარჯვებს
15 ნოემბერს ჩატარებულ, მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 100% დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ხმების 57%-ით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო. მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება დაასახელა. „ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.
ბელარუსში სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს
ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს. ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დაკავებული პირების სია და აღნიშნულია, რომ დემონსტრანტები მინსკის გარდა ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც დააკავეს. ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა - როიტერი
ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს. SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“. კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს. წყარო
საბერძნეთში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში ორშაბათიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ შეზღუდვებისა და საყოველთაო კარანტინის ხელახალი დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღამის ე.წ. „კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები ძალაში ნოემბრის ბოლომდეა, სწორედ ამ დრომდე დარჩება დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები. საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის 3 038 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთშაბათს კი ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 316 შემთხვევა გამოვლინდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია საბერძნეთისთვის.
ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ მისი შვილები პრეზიდენტები არ გახდებიან. „პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არც ერთი ჩემი შვილი პრეზიდენტი არ გახდება. ვიმეორებ, არც ერთი შვილი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 6 ნოემბერს ევროკავშირმა ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს.მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.
მაიკ პომპეო საფრანგეთს ესტუმრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ესტუმრა. „როიტერის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივ ლე დრიანთან. განსახილველ საკითხებს შორის არის - ეკონომიკა, უსაფრთხოება და კონტრტერორიზმი. „შესანიშნავია საფრანგეთში, აშშ-ის უძველეს მეგობარ და მოკავშირე ქვეყანაში ყოფნა. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერში“. საფრანგეთის შემდეგ პომპეოს ვიზიტი დაგეგმილი აქვს თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
იტალია ე.წ.წითელ ზონას აფართოვებს
იტალიის ე.წ.წითელ ზონას, სადაც კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მკაცრი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, კიდევ ორი რეგიონი - კამპანია და ტოსკანა - დაემატა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კამპანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება. კორონავირუსის გავრცელების რისკი შესაბამისად, იტალიაში რეგიონები იყოფა სამ - წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ზონად. ახალი რეგიონების დამატებამდე „წითელ ზონაში“ შედიოდა ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი და ვალე-დ’აოსტა ჩრდილოეთით და კალაბრია სამხრეთით. აღნიშნულ რეგიონებში, სადაც დაახლოებით 16.5 მილიონი ცხოვრობს, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების, აუცილებელი საჭიროების პროდუქციის შესაძენად ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეუძლიათ. დაკეტილია ბარები და რესტორნები. იტალიაში პარასკევს კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 44 000-ს აჭარბებს.
თურქეთის ინფორმაციით, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იგეგმება
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე ანკარა აზერბაიჯანის რეგიონ ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს. მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი დაგეგმვის და შესწავლის შედეგები მალე გახდება ცნობილი. მანამადე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის დერეფნის გაჩენით სარგებელს რეგიონის ქვეყნების გარდა, ჩინეთიც მიიღებს. ნახიჩევანი არის რეგიონი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, ნახიჩევანს 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის მოქცეულია ის ტერიტორიებიც, რომელთაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომელთა ნაწილიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაწყებული ომის შემდეგ დაიკავა.
სერგეი ლავროვი - ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება
თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც არ არის ყარაბაღთან ახლოს და რაზეც შეთანხმება დამატებით მოხდება. ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება. თურქული მედიის ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“.
საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო
საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 865 538 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთში კი – 1 858 568. მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ–შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოტხეს – საფრანგეთი, მეხუთეს – რუსეთი. შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო 30 ოქტომბრიდან საფრანგეთი ხელმეორედ ჩაიკეტა. ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 52 484 945 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 290 563 ადამიანი იმსხვერპლა. 36 707 467 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.
ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელახლა, ხელით დაითვლიან
აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან, - მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსფერგერმა განაცხადა. ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ, 20 ნოემბრისთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში ხმა დაახლოებით 5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა და შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000-ზე მეტი ხმით უსწებს. ცნობისაათვის, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში, ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოორნავირუსის 52 440 433 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 36 676 552 და დაიღუპა 1 289 730 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 10.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.6 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.7 ინფიცირებულით. ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.
რუს ჟურნალისტს, კორონავირუსზე გავრცელებული ინფორმაციისთვის, ფულადი ჯარიმა დაეკისრა
რუსეთის ნიჟეგოროდის რაიონულმა სასამართლომ, ჟურნალისტ ალექსანდ პიჩუგინს კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, 300 000 რუბლის გადახდა დააკისრა. სახელმწიფო ბრალმდებელი განსასჯელის ორი წლითა და 6 თვით დაპატიმრებას მოითხოვდა, "ისეთი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და სიცოცხლეს“. ჟურნალისტის სამართლებრივი დევნის მიზეზი აღდგომის დღესასწაულამდე, 12 აპრილს, მის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ჩანაწერი გახდა, რომელშიც საკარანტინო მოთხოვნების დარღვევით, საეკლესიო ღვთისმსახურებას, პიჩუგინმა „სასიკვდილო დაავადებით მოსახლეობის დაინფიცირების დაგეგმილი აქცია“ უწოდა. პიჩუგინის ადვოკატები სასამართლოს განაჩენი ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებას აპირებენ.