უცხოეთი

„დიდგორი 2023-ს“ ახალი კომპონენტი დაემატა

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში გამართული საველე სწავლებები საზოგადოებრივი და მოხალისეთა ორგანიზაციების ჩართულობით პირველად თამაშდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023-ის“ ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია „კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების„ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს. „დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ ნოემბერს დაიწყო.  

კანადა უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს

21-22 ნოემბერს კანადის ქალაქ ტორონტოში უკრაინის აღმშენებლობისადმი მიძღვნილი ბიზნეს კონფერენცია გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადა-უკრაინის სავაჭრო პალატა თავის ვებგვერდზე იუწყება. „კონფერენცია აჩვენებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენასა და მოდერნიზაციას სოფლის მეურნეობის, სამშენებლო/ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორებში,“ ნათქვამია ინფორმაციაში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება EDC-, EBRD-ისა და IFC-ს მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტებზე, რითაც უკრაინაში ინვესტიციით დაინტერესებული კანადური კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.  

ისლანდიაში ვულკანის აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის შიში გამოიწვია. ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა (IMO) განაცხადა, რომ  რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად, ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება, ნებისმიერ დროს ან უახლოეს დღეებში დაიწყოს. ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. რეიკიანესის ნახევარკუნძული სეისმურად ყველაზე აქტიური ტერიტორიაა ისლანდიაში. მიწისძვრები 2022 წლის აგვისტოში და მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა.  

რუსეთის განათლების სამინისტრომ კადიროვს ისტორიის გასწორებული სახელმძღვანელო გადასცა

რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და უფროსკლასელთათავის განკუთვნილი ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო, რესპუბლიკის მეთაურ, რამზან კადიროვთან პირადად განიხილა. მანამდე, სახელმძღვანელოში ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები ჰიტლერული გერმანიის საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ. კრავცოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კადიროვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. „სერგეი კრავცოვმა წარმომიდგინა ხელახლა გამოცემული სახელმძღვანელო მე-10 კლასელებისთვის. მასში ახლა უკვე გასწორებულია ყველა შეცდომა და ამოღებულია წინა გამოცემაში დაშვებული უხეში ფორმულირებები სტალინური რეპრესიების ქვეშ მყოფი მთელი ხალხების მისამართით," - წერს კადიროვი. რუსეთის განათლების სამინისტრომ ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი ცვლილებების ტექსტი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის ხალხების დეპორტაციის შესახებ აბზაცი დარედაქტირდა.  

Microsoft: რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

Microsoft-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ აქტიურად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს იმ ფონზე, როცა რეგიონში ისრაელ - „ჰამასის“ ომის გამო, რადგან რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ France24 წერს. ბრედ სმიტის თქმით, Microsoft-ი და მისი კონკურენტები დეზინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებითაც ებრძვიან. მას მშვიდობის ხელშეწყობაში ტექნოლოგიური გიგანტის როლზე, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე დაუსვეს შეკითხვა.   სმიტმა აღნიშნა, რომ Microsoft-ი და სხვა კომპანიები დეზინფორმაციას ებრძვიან „ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული, შეცვლილი შინაარსის გამოვლენას.“   „ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ რუსული კამპანიის იდენტიფიცირებას, როგორც მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, ხალხისთვის ეთქვათ, რომ Covid-ის ვაქცინა არ გაეკეთებინათ,” - აღნიშნა სმიტმა. „დღეს ჩვენ ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში,“ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

უკრაინამ ხარკოვის ოლქის სოფელზე კონტროლი აღადგინა - სასაზღვრო სამსახური

უკრაინულმა ძალებმა 11 ნოემბერს, ხარკოვის ოლქის სოფელ ტოპოლიზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს სოფელი ომის დასაწყისში რუსულმა ძალებმა დაიპყრეს. ხარკოვის ოლქი რუსული დარტყმების მუდმივი სამიზნე იყო.  

ბორელი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი დიდი ალბათობით, შემცირდება

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება სავარაუდოდ, შემცირდება, ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნები პოლიტიკურად მზად უნდა იყვნენ ამ ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად. „ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც გამოსცდის ევროკავშირს. პირველ რიგში, უკრაინა, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი. ჩვენ, ევროპელები, რომლებსაც გვაქვს ამის საშუალებები, მზად უნდა ვიყოთ, პოლიტიკურად, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება,“ - განაცხადა ბორელმა. სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს ისრაელის დახმარების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ. დაფინანსების შეფერხებამ აიძულა შეერთებული შტატები, დაეწყო კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაკადის შეზღუდვა, რადგან პენტაგონს მხოლოდ $1 მილიარდი აქვს დარჩენილი იარაღის მარაგის შესავსებად. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით უკრაინას 44 მილიარდი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწია. აშშ კრაინაში დახმარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.  

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტო ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ბანოჟიჩი ავტომობილით ცუდი ამინდის პირობებში სატვირთოს უსწრებდა, როდესაც საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, ბანოზიჩი კი, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მინისტრი ბანოზიჩი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გავათავისუფლე საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა აღმოსავლეთ ხორვატიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ პირველადი დასკვნების გამოქვეყნებისთანავე.  

კვლევა: BMW-ს, Subaru-ს და Porsche-ს მძღოლებისგან „ავარიის ალბათობა მეტია“

გაერთიანებულ სამეფოში 400 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, ავტომობილების გარკვეული ბრენდები შეიძლება, დაკავშირებული იყოს უფრო აგრესიულ მართვასთან. მკვლევრების დასკვნით, სუბარუს, პორშეს და BMW-ს მძღოლები უფრო მეტად იყვნენ ჩართული სარისკო მანევრებში, ვიდრე Skoda-ს ან Hyundai-ს მძღოლები. სარისკო მანევრებში მოიაზრება სიჩქარის გადაჭარბება, წითელ შუქზე გავლა, გასწრება უწყვეტ ხაზებზე ან ქვეითთა გადასასვლელის იგნორირება. „ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი კომპანია ყოველწლიურად ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს მთელ მსოფლიოში თავისი მანქანების პოპულარიზაციისთვის. ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი მარკის ავტომობილი მოსწონთ მძღოლებს, რომელთაც სურთ, გაარღვიონ საზღვრები,“ პასუხობს კვლევის ლიდერი ავტორი, სოციალური მარკეტინგის პროფესორი ალან ტაპი შეკითხვას, ირჩევენ თუ არა აგრესიული მძღოლები გარკვეულ მანქანებს, თუ ბრენდები აუარესებენ სიტუაციას. კვლევას ავტომობილების მწარმოებლები - Porsche, Subaru და BMW გამოეხმაურნენ. Porsche-მ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებაზე და მოუწოდა მყიდველებს, მართვის უნარები სპეციალურ ცენტრში გაიუმჯობესონ. Subaru-ს „ფოკუსი უსაფრთხოებაზე აქვს გადატანილი.“ BMW-მ კი, აღნიშნა, რომ ერთგულია უსაფრთხოების მიმართ როგორც პროდუქტის შექმნის პროცესში, ასევე მარკეტინგში.  

სამხრეთ კორეა უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება

სამხრეთ კორეა უკრაინას უფრო მაღალი ხარისხის დრონების წარმოებაში დაეხმარება. ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი დრონების მწარმოებლებთან. იქნება უფრო მეტი დრონი და ისინი უფრო მაღალი ხარისხის,“ აღნიშნა სადოვმა უკრაინული მედიის ცნობით. ლვოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ კორეული ბიზნესი დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი პარტნიორების მხარდაჭერით, უკრაინაში კიდევ ერთი საავადმყოფო აშენდება.  

52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ძალებმა კიევის მიმართულებით "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაუშვეს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 52 დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევს 11 ნოემბერს ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტია. სერგეი პოპკოს თქმით, რაკეტამ ვერ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს. „მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები!  - განაცხადა პოპკომ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 11 ნოემბრის დილით, კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.  

მაკრონის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს „დღეს, დე ფაქტო, მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და გამართლება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ ეს შეწყვიტოს,“ - განაცხადა მაკრონმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, ისრაელს მოუწოდებს რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვები შეწყვიტოს. შეკითხვას, არღვევს თუ არა ღაზის სექტორში ისრაელი საერთაშორისო სამართალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ.“  

ზურაბიშვილი: ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ

"მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განაცხადა. „უკვე წელიწადნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ (რუსეთს). თავიდან ბევრი ფიქრობდა რომ ეს (ომი) გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება... ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, (რომელიც სხვა სფეროდან იყო) სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს, მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, შემიძლია, შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია," - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

რუსეთი მოსკოვის ოლქში დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა მოსკოვისა და სმოლენსკის ოლქების თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი შეაკავეს. მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კოლომნის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ 10 ნოემბერს, ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქებები საინჟინრო ბიუროს მახლობლად მოხდა, ეს არის სახელმწიფო თავდაცვის საწარმო, რომელიც სარაკეტო სისტემების წარმოებაშია სპეციალიზირებული. უკრაინული მედია, რომელიც ამის შესახებ იუწყება, წერს, რომ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს. უკრაინას 10 ნოემბრის სავარაუდო თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ცნობები გახშირდა 2023 წლის ზაფხულიდან, კიევი კომენტარს იშვიათად აკეთებს. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო.  

Reuters: აშშ-ში ახალი თაობის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პირველი ფრენა შეასრულა

აშშ-ში სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-21 Ryder-მა( Northrop Grumman) პირველი საცდელი ფრენა შეასრულა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი 10 ნოემბერს, ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით, 100 კილომეტრში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების 42-ე ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა. საჰაერო ძალებს ღონისძიების შესახებ არ დაუანონსებია, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, დახურულ ფრენას დაახლოებით, სამი ათეული საავიაციო ენთუზიასტი და მოყვარული ფოტოგრაფი ადევნებდა თვალს. საიდუმლო ბომბდამშენის პირველი საჯარო დემონსტრაცია დეკემბერში გაიმართა. თვითმფრინავი აშშ-ის საჰაერო ძალების განკარგულებაში რამდენიმე წლის შემდეგ იქნება. B-21 აგებულია მფრინავი ფრთის აეროდინამიკური სქემის მიხედვით, აქვს დაბალი რადიო ხილვადობა და შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება. B-21-ის აგების თანხა აშშ-ის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შევიდა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული წლის ბოლოს ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.  

ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის

ფინეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ გამოძიებამ ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმეზე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გაზსადენის მახლობლად ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ღუზა სავარაუდოდ, ჩინური NewNew Polar Bear-ის სატვირთო გემს ეკუთვნოდა. მანამდე, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის პოლიცია ასევე ვარაუდობდა, რომ Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ  

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის გამშვებ დანადგარებს უგზავნის

ლიეტუვამ უკრაინას მიწა-ჰაერის კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემების (NASAMS) გამშვებები გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტრომ ნორვეგიის მთავრობას „დამატებითი აღჭურვილობის ნაწილის შემოწირულობისთვის“ მადლობა გადაუხადა. ლიეტუვამ 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ NASAMS-ის ორ საჰაერო სისტემის დანადგარს უკრაინას უსაფრთხოების პაკეტის ფარგლებში "უახლოეს მომავალში" მიაწვდიდა. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ვილნიუსმა უკვე უზრუნველყო დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.  

ევროკავშირი და ჩინეთი სამიტს გამართავენ

ევროკავშირი და ჩინეთი სამიტის გამართვას გეგმავენ. ეს ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-ს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა. გამოცემის ინფორმაციით, სამიტი 7-8 დეკემბერს ჩატარდება, თუმცა სპიკერი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. Bloomberg-ი წერს, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, ჩინეთში, პეკინის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში პირველ სამიტზე გაემგზავრებიან. ჩინეთს ჯერ საჯაროდ არ დაუდასტურებია შეხვედრის თარიღი ან მისი ჩატარების ადგილი.  

პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდა

პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება გააფორმეს. „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მიიღებენ. ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაშიხ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ არიან. 7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მათეუშ მორავეცკის დაავალა. მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს. მორავეცკის კოალიციისათვის სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება მოუწევს.  

ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა გამგზავრებამდე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზს უსვამს, რომ ბერლინი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოძებნოს დამატებითი გზები და ვარიანტები ეფექტიანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.