მთავარი
რუბიო: ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავისი გამოსვლა განცხადებით დაიწყო იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა „ერთმანეთს ეკუთვნიან.“ რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის კონტინენტის ბედი არასდროს იქნება უმნიშვნელო. „ჩვენ არ გვინდა სუსტი მოკავშირეები. აშშ-ს სურს, იხილოს ევროპა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავი, რათა არცერთ მოწინააღმდეგეს არ შეექმნას ცდუნება, რომ ჩვენი კოლექტიური ძალა გამოსცადოს.“ რუბიოს თქმით, ევროპასთან ერთად მოქმედება „ხელს შეუწყობს გონივრული საგარეო პოლიტიკის აღდგენას.“ „ამერიკა კეთილდღეობისაკენ მიმავალი ახალი საუკუნის გზას ადგას და გვსურს, ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უძველეს მეგობრებთან ერთად," - განაცხადა მარკო რუბიომ.„ჩვენ არ გვინდა ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა, რომლებიც ერთად ავაშენეთ, მაგრამ ამ ინსტიტუტებს რეფორმირება სჭირდება,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიზანი ან სურვილი ტრანსატლანტიკური ეპოქის დასრულება არ არის, არამედ, აშშ „კეთილდღეობის ახალი საუკუნის გზას ქმნის“ და მას ამის გაკეთება ევროპასთან ერთად სურს. „იმ დროს, როდესაც ახალი ამბების სათაურები ტრანსატლანტიკური ეპოქის დასასრულს გვამცნობენ, ყველასთვის ცნობილი და ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არც ჩვენი მიზანია და არც სურვილი. რადგან ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, ჩვენი სახლი შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით.“ თუმცა რუბიო კრიტიკულად აფასებს კლიმატის ცვლილებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ ზომებს. მისი თქმით, აშშ-მ და ევროპამ შეცდომები ერთად დაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწორონ. „ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის მთლიანობასა და ჩვენი ხალხის მომავალს. შეცდომები ერთად დავუშვით და ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ამ შეცდომებს თვალი გავუსწოროთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ჩვენ, ამერიკელები პირდაპირები ვართ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ეს ძალიან გვადარდებს. ჩვენ ძალიან გვადარდებს როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომავალი და თუ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ეს ევროპასთან დაკავშირებით ჩვენი წუხილიდან გამომდინარე გამომდინარეობს. ჩვენ დაკავშირებულნი ვართ არამხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სულიერი და კულტურული თვალსაზრისითაც.“ მარკო რუბიოს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების სასწრაფოდ გარდაქმნაა საჭირო. მისი შეფასებით, გაეროს „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვს, მაგრამ მან ღაზასა და უკრაინაში ომი ვერ მოაგვარა და ხშირად „უძლურია.“ „იდეალურ სამყაროში ეს პრობლემები დიპლომატების მიერ რეზოლუციებით მოგვარდებოდა, მაგრამ ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენს მოქალაქეებსა და გლობალურ სტაბილურობას ემუქრებიან, საერთაშორისო სამართლის მიღმა დაიმალონ,“ - განაცხადა მარკო რუბიომ. Reuters-ის ცნობით, დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლის დროს რუბიომ არ ახსენა რუსეთი - კონტინენტის მთავარი გეოპოლიტიკური ბლოკი და არც NATO - კონტინენტის უსაფრთხოების მთავარი ბლოკი. სააგენტო შეჯამების სახით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შაბათს ევროპელებს ერთიანობის მესიჯი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტრანსატლანტიკური ალიანსის მიტოვებას არ აპირებს, თუმცა ევროპის ლიდერებმა პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს და მათ კურსის შეცვლა სჭირდებათ. ერთიანობის შესახებ გზავნილს მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილი ევროპელი დიპლომატები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები შედარებით კარგად შეხვდნენ. რუბიოს გამოსვლა მკვეთრად განსხვავდებოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლისგან, რომელიც ერთი წლის წინ, სწორედ მიუნხენში შედგა. მაშინ ვენსი ამტკიცებდა, რომ ევროპის წინაშე ყველაზე დიდი საფრთხე ცენზურა და დემოკრატიული უკუსვლაა — და არა ისეთი გარე გამოწვევები, როგორიც, რუსეთია.
ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის: პოლ გობლის ანალიზი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში დღეს, 9 თებერვალს ჩადის, რის შემდეგაც ის 10-11 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი, პირველ რიგში, ფართო რეგიონულ სურათზე საუბრობს. „აზერბაიჯანიც და სომხეთიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აშშ-სთვის, არამხოლოდ იმიტომ, რომ ორივე დაშორდა მოსკოვს და მხარს უჭერენ TRIPP-ს, არამედ, იმიტომ, რომ ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაზეც აისახება,“ - განმარტავს გობლი. გობლის შეფასებით, ვენსი ბაქოსა და ერევანში ჩადის „იმისათვის, რომ დაარწმუნოს ისინი აშშ-ის მხარდაჭაში. ის ხაზის უსვამს, რომ ვიზიტის განხორციელების დრო უფრო მეტად, ირანის პრობლემებით აიხსნება. „თუმცა ვანსმა იცის, რომ ამ ვიზიტით შეუძლია, პოლიტიკური სარგებელიც მიიღოს, განსაკუთრებით, სომხეთის თემის თვალსაზრისით [ამერიკაში არჩევნების კონტექსტში], რადგან სომხები ბევრ მნიშვნელოვან ოლქში ცხოვრობენ ამერიკაში,“ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. ვიზიტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხია, თუ რამდენად მზად არის ვაშინგტონი რეაგირებისთვის, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა დაიწყება. კონფლიქტის შემდგომ გარემოში დარღვევების შესახებ ურთიერთბრალდებები იშვიათი არ არის და არც სამხრეთ კავკასიაა ამ მხრივ გამონაკლისი. „ვაშინგტონი ნამდვილად აცნობიერებს, რომ სამხრეთ კავკასიაში თითოეული მხარე, სავარაუდოდ, მეორეს დაადანაშაულებს ტრამპის მიერ 2025 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების დარღვევაში. მას სურს უზრუნველყოს, რომ ასეთი ბრალდებები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს,“ - განმარტავს გობლი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ვენსის ვიზიტი და აღნიშნა, რომ ის მოიცავს „ღონისძიებებს, რომლებიც გააღრმავებს ვაშინგტონთან ურთიერთობებს და გახსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს.“ სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგი, ვენსს თან ახლავს სომხეთსა და აზერბაიჯანში 9-11 თებერვლის ვიზიტების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის“ (TRIPP) ინიციატივის წინსვლას.“ ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
შუა დერეფანი: რა წერია ევროკომისიის კვლევაში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტაანალიზის თანახმად, ბოლო დროს მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ტრანსკასპიის სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) კვლავ ოპერაციულ დაბრკოლებებს აწყდება. კერძოდ, ფრაგმენტული ლოგისტიკა; მრავალი სასაზღვრო ბარიერი; ციფრული განვითარების ნაკლებობა; ევროკომისიამ 6 თებერვალს გამოაქვეყნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტაკვლევა, რომელიც ხაზს უსვამს ინვესტიციების საჭიროებას საიმისოდ, რომ დერეფნის გასწვრივ კავშირები გაძლიერდეს. დოკუმენტის ავტორია ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატი. კვლევაში საუბარია ძირითად მონაკვეთებზე, სადაც ინფრასტრუქტურა მოძველებულია ან არ შეესაბამება დღევანდელ მოცულობებს. დასკვნა მყარ საფუძველს ქმნის საინვესტიციო პრიორიტეტების დასადგენად, რაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიმავალი სავაჭრო გზების აღდგენის კონტექსტში, ევროკავშირის გეგმებს შეესაბამება. კვლევის ავტორების შეფასებით, ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო მთავრობებსა და კერძო სექტორს მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წვლილის შეტანა თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. მეტაკვლევა ჩამოყალიბებულია სამი ძირითადი სვეტის გარშემო: ტრანსპორტი და ვაჭრობა, ენერგეტიკა და ციფრული განვითარება. „სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, შუა დერეფანს შეუძლია, ოპერაციული სარგებელი მოიპოვოს სამხრეთ კავკასიის გავლით განშტოებების შექმნით, მათ შორის, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის კავშირების აღდგენით. ამან შეიძლება, სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია კიდევ უფრო მეტად მოახდინოს და პოტენციურად, გადატვირთულ მონაკვეთებზე საცობები შეამსუბუქოს,“ - ასკვნის კვლევა. კვლევაში ასევე ხაზგასმულია უკრაინისა და მოლდოვის მზარდი როლი ევროპის მცდელობებში, მოახდინოს დივერსიფიკაცია და გააძლიეროს მისი ფართო სატრანსპორტო ქსელი. ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკმა ასევე გამოკვეთა ძირითადი დაბრკოლებები და საინვესტიციო საჭიროებები, რომლებიც 2030 წლისთვის უნდა მოგვარდეს დერეფნის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. კვლევაში ხაზგასმულია, რომ: ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. რეგიონი და მისი მეზობელი ქვეყნები კი, ერთგვარი კარიბჭეა, რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და სხვა რეგიონებთან აკავშირებს.“ „ჩრდილოეთის დერეფნის საიმედოობა მცირდება, ხოლო სამხრეთის მარშრუტის განვითარება შენელებულია. ამ ვითარებაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ვითარდება, როგორც ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, მრავალფეროვან და გეოპოლიტიკურად გამძლე მრავალმოდალურ კავშირს ევროპასა და აზიას შორის. რეგიონში სატვირთო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა და 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება კიდევ უფრო აძლიერებს ტრანსკასპიური მარშრუტის პოზიციას, როგორც ყველაზე ოპტიმალურ გზას მდგრადი, მრავალფეროვანი და საიმედო რეგიონული კავშირის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია მეტაანალიზში. მისივე თანახმად, 2022 წლიდან ამ მარშრუტზე ვაჭრობა ოთხჯერ გაიზარდა და სწორი ინვესტიციების შემთხვევაში, 2030 წლისთვის მისი გასამმაგება შესაძლებელია. „როდესაც TCTC-ზე ვსაუბრობთ, ძირითად აქტორებად გვევლინებიან: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი — მარშრუტზე ჩინეთიდან ევროპისკენ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვთ სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, მოლდოვას და უკრაინას. ერევანს შეუძლია, TCTC-ს დაეხმაროს ახალი კავშირების შექმნით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გზების აღდგენით. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას, გადატვირთული მონაკვეთების განტვირთვას და ასევე, გაძლიერდება სომხეთის კავშირები ევროკავშირთან,“ - ნათქვამია მეტაანალიზში. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის შეფასებით, სატვირთო ნაკადები ევროპასა და აზიას შორის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით, სწრაფად იზრდება. თუმცა, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ძველია და განახლებას საჭიროებს, „ამიტომ, ინვესტიციები სასწრაფოდ არის საჭირო.“ „ინვესტიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მთავრობებსა და ბიზნესებს მკაფიო წარმოდგენა ექნებათ იმის შესახებ, თუ სად იქნება ის ყველაზე ეფექტიანი. დღევანდელი კვლევა გვიჩვენებს, თუ სად დავინახავთ ყველაზე დიდ განსხვავებას რკინიგზის, პორტების, სასაზღვრო პროცედურების, ენერგეტიკული კავშირებისა და ციფრული დაკავშირებადობის განახლებების შედეგად,“ - ამბობს ევროკომისარი. ცნობისთვის, შუა დერეფანი [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი] (TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP). ევროკომისიის კვლევა: ანაკლიას შეუძლია, საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შეუწყოს
ალიევმა და ფაშინიანმა აბუ-დაბიში, „ზაიედის სახელობის ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობის „ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს სამშვიდობო ძალისხმევისთვის. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართა. პრიზი ორივე ლიდერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა პირადად გადასცა. ორგანიზატორების ინფორმაციით, Zayed Award-ის მფლობელები ერთი მილიონი აშშ დოლარით ჯილდოვდებიან. ამ პრემიას იღებენ მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დიალოგის გაძლიერებაში. „მდგრადი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების მეშვეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაგალითი მისცეს სხვებს და აჩვენეს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მიღწევადი მიზნებია. ამ შეთანხმების მნიშვნელობა რეგიონს სცილდება, საერთაშორისო საზოგადოებას იმედს აძლევს და შეგვახსენებს, რომ დიპლომატიასა და შეუპოვრობას ყველაზე ღრმა განხეთქილებების გადალახვაც კი შეუძლია,“ - წერია Zayed Award-ის ვებგვერდზე. ცნობისთვის, ზაიედის პრემია ადამიანური ძმობისთვის, 2019 წელს დაარსდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის, შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის სახელს ატარებს. პრემია დაარსდა პაპ ფრანცისკესა და ალ-აზჰარის დიდი იმამის აჰმად ალ-ტაიების ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც ხელი მოეწერა ადამიანური ძმობის დოკუმენტს. პრემია გადაეცემა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ფაშინიანისა და ალიევის გარდა, წელს ლაურეატები გახდნენ ავღანელი აქტივისტი ზარქა იეფტალი და პალესტინური ორგანიზაცია “ტაავონი.“ წინა ლაურეატებს შორის არიან ალ-აზჰარის დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიები, პაპი ფრანცისკე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ლატიფა იბნ ზიათენი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალლა II და დედოფალი რანია ალ-აბდალლა და სხვა. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას. აბუ-დაბიში, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
რა საკითხები განიხილეს მინისტრის მოადგილემ და ბრენდან ჰანრაჰანმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე
4 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბრენდან ჰანრაჰანს. სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანონსის გარდა, შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მხარეებმა „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან,“ - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ონლაინ გამოცემა Independence Avenue Media-ს. სპიკერის განცხადებით, ჰანრაჰანსა და დარსალიას „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე.“ მინისტრის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ, საელჩოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასსთან და სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ იოკისთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ „კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ, ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში, მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში - უილიამ კიმიტთან; ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჯეფრი კესლერთან. მხარეებმა „სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება“ განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.“ ცნობისთვის, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ბრანდან ჰანრაჰანი კი, 2025 წლის სექტემბერში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ აშშ საწყის ეტაპზე 145 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოყოფდა „ტრამპის მარშრუტის“ განსავითარებლად. მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს (USTDA) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული დირექტორის კარლ კრესის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოე ეწვია. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
როგორ მოქმედებს "ენერგეტიკული ზავი"
დონალ ტრამპმა პუტინს სთხოვა, შეეჩერებინა კიევსა და სხვა ქალაქებში ელექტროსადგურებზე დარტყმები, თუმცა კრემლის თქმით, დარტყმების შეჩერების ვადა კვირას, პირველ თებერვალს იწურება. არც აშშ-ის ლიდერმა და არც მოსკოვმა არ დააკონკრეტეს, თუ როდის მიმართა ტრამპმა პუტინს თხოვნით. უკრაინული მედიის ცნობით, დაბნეულობა წარმოიშვა როგორც დროის, ასევე, სავარაუდო წინადადების ფარგლების შესახებ. Financial Times-ის ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა კიევში წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ტრამპის მიერ პუტინისადმი თხოვნის შესახებ, მისი საჯარო გამოსვლიდან შეიტყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონის გარდა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის მხრიდან დარტყმა არ ყოფილა. ეს განცხადება ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვისას, 30 იანვრის საღამოს გააკეთა. „ჩვენს ყველა რეგიონში, პარასკევის ღამიდან მოყოლებული, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები ნამდვილად არ განხორციელებულა - თითქმის არ ყოფილა. გამონაკლისი იყო დონეცკის ოლქი, სადაც ავია ბომბებით ერთი დარტყმა განხორციელდა გაზის ინფრასტრუქტურაზე.“ უკრაიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა თავდასხმები ლოგისტიკისა და საკვანძო სარკინიგზი ჰაბებისკენ გადაიტანა. კერძოდ, დნეპროპეტროვსკის რეგიონში დარტყმა განხორციელდა უკრაინის რკინიგზის კომპანიის ვაგონ-ელექტროსადგურზე. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის ქალაქებზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვეული თავდასხმები დრონებით, რაკეტებითა და საჰაერო ბომბებით. ხარკოვის რეგიონში ბალისტიკური დარტყმის შედეგად, ამერიკული კომპანია Philip Morris-ის საწყობები დაზიანდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. სხვა თავდასხმები დაფიქსირდა ნიკოპოლში, ხერსონის და ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. „აშშ-ის მხარემ ისაუბრა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთი კვირის განმავლობაში თავშეკავების შესახებ - ათვლა ღამით დაიწყო. როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, დიდწილად, ჩვენს პარტნიორებზე - შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს და დღეს ჩვენ, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებს თავს არ დავსხმივართ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 30 იანვარს დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა კიევზე დარტყმების დროებით შეწყვეტა. პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, დარტყმებისგან პირველ თებერვლამდე შეიკავოს თავი, რათა შეიქმნას „ხელსაყრელი პირობები“ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან არ დააკონკრეტა, როდის სთხოვა ტრამპმა პუტინს დარტყმების შეჩერება. გაურკვეველი დარჩა, პესკოვი „კიევს“ მხოლოდ დედაქალაქთან მიმართებით იყენებდა, სადაც უკრაინაში რუსეთის დარტყმების შემდეგ ასობით ბინა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თუ მთელი ქვეყნის აღსანიშნავად. პესკოვმა არ ახსენა ცივი ამინდი და არც ის დააკონკრეტა, თავს შეიკავებდა თუ არა რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისგან. სამაგიეროდ, შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობად წარმოაჩინა. „პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პერიოდში. დიახ, პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყო,“ - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: მხარს უჭერს თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის ინიციატივას. „ძლიერი სიცივის გამო, მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ეს უბრალოდ სიცივე არ არის; ეს არის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა.“ "ასეთი სიცივე მათ არასდროს განუცდიათ. და ამიტომ, პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ განახორციელოს დარტყმები კიევზე ან სხვა ქალაქებზე. ის ამაზე დათანხმდა და უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო,“ - განაცხადა 29 იანვარს ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, თეთრ სახლში. აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის იწურება „ენერგეტიკული ზავის“ პერიოდი. თავის მხრივ, ზელენსკიმ იმედს გამოთქვა, რომ რუსული მხარე შეთანხმებას შეასრულებდა, ტრამპს კი, მადლობა გადაუხადა. „დონალდ ტრამპის განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ექსტრემალური ზამთრის პერიოდში. ელექტროენერგიით მომარაგება სიცოცხლის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ! ჩვენმა გუნდებმა ეს საკითხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განიხილეს. ჩვენ ველით, რომ შეთანხმებები ამოქმედდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ პროგრესს,“ – განაცხადა ზელენსკიმ 29 იანვრის საღამოს. 30 იანვარს ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არ ყოფილა პირდაპირი დიალოგი და შეთანხმება ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, სხვადასხვა, „ყველაზე მგრძნობიარე“ საკითხი აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა 30 იანვარს დაწერა X-ზე, რომ „გუშინ ღამით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განხორციელებულა“, თუმცა 29 იანვრის შუადღისას, რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე ოლქში შეუტიეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმები ლოგისტიკურ სამიზნეებზე გადაიტანა და „ქალაქებში ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბნებზე“ დრონებით თავდასხმები გრძელდება. მანვე განმარტა, რომ ხარკოვის ოლქზე ბალისტიკური დარტყმის შედეგად, სამოქალაქო საწარმოო ობიექტის საწყობები დაზიანდა. ეს ამერიკული კომპანიაა. ამავე დროს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ღამით უკრაინის მიმართულებით ათობით დრონი და რაკეტა გაუშვა. „30 იანვრის ღამეს [06:00 საათიდან] მოწინააღმდეგემ, ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 111 სადესანტო დრონი გაუშვა,“ - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. თუმცა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლების ცნობით, 30 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაშავდა. ცნობისთვის, რუსეთმა ბოლოს რაკეტებითა და დრონებით მასობრივი დარტყმა უკრაინის დედაქალაქზე 24 იანვრის ღამით განახორციელა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია კიევის 80%-ში, ზამთრის ტემპერატურის ვარდნის ფონზე. 27 იანვრის ღამით, რუსეთმა ოდესაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებზე მასობრივი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. მისი ჯარები დიდი ხანია, ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ენერგოკრიზისის გამო კი, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს. უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა. სამმხრივი მოლაპარაკება პირველ თებერვალსაც გაგრძელდება.
სახელმწიფო დეპარტამენტი: სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია
სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. Report-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უფროსმა მრჩეველმა კალებ ორმა სოციალურ მედიაში დაწერა. „კასპიის ზღვის უფრო ფართო რეგიონი, მათ შორის, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. ამ რეგიონში ინვესტირება და მისი მრავალი წლის განმავლობაში განვითარება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია,“ - აღნიშნა ორმა.
რა მოცულობის რუსული ფინანსური აქტივებია გაყინული აშშ-ში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, 21 იანვარს, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, შეერთებულ შტატებში გაყინული სუვერენული აქტივებიდან ერთი მილიარდი აშშ დოლარი გადასცეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს.“ ასევე, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰიპოთეზური სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, შეიძლება, „გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად.“ პუტინმა არ დააკონკრეტა, რომელ ტერიტორიებს გულისხმობდა - უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიებს თუ ომის დროს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაურკვეველია, თანახმაა თუ არა ის "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე. „აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, ხსენებულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს. ხუთშაბათს, პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებების დროს, პუტინმა გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის გამოყენების ინიციატივა გაახმოვანა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ინიციატივისთვის თანხის შეწირვა „პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებული ურთიერთობის“ გამო. „რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას "მშვიდობის საბჭოში", რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა შეისწავლოს ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტები, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აწარმოოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავცეთ პასუხი ჩვენდამი გაგზავნილ მოწვევას,“- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე. „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაში ნათქვამია, რომ მუდმივმა წევრებმა საბჭოსთვის 1 მილიარდი დოლარი უნდა გაიღონ. დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის ხელისუფლების მიერ აქტივების განბლოკვას მოითხოვს და რომ რუსეთი კვლავ უკანონოდ მიიჩნევს მისი აქტიგვების გაყინვას. გასული წლის დეკემბერში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სარჩელი შეიტანა და Euroclear-ისგან 230 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა, ევროკავშირის მიერ აქტივების გაყინვის განუსაზღვრელი ვადით გამოცხადებისა და უკრაინის დასაფინანსებლად აქტივების კონფისკაციის წინადადებების საპასუხოდ. Reuters-ის წყაროებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გაყინული სუვერენული აქტივების გამოყენების იდეისთვის, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ თანხის ნაწილი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაიხარჯოს. რა რაოდენობის რუსული ფულია გაყინული აშშ-ში? ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული თავისი აქტივების შესახებ ბოლო ყოვლისმომცველ ანგარიშში განაცხადა, რომ მისი 613 მილიარდი დოლარის ოქროსა და ვალუტის რეზერვების დაახლოებით 11%, ანუ დაახლოებით 67 მილიარდი დოლარი, დოლარში დენომინირებულ აქტივებში იყო განთავსებული. დოლარში დენომინირებული აქტივების შენახვა მხოლოდ აშშ-ში განთავსებულ დეპოზიტარებშია შესაძლებელი. ცენტრალური ბანკის შეფასებით, რუსეთის სუვერენული ფონდებიდან დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დასავლეთის ქვეყნების მიერ არის გაყინული. ამ აქტივების უმეტესობა ევროპაშია გაყინული და ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ში ინახება. 2023 წელს „შვიდეულის ჯგუფის“, ევროკავშირისა და ავსტრალიის მიერ შექმნილმა „რუსეთის ელიტების, მარიონეტებისა და ოლიგარქების“ (REPO) სამუშაო ჯგუფმა გაყინული რუსული სუვერენული აქტივები 280 მილიარდ დოლარად შეაფასა. Axios-მა 2023 წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფმა აშშ-ში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მხოლოდ 5 მილიარდი დოლარი გამოავლინა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ გაყინული აქტივების გეოგრაფიულ განაწილებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
„ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა“ - მარტა კოსი
ტაშკენტში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის, შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები შეიკრიბნენ. სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისთვის რიგ დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ერთ-ერთი პაკეტი მხარს უჭერს მაღალი დონის დიალოგს, რაც საშუალებას აძლევს მთავრობებსა და კერძო სექტორს, ერთობლივად ჩამოაყალიბონ საინვესტიციო პრიორიტეტები. ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობას და მისი საერთო ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის რეგიონულ კავშირებსა და სატრანსპორტო კავშირებზე. მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიმდინარე საინვესტიციო ძალისხმევა, ასევე, სამომავლო გეგმები. ეს განხილვები გაღრმავდა ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრასა და მაღალი დონის პანელზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლები - მინისტრები. ევროკავშირის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC-ის) როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მარშრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო რეგიონთაშორის კავშირზე, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის გავლით, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირებზე - ტრანსპორტისა და ვაჭრობის, ასევე, ენერგეტიკისა და ციფრული სექტორების მიმართულებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინირებული მოქმედებისა და ძირითადი ინვესტიციების პრიორიტეტულობის აუცილებლობას, რაც ლოგისტიკური შეფერხებების აღმოსაფხვრელად, რეგულაციების ჰარმონიზაციისა და მაღალი ზემოქმედების მქონე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა: „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა ყველასთვის. ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება გვხდის დაუცველებს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირებში ინვესტიციები ქმნის მეტ ვარიანტს და ამცირებს შანტაჟის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთის დერეფნისთვის. შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვა ოთხჯერ გაიზარდა 2022 წლიდან დღემდე. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება, კვლავ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად.“ კომისარმა კოსმა ხაზი გაუსვა რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ყოვლისმომცველი დღის წესრიგის წინსვლის ეტაპს. უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ჯამშიდ ხოჯაევმა, საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ სიკელამ, სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თავიანთ გამოსვლებში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ინიციატივაა. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უზბეკეთის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებაში და ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ საერთაშორისო სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნაში. ფორუმის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი რეგიონში ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ საინვესტიციო სტრატეგიის მთავარ ინიციატივად ითვლება. დღეს დერეფანი ჩინეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი მთავარი მარშრუტის სახით ყალიბდება. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების წლიური მოცულობა 10-11 მილიონ ტონას მიაღწევს. ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მაჰკამოვის თქმით, უზბეკეთის 2030 წლის სტრატეგიაში განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი გაფართოებაა. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხარეებს შორის თანამშრომლობას. უზბეკეთი და ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობენ ამ დერეფნის განვითარებაში. აღინიშნა, რომ 2024 წელს ტრანსკასპიური მარშრუტით ტვირთების გადაზიდვამ სტაბილური ზრდა აჩვენა, 1 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც ხუთჯერ აღემატება 2019 წელს დაფიქსირებულ მოცულობას. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარეს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლისთვის. ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს კოორდინაციის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვისა და სავაჭრო გზების დიგიტალიზაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, საქართველო, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და რუმინეთი ხელს მოაწერენ კასპიისა და შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმებას.
რატომ არის მესინის ხიდის მშენებლობა კრიტიკული მნიშვნელობის პროექტი იტალიისა და ევროპისთვის
სამხრეთ იტალიაში, სიცილიას და კალაბრიას შორის, მესინის ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. იტალიის ხელისუფლება მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ პროექტი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ შეაფასა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ისტორიაში პირველად, მატერიკული იტალია და სიცილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. მსოფლიოში ყველაზე დიდი - 3.3 კილომეტრის სიგრძის, ერთმალიანი ხიდი, რეგიონში სატრანსპორტო რევოლუციის პერსპექტივას ხსნის. პროექტი კალაბრიაში 40-კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო კავშირების, სამი ახალი რკინიგზის სადგურისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას მოიცავს. პროექტი გულისხმობს 3,666 მეტრიანი, გემბანის მქონე ხიდის მშენებლობას. სიცილიაში 10.4-კილომეტრიანი გზა და 17.5 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი აშენდება, რომელიც მესინა-კატანიასა და მესინა-პალერმოს შორის არსებულ რეგიონულ ქსელს დაუკავშირდება. მესინაში სამი რკინიგზის სადგური (პაპარდო, ანუნციატა, ევროპა) უნდა აშენდეს, რაც რეგიონების მობილობას რადიკალურად შეცვლის. დაახლოებით, 60 მეტრის სიგანის გემბანს თითოეულ მიმართულებაზე, სამი სატრანსპორტო ზოლი, ორი სარკინიგზო ხაზი და ორი მომსახურების ზოლი ექნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, სტაბილურ და ეფექტიან კავშირს კონტინენტსა და სიცილიას შორის, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონს შეადგენს. მას დღეში 200-მდე მატარებლის გატარება შეეძლება. ასევე, უზრუნველყოფს საათში 6,000 მანქანის გადაყვანას — ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში. კომპანია Stretto di Messina-მ და ევროკავშირის კლიმატისა და ინფრასტრუქტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (CINEA) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ხიდის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებული სამუშაოს თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. პროექტი ნაწილია ევროპის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის (TEN-T), რომლის მიზანიც რეგიონების მჭიდრო ინტეგრაცია, გამტარობის გაზრდა და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაა. ევროკავშირის ინვესტიცია კონკრეტულად, სარკინიგზო ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას მოხმამრდება, რაც ეროვნული და ევროპული ეკონომიკის ძირითად ჰაბებთან სამხრეთ იტალიის კავშირს გააუმჯობესებს. ხიდი სიცილიასა და კალაბრიას, ევროპული რკინიგზისა და გზების ქსელთან გააერთიანებს, რაც სამხრეთ რეგიონებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე, გადაზიდვების დროს არამხოლოდ შეამცირებს, არამედ, სამხრეთ იტალიაში, პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკური ჰაბების ფუნქციონირებას გააძლიერებს. ხსენებული პროექტი, რომელიც რომელიც ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში სამხრეთ იტალიის შემდგომი ლოგისტიკური, ეკონომიკური და სოციალური დონის ინტეგრაციისთვის და მისი სტრატეგიული როლის გასაძლიერებლად არის შექმნილი, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა (TEN-T) და სკანდინავია-ხმელთაშუა ზღვის დერეფნის ნაწილი იქნება. მესინის ხიდის მშენებლობის პროექტი იქნება ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მარშრუტის — Palermo–Helsinki დერეფნის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე აკავშირებს. „მესინის სრუტის ხიდი „დასავლეთში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება,“ - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი მატეო სალვინი. მან კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, წელიწადში 120 000 სამუშაო ადგილს შექმნის და სამხრეთ იტალიაში ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, რადგან მილიარდობით ინვესტიცია იდება გზებსა და ხიდის თანმხლებ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მინისტრის თქმით, პროექტი ასევე დიდ ინტერესს იწვევს ევროკომისიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ხიდს ხმელთაშუა ზღვასა და სკანდინავიას შორის „ფუნდამენტური ევროპული დერეფნის“ რგოლად მიიჩნევენ. „ეს არის პროექტი, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს,“ - განაცხადა თავის მხრივ, იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში,“ — განაცხადა მელონიმ ჟურნალისტებთან, NATO-ს სამიტის კულუარებში, ივნისში, იმ დროს, როცა იტალიელი სტრატეგები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მოსკოვისა და ლიბიის მჭიდრო ურთიერთობებზე. „არსებობს მრავალი ჰიბრიდული საფრთხე და არაერთი მტრული აქტორია, ვინც NATO-ს ალიანსის სამხრეთ ფლანგზე მოქმედებს,“ — აღნიშნა მელონიმ. „მესინის სრუტის ხიდი სამხედრო მობილურობის თვალსაზრისით, სამხრეთ იტალიაში NATO-ს მნიშვნელოვანი ბაზების არსებობის გათვალისწინებით, ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს,“ - წერდა იტალიის ხელისუფლება ანგარიშში, რომლის თანახმად, პროექტი „საზოგადოებრივი ინტერესის“ უპირატესი საგანია. ანგარიშში ნათქვამია, რომ გზა და სარკინიგზო ხიდი „მთავარ როლს შეასრულებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში — ხელს შეუწყობს იტალიისა და NATO-ს მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გადაადგილებას.“ ანგარიშში ხაზგასმულია „ხმელთაშუა ზღვის, როგორც გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე არეალის მზარდი როლი.“ აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ღირებულება ორი ათწლეულის წინ, პირველი ტენდერის გამოცხადებისას, მოსალოდნელი 4.4 მილიარდი ევროდან, ამჟამად, 13 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
“რუსეთის ეკონომიკის ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია“ - აშშ-ის ფინანსთა მინისტრი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც დმიტრიევმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანი არ მიუყენებია. „ვფიქრობ, რუსეთი იგრძნობს ტკივილს. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, ინდოეთმა მთლიანად შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვები. ჩინეთის ბევრმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა,“- განაცხადა ბესენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია, ისაუბროს სანქციების რეალურ გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე. „რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა საომარი პერიოდის ეკონომიკაა. ზრდა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ვფიქრობ, ინფლაცია 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პუტინს [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დასვამს. სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება რუსეთის საომარი მანქანა და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი მოგება,“ - აღნიშნა ბესენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებისგან ეკონომიკის დაცვა არ შეუძლია და რომ მისი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა და ახალმა სანქციებმა შესაძლოა, ის კიდევ 20 ან 30%-ით შეამციროს. ტრამპის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის
ყაზახეთი ამერიკულ Wabtec-თან შეთანხმების გაფორმებით, შუა დერეფნის გასწვრივ, ტრანსპორტირების გაფართოებას გეგმავს
ყაზახეთი ამერიკულ Wabtec-თან ახალი გარიგების გაფორმებით, შუა დერეფნის გასწვრივ, ტრანსპორტირების გაფართოებას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყაზახეთში 300 სატვირთო ლოკომოტივის მიწოდება იგეგმება. ქვეყნის პრეზიდენტის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკის თანდასწრებით, ამერიკულ კომპანია Wabtec-თან დაახლოებით, 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, იტყობინება Kazinform-ი. დოკუმენტები ითვალისწინებს ყაზახეთისთვის, გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე 300 სატვირთო ლოკომოტივის მიწოდებას და მათ მოვლა-პატრონობას. ტექნოლოგიების სფეროში აღიარებული გლობალური ლიდერი, Wabtec Kazakhstan-ი, ყაზახეთის რკინიგზის ინდუსტრიის მოდერნიზაციის საკითხში მთავარი პარტნიორია. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აღნიშნული ლოკომოტივები, ევროპასა და აზიას შორის კავშირს გააძლიერებენ. „ყაზახეთი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაფართოებას ცდილობს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს,“ განაცხადა თავის მხეივ, პრეზიდენტმა თოყაევმა ნიუ-იორკში ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. „ჩვენ დიდად ვაფასებთ Wabtec-ის მნიშვნელოვან როლს ჩვენი საინჟინრო და სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორების განვითარებაში,“ - განაცხადა თოყაევმა. „ამ კომპანიასთან პარტნიორობით, ყაზახეთი აშენებს არამხოლოდ ფიზიკურ ქსელებს, არამედ, ინტელექტუალურ, მონაცემებზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებსაც. დღეს ჩვენ ვიხილეთ Wabtec-თან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ავიაციის სექტორს და აღნიშნა, რომ ფლაგმანური ავიაკომპანიები Air Astana და SCAT მართავენ Boeing-ის თვითმფრინავებს, რომლებიც ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის ხერხემალს წარმოადგენენ. „ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას Boeing-თან და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში დამატებით თვითმფრინავებს შევიძენთ,“ - დასძინა აღნიშნა თოყაევმა. Wabtec Kazakhstan-ის ლოკომოტივების ასაწყობი ქარხანა ასტანაში 2009 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ამ პერიოდში კომპანიამ 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. მისი გაშვების დღიდან ქარხანამ ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია „ტემირ ჟოლისთვის“ და ექსპორტისთვის 600-ზე მეტი ლოკომოტივი გამოუშვა. წარმოების ლოკალიზაციის მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან არაერთი შეხვედრა გამართა რიგ კომპანიებთან. ყაზახური მედიის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, ყაზახეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 22 სექტემბერს გაავრცელა.
იტალიური და გერმანული კომპანიები ჩაერთვებიან ეუთოს „მწვანე პორტების“ პროექტში, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს
ევროპული კომპანიები კასპიის რეგიონში „მწვანე პორტების“ განვითარების მიზნით, ეუთოს პროექტებში მონაწილეობენ. ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისმა (OCEEA), „მწვანე პორტების“ პროექტი ოფიციალურად 2019 წელს დაიწყო - მისი მიზანია, დაეხმაროს კასპიისა და შავი ზღვის პორტების განსაზღვრულ რაოდენობას - ბაქოს პორტს აზერბაიჯანში, აქტაუსა და კურიკს ყაზახეთში, „თურქმენბაშის“ პორტს თურქმენეთში და ბათუმის პორტს საქართველოში. ბათუმის პორტმა „Green Port“ სტატუსი OSCE-ის მხარდაჭერით და EcoPorts PERS სტანდარტის მიხედვით, გარემოს მართვის სისტემის შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო 2024 წლის 7 ოქტომბერს მიიღო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გლობალურმა საინჟინრო საკონსულტაციო, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების ჯგუფმა RINA-მ და პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკის წამყვანმა საკონსულტაციო გერმანული კომპანია HPC Hamburg Port Consulting-მა, ეუთოს პროექტის „მწვანე პორტებისა და კავშირგაბმულობის ხელშეწყობა კასპიის ზღვის რეგიონში“ ფარგლებში, ხუთწლიანი კონტრაქტი მიიღეს. RINA არის იტალიის საერთაშორისო საინჟინრო, საკონსულტაციო და სერტიფიცირების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ენერგეტიკის, ტრანსპორტის/მრეწველობის მდგრად და ციფრულ გადაწყვეტილებებში. HPC Hamburg Port Consulting არის გერმანული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ორიენტირებულია პორტის ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკასა და დიგიტალიზაციაზე - მხარს უჭერს პორტების ეფექტიან და მდგრად ოპერაციებს. ხუთწლიანი პროგრამის განმავლობაში, RINA და HPC, ეუთოს თითოეული პორტისთვის მორგებული ანალიზისა და სამოქმედო გეგმების მიწოდებაში დაეხმარებია, რაც ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის ემისიების მქონე ოპერაციებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას, მათ შორის, ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებებიც მოიაზრება. „ძირითადი სამუშაო ნაკადები მოიცავს განახლებადი ენერგიისა და კლიმატის ადაპტაციის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ციფრული სისტემების დიზაინს, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს ონლაინ კურსებს ევროპის წამყვან პორტებში სასწავლო ვიზიტებთან. ამ ძალისხმევის კოორდინირებით სხვადასხვა ქვეყანაში, პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობას აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, რაც ეხმარება ეროვნული პორტების სტრატეგიების ჰარმონიზაციას და მდგრადობის გაძლიერებას შუა დერეფნის მასშტაბით,“ - განმარტა HPC Hamburg Port Consulting-მა. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ასევე შექმნის ქვეყნებისშორისი თანამშრომლობის პლატფორმას მონაწილე პორტებს შორის ცოდნის გაცვლის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია კვლავ საერთო რეგიონულ მიზნად დარჩეს.
Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან - მედია
Vodafone Ukraine [NEQSOL Holding-ის ნაწილი] და Vodafone Group-ი შავ ზღვაში ახალი მაღალი სიმძლავრის წყალქვეშა საკაბელო სისტემის მშენებლობას მალე დაიწყებენ - პროექტი ევროპასა და აზიას შორის ულტრათანამედროვე ციფრულ დერეფანს შექმნის. Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან, რაც ციფრული მარშრუტების მრავალფეროვნებას გაზრდის. პროექტი ინტერნეტის საიმედოობას, მდგრადობას და სიჩქარეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი ციფრული ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ბულგარეთში პროექტის ამუშავება 2027 წლისთვის იგეგმება, რასაც მიჰყვებიან თურქეთი, საქართველო და უკრაინა. პროექტს გლობალური ლიდერი Xtera განახორციელებს, რომლის საერთო ინვესტიცია 100 მილიონ ევროს აჭარბებს.
კანადის პრემიერი: ძველი მსოფლიო წესრიგი არ დაბრუნდება
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე გამოსვლისას ისაუბრა საშუალო დონის სახელმწიფოებზე, და დიდი სახელმწიფოების მოქმედებებში არარსებულ შეზღუდვებზე. კარნი ამბობს, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი „არ დაბრუნდება.“ მან საშუალო ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. „საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ. დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო მოქმედება — მათ აქვთ ბაზრის მასშტაბი, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების კარნახისთვის. საშუალო ძალებს — არა...,“ ამბობს კარნი. მისი აზრით, ძლიერები ეკონომიკურ იძულებას იყენებენ იმის მისაღწევად, რაც სურთ. მან ასევე დაადასტურა კანადის მხარდაჭერა გრენლანდიის, დანიისა და NATO-ს ალიანსის მიმართ, რამაც დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია. როგორც BBC წერს, კარნიმ დონალდ ტრამპი არ ახსენა, მაგრამ მისი ზოგიერთი შენიშვნა, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტისკენ იყო მიმართული, რომელიც ევროპელ მოკავშირეებსა და დიდ ბრიტანეთს ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ გრენლანდია აშშ-ს არ გადაეცემა. ტრამპი საკუთარი სიტყვით გამოსვლას დღეს გეგმავს. „დიდი სახელმწიფოები“ ხშირად განისაზღვრება ქვეყნებად, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმიი ადგილები აქვთ - ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები - რაც მათ ეკონომიკურ და სამხედრო დომინირებაზე მიუთითებს მსოფლიოში. საშუალო სახელმწიფოები - კანადა, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ კორეა და ბრაზილია, ის ქვეყნებია, რომლებიც ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენენ გლობალურ პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკონომიკა უფრო მცირეა“ - თავის გამოსვლაში კარნიმ განაცხადა, რომ მსოფლიო „გარდამავალი პერიოდის“ შუაგულშია. „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი — ეს არის დიდი სახელმწიფოების გამწვავებული მეტოქეობის სისტემა, სადაც ყველაზე ძლიერები საკუთარ ინტერესებს ეკონომიკური ინტეგრაციის იძულების იარაღად გამოყენებით აღწევენ... დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეკონომიკური ინტეგრაციის იარაღად გამოყენება, ტარიფების ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურის — იძულების საშუალებად, ხოლო მიწოდების ჯაჭვების — მოწყვლად სუსტ წერტილებად გამოყენება,“ — აღნიშნა კარნიმ. მანვე აღნიშნა, რომ კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარი შეისმინა, რომ გეოგრაფია და ისტორიული ალიანსები აღარ იძლევა უსაფრთხოების ან კეთილდღეობის გარანტიას. კარნიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ გეოპოლიტიკის ცვლილებასთან ადაპტაციის მიზნით, კანადა ახლა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობასა და „სხვადასხვა კოალიციის შექმნაზეა ორიენტირებული - საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებით.“ პრემიერ-მინისტრმა კანადა „სტაბილურ და საიმედო“ პარტნიორად მოიხსენია და აღნიშნა ჩინეთთან და კატართან ბოლო დროს მიღწეული სავაჭრო/საინვესტიციო შეთანხმებები, ასევე, თავდაცვის შესყიდვების პაქტი, რომელიც კანადამ გასულ წელს ევროკავშირთან გააფორმა. კარნი ამ კვირაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე მსოფლიო ლიდერს შორისაა. „დღეს მე ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, ლამაზი ისტორიის დასასრულსა და იმ სასტიკი რეალობის დასაწყისზე, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკა არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით, ისეთი საშუალო დონის სახელმწიფოები, როგორიცაა, კანადა, უძლურები არ არიან. მათ აქვთ ახალი წესრიგის შექმნის უნარი, რომელიც განასახიერებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. ნაკლებად ძლიერთა ძალაუფლება პატიოსნებით იწყება. ყოველდღე გვახსენებენ, რომ დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ; რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება; რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანჯებიან...ეს წარმოდგენილია როგორც თითქოს, ბუნებრივი და გარდაუვალი წესრიგი. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ძლიერი მიდრეკილება აქვთ, „მიჰყვნენ დინებას“, რათა თანხმობაში იყვნენ სხვებთან; მოერგონ; თავი აარიდონ პრობლემებს; და იმედი ჰქონდეთ, რომ დამორჩილება მათ უსაფრთხოებას მოუტანს. ეს არ მოხდება,“ აღნიშნავს კარნი და სვამს შეკითხვას: რა ვარიანტები გვაქვს? კანადის პრემიერი იხსენებს ვაცლავ ჰაველის მაგალითს, როცა კომუნისტურ სისტემაში ადამიანები არ ეთანხმებოდნენ იდეოლოგიას, მაგრამ მაინც „თამაშობდნენ წესებით“, პრობლემების თავიდან ასარიდებლად. სწორედ ეს ჩუმი თანხმობა აძლიერებდა სისტემას. სისტემა ძალას იღებდა არა სიმართლიდან, არამედ, ადამიანების მზაობიდან, ეცხოვრათ ტყუილში. ხოლო როცა ერთი მაინც წყვეტს ამ თამაშს, სისტემა სუსტდება. „ჩვენ ვიცოდით, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესახებ ეს ნარატივი ნაწილობრივ მცდარი იყო; რომ ყველაზე ძლიერები საჭიროების შემთხვევაში თავად ათავისუფლებდნენ თავს წესებისგან; რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად აღსრულდებოდა; და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით გამოიყენებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან ვინ იყო მსხვერპლი. ეს ფიქცია სასარგებლო იყო და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია ეხმარებოდა „საზოგადოებრივი სიკეთეების“ უზრუნველყოფას: ღია საზღვაო მარშრუტებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების მოგვარების ჩარჩოების მხარდაჭერას,“ - განაცხადა კანადის პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ “ჩვენ ვიმყოფებით გახლეჩის პროცესში და არა გარდამავალ ეტაპზე.“ კარნის შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა ნათლად აჩვენა გლობალური ინტეგრაციის რისკები. კანადის პრემიერის შეფასებით, შეუძლებელია „ტყუილში ცხოვრება“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის იდეით მაშინ, როდესაც თავად ინტეგრაცია ხდება დაქვემდებარების წყარო. მისი განცხადებით, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: მათ უნდა განავითარონ უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომია — ენერგეტიკაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში. „საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა აღარ არსებობს, უნდა მოერგოს თუ არა ამ ახალ რეალობას. უნდა მოერგოს. კითხვა ის არის — მოვერგებით თუ უბრალოდ უფრო მაღალ კედლებს ავაშენებთ, თუ შევძლებთ რაღაც უფრო ამბიციურს. ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბმა „ღირებულებებზე დაფუძნებული რეალიზმი“ უწოდა — ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვცდილობთ, ვიყოთ პრინციპულებიც და პრაგმატულებიც. პრინციპულები ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის შესაბამისობის გარეშე; ადამიანის უფლებების პატივისცემა. პრაგმატულები იმის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვერთვებით ურთიერთობებში — გახელილი თვალებით. ჩვენ ვმოქმედებთ სამყაროსთან ისეთი სახით, როგორიც ის არის, და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა, რომ იყოს.“ კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. და არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების შექმნა. „საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ. დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო მოქმედება — მათ აქვთ ბაზრის მასშტაბი, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების კარნახისთვის. საშუალო ძალებს — არა... დიდ ძალებს შორის კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: იბრძოლონ ერთმანეთთან კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — რეალური გავლენით. არ უნდა დავუშვათ, რომ მკაცრი ძალის აღზევებამ დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმაციის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად გადავწყვეტთ მის გამოყენებას,“- აღნიშნა კანადის პრემიერმა.
ზელენსკი ძლიერ ევროპას ითხოვს: „მოქმედება ქმნის „მსოფლიო წესრიგს“
უკრაინის პრეზიდენტმა 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ „ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ დღესვე ქმედებებს ერიდება“, უკრაინის პრეზიდენტი აკრიტიკებს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივების არარსებობას. მანვე აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდანაა, მაგრამ არა ევროპისთვის.“ „გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი სიტყვა დავასრულე ფრაზით: „ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი.“ გავიდა ერთი წელი და არაფერი შეცვლილა.“ უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონტინენტს. „დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ საფრთხის შემთხვევაში NATO იმოქმედებს, მაგრამ რეალურად, NATO ჯერ არავის უნახავს [სრულმასშტაბიან] მოქმედებაში.“ უკრაინის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ ზოგიერთი ევროპელი „ნამდვილად ძლიერია“, ვიდრე იტყვის, რომ მათ „ყოველთვის სჭირდებათ ვინმე, ვინც ეტყვის, რამდენ ხანს უნდა იდგეს მტკიცედ.“ ზელენსკის შეფასებით, დიდი ძალები ასე არ მუშაობენ. ზელენსკიმ ევროპა და ამერიკა გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ისინი „კომპანიებს რუსეთში რაკეტების კომპონენტების გაყიდვას არ უკრძალავენ.“ „ევროპა არაფერს ამბობს, ამერიკა თითქმის არაფერს ამბობს და პუტინი რაკეტებს ამზადებს.“ „გვირჩევენ, რომ „ტომაჰავკები“ არ ვახსენოთ,“ - ზელენსკი აღწერს, როგორ ურჩიეს, რომ ამან შესაძლოა, „განწყობა გააფუჭოს“ აშშ-სთან მოლაპარაკებებში. ზელენსკის თქმით, „ამერიკა იცვლის თავის პოზიციას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ. „საქმე უფრო სწრაფად მიდის, როგორ შეუძლია ევროპას ამის ატანა?“ ევროპა „ევროპული ცხოვრების წესის“ გამოწვევების წინაშე დგას.“ “ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს ქმედებებს დღეს, ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორი მომავალი გვექნება. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპული სანაპიროების გასწვრივ ხდება. ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ეს ნავთობი ევროპის დესტაბილიზაციას ეხმარება. ასე რომ, რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს, მისი კონფისკაცია უნდა მოხდეს და ევროპის სასარგებლოდ უნდა გაიყიდოს. რატომ არა? თუ პუტინს ფული არ ექნება - ევროპისთვის ომი არ იქნება. თუ ევროპას ფული ექნება, მაშინ მას შეეძლება თავისი ხალხის დაცვა. ახლა ეს ტანკერები ფულს აკეთებენ პუტინისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის წინ წაწევას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, „მუდმივი შიდა კამათი“ ხელს უშლის გულწრფელ საუბარს გადაწყვეტილებების მოსაძებნად. „ნამდვილ გლობალურ ძალად გადაქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება მცირე და საშუალო ძალების ლამაზ, მაგრამ ფრაგმენტულ კალეიდოსკოპად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვაში ლიდერობის აღების ნაცვლად, მით უმეტეს როდესაც ამერიკის ფოკუსი სხვაგან გადადის, ევროპა დაკარგული ჩანს და ცდილობს, ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ შეიცვალოს. მაგრამ ის არ შეიცვლება. პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ვინც არის. და ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს. დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, არის აზროვნება. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ყოველთვის ევროპის მხარეს არ არის,” - განაცხადა ზელენსკიმ. დონალდ ტრამპთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ დავოსში საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ მიმართული დოკუმენტები „თითქმის მზადაა.“ მისი თქმით, უკრაინა „პატიოსნად და მონდომებით“ მუშაობს და „რუსეთი მზად უნდა იყოს „ამ აგრესიის დასასრულებლად.“ ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის წინა შეხვედრებმა უკრაინისთვის თავდაცვითი რაკეტების მიწოდება გამოიწვია და რომ ოფიციალურმა პირებმა ახლაც ისაუბრეს „ცის დაცვაზე.“ ის იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას და ძლიერი ევროპისკენ მოუწოდებს; რომ კონტინენტს სჭირდება დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც ერთ დღეს სხვებს დაიცავს. „ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ევროპის ნაწილი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას კარგს და „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს - ის მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს დროის გამონახვისთვის. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას მშვიდობის მისაღწევად „ძალიან ძლიერი“ აშშ დასჭირდება და რომ ევროპასაც იგივე გავლენის ქონა შეუძლია, მაგრამ „დრო სჭირდება.“ „ვფიქრობ, ეს ბოლო ნაბიჯია, რაც ძალიან რთულია,“ - აღნიშნავს ზელენსკი. ის ამბობს, რომ ნებისმიერ ლიდერთან დიალოგის დროს მას საკუთარი ქვეყნის დაცვა სჭირდება, რაც „მარტივი არ არის, მაგრამ დღეს ეს [დიალოგი] პოზიტიური იყო.“ დავოსში თავისი გამოსვლის დასასრულს, ზელენსკი ამბობს, რომ „ვერცერთი ინტელექტუალური დისკუსია ვერ შეაჩერებს ომებს. ჩვენ გვჭირდება მოქმედება. მოქმედება ქმნის მსოფლიო წესრიგს.“ „უბრალოდ, გვჭირდება გამბედაობა მოქმედებისთვის. ახლა მოქმედების გარეშე, ხვალინდელი დღე არ არსებობს,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ირანის საკითხს რაც შეეხება, ზელენსკი გლობალურ ლიდერებს ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურთ ირანელების, „და მათთვის საჭირო დემოკრატიის“ მხარდაჭერა. „როდესაც უარს ამბობ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დახმარებაზე, შედეგები ბრუნდება - და ისინი ყოველთვის უარყოფითია,“ - ამბობს უკრაინის ლიდერი. მაგალითად ბელორუსი მოჰყავს და ამბობს, რომ რუსეთმა შეძლო იქ რაკეტების განლაგება ამ ქვეყნის მმართველობის საშუალებით, არავინ დაეხმარა მათ ხალხს. „რაკეტები მხოლოდ დეკორაციისთვის არ არის,“ - ამბობს ზელენსკი. მისი შეფასებით, ევროპა ახლა იმავე სიტუაციაშია გრენლანდიასთან დაკავშირებით, რადგან სჯერა, რომ ვიღაც სხვა გააკეთებს რამეს პრობლემის გადასაჭრელად. ზელენსკი ამბობს, რომ ამასობაში რუსული საომარი მანქანა მუშაობას აგრძელებს. „ევროპამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას,“ - ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ბევრმა ქვეყანამ არ შეასრულა თავდაცვის ვალდებულებები, ვიდრე ამერიკამ არ დააძალა ევროპას თავდაცვაზე მეტის დახარჯვა, ქვეყნების უმეტესობა არც კი ცდილობდა, მიეღწია მშპ-ს 5%-ისთვის. თუ თქვენ გაგზავნით 30 ან 40 ჯარისკაცს გრენლანდიაში, რისთვის არის ეს? რა გზავნილია ეს? რა გზავნილია ეს პუტინისთვის? ჩინეთისთვის? რაც მთავარია, რა გზავნილია ეს დანიისთვის — თქვენი ახლო მოკავშირისთვის? თქვენ ან აცხადებთ, რომ ევროპული ბაზები დაიცავს რეგიონს რუსეთისა და ჩინეთისგან და აარსებთ ამ ბაზებს, ან რისკავთ, რომ სერიოზულად არ აღგიქვამენ. რადგან 30 ან 40 ჯარისკაცი ვერაფერს დაიცავს.“ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას აქვს გრენლანდიის დასაცავი საშუალებები. უკრაინის ლიდერი ვარაუდობს, რომ ევროპას სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები, NATO-ზე დაყრდნობის ნაცვლად, რადგან „არავის უნახავს ალიანსი მოქმედებაში.“ ზელენსკი მადლობას უხდის ევროპას რუსული აქტივების გაყინვისთვის, მაგრამ ამბობს, რომ „როდესაც დრო დადგა“ აქტივების უკრაინის დასაცავად გამოყენებისთვის, გადაწყვეტილება „დაიბლოკა.“ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ტრიბუნალის შექმნის საკითხში „რეალური პროგრესი“ არ ყოფილა „მრავალი შეხვედრის“ მიუხედავად. ის კითხვას სვამს, არის თუ არა ეს „დროის თუ პოლიტიკური ნების“ საკითხი. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მაგალითთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვიდრე მადურო ნიუ-იორკშია და სასამართლო პროცესს ელოდება, „პუტინი [სასამართლოზე] არ არის.“ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. “ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში წავა, ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრას ელოდებოდნენ, ახლა ისინი წავლენ და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება საამიროებში. ვფიქრობ, რომ ეს ხვალ და ზეგ იქნება. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება საამიროებში,” - განაცხადა ზელენსკიმ.
სიბიგა: უკრაინის წინააღმდეგ ომი მეორე მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება - რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე ნაცისტურ მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის 1941–1945 წლების ომი გაგრძელდა - 1418 დღე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთმა უკრაინის მიწაზე ჩაიდინა სისასტიკე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის არის. თუმცა, მან ვერ შეძლო უკრაინის ან ჩვენი ხალხის სულისკვეთების გატეხვა,“ - აცხადებს სიბიგა. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი აგრესიის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. „ამის ნაცვლად, მან განიცადა უზარმაზარი დანაკარგები, 1.2 მილიონზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცისა და სამხედრო აღჭურვილობის უზარმაზარი დანაკარგების სახით,“ - აცხადებს სიბიგა. სიბიგას თქმით, რუსეთი ზამთრის შუაგულში ტერორის ესკალაციას ახდენს უკრაინის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო ერთიანობის შელახვის მიზნით. „ახლა ზუსტად შესაფერისი დროა, რომ მოსკოვზე ზეწოლა გაიზარდოს დამატებითი მკაცრი სანქციებით და უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის გაწევით. უკრაინა ძლიერი რჩება და მტკიცედ ერთგულია შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართ, რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა და უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ევროპაში,“ - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩაგოსის კუნძულების სტატუსი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განხილვის საგანია
ჩაგოსის კუნძულები [ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგი] აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განხილვის საგანია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის „არასდროს წავა კომპრომისზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“ მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მიერ ჩაგოსის კუნძულების მავრიკისთვის გადაცემისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის იჯარით დაბრუნების შესახებ შეთანხმებას „დიდი სისულელის აქტი“ უწოდა და ის გრენლანდიის შესყიდვის საკუთარ მცდელობას დაუკავშირა. ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დანიისთვის გრენლანდიის წართმევა. დიდმა ბრიტანეთმა მაისში მოაწერა ხელი 3.4 მილიარდი ფუნტის (4.6 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ის შეინარჩუნებდა კონტროლს არქიპელაგის ყველაზე დიდ კულძულ დიეგო გარსიაზე, სადაც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა ფუნქციონირებს. „ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან დიეგო-გარსიაზე მდებარე ბაზა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენი პოზიცია შეასუსტა და მომავალში ბაზის ფუნქციონირებას ხელი შეუშლიდა,“ – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში. ჩაგოსის კუნძულები მავრიკს 1965 წელს გამოეყო, როდესაც მავრიკი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთმა კუნძულები 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, თუმცა მავრიკი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შეთანხმების ფარგლებში, უკანონოდ აიძულეს ტერიტორიის გადაცემა. გასული წლის მაისში მიღწეული შეთანხმების თანახმად, დიდი ბრიტანეთი კუნძულების სუვერენიტეტს მავრიკის გადასცემდა, დიეგო გარსიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე კონტროლს კი, თავად შეინარჩუნებდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ანაცხადა, რომ ვაშინგტონი „მიესალმება“ შეთანხმებას. მანვე აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს „დიეგო გარსიაში აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ობიექტის გრძელვადიან, სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას“, რაც მან „რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ აქტივად“ შეაფასა. რუბიომ ასევე განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში პრემიერ-მინისტრ სტარმერთან შეხვედრის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მიღწევას.“ ცნობისთვის, 1980-იანი წლებიდან მავრიკი კუნძულებზე სუვერენიტეტს აცხადებს და თავის საქმეს საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების მეშვეობით აწარმოებდა. 2019 წელს, გაეროს მთავარმა სასამართლო ორგანომ, საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), არასავალდებულო გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მავრიკის დეკოლონიზაციის პროცესი კანონიერად არ დასრულებულა 1968 წელს დამოუკიდებლობის მინიჭებისას და რომ დიდი ბრიტანეთი „ვალდებული იყო, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა არქიპელაგის ადმინისტრირება.“ რიში სუნაკის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის დროს, 2022 წელს გამოცხადდა, რომ დიდი ბრიტანეთი და მავრიკი შეთანხმდნენ ჩაგოსის არქიპელაგზე სუვერენიტეტის განხორციელების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. დიდი ბრიტანეთი 99-წლიან საწყისი იჯარის ხელშეკრულებას ინარჩუნებს [გახანგრძლივების ვარიანტით]. ამ იჯარის საფასურს დიდი ბრიტანეთი დაფარავს. ხელშეკრულების საწყისი 99-წლიანი პერიოდის საშუალო წლიური ღირებულება, 2025-26 წლების ფასებით 101 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფინანსური პაკეტის მთლიანი პროგნოზირებული ღირებულება 3.4 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი პროგნოზით, ის შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს.
ტრამპის თქმით, ევროპა უკრაინის ომზე უნდა კონცენტრირდეს და არა გრენლანდიაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე. ტრამპის განცხადებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს „100%-ით“ დაუწესებს. „ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ხედავთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ამას მათთვის. ევროპამ ყურადღება ამას უნდა მიაპყროს და არა გრენლანდიას,“ - განაცხადა ტრამპმა. კითხვას, გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალას გამოიყენებს, თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე.“ მისი თქმით, „ნობელის პრემია საერთოდ არ ადარდებს“, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს ნორვეგია იღებს. „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი, ნორვეგია ამას სრულად აკონტროლებს. ამბობენ, რომ ამასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა სინამდვილეში ამასთან საერთო ყველაფერი აქვთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად
დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რათა მომავალში რუსეთის ან ჩინეთის მიერ მისი ოკუპაცია თავიდან აიცილოს. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ გრენლანდია უნდა შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ 1951 წლის შეთანხმების თანახმად, მას კუნძულზე უკვე აქვს სამხედრო წარმომადგენლობა, ასეთი შეთანხმებები გრენლანდიის თავდაცვის გარანტიისთვის საკმარისი არ არის. ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდიის ფლობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნები იცავენ თავიანთ საკუთრებას და არა რაიმე ხელშეკრულებებს, აშშ-ს კი, მოუწევს გრენლანდიის დაცვა, რადგან რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიის დაკავების უფლებას არ მისცემს. „ქვეყნები იცავენ საკუთრებას და არა იჯარის ხელშეკრულებებს და ჩვენ მოგვიწევს გრენლანდიის დაცვა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებს. ეს არ მოხდება. მე მომწონს ჩინეთი, რუსეთი, მიყვარს ჩინეთის ხალხი, რუსეთის ხალხი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ მისით. პრეზიდენტ სი ძინპინისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. აპრილში ჩინეთში მივდივარ, მაგრამ არ მინდა, ისინი გრენლანდიაში მეზობლად იყვნენ. ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ტრამპმა. „გრენლანდიაში რუსეთი და ჩინეთი არ გვსურს. თუ ჩვენ გრენლანდიას არ დავიკავებთ, მაშინ თქვენ კარის მეზობლად რუსეთი და ჩინეთი გეყოლებათ. ეს არ მოხდება. ჯერჯერობით, გრენლანდიისთვის თანხებზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ეს. რადგან თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებენ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დადებას „მარტივი გზით“ ვერ შეძლებს, მაშინ ამას „რთული გზით“ გააკეთებს. „მე დანიის დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ მათ 500 წლის წინ იქ ნავი გააჩერეს, არ ნიშნავს, რომ მიწას ისინი ფლობენ. დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენც ბევრი ნავი გვყავდა. ასე რომ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, მარტივი ან რთული გზით,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს უნდა ესმოდეს, რომ ის ალიანსის გულშემატკივარია, რადგან მან NATO გადაარჩინა. „ NATO-მ უნდა გაიგოს, რომ მე NATO-ს მომხრე ვარ. მე გადავარჩინე NATO. მე რომ არა, ახლა NATO არ გვექნებოდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს და ეს არის ის, რაც მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებთ,“ – განაცხადა ტრამპმა. დანია და გრენლანდია აცხადებენ, რომ ტერიტორია არ იყიდება. დანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო მოქმედება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ალიანსის დასასრულს გამოიწვევს. 57 000 მოსახლეობით, კუნძული დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.