მთავარი
რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს
რუმინეთს სურს, რომ შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათვსოს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კერძოდ, უსაფრთხოების ცენტრი შეიძლება, განთავსდეს კონსტანცაში. მანვე ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებისთვის. „ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროპის ნაწილია. აქ ჩვენ დამატებითი გამოწვევების წინაშე ვართ. ჩვენ ასევე შავი ზღვის ქვეყანა ვართ, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და ევროპისთვის. ის მნიშვნელოვანია, რადგან 2027 წლიდან რუმინეთი გაზის მოპოვებას დაიწყებს და ეს ხელს შეუწყობს როგორც რუმინეთის, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ის ასევე არის მნიშვნელოვანი, რადგან არის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, როგორც კი ის უსაფრთხო გახდება,“ – აღნიშნა ნიკუშორ დანმა. შეგახსენებთ, ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრის შექმნის ინიციატივა მაისში წარადგინა. ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჰაბი იქნება შავ ზღვაში გაფრთხილების ადრეული სისტემა. „ის დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, როგორებიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ჰაბი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში“, – აღნიშნა კალასმა. კაია კალასმა ასევე განაცხადა, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
NATO-მ ფინეთში, რუსეთის საზღვართან, სახმელეთო ძალების სარდლობა შექმნა
პირველ სექტემბერს ფინეთში NATO-ს ახალი სარდლობის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ობიექტი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით, 250 კილომეტრში (150 მილში) მდებარეობს. ალიანსის მრავალკორპუსიანი სახმელეთო კომპონენტის სარდლობა (MCLCC) ქალაქ მიკელში, ფინეთის სამხედროებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რითაც ალიანსის ახალ წევრ სახელმწიფოში NATO-ს გავლენა ძლიერდება. ეს ობიექტი ასევე, რუსეთსა და ალიანსს შორის პოტენციური შეტაკების შესახებ შეშფოთების ფონზე, აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს თავდაცვით პოზიციას აძლიერებს. სარდლობის შემადგენლობა თავდაპირველად 10 ადამიანისგან შედგება, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება, მათ შორის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო პერსონალიც იქნება. ახალი ობიექტი, რომელიც ფინეთ-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში (დაახლოებით 60 მილის) მდებარეობს, NATO-ს ძალების სარდლობას, მის კონტროლს და ჩრდილოეთ რეგიონში ეროვნული სახმელეთო ძალების სინქრონიზაციას გაუწევს ზედამხედველობას. „ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ალიანსის კომბინირებული სასწავლო აქტივობების დაგეგმვას, მომზადებასა და ხელმძღვანელობას ნიშნავს,“ - განაცხადა ფინურმა მხარემ. სარდლობა რუსეთის საზღვართან მდებარე უახლოეს NATO-ს შტაბ-ბინებს შორის იქნება. ფინეთი ალიანსს გასულ წელს შეუერთდა 2022 წელს მეზობელი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. ფინურმა მხარემ მაისში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, 1340 კილომეტრიან (830 მილის) საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას ელიან.
„რუსეთის სამხედრო მანქანის“ შეჩერებისთვის, აშშ და ევროპა „ორ სამიზნეს“ განიხილავენ
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებთან დაკავშირებით, აშშ-მ და ევროპამ ერთად იმოქმედონ. „ტრამპის მიდგომაა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. სტუბის თქმით, დამატებითი სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ განიხილება. „ამ შემთხვევაში ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები ამ საკითხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილავენ,“ - აღნიშნა სტუბმა.
რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში - სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს შეფასება არ მაქვს,“ – განაცხადა მილერმა. მილერმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული. „ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო [საზოგადოების] ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ,” - მეთიუ მილერმა პრესკონფერენცია საქართველოზე საუბრით დაიწყო. მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკების მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას,” - განუცხადა ჟურნალისტებს მილერმა. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კარგად გაიაზრონ, რა ტიპის პოლიტიკის წარმოება სურთ და ამ გადაწყვეტილებისას, საქართველოს მოსახლეობის ნებაც გაითვალისწინონ. „მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, ისეთი პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, განიხილონ ურთიერთობა, რომელის ქონაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურთ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირში იხილოს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოქმედი მათვრობის მიერაა წარმოდგენილი და მიღებული, ხაზს უსვამს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა მხარე ემხრობოდა ამ მიზანს, მაგრამ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან.” მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. „საქართველოს მთავრობას შეუძლია, თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას - კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევროატლანტიკურ გზას,” - განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. მილერმა ასევე განმარტა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე. მას ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მან განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა, გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია ის, რომ ეს გამოძიება ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება, იყოს შესაბამისი ორგანო გამოძიების ჩასატარებლად,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. ტრადიციულ პრესკონფერენციამდე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები გააკეთეს ამერიკის ჰელსინკის კომისიასა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ორივე უწყებაში ისაუბრეს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ სავარაუდო დარღვევებზე და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ გამოიძიონ არსებული საქმეები. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს. პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა. პრეზიდენტის მიერ 27 ოქტომბრის საღამოს გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციები ოპოზიციონერ ლიდერებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ Europetime-ს ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ," განუცხადეს Europetime-ს საელჩოში. ინფორმაციისთვის, ამ სამიტს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი AP-თან ინტერვიუში, რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. უცხოურ მედიებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს წინ უსწრებდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება. ენტონი ბლინკენმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, „პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ.“ კითხვას, სცადა თუ არა რუსეთმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა, რომ „სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა.“
რას შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის
„ძლიერი უკრაინული არმია, ამერიკული იარაღი, უკრაინული დრონები“ - რას შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის 18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის ლიდერთან შეხვედრას საუკეთესო უწოდა. ტრამპმა მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი“ უწოდა. ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა და მასთან საუბარში განიხილა რუსეთის პრეზიდენტისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრის საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ვაშინგტონის სამიტის შემდეგ, უკვე უნდა შედგეს სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და აშშ- ის პრეზიდენტების მონაწილეობით. ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც რუსეთთან ომის დასრულების გეგმის ნაწილი. ტრამპის თქმით, გარანტიებს ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ზელენსკისთანაც და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის პირობა. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა შესაძლებელი არ არის. BBC წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის აღარ უხსენებია, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მოქნილ პოზიციას დაიჭერს. ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის „ნათელი სიგნალი“ შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას, შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადაცემის მიზნით. უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის BBC წერს, რომ ამ დრომდე აშშ ერიდებოდა კონკრეტული ვალდებულების აღებას, მაგრამ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, დაკმაყოფილდეს ევროპული ქვეყნების მიერ „შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.“ მანვე აღნიშნა, რომ აშშ „დაეხმარება“ ევროპას უკრაინისთვის დაცვის შეთავაზებაში. თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს სინამდვილეში ეს გარანტიები და რამდენად ძლიერი შეიძლება, იყოს ის, ჯერ კიდევ გაურკვეველია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიანიშნა, რომ „პირველი უსაფრთხოების გარანტია, რომელზეც „ჩვენ ვმუშაობთ“ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი უკრაინული არმიაა, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული ათასი კაცისგან, კარგად აღჭურვილი, თავდაცვის სისტემებითა და უფრო მაღალი სტანდარტებით.“ „მეორე არის ბრიტანელების, ფრანგების, გერმანელების, თურქების და სამშვიდობო ძალების ყოლა — არა ფრონტის ხაზზე, არა პროვოკაციული გზით, არამედ ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე სამშვიდობო ოპერაციების ჩატარება. მიზანია სტრატეგიული სიგნალის გაგზავნა: უკრაინაში მშვიდობა ჩვენი საზრუნავიცაა,“ - განუცხადა მაკრონმა ფრანგულ მაუწყებელ TF1-LCI-ს. მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ „ძლიერი უკრაინული არმიის“ აუცილებლობაზე, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ თავდასხმას გაუძლოს და რომ მას არ ექნება „შეიარაღების რაოდენობაზე ან შესაძლებლობებზე შეზღუდვა.“ „ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო რამდენიმე დღეში, რომ ახლა აშშ მზადაა, ამის ნაწილი იყოს. გასულ თებერვალს, ავიღეთ ვალდებულება და შევქმენით მსურველთა კოალიცია, რაც იყო რეაქცია ჩვენს იმ განცდაზე, რომ შეგვეძლო სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს - ჯერ იყო საქართველო 2008-ში, ყირიმი - 2014-ში. და, უდავოა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დადებ, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას, არასდროს შეასრულებს მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს,“ აღნიშნა მაკრონმა. AFP-ის ცნობით, მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის ტერიტორიული დათმობების საკითხი არ განხილულა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განხილვის საგანი არ არის, თუმცა მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მიმდინარეობს. „სიტუაცია შემდეგია - აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. NATO-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, NATO-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ. თავის მხრივ, ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტია უნდა გახდეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კიევი აშშ-სგან ევროპის დახმარებით, $100 მილიარდის ღირებულების იარაღს შეიძენს. მანვე აღნიშნა, რომ ძლიერი არმია უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს. „მეორე პუნქტი ეხება აშშ-ის შეიარაღების პაკეტს, რომელიც მოიცავს სისტემებს, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს, ძირითადად თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ა.შ. ნამდვილად არსებობს ჩვენი წინადადებებით შედგენილი პაკეტი, რომლის ღირებულება 90 მილიარდი დოლარია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინამ მიაღწია შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, რომ „როგორც კი ჩვენი ექსპორტი განახლდება, ისინი შეიძენენ უკრაინულ დრონებს.“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალი კვირის შუა რიცხვებისთვის პარტნიორებისგან წერილს მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი წერილობით ჩამოყალიბდება და დეტალები მომავალ 7-10 დღეში გახდება ცნობილი. ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის შეხვედრის თარიღი დადგენილი არ არის. ზელენსკიმ აღნიშმა, რომ არ სურს შეხვედრაზე პირობების დაწესება, რადგან პუტინი საკუთარ პირობებს დაიცავს. „მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შეხვედრაზე „ნებისმიერი ფორმატისთვის.“ ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მასა და პუტინს შორის არის განსახილველი. თავის მხრივ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან „დაიწყო პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, რომელიც განსაზღვრულ ადგილას გაიმართება. ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ როდის გაიმართება შეხვედრა. მან ხაზი გაუსვა, რომ 18 აგვისტოს შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, რომლებსაც „სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.“ „ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთ-უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით,“ - დაწერა ტრამპმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერის შეფასებით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს დღეებში განაახლებენ კონტაქტს, ხოლო ორ-სამ კვირაში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართება.
რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ.“ ამ დეკლარაციით, მხარეები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის მიმართ. დეკლარაციას ხელი მოაწერეს სამ ეგზემპლარად, ტრამპმა კი, ხელი მოაწერა მოწმის სტატუსით. 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმდა სულ 7 დოკუმენტი. კერძოდ: სამმხრივი დეკლარაცია – სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მიმართვა OSCE-ს – მინსკის ჯგუფის დასასრულებლად აზერბაიჯანი–აშშ-ის მემორანდუმი ზერბაიჯანი–აშშ-ის დეკლარაცია სომხეთი–აშშ-ის მემორანდუმი სომხეთი–აშშ-ის დეკლარაცია 1. გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს, რომლის საბოლოო რატიფიცირება ჯერ კიდევ წინ არის. აღინიშნა ორმხრივი სურვილი მშვიდობის განმტკიცებისა და მეზობლური ურთიერთობების ფორმალურად დამყარების შესახებ. 2. მინსკის ჯგუფიდან გამოსვლა მხარეებმა განაცხადეს, რომ ხელს აწერენ ერთობლივ მიმართვას ეუთოს (OSCE), რომ მინსკის ჯგუფის საქმიანობა ოფიციალურად დასრულდეს. მოუწოდეს ყველა ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა მინსკის პროცესში, ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმონ. 3. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გახსნა მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანსპორტო გზები გაიხსნება, რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური კავშირის გასაძლიერებლად. აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის (აზერბაიჯანის ექსკლავი) შორის გზა გაიხსნება სომხეთის გავლით, ხოლო სომხეთსაც ექნება სარგებელი ამ კომუნიკაციიდან. 4. ახალი პროექტი – TRIPP შეთანხმდა თანამშრომლობა ახალი პროექტის ფარგლებში: "Trump Route for International Peace and Prosperity" (TRIPP) – აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სატრანსპორტო/ეკონომიკური ინიციატივა. TRIPP მოიცავს ზუსტად იმ გეოგრაფიულ მარშრუტს, რაც ადრე ზანგეზურის დერეფნის სახელით იყო ცნობილი – ნახიჩევანი (აზერბაიჯანის ექსკლავი) ←→ აზერბაიჯანი, სომხეთის სიუნიქის (ანუ ზანგეზურის) გავლით. საკვანძო განსხვავება ისაა, რომ TRIPP არ მოითხოვს სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვას; არ გამოიყენება ტერმინი "დერეფანი" სუვერენული კონტროლის გარეშე (როგორც ამას ადრე აზერბაიჯანი მოითხოვდა); ყველა მარშრუტი სომხეთის იურისდიქციის ქვეშ იქნება, უბრალოდ, გარანტირებული და გამჭვირვალე მიმოსვლის პირობებით — საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დაცვით. სომხეთი ამ პროექტის განხორციელების თაობაზე, საკუთარ ტერიტორიაზე, აშშ-სა და სხვა მხარეებთან ერთად იმუშავებს. პროექტი სომხეთის იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მშენებლობისა და მართვის ზედამხედველობისთვის, მიწას კერძო ამერიკულ კომპანიას იჯარით გადასცემს. 5. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას (გეოგრაფიულად, 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიხედვით). უარი ითქვა ძალის გამოყენებაზე ან შურისძიებაზე — ომის დასრულების იდეა ხაზგასმით დადასტურდა. 6. ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობის საფუძველი შეხვედრა აღიარეს, როგორც მტკიცე საფუძველი მომავალი მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის. დამოუკიდებელი, ორმხრივი შეთანხმებები სომხეთი – აშშ 1. მემორანდუმი თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და ეკონომიკური განვითარებისთვის. დასახელება: Memorandum of Understanding on the Implementation of the TRIPP Corridor in Armenia. მხარეები: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. შინაარსი: სომხეთი თანხმდება TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) პროექტში მონაწილეობაზე; იწყება ტექნიკური სამუშაო მარშრუტის განსაზღვრისა და ინფრასტრუქტურის შეფასებისთვის. 2. დეკლარაცია სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაზე. დასახელება: Joint Declaration on Support for Peacebuilding Efforts in the South Caucasus მხარეები: სომხეთი – აშშ. შინაარსი: აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას; მზადაა, ითანამშრომლოს შიდა განვითარებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. აზერბაიჯანი – აშშ მემორანდუმი რეგიონული კომუნიკაციების მხარდაჭერაზე. დასახელება: Memorandum of Cooperation on Regional Connectivity and Trade Facilitation. მხარეები: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი;აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. შინაარსი: მხარეები თანამშრომობენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში; მხარს უჭერენ ნახიჭევანის დერეფნის გახსნას რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად. 2. დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე. დასახელება: Strategic Partnership Declaration between the United States of America and the Republic of Azerbaijan მხარეები: აზერბაიჯანი – აშშ შინაარსი: უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოება; აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. დასკვნა: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული სისტემა გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან, ასევე, გზას გაუხსნის მეზობელ თურქეთს სომხეთთან საზღვრის ხელახალი გახსნისთვის, რომელიც მან 1993 წელს დახურა. შეთანხმება, სავარაუდოდ, გააძლიერებს შეერთებული შტატების გავლენას რეგიონში და კიდევ უფრო დაარტყამს რუსეთისა და ირანის ავტორიტეტს.
ევროკავშირი: ჩვენი ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია
ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. „ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს. ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება,“ - წერია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
ვაშინგტონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მთავრობის ქმედება ანტიკონსტიტუციურად შეფასდა. „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად წუხს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ გადამეტებული ძალის გამოყენებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ღალატს - ევროკავშირი დამცავი საყრდენია კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან,“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი X-ზე. ვაშინგტონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე, რომელიც გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. „ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს. „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რომლებიც ეფუძნებოდა საერთოღირებულებებსა და ვალდებულებებს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს,“ წერია განცხადებაში, რომელიც თავის მხრივ, სპიკერ მეთიუ მილერის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს. ცნობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს მხრიდან იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ საგარეო უწყების ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაციაა მოცემული: საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელმოწერილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. აღნიშნული თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა. (2023 წლის სტატიიდან ამონარიდი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა, რედ) სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წლის 11 ივნისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპები და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი. სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას წინ უძღოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო სანქციების დაწესება რამდენიმე ათეულ ქართველ მაღალჩინოსანსა და მათი ოჯახის წევრებზე, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." 16 სექტემბერს, ფინანსური სანქციები დაუწესდა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ოთხივე დასანქცირებული პირი "გლობალურ მაგნიტსკის სიაში" დაამატეს. 20 სექტემბერს, კი, „ამერიკის ხმამ“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ჰქონდა შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავდა აშშ-ის პრეზიდენტის14024-ე განკარგულების საფუძველზე, რომელიც რუსეთის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ" გამოიყენება. ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
პიტერ სტანო: რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები კი, ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასე უპასუხა სტანომ Eropetime-ის შეკითხვას, რა ეტაპზეა შავი ზღვის სინერგიის ანგარიში. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ შავი ზღვის რეგიონში. და როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს როლს ამ მიმართულებით? „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო იყო აქტიური მონაწილე „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი ევროკავშირის ჩართულობისთვის რეგიონში. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ასევე წაიკითხეთ: „შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, აშშ-მ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები გამართა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები გამართა. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლესი ბრძანებულება საზღვაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, ასახავს კიევის სტრატეგიას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერებისკენ, მათ შორის, სტრატეგია ითვალისწინებს NATO-ს ძალების მუდმივ ყოფნას შავ ზღვაში. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია: საქართველოსთვის სავალდებულოა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, თუ მას სურს, დარჩეს ევროპის საბჭოს წევრად
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც მოჰყვა „მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.“ ბიურო გმობს „მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ მოპყრობას“ და ხაზს უსვამს „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტიანი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გზით. „ევროპის საბჭოს წევრი საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ეს ვალდებულება სავალდებულოა საქართველოსთვის, თუ მას სურს, დარჩეს ევროპის საბჭოს წევრად,“ წერია დეკლარაციაში. ცნობილია, რომ ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
მაკრონი: მინდა, მჯეროდეს, რომ ღია, თავაზიანი დიალოგის გზა არსებობს, ევროპა მშვიდობის პროექტია, ევროპა არ არის შანტაჟი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „ამ დიალოგმა ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი.“ მაკრონი ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელზე, რისი მოტანაც ევროკავშირს შეუძლია და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა, ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპა არ არის შანტაჟი, ის მშვიდობის პროექტია. მოცემული გზავნილი სათაურით - “საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ქართველ ხალხს,“ დღეს საღამოს, საქართველოში საფრაგეთის საელჩომ გაავრცელა. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია, ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ? ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა, ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი, ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ. და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა, მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს, დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას. გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!“
ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. “აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება. შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს,“ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ, „ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები.“ “საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ასახავდა. რეალობაში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამის თვითმხილველები გავხდით. ანგარიშები, რომლებსაც ეუთო/ოდირი, IRI, NDI, და ISFED-ი ავრცელებენ, აჩვენებენ მრავალ დარღვევებს, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ასევე შეშფოთებულები ვართ ათობით ცნობებზე საარჩევნო დღეს ჩარევის შესახებ, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე და ბიულეტენების ჩატენვაზე, რასაც უფრო მეტად შეეძლო დაეზარალებინა არჩევნების გუშინდელი შედეგები,” - ნათქვამია განცხადებაში. სენატორები ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ საპასუხო ქმედებებისთვის. “სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინონ რამე ქმედებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს არასტაბილური მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა დაუყოვნებელი შედეგები ჰქონდეთ მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, ამას თუ აირჩევენ, მშვიდობიანად იპროტესტონ და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას. საჭირო თუ იქნება, დამატებით ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის თაღლითობისთვის და მანიპულაციისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. აშშ-ის სენატი სრულიად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაში”,-ნათქვამია განცხადებში. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის,” აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა 27 ოქტომბერს. „შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე.“ უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად. ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს,“ ნათქვამია განცხადებაში. რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. „ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და, განსაკუთრებით, მის მიმართ მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს." განცხადებას ხელს აწერენ: მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირების და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული. „უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,”- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდებ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომ გეგმავენ საქართველოს საკითხის შეტანას ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა. „ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ აჩვენოს თავისი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა უმთავრესია პოლიტიკური სპექტრის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს ვითარებას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხზე. NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. NATO საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იყოს გამოძიებული". NATO-ს სპიკერის განცხადებით, "სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის." "მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება," - აცხადებს NATO-ს სპიკერი, რომლის განცხადებითაც, NATO კვლავინდებურად ერთგულია საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისადმი ამ მიზნებისთვის. "NATO კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ვალდებულებისადმი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები." ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ
აშშ-მ საქართველოს ოფიციალურ და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია. „სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს დამატებით მოქმედებას სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ოფიციალურ პირებს და კერძო მოქალაქეებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ერთგულები ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარებიან. ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველი ხალხის გვერდით ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებული ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ქმედებებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“
ევროპის საბჭოს პრესსამსახური დღეს, 4 დეკემბერს, მეორე განცხადებას ავრცელებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემდეგ, ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება. “შეშფოთებული ვადევნებ თვალყურს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას,” - განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ. აქვე მას მოჰყავს სახალხო დამცველის განცხადება. “გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების მიერ მონახულებული 201 ადამიანიდან უმრავლესობა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, მათ შორის, დაპატიმრების შემდგომ. უმეტესობას აღენიშნება დაზიანებები სახეზე, თვალზე და თავზე, რაც ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებს. 29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა დაცვის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ასახავს, რომ სულ მცირე 35 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გახდა სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი და ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. რაც შეეხება ცნობებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლების და წიწაკის სპრეის ფართოდ გამოყენებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ზომა და უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს. გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ. მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა შეუნარჩუნდეთ თავისუფლად შეკრების უფლება. აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ბრალდება სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. უფრო მეტიც, ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციის ლეგიტიმური უფლების განხორციელების გამო არიან დაკავებულნი. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მისი ვალდებულება და ჟურნალისტებისთვის უზრუნველყოს საზოგადოებრივი შეკრებების თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების შესაძლებლობა. მე გავაგრძელებ ამ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს და ამ საკითხების საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვას,“ ამბობს მაიკლ ო’ფლაჰერტი. ცნობილია, რომ ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
სირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა დასრულდა
8 დეკემბერს, სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ. სირიაში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. დამასკოს ქუჩებში გამოვიდა ოპოზიციის ათასობით მომხრე და ისინი გამარჯვებას ზეიმობენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ადამიანთა ჯგუფის ვიდეო აჩვენა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ჩამოგდებულია და ყველა პატიმარი გათავისუფლებულია. ამავე წყაროს გავრცელებული ცნობით, გაიმარჯვა ოპოზიციურმა ჯგუფმა - „დამასკოს აღების ოპერატიული ოთახი." ჯგუფმა ყველა მეამბოხეს და მოქალაქეს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გადაარჩინონ „თავისუფალი სირიის სახელმწიფოს“ ინსტიტუტები. ბოლო წლებში თურქეთი მხარს უჭერდა ოპოზიციას ჩრდილო-დასავლეთით და მის საზღვრებთან. შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ჯერ კიდევ 900 ჯარისკაცი ჰყავს ადგილზე, მხარს უჭერდა ქურთების ხელმძღვანელობით შექმნილ ალიანსს, რომელიც ISIS-ს {დაეში} 2014-2017 წლებში ებრძოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ასადის დაცემა იყო პირდაპირი შედეგი იმ დარტყმების, რაც ისრაელმა ირანს და მის ლიბანელ მოკავშირეს „ჰეზბოლას“ მიაყენა. ასადის მმართველობამ სირია თითქმის 14-წლიან, დაუსრულებელ სამოქალაქო ომამადე მიიყვანა, 23-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი კი, დევნილად აქცია. ასადის დამხობის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადს და მისი ოჯახის წევრებს თავშესაფარი მისცა. დონალდ ტრამპი: ასადი გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით კალასი: ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს
ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, „აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.“ განცხადება სათაურით - „აშშ-ის მხარდაჭერა ქართველ ხალხს“, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „ამერიკის შეერთებული შტატები ოცდათორმეტ წელზე მეტია, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულს, ასევე სურვილს, საქართველო ვიხილოთ ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ გვიმუშავია საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ეკონომიკის, განათლების სისტემის განვითარებისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაფართოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება, მათი კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობები. მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი. ამერიკის შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს - მათ შორის, ისინი ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას - აგებენ პასუხს. გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ აქამდე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად,“ წერია ბლინკენის განცხადებაში. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას. „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას,“ - წერს მილერი. ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს იყენებს. პროტესტის მონაწილეები ისვრიან სხვადასხვა საგანს და იყენებენ პიროტექნიკას. აქციებიდან კლინიკებში პერიოდულად რამდენიმე ათეული დაშავებული გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“ 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“ „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას, კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით
დიდი ბრიტანეთის საელჩო „კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იყო გამოძიებული.“ საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. „დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ,“ წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელი სხდომაზე მიწვეულები არ იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება საპროტესტო აქციის ფონზე ცნო. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს, დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს“ - ზელენსკი
„უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ომი დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Suspilne-თან ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 16 ნოემბერს გადაიცა. ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. „ვფიქრობ, პუტინს საერთოდ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ სურს [მოლაპარაკების მაგიდასთან] დაჯდეს ზოგიერთ ლიდერთან ერთად. რადგან მისთვის პოლიტიკური იზოლაცია ნიშნავს ნგრევას. მისთვის საკმაოდ მომგებიანია დაჯდეს, ილაპარაკოს, და არ დათანხმდეს," აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ვერ დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას. „ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, რომ მან დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. „უკრაინაში ომი "უფრო სწრაფად დასრულდება" ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში,“ თვლის ზელენსკი. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა "მადლიერია" მიღებული დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღია აშშ-ის მიერ გამოყოფილი იარაღის ნახევარი. მისი თქმით, საკუთარი შიდა წარმოების იარაღს შორის, ქვეყანა ამჟამად ოთხი ტიპის რაკეტის ტესტირებას ატარებს. ფრონტზე არსებული რთული სიტუაციის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღიარა რუსებს "ნელი, მაგრამ მაინც წინსვლა აქვთ." მან ისაუბრა მებრძოლთა დაღლილობაზე, ბრიგადების შევსების და აღჭურვის ნელ ტემპზე, ასევე საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდების შეფერხებაზე. რაც შეეხება მობილიზაციას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზოგადად, რაღაცები კორექტირებას საჭიროებს, მაგრამ რაღაცები ისე მიდის, როგორც დაგეგმილია, თუმცა ჯერ კიდევ არის საჭირო მეტი მობილიზება, რადგან არსებული მაჩვენებლები საკმარისი არ არის. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ელოდება კომბინირებულ დარტყმებს მთელი ზამთრის განმავლობაში, მაგრამ მიიჩნევს, რომ უკრაინა "ძალიან კარგ პოზიციაშია" საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.