პოლიტიკა

კონდოლიზა რაისი: NATO-მ უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს, ამისათვის მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყნებისთვის MAP - ის მინიჭებას

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით, საქართველო და უკრაინა უნდაგახდნენ NATO-ს წევრი ქვეყნები და მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა. „მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. NATO-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ორივე ქვეყნისთვის ღია რჩება. „NATO-ს კარი ღია რჩება. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები რჩებიან, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები. ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მკაფიოდ განაცხადებენ ამის შესახებ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა. ამასთანავე, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა,

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას. COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხილულ იქნა შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაციაში აისახება ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო. გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პრეზიდენტის კაბინეტის მთავარი მრჩეველი იევა ულჩიცკაიტე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სკირმანტე სტრაიგიენე, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში რამინტა სტანაიტიტე-ჩესნულიენე, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. გუშინვე პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ნაუსედა უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვის, ამასთანავე ის შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

სალომე ზურაბიშვილი: მოვიდა დრო, დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოება

მნიშვნელოვანი წელია იმ კუთხით, რომ წელს ევროკავშირთან მიმართებაში, ისევე როგორც როგორც NATO-სთან მიმართებაში ძალიან სერიოზული თარიღები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორბაელიანების სასახლეში ლიეტევულ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს და ამ სამიტის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინისთვის. „NATO-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას და აქაც ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოსა და უკრაინის და ღია კარის პოლიტიკის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები და ასევე მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენს საინტეგრაციო გზას. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს ყველაზე მეტად და რომელზედაც ვისაუბრეთ და მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, ეს არის კიბერუსაფრთხოება და ამ კუთხით გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ასევე განვიხილეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს პრზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობას და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საკითხს. ზურაბიშვილის თქმით, მოვიდა დრო, დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოება. „ევროკავშირთან მიმართებაში აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო შარლ მიშელი ჩართულობა ჩვენი შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, მაგრამ არამხოლოდ ამ წელს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც ველოდებით. ამ ფარგლებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი ქვეყანა, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ბათუმის კონფერენციის ფარგლებში შედგება ასეთი სამიტი და ჩვენ წარვადგენთ ჩვენს ერთობლივ ხედვას. ამ ხედვის განხორციელებაში ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უახლოესი პარტნიორების, ევროკავშირის წევრების მხარდაჭერა და ამ მიზნების განხორციელებაში კონკრეტული მხარდაჭერა, რამეთუ ევროკავშირთან მიმართებაში დღეს დრო მოვიდა, რომ ჩვენ დავინახოთ ძალიან კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება დაახლოება, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, შავ ზღვაზე დაკავშირებისა და ტრანსპორტის პროგრამებით, თუ სხვა სექტორალური ინტეგრაციის მეშვეობით. ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ ვუახლოვდებით ევროკავშირს. ამაში ვიცით, რომ სხვადასხვა კუთხით, იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა ფორმის რეგიონალური თანამშრომლობა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები მზად არიან, განაგრძონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ჩვენთან და იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და ელჩები თვით ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინების კუთხით დაგვეხმარება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო დაპირება და ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაოდენობას ჯერ კიდევ დაზუსტებული არის ვაქცინების, მაგრამ ლიეტუვის მხრიდან ვაქცინების გადმოცემა, არის სოლიდარობის ნიშანი. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ უნდა გაფართოვდეს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნა, რომ ჩვენი საზღვრები ღია არის ვაქცინირებული ადამიანებისთვის და იმათთვის, ვისაც პისიარ ტესტები ექნებათ. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ეს ტურისტული ურთიერთობები აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ და ვიცით, რა ინტერესი არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსახლეობისგან საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, მივიღებთ ამ ზაფხულშივე ძალიან ბევრ ტურისტს. ასევე ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე და ამ მხრივაც მეგობრობა, რაც არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეების შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობა იყოს. ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, დავგეგმოთ ლიეტუვას დღეები საქართველოში და საქართველოს დღეები ლიეტუვაში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ, გავაძლიეროთ და ესეც არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმა. მივესალმები, რომ დღევანდელი დღე ამ განცხადებით და ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დაიწყო. იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება, თქვენი სხვა შეხვედრების დროს კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და ჩვენი ორივე ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა და გიტანას ნაუსედამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს. „მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით კი , დეკლარაცია არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც. მისი თქმით, ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა ძლიერი კავშირები აქვთ. „ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია, პირველად ვიყო თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში. აქამდე გაგებული მქონდა, როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ახლა შემიძლია, დავადასტურო, ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის. მახსოვს, ჩვენი შეხვედრა 2019 წელს, ვილნიუსში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა აკავშირებთ ძლიერი კავშირები. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ, ასევე ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, გაერთიანებულიყო ქვეყანა და განხორციელებული რეფორმები და სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე, თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედა. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. ამასთანავე, გუშინ, ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ფილიპ რიკერი: სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და მეტად პერსპექტიული მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს რეგიონში მის პარტნიორებთან, რომლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამივე ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა. „სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და უფრო მეტად პერსპექტიული მომავალი. მოხარული ვარ და პატივია, რომ როგორც ბაიდენ-ჰარისის და ბლინკენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დავბრუნდი აქ, სადაც მანამდეც ვყოფილვარ და მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა ჩვენი როლი, ჩვენი პარტნიორობა და ის ნაბიჯები, რომლითაც ვეხმარებით ქვეყნებს სამომავლოდ მეტ სტაბილურობაში, კონფლიქტების გადაჭრაში და ვეძებთ შესაძლებლობას უფრო მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა რიკერმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია. დღეს ის კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა და ასევე მოინახულა ჯვრის მონასტერი.

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს NATO-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად

ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას. „გუშინ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან და შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. იქ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ეს გამოწვევა არის ჩვენი და თქვენი. თავისუფლების საკითხი ისევ აქტუალურია. ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც NATO-ს გარდაუვალ ოჯახის წევრად. პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იღწვიან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ეს არის ჩემი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ტრიო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცდელობა უფრო ნაყოფიერი, ეფექტური დიალოგის მიზნით, ამიტომ ნამდვილად ჩავერთვებით ამ ტრიოს ინტეგრაციაში, რომ იყოს ეს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ სიაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ქმედების გეგმა, პირველ რიგში კი ვაჩვენოთ ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ვარ აქ, ჩემი ვიზიტი ჯერ არ მთავრდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. ​მისივე თქმით, დღეს გამართავს შეხვედრებს ქვეყნის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. „ეს ვიზიტი ნამდვილად ყოველმხრივ მაწვდის ინფორმაციას თქვენი მიზნების შესახებ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და ვთანხმდებით ალბათ, რომ ყოველთვის ცოცხალი შეხვედრა ათასჯერ უკეთესია, ვიდრე დისტანციური შეხვედრები და კონფერენციები. ამიტომ მიხარია, რომ პანდემია ცოტა იხევს უკან და შეგვიძლია, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. ამასთანავე, გუშინ, ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ხვდება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ხვდება. დღის წესრიგის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი და გიტანას ნაუსედა ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. აღსანიშნავია, რომ აუდიენციამდე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ლიეტუვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე, გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სასტუმროში, სადაც G7-ის სამიტის მონაწილეები იმყოფებოდნენ, თანამშრომლებს COVID19 დაუდასტურდათ

Reuters-ის ინფორმაციით, COVID19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთში, კორნუოლის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეები განათავსეს დახურეს. როგორ გამოცემა წერს, სასტუმროში გერმანიის დელეგაციის წევრები და უცხოელი ჟურნალისტები რჩებოდნენ. კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც სასტუმროს მეპატრონემ განაცხადა, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვლენ. ბრიტანეთში COVID19-ის გავრცელების გამო, დახურეს სასტუმრო , სადაც G7-ის სამიტის მონაწილეები იმყოფებოდნენ

დავით ზალკალიანი: მაქსიმუმ შედეგს დავდებთ, ამას საზოგადოება იხილავს, როცა NATO-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები გამოქვეყნდება

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. ამის შესახებ მან ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში Support rules-based international order. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. „საქართველოს თემატიკა NATO-ს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში,რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ,რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულენები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან.”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამიტზე საქართველოს მოწვევის საკითხზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გაჟღერდა,რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საქართველოს საკითხი სრულფასოვნად განიხილება NATO-ს მოახლოებულ სამიტზე, რაც მინისტრის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური საქმიანობის შედეგი და დიდი წარმატებაა. ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით NATO-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული , რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება NATO-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაკოს სამთავროს პრინცთან შეხვედრისას განიხილა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განიხილეს მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი, რომლის ინიციატივითაც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს ჯოელ ბუზუსაც შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.

Bloomberg-ი: ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს

Bloomberg-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს. როგორც ცნობილია, სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი სანქციებს მოსამართლეებს, დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს დაუწესებს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

კახა კუჭავა ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მხრივ სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების შესახებ გაამახვილეს ყურადღება. კახა კუჭავამ ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო. ხაზი გაუსვა პარლამენტში ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში მისი, როგორც თავმჯდომარის დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მააიკე ვან კოლდამმა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ლიეტუვის პრეზიდენტი: ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. როგორც საოკუპაციო ხაზთთან ჩასულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ,,აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის იყო იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი ვითარებაა, როგორი ჰუმანიტარული მდგომარეობაა აქ და სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ყოფას, დარღვეულ ყოფას, რომელსაც განაპირობებს ზოგი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მოახდინოს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოსი. ვნახე რომ ხალხი ბევრ შესაძლებლობას არის მოკლებული, მათ არ შეუძლიათ, მიიღონ პენსია, არ აქვთ წყალმომარაგება , სკოლისადმი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და გართულებულია. ადგილობრივებს მე ვკითხე რაზე ოცნებობენ და იცით რა მიპასუხეს? ისინი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. ისინი თავის სახლზე ოცნებობენ ამიტომაც არის საჭირო ამ ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა, რომ მათი ოცნება ახდეს, რომ დაუბრუნდნენ სახლებს. ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ნაუსედა აცხადებს: „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისთვის დამატებით შესაძლო სანქციებზე არა მხოლოდ ბელარუსთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ინციდენტის გამო. უნდა წარმოიდგინოთ, ევროკავშირი არის 27 წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია და ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა აქვს იმის შესახებ, რა ხდება ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში. ზოგჯერ რთულია საერთო საზომის პოვნა ჩვენ შორის, მაგრამ ვცდილობთ, ამ საერთო საზომის პოვნას, ხშირად ეს გამოგვდის, ზოგჯერ ძალიან დაგვიანებულია და დიდი დრო სჭირდება, რაც პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის მარტივი“. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან

ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა. ბაიდენმა და ჯონსონმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსააც მათ „ახალი ატლანტიკური ქარტია“ უწოდეს. „ატლანტიკური ქარტია“ 80 წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დროს გააფორმა ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა, უინსტონ ჩერჩილმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა. „ახალ ატლანტიკურ ქარტიაში“ ნათქვამია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ერთგულია. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების აუცილებლობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობაზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ამავე დროს პირობას დებენ, რომ გვერდით დაუდგებიან ნატოს მოკავშირეებს. დოკუმენტში ასევე საუბარია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე. ცნობისთვის, თეთრის სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა მისი პირველი ევროტური პრეზიდენტის რანგში გუშინ დაიწყო. ის პირველად დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც გარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა, მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს.

NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, მათ მომავალი სამიტის, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარება და რუსეთის საკითხები განიხილეს. ,,პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე ჩვენი ღირებული პარტნიორის, უკრაინის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ NATO-ს სამიტი, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და რუსეთის მიუღებელი სამხედრო აქტიურობა. ხაზი გავუსვი ჩვენს მუდმივ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - წერს სტოლტენბერგმა Twitter-ზე. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.

პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის და ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი არ იცვლება და 53 696 000 ლარს შეადგენს. „2022 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30 7 000 ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი - 17 589 000 ლარის ოდენობით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას EUMM ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ვიზიტისას შეუერთდა პრეზიდენტ ნაუსედას, მიაწოდა მას ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და შესთავაზა საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე. ,,გაყოფილ სოფელ, დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება. პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით. დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა თბილად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის. . მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას

ლიეტუვა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. „საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. „ბორდერიზაცია“ დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლიეტუვა არასდროს შეეგუება ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას“, - დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონ ევროს მიიღებს

დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. „ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს, საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 480 მილიონ ევროს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ირიგაცია. ასევე წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა. 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილი კუპრიმ მოაწერეს.