პოლიტიკა
"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის
"რესპუბლიკელი" ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. ამის შესახებ მან განცხადება თავისი facebook-ის გვერდზე სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. "მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშორებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია" - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი. ის ასევე შეეხო ელჩების საკთხს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ელჩების კრიტიკა. "დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა. ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ შევაჩერო საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ჩემი წევრობა.ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი." - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი თავის facebook გვერდზე. როგორც თავად აღნიშნავს, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას მედიასთან არ აპირებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 22-მა საარჩევნო სუბიექტმა პროპორციული არჩევნებისათვის, ხოლო 46 კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნებისათვის. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 314 889. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 205-მა ამომრჩეველმა. (59, 13%). პროპორციული წესით 31 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 2-მა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,“ (45.9%-ით) და საარჩევნო ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ (34.% - ით). არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა N28 და N30 მაჟორიტარულ ოლქებში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (243 892) 30%-მა, 73 833-მა ამომრჩეველმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურებიან
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პარტიიდან წასვლა ენმ-სთვის დიდი დანაკლისია. ამის შესახებ სამადაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. „თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, - წერს სალომე სამადაშვილი. ხატია დეკანოიძე ვაშაძის განცხადებას შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. „ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. არც ერთ განცხადებაში ენმ-ს, არც ერთი ლიდერის მიერ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ სურვილი, სხვა რომელიმე წევრს ჯერ არ გამოუთქვამს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირეძე ვაშაძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე. ნუგზარ წიკლაური ხატია დეკანოიძის აზრს იზიარებს და აცხადებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიული გეგმის წარდგენას ვაშაძისგან ელოდა. „თუ ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკური ან სტრატეგიის თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა მისგან სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, რომ პარტიაში ოდიოზური ფიგურები გამოჩნდნენ, ჩემთვის უცნობია, ოდიოზურ ფიგურებში ვის გულისხმობს ბატონი გრიგოლი. მე დღეს ვნახე ოდიოზური ფიგურები - თეა წულუკიანი და სხვა წევრები, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. წიკლაურის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ დასხმია თავს არც ერთ დიპლომატს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად ე.წ. პარლამენტში არ შევალთ და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ არ გადაგვილახავს ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ დღეს დატოვა.
სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ვარუდობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს. როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის განცხადებაში გამოჩნდა, რომ პარტიაში მყოფ ადამიანებს „ერთმანეთის ატანა და ერთანაირი ღირებულება არ აქვთ“. „მათ აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა. ბუნებრივია, რომ ეს დაშლა გაგრძელდება. თავისთავად, ამ პარტიას რომ მომავალი არ აქვს, ალბათ, მისი წევრებიც ხედავენ. ეს პროცესი გაგრძელდება, რაშიც მხოლოდ დადებითს ვხედავ“, - აღნიშნა სუბარმა. შეგხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს პარტია დატოვა.
კელი დეგნანი: საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს
ფაქტია, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ოპოზიციის მხიდან გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. "ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საქართველოს, ჯანდაცვისა და თავდაცვის განვითარებაში დაეხმაროს. სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გამორჩეული ქართველია, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით. "ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალინ უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროკავშირის ელჩი გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარია. ელჩი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ საკუთარ განცხადებაში გადადგომის მიზეზებზე საკმაოდ ნათლად ისაუბრა. „ვფიქრობ, განცხადებაში მან საკმაოდ ნათლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი. ჩვენ ძალიან დიდი დრო გავატარეთ წინა მოლაპარაკებების დროს, რომელმაც წარმატებულ 8 მარტის შეთანხმებამდე მიგვიყვანა, სადაც მისი კონტრიბუცია იყო ძალიან დიდი. ვწუხვარ, რომ ის ტოვებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავთ მომავალში. მადლობა გრიგოლს გასული თვეებისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს, 15 დეკემბერს დატოვა.
კარლ ჰარცელი: პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა
„პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მის კომენტარს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირმა საქართველოსთვის covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის - 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა ელჩმა.
კარლ ჰარცელი: ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი. „ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას. ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს. ჩვენ ვეცდებით, გავაგრძელოთ მათი დახმარება. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, თუმცა შანსი ნამდვილად არის“, - განაცხადა ჰარცელმა. შეგახნებებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
ირაკლი კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში არსებითი ცვლილება არ მოხდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ სამთავრობო გუნდში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ, პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. „არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა. ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრის ნაწილშია ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოეს დღეებში. მისგან მოვისმენთ პირველ რიგში მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიმართება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს „ქართული ოცნების" ოფისში არიან შეკრებულები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლას აფასებენ
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს. „ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება ვაშაძე მერაბიშვილს და სხვებსაც გულისხმობდა. ისინი შლიან დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ე.წ. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს რეალურად შლიან ოპოზიციას. ოპოზიციაში ჯანსაღი პროცესები მიდის და ცვლილებების შემდეგ ქვეყანა ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მიიღებს. ამაში რომ ეს ოდიოზური ფიგურები გვეხმარებიან ძალიან კარგია“, - განაცხადა კობახიძემ. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა დღეს დატოვა. სოციალურ ქსელში ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია. მან პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად, პარტიაში ოდიოზური ფიგურების არსებობა დაასახელა.
იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
იაპონიის საელჩო ახალი ელჩის მისასალმებელ სიტყვას ავრცელებს. იმამურა აკირა საქართველოში 2020 წლის 6 დეკემბერს ჩამოვიდა. „საქართველოს ბოლოს 1999 წელს ვეწვიე. მას მერე სულ მქონდა სურვილი, რომ კვლავ ჩამოვსულიყავი კავკასიონის ულამაზეს მთებთან, ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარე ამ მომხიბვლელ ქვეყანაში, სადაც უნიკალური კულტურაა. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ გაუმკლავდა ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე სხვადახვა გამოწვევას ახალგაზრდა ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. იაპონია და საქართველო იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩვენ განვავითარეთ მეგობრული ურთიერთობები სხვადახვა სფეროში: პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მოიცავს აზრთა გაცვლას როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე, კერძო ბიზნესისა და ჩვენი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კულტურების გაცვლას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას საგრანტო დახმარების სხვადასხვა ფორმით. კერძოდ კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის დაკავშირებას დანარჩენ სამყაროსთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით. ასევე საქართველოში, სხვადასხვა ადგილას ვახორციელებთ პროექტებს ტექნიკური თანამშრომლობით კადრების გაზრდის, საგრანტო დახმარების თუ გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამების ფარგლებში, რათა აიწიოს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები სხვადასხვა სფეროში, რასაც ქართველი ხალხი დადებითად აფასებს. მე ძალისხმევას არ დავიშურებ ამ პროგრამების მხარდასაჭერად მომავალშიც. გარდა ამისა, შთამბეჭდავია წარმატებები ბიზნესის მიმართულებით, რის შედეგადაც იზრდება იაპონური კომპანიების ინტერესი. ამ წლის დასაწყისში, იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა, ინვესტიცია განახორციელოს საქართველოს ჰიდროელექტრო სადგურში. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს „ნახშირბადისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ“, 2050 წლისთვის, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა 2020 წლის ოქტომბერში. როგორც იაპონიის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს ასეთი ტიპის ბიზნესის განვითარებას საინვესტიციო და საგადასახადო საკითხებზე ხელშეკრულებების გაფორმებით. ამასთან ერთად, ქართული კულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონიაში. ქართველი სუმოისტები აქტიურ როლს თამაშობენ სუმოს სამყაროში, შქმერულიდან დაწყებული, ქართული კერძები და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ღვინო უფრო და უფრო მეტ იაპონელს შორის სარგებლობს პოპულარობით. ასევე, საქართველოშიც ძალიან უყვართ იაპონია, ქართველების ინტერესიც იაპონიისადმი, იაპონური ენისადმი და კულტურისადმი იზრდება. მე ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ „ომოტენაშის“ (სტუმართმასპინძლობა) მაზიარებელ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს და გავუზიარო საქართველოს ხალხს იაპონიის სილამაზე და ინიციატივები. ბოლო დროს, საქართველოში მოგზაური იაპონელი ტურისტებისა და აქ ხანგრძლივი პერიოდით მცხოვრები იაპონელების რიცხვი იზრდება. იაპონელი რეზიდენტების უსაფრთხოება იაპონიის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო თანადგომას იაპონელ მოქალაქეებს, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით. COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად, დამატებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სისტემის გაძლიერებას (შესაბამისი მასალისა და აპარატებისმიწოდებით). 2022 წელს, ჩვენ აღვნიშნავთ იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. ამ ღირსშესანიშნავ წელს რომ უკეთესი შედეგებით შევხვდეთ, მე მთელი ძალით გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხების ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. თქვენი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და კეთილგანწყობის იმედი მაქვს! დასასრულს კი, მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს პანდემიის ასეთ რთულ დროს“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.
მზად ვარ ურთიერთობისა და კონტაქტისთვის - პუტინმა ბაიდენს გამარჯვება მოულოცა
რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა. რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას პოლიტიკაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მიუხედავად განსხვავებებისა, წვლილის შეტანა მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ. "მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის”, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცა.
ახალ პარლამენტში პირველი საკანონმდებლო ინიციატივა საგარეო პოლიტიკას ეხება
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციაა. „ამ მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში და დეოკუპაციაში“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები იყოს მიღწეული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებაზეც. „ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის უკვე არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკის შეერთებული შტატების უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მიღწევაში და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებსა და ორმხრივ ურთიერთობებში მეგობრობის ჯგუფებს“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციურ პარტიებს ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანიის დაგმობისკენ და საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანი განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა
იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის განათლების, მეცნიერების, და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ახალი მოწვევის პარლამენტმა წულუკიანი კომიტეტის თავმდჯომარედ უკვე დაამტკიცა და კომიტეტის პირველი სხდომაც გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარეები არჩიეს უკვე სხვა კომიტეტებშიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი კოვზანაძე იკავებს. ჯანდაცვის კომიტეტს კვლავ დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მაია ბითაძე დაინიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს
რუსული მხარის წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტის რუსტამ მურადოვის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს. ტყვეების გაცვლა რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს 12, სომხურ მხარეს კი 44 ტყვე გადაეცა. სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავიანინის ინფორმაციით, დაბრუნდნენ ის ტყვეები, რომელთა ტყვედ აყვანა დადასტურებულია აზერბაიჯანისა და „წითელი ჯვრის“ მიერ, დანარჩენი ტყვეების გამოვლენისა და დაბრუნების პროცესი კი გრძელდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაქოში თვითმფრინავით დაბრუნებულ ტყვეებს შორის 2014 წლის ივლისიდან ტყვეობაში მყოფი შაჰბაზ გულიევი და დილგამ ასკეროვი არიან.
იუსტიციის მინისტრად ახალ კანდიდატს წარადგენენ
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი კანდიდატი დაიკავებს. წულუკიანი ახალი კანდიდატურის ვინაობას არ ასახელებს. ახალი მოწვევის პარლამენტში, იუსტიციის ყოფილი მინისტრი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ცესკომ ექვსი პარტიის საარჩევნო სიები გააუქმა
საქართველოს ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ ექვსი ოპიზციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, ცესკოს პარტიებმა თავად მიმართეს, რის საფუძველზეც უწყების თავმჯდომარემ შესაბამისი განკარგულება გასცა. საარჩევნო სიები გააუქმეს შემდეგმა პარტიებმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძალა ერთობაშიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმართა. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩვევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და პარალემნტში შესვლაზე უარი ახლა უკვე ოფიციალურად განაცხადეს
საქართველო და ევროკავშირი ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომას გამართავენ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მეექვსე სხდომა დღეს დისტანციურად გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი უხელმძღვანელებს. სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია და საქართველოს სამთავრობო უწყებები მიიღებენ მონაწილეობას. უწყების ცნობით, ასოცირების კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილება. განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში ასოცირების დღის წესრიგით სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, კავშირების, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში. კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობას და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარებას. მხარეები ისაუბრებენ 2021 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელმაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი მიზნები უნდა განსაზღვროს.
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ვაშაძემ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიის გარშემო და მის შიგნითაც ოდიოზური ფიგურები გამოჩდნენ. ის აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო . განცხადებას უცვლელად გთავაზოთ „მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ. ჩემთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან - არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“- წერს გრიგოლ ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე: უკეთესი იქნება, თუ სააკაშვილი ცოტა ხანი გაეშვება ამ პროცესებს
"იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით იკავებს, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში „360 გრადუსი". როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილი რადიკალური განცხადებები პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს. „როგორც მინიმუმ, მე ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის განვითარებას და მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ის იკავებს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს და მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მის თანაგუნდელებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა ვაშაძემ.
დავით სერგეენკო: არანორმალური ვითარებაა, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია
"ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. “ჩემი აზრით, ეს არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა. ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია, როგორც თემატურ საკითხებზე იგივე თუნდაც ჯანდაცვაზე მსჯელობისას, ასევე ზოგადად პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის. მე მართლაც იმედი მაქვს იმის, რომ ის სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოლაპარაკებისთვის და კონსესუსის მიღწევისთვის ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული; თუნდაც მათი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. სხვა მხრივ, ეს არ იქნება ოპტიმალური ფუნქციონირება ასეთი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტისა“,-აცხადებს სერგეენკო. სერგეენკო აცხადებს, რომ არ არის იმის ფუფუნება თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამის გამო საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტოს. „ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ნორმალური ფუნქციონირება. არ იქნება პარლამენტის სრული სიმძლავრის გამოყენება იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი არის პირველი მნიშვნელობის ინსტიტუცია. მეორეს მხრივ, ჩვენ იმდენი გამოწვევები გვაქვს სახეზე, რომც გაქრეს კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური ვარდნა გლობალური და მათ შორის ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი იქნება, თუ მთავრობამ არ გააგრძელა ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, იმის ფუფუნება რომ დისკომფორტის გამო, რადგან ოპოზიცია არ შემოვა, შევწყვიტოთ ფუნქციონირება, ამის საშუალება არ გვექნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.