პოლიტიკა
აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა
რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაციას შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს. „ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან С-400-ის სისტემა შეიძინა. თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსთვის დაწესებული დღევანდელი სანქციები ცხადყოფს, რომ აშშ სრულად განახორციელებს „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონს. აე მოვითმენთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა. „თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამერიკაც ნატოს წევრი სახელმწიფოა. თურქეთი ალიანსის წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. თუ ადრე ტრამპი ან ობამა ამბობდნენ, რონ ნატოში ისეთი ქვეყანაა, როგორიც თურქეთია, ახლა აშშ სანქციებზე საუბრობს. ეს ნატოს ფარგლებში პარტნიორის უპატივცემულობაა. მე ამას ასე ვხედავ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტო.თურქეთი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციების წინააღმდეგ. „თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი: იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორად დააწყობს გეგმებს
„იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორად დააწყობს გეგმებს, სწორ კოორდინაციას გააკეთებს და გააგრძელებს ამ ერთიანობას“ - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook live-ის ეთერში. რაც შეეხება არჩევნებს, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ყველამ გაიგო, ივანიშვილისთვის დიდი კრახია. „ჩვენ მეორე მხარეს გვყავს ცბიერი მოწინააღმდეგე, მაგრამ ძალიან ჩამოშლილი. ბევრი კოზირი გაუცუდდათ. ყველამ გაიგო, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი ივანიშვილისთვის დიდი კრახია. მან იდეოლოგიური ბრძოლა მთლიანად წააგო. ახლა ყველაფერი ტექნიკის საკითხია და ტექნიკა ჩვენი გამოსამუშავებელია“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი შეეხო ელჩების თემასაც. მისი აზრით, საქართველოს პრობლემა იმაშია, რომ პრაქტიკულად საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ახლა მიიღება ძალიან დაბალ დონეზე. „ჩვენი გამარჯვების გასაღები არის ჩვენს ხელში. ის არ არის არც ერთ უცხოურ დედაქალაქში. რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ უცხოელებთან, უნდა ავუხსნათ რა მოხდა სინამდვილეში. მე ადრე ვიღებდი ყურმილს და ნებისმიერ დროს ვურეკავდი ამერიკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ამათ ახლა ვინმეს რომ დაურეკონ, თვეობით უნდა იდგნენ რიგში. ახლა საქართველოს მიმართ იმდენად დაბალი ინტერესია, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან დაბალი დონით. ამიტომ მათზე ენერგიის ხარჯვას არავის ვურჩევ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე“. მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან მნიშვნელოვანია. საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ იარსებებდა რომ არა ამერიკის პირდაპირი ჩარევა 2008 წელს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაგზავნა ამერიკის მე-6 ფლოტი და რუსეთს შეაწყვეტინა საქართველოს დაბობვა. „კამპანიების აგორება იმაზე, რომ გაიწვიონ ან გამოიწყვიო ელჩი, არაფერს მოგვცემს. ელჩი არის შემსრულებელი, როცა არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი ელში, ან შეიძლება იყოს უარესი. ზოგიერთი ელჩი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი, ზოგიერთი - არა. საბოლოო ჯამში, თუ არის რამე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ. თუ პოლიტიკა არ არის, ადგილზე თავისთვის იღებენ გადაწყვეტილებას. არ შეიძლება გამოირიცხოს ლობიზმის ელემენტები, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა დავიციკლოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ირაკლი კობახიძე: მე-10 მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს
„მე-10 მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს და ინსტიტუტებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "დღის ქრონიკა". „ეს არის კლასიკური ნიმუში ანტიდასავლური პროპაგანდის, რომელიც წარმოებს პარტიული ტელევიზიების ეთერში. ისინი ცდილობენ ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც არ გამოუვათ. საქართველოში პროდასავლური კურსის მომხრე მინიმუმ 80 %-ია საზოგადოების. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური ძალების („ევროპული საქართველოს“, „ნაცმოძრაობის“, ბურჯანაძის და ა.შ) შანსი ნულოვანია. აქედან გამომდინარე, მათ თვითგანადგურების რეჟიმი აქვთ ჩართული, ეს კარგია იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია ჯანსაღი ფორმით ჩამოყალიბდეს და განვითარდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროცესები კარგად ვითარდება და შედეგად ისეთ პარლამენტს მივიღებთ უახლოეს მომავალში, რომელიც სჭირდება ჩვენი დემოკრატიულ სისტემის გავითარებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკური ძალების თვითმიზანი მოლაპარაკებების ჩაშლაა, მათ შეიცვალეს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი და ვექტორი. „მეათე მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს და ინსტიტუტებს. მაგრამ უნდა ვიყოთ პარტიები, რომლებიც ემიჯნებიან ასეთ პოლიტიკას და რუსულ ვექტორს. შესაბამისად, ეს ლუსტრაცია საბოლოო ჯამში განხორციელდა და საბოლოო ჯამში, პარლამენტში ჩამოყალიბდება ჯანსაღი, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძის აღნიშნა, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმის უკან გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია დგას.
სტეფანი ბელგი: ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, მამაცი ქალები ჯარში
"ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში". - განაცხადა თავდაცვის ატაშემ სტეფანე ბელგიმ, ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხისა და აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ვიდეოკონფერენციაზე. ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ატაშემ ქალებს მიმართა. „,თქვენ თუ არა, მაშ ვინ?' - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში. ქალებს მოაქვთ უნიკალური ხედვა, ლიდერობა და ორგანიზაციული სტილი, ემპათია და ემოციური ინტელექტი "- განაცხადა სტეფანე ბელგიმ. კონფერენცია მიზნად ისახავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის (UNSCR) 1325, 20 წლისთავის აღნიშვნას და ასევე ხაზს უსვამს ქალების ჩართულობის მნიშვნელობას თავდაცვით სექტორში.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, USAID აფასებს ISFED-თან ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად. მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, - აღნიშნულია USAID-ის განცხადებაში.
ალეკო ელისაშვილი: შეთანხმების გარეშე მომდევნო სხდომებზეც არ შევალთ
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის არც პირველ სხდომაზე იყვნენე და არც 22-ე სხდომაზე შევლენ პარლამენტში თუ შეთანხმება არ მიიღწევა. მისი თქმით, „მოქალაქეები“-სთვის შეთანხმების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო რეფორმაა. „რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ე.ი. შენ ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით. უბრალოდ, ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით და ხელს მოვაწერთო. ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება. „ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ „ქართული ოცნების“ დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მისი დამარცხება და უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული. “,- აცხადებს ელისაშვილი. მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა „საზიზღარი არჩევნები, რომელიც გაყალბდა“. „ ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. ჩვენ ახლა გვეუბნება „ქართული ოცნება“ დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. თუ ოპოზოციაში გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტიას აქვს, მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი: არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არგუმენტი ISFED -ის მონაცემები იყო
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 10 არგუმენტიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ერთ-ერთი ISFED-ის შედეგები იყო მისი თქმით ეს არგუმენტი ხელიდან გამოეცალათ, თუმცა სხვა არგუმენტებიც გვაქვს, სხვა არგუმენტები დაგვრჩა. „ მომხდარმა ISFED დააზიანდა რეპუტაციულად და მიმდინარე პროცესიც რა თქმა უნდა დაზიანდა“. ისფედი“ ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის ეჭვშეუტანელი ორგანიზაციის რეპუტაციით სარგებლობდა. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა „ისფედი“ და მათ შორის პარალელური დათვლა. მისი შედეგი იყო ერთ-ერთი არგუმენტი და ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით „ისფედი“-ს ხარვეზის შესახებ ორგაიზაციაში ერთი თვით ადრე იცოდნენ. „ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ვენდობი. მე ვისურვებდი, რომ თვითონ უფრო გულახდილად ილაპარაკონ, რა მოხდა სინამდვილეში – ზეწოლა იყო, შანტაჟი, უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, შეგნებული შეცდომა იყო, მალავდნენ ამ შეცდომას, არ მალავდნენ. ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. არ გამოვრიცხავ, რომ უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და რაღაც შეცდომაზე გამოიჭირეს. იკადრებდა თუ არა ამას „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, იკადრებდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. ISFED-ის მიერ არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებული მონაცემები ცესკოს შედეგებს დაემთხვა. პირველად მონაცმებეით კი ცესკოს და ორგანიზაციის შედეგებს შორის ცდომილება იყო. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
მმართველი პარტია, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს
მმართველი პარტია, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები. მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს. მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველმა გუნდმა პარლამენტს პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უახლოეს ორ-სამ დღეში წარედგინოს.
დღეს აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება
"როიტერის" ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება. როგორც გამოცემა წერს, ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმები კონგრესს დღესვე გადაეგზავნება, სადაც 6 იანვარს ხმები ოფიციალურად დაითვლება და ამით არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დასრულდება. ცნობისთვის, ქვეყნის პირველ პირს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც 538 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების მიხედვით, დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 წევრის მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232-ის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს
მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის დრო კვირა დღის ჩათვლით აქვს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან გიორგი გახარიას კონსტულტაციები და ამის საფუძველზე კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შესაძლოა, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეში", - განაცხადა კობახიძემ.
დღეს ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება
დღეს ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ და ახალ დებულებებს დაამტკიცებენ. პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგის თანახმად 14 დეკემბერს სხდომას გამართავენ შემდეგი კომიტეტები: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.
ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს. „ჩვენი თავდაცვის კანონპროექტით ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. პრეზიდენტი ტრამპი აპროტესტებს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მისი განცხადებით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების წესიერების კანონის 230-ე ნაწილს, რომელიც იცავს პასუხისმგებლობისგან ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა „გუგლი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“, რაც მათ პლატფორმებზე ჩანს. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს. ცნობისთვის, 11 დეკემბერს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მხარი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმაც დაუჭირა. 740 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტს ხმა 84-მა სენატორმა მისცა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, სენატს მისი დაძლევა შეეძლება. ვეტოს დაძლევა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პირველი შემთხვევა იქნება. „როიტერი“ წერს, რომ კონგრესში პრეზიდენტის პარტიას და თეთრ სახლს შორის იშვიათი განხეთქილებაა. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს მხარი გასულ კვირაში დაუჭირა. THE BIGGEST WINNER OF OUR NEW DEFENSE BILL IS CHINA!. I WILL VETO! — Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 13, 2020
ჯეიმს აპატურაი: სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს
„არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. ის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად 100%-ით ვაქცინის მომხრეთა რიგებშია. „ვაქცინის შესახებ სოციალური მედიით გადაჭარბებული დოზით ვრცელდება ყალბი ცნობები და შეთქმულების თეორიები. სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს. თუ თქვენ ტელეფონი გიჭირავთ ხელში, მაშინ გეტყვით, რომ მატარებელი სადგურიდან კარგა ხანია დაიძრა და არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. „საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ჩემი და NATO-ს სახელით ვუსამძიმრებ საქართველოში COVID-19-ით დაღუპულთა ოჯახებს. მოუარეთ თავს და გაუფრთხილდით სხვებს. კორონავირუსი არ არის მითი ან ხუმრობა. არ არის აუცილებელი ყველა შობა დიდი წვეულებით აღვნიშნოთ. მერწმუნეთ, ამას ვერც ჩვენ შევძლებთ. ახლა სიფრთხილის და სიმშვიდის დროა“, - აღნიშნა აპატურაიმ „იმედთან“ ინტერვიუში.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მარტში გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 10-11 დეკემბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე მიიღეს. გამართულ შეხედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უდრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობს, დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც ე.წ. „ბორდერიზაციის“, მოქალაქეთა უკანონო დაკავებების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის სახით. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები. საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება. ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების - ერგნეთში შეუფერხებლად მუშაობის და გალში წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ლარის შესახებ
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით საქართველოსთის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო, ეს არის მხოლოდ ნაწილი COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის უპრეცენდენტო დახმარებისა, რომლის მობილიზება ევროკავშირმა საქართველოსთვის 2020 წლის მარტიდან მოახდინა. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის დასახმარებლად, ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით 100 მილიონი ევრო (დაახლოებით 400 მილიონი ლარი) გამოუყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის ინტერვიუს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს. ინტერვიუს უცვლელად გთვაზობთ. _ ასი მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის ახლახან უზრუნველყო, გთხოვთ განგვიმარტოთ თუ რას მოხმარდება ეს თანხა და რა ადგილი უჭირავს მას პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მთლიან დახმარებაში? _ მადლობა შეკითხვისთვის. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ . რას მოხმარდება ეს თანხა? ჩვენი დახმარება ძირითადად ოთხ სფეროზე განაწილდება. თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს.მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ.გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა. _ თქვენ ახსენეთ, რომ დახმარებას ევროკავშირი და ევროპის გუნდი უზრუნველყოფენ. რა არის ევროპის გუნდი? _ გუნდს წარმოადგენს ევროკავშირი, ანუ ჩვენი 27 წევრი სახელმწიფო და ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ საკუთარ თავს ევროპის გუნდს ვუწოდებთ, რადგან ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს, რომელიც პანდემიამ შექმნა, მოგვიწია კიდევ უფრო მჭიდროდ გვემუშავა ერთმანეთთან სრული კოორდინირების უზრუნველსაყოფად და ძალისხმევის შედეგების გასაძლიერებლად. ერთად ვმუშაობთ, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო ძალისხმევის ფარგლებში შევძელით 36 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება მიმდინარე პანდემიის პირობებში მსოფლიოს დასახმარებლად. _ თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების ნახევარზე მეტი განკუთვნილია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად. როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი იმას, რომ ეს თანხა სათანადოდ იყოს გამოყენებული? _ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებთან მუშაობა. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან მხოლოდ მთავრობებს, მათი სამინისტროების, თანამშრომლებისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული უწყებების საშუალებით, აქვთ ამ მასშტაბის კრიზისის დაძლევისთვის საჭირო შესაძლებლობები. ჩვენ პანდემიის პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დავსახეთ პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, ,,მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ. _ ევროკავშირი საქართველოს, მათ შორის მის ჯანდაცვის სექტორს, პირდაპირ დახმარებასაც უწევს. შეგიძლიათ გვითხრათ ორიოდე სიტყვა ამის შესახებ? _ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ერთად, ჩვენ უკვე გადავეცით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს.კითხვა _ სად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს პანდემიის დროს უწევს? _ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. პირველ რიგში გირჩევთ ეწვიოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის გვერდს. ჩვენი Facebook გვერდი ძალიან აქტიურია, ასევე, ვავრცელებთ ინფორმაციას Twitter-ის ანგარიშების საშუალებითაც.
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. სომხეთი აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ორი სოფლის მიმართულებით, რომლებსაც სომხეთი აკონტროლებს, ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილი სომეხი ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. „მე მომახსენეს, რომ გუშინ სომხური არმიის ნარჩენებმა ტერორისტული აქტები განახორციელეს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ, არ უნდა დაგეგმონ არავითარი საომარი მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჯერად ჩვენ მათ მთლიანად გავანადგურებთ. იმედი მაქვს, სიტუაცია აქამდე არ მივა“, – განაცხადა ალიევმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადასტურებენ რუსი სამხედროებიც, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ანტონიო გუტიერეში: მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ
გაერო-ს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. „ვინმეს კიდევ შეუძლია, უარყოს, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის წინაშე ვართ? ამიტომ, დღეს მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს არ მიაღწევენ“, – აღნიშნა გუტიერეშმა. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნმა განაცხადა, „COVID-19“-თან გამკლავების მიზნით გაცემული ფინანსური დახმარებები, კლიმატისთვის ნაკლებად საზიანო მიმართულებების განვითარებას უნდა მოხმარდეს. „როიტერი“ წერს, რომ ვირტუალურ სამიტზე ვიდეომიმართვებით გამოვიდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.
გიორგი ვაშაძე: ეს არჩევნები მარტო ISFED-ზე არ იყო აგებული
"ეს არჩევნები მარტო ISFED-ზე არ იყო აგებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა."- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. "ISFED არ არის რიგითი არასამთავრობო ორგანიზაცია, როელსაც აქვს თავისი რეპუტაცია. ჩემთვის ის განმარტებები, რაც მივიღეთ, არის ძალინ მწირი. ვფიქრობ, რომ ISFED-მა გაცილებით მეტი და მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კიხვებს.. პირველ რიგში, მაინტერესებს, თუ ეს მართლა მოხდა, ორმოცი დღე რაში სჭირდებოდა მარტივი შეცდომის დადგენას. რა პროცედურები იყო აუდიტში ისეთი რთული, რომ მალე ვერ გააკეთებდნენ. თუ შეცდომა მოხდა, შეიძლებოდა იმ დღესვე, ან მეორე დღეს მაინც გასწორებულიყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მძიმე ვითარებაში ვართ." - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ "ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა, PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი იყო იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა." შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.
კობახიძე: გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის თვენახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ISFED-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ შედეგებს და "ქრონიკის" პირდაოპირ ეთერში აღნიშნა, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა და რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უტიფრად ედავებოდნენ თამარ ჟვანიას, ცესკოსა და საარჩევნო ადმინისტრაციას, ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა“. მისი თქმით, ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა მარტივი ჭეშმარიტების გაცხადებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი გახდა, მათ შორის სახალხო დამცველისთვის, იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა. „იცით, რომ გუშინ Isfed-ს თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. იყო სერიოზული შტურმი, ათასი ბრალდება და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად რბილი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის თვენახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები. მიუხედავად ამისა, გავუფრთხილდით არასამთავრობოებს, ზოგადად არასამთავრობო სექტორს და გვქონდა საკმაოდ მოზომილი განცხადებები Isfed-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი რეაქცია, ამასთან დაკავშირებით იყო არასწორი და არაადეკვატური - ანუ არ შეესაბამება პრობლემას, რომელიც შეიქმნა არასწორი PVT-ის გამოქვეყნების საფუძველზე. რეალურად, საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე. ქვეყნის აყირავება შეიძლებოდა გამოეწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს. ყველა ელოდება ხოლმე PVT-ის არჩევნების დღეს და იქ ცდომილება ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა და დღეს, როდესაც საუბარია თუნდაც შეცდომასა და ხარვეზზე, ამაზე სხვანაირად უნდა იყოს საუბარი და არა შეტევის ფორმით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" ეთერში. ISFED-მა მონაცემები დააზუსტა, რის შედეგადაც პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს ემთხვევა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.