პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „სამართლიანი არჩევნების“ შედეგების გადამოწმება უცხოელი პარტნიორების ჩარევით მოხერხდა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამართლიანი არჩვენების“ მონაცემებში, PVT-ის ცდომილება რადიკალურმა ოპოზიციამ, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებსა და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მორიგ მიზეზად გამოიყენა, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ. „ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, რასაც PVT-ზე აგებული მათი სპეკულაციების სიმცდარის მხილებაც ცხადყოფს. ჩვენ არავის მივცემთ კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. პირველ რიგში, სწორედ სიყალბეს უთხრა უარი ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა“-აღნიშნავს კობახიძე მისი თქმით, ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა . „დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით“ - აცხადებს სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივანი. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
2020 წლის 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. „ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. _ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ. საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. _თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე. _საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი. ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით. ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს. ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე მიხედვით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას - ბაიბა ბრაჟე
რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას, - ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა. „რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილებას. ისტორიაში ამის მაგალითები ვნახეთ და ეს ფაქტია. ამავე დროს, ნატო-საც არ შეუძლია, დაადოს ვეტო საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებას. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მანამდე კი, ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირაში გაიმართა ნატო-ს მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ასე რომ, პრაქტიკული სამუშაო გრძელდება, რათა საქართველოსა და უკრაინის სტანდარტები ამაღლდეს, რათა მათ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.
შვეიცარიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა
"როიტერის" ინფორმაციით, შვეიცარიამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა. როგორც შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული არეულობის საპასუხოდ მიიღეს. ალექსანდრ ლუკაშენკოს და მისი შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს შვეიცარიაში შესვლა ან შვეიცარიის გავლით გადაადგილება აკრძალული აქვთ. „შვეიცარია შეშფოთებულია მიმდინარე დაძაბულობით და ბელარუსის მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარიის მთავრობა ბელარუსში აქციებზე დაკავებული პირების გათავასუფლებასა და სპეცსამსახურების მიერ წამებისა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.
უკრაინა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შეთანხმებას" გმობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შეთანხმებას" გმობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კიევი არ აღიარებს ამ „პროგრამის“ მიღებას და და მსგავს ქმედებებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მორიგ მცდელობად აფასებს. „რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად აფერხებს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები უარყოფითად აისახება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად უარესდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2008-2020 წლებში მიღებული რეზოლუციების შესრულება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ. უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის პროცესი და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთმა, ჟენევაში, ძალის გამოუყენებლობის თემა გაააქტიურა
ჟენევის დისკუსიებზე, მხარეებმა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის იმ ფონზე, აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობა რეგიონში იზრდება. “პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში", - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია. „რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში,”- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ მიიღო
უპრეცედენტო სარჩელი, რომელსაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს, ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს, თუმცა სასამართლომ ის არ მიიღო. სარჩელში ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ოთხ შტატში, პენსილვანიაში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და უისკონსინში ითხოვდნენ. ოთხივე შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ შტატებში საარჩევნო პროცედურები კენჭისყრამდე განზრახ შეცვალეს, რათა დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა მიეღო და შესაბამისად, ამ შტატებში შედეგები უნდა გაუქმდეს. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ტეხასს აღნიშნული საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია. დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. სხდომაზე ჯო ბაიდენს გამარჯვებულად ფორმალურად დაამტკიცებენ. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20-21 იანვარს გაიმართება.
ეუთო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს განცხადებით ეხმაურება
ეუთო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს განცხადებით ეხმაურება. განცხადება, ეუთო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო, მონაწილეებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა, ვერ შეძლეს. „კოვიდ19-ის პანდემიის მიერ შექმნილი უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე, ეს იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი და ერთადერთი რაუნდი, რომელიც 2020 წელს ჩატარდა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთი მხრივ ძალის გამოუყენებლობის დღის წესრიგის მთავარ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ, კოვიდ-19-ის გავლენას ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები. მონაწილეებმა ვერ შეძლეს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. „ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენა წელს გამართული ორი შეხვედრით დადებითად შეფასდა. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს გაზარდონ ძალისხმევა ნდობის ასამაღლებლად და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს ჩატარდება.
ადმინისტრაცია: ტროლების მომრავლება მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ტროლების რაოდენობის მომატება შეინიშნებოდა და პრეზიდენტის მისამართით პირადი შეურაცხყოფებიც ისმოდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრო - 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი); განათლების უფლება (პირველილი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია 2013 წლიდან. 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარსდგა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
Isfed-მა პარალელური დათვის შედეგები დააზუსტა
„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. თუმცა სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება. შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში. „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას. აღნშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
თალაკვაძე პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
"სამართლიანმა არჩევნებმა“ გააკეთა განცხადება და ყველამ ნახა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ხმების პარალელური დათვლის შედეგები ზუსტ თანხვედრაშია არჩევნების შედეგებთან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. "ჩვენ გავხდით მომსწრე სამარცხვინო განცხადებების. უმანდატო პოლიტიკოსებმა, პრაქტიკულად მანდატებზე უარი ათქმევინეს დანარჩენ ოპოზიციონერ ლიდერებს. დასავლეთი მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, ხოლო ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და არ უნდა პარლამენტში შესვლა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძეს თქმით, ქართული ოცნება „არ აპირებს სამართლიანი გამარჯვების დათმობას“ ხოლო ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მანდატებზე უარის დასაფიქსირებლად მემორანდუმს მოაწერა ხელი.
კახა კალაძე ISFED-ის პარალელურ დათვლას ეხმიანება
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. როგორც კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ამომრჩეველს აქვს. „დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში. დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია. მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა - ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი! მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ვახუშტი მენაბდე: ყველაფერი რაც ხდება, არაა კარგი, მაგრამ არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე europetime-თან საუბრისას აფასებს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პალამენტი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფება, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება საპარლამენტო ცხოვრებაზე. " ეს შეიძლება იყოს კრიზისის მანიშნებელი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოში დამკვიდრებული პოლიტიკის წესის გადახედვაზე და გარკვეული კითხვები გამოიწვიოს. ერთი მხრივ არის საჯარო კრიზისი, მეორე მხრივ კრიზისი არის შესაძლებლობა, რომელიც წარმოაჩენს თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა, ან შეიძლება და რამ გამოიწვია ეს კოლაფსი. მართლა ვდგავართ უფსკრულის პირას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები"- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებიდან არც ერთ მხარეს აქვს უნარი და სურვილი, რომ კონსტრუქციული პოლიტიკა გაატაროს. " მთავრობა გამოდის და მათრახით და თაფლაკვერით რაღაც სცენარის გათამაშებას ცდილობს. ერთის მხრივ პარლამენტში ეპატიჟება და კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჰპირდება ოპოზიციას, მეორე მხრივ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას გაუქმებით ემუქრება. ეს ცხადია გარკვეულ დისონასნს იწვევს კომუნიკაციაში. ამას შეიძლება სხვა შედეგები მოჰყვეს. თუნდაც ის, რომ ასეთი განცხადებები მოლაპარაკებებს გაართულებს. ახლა როცა ძალიან მყიფე და ფაქიზია კომუნიკაცია პოლიტიკიკურ პარტიებს შორის, მსგავსი გამოსცვლები და განცხადებები სიტუაციას არ გააუმჯობესებს." - ვახუშტი მენაბდე. მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება არ არის კარგი, მაგრამ არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. "რაც შეეხება პარლამენტს, რა თქმა უნდა, ფორმალურად ის შეძლებს ქვეყნის მართვას. გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება. თუმცა, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით იქნება გარკვეული პრობლემები. უმრავლესობას მოუწევს ბევრი რამის დამტკიცება. ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის ოპოზიციური სტრატეგია, ვინ როგორც თვლის საჭიროდ ისე მოქმედებს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული სიხისტე ორივე მხარეს ახასიათებს." - აღნიშნა ვახუშტი მენამდემ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. სხდომას არ დასწრებია ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება 2020 წლის 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება, ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა ხმების პარალელური დათვლის (PVT) მრავალშრიანი აუდიტი და დაიწყო შუალედური ანგარიშის მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ. შუალედური ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
არჩილ თალაკვაძე: ქართული ოცნება არ განიხილავს განმეორებით არჩევნებს
მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების განმეორებით ჩატარებას არ განიხილავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველომ ჩაატარა არსებითად პროპორციული სისტემით და საერთაშორისო სადამკვირვებლო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული და ფუნდამენტალური უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები." -აღნიშნა თალაკვაძემ. მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოიკოტს დემოკრატიას, რომელიც დასავლეთის ყველა სახელმწიფოში არის მიღბული. საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ყველანი გაოცებულები არიან იმით, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა რომ მათ ბევრი მანდატი მიიღეს პარლამენტში, უარს აცხადებენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე. "დღეს ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმართავს ძირითადად რადიკალური ფრთა, რომელიც საზოგადობას ყოველდღიურად ატყუებს. ეს ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობენ ამ პროცესებს, სინამდვილეში თვითონ არ არიან პარლამენტში შესული, მათ არა აქვთ მანდატი და ნდობა მიღებული საზოგადოების მხრიდან. შეიძლება ითქვას, უმანდატო ოპოზიციონერებმა ამ დღეების განმავლობაში ნდობით აღჭურვილ დანარჩენ კოლეგებს, პრაქტიკულად გადააყრევისეს მიღებული მანდატები. თუმცა, ჯერ კიდევ გარკვეული აზრთა სხვადასდხვაობა არის ოპოზიციაში. მე დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციაში პრაგმატული, ჯანსაღი ნაწილი მოიძებნება და ისინი საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციამ შექმნა ისეთი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.
ჯო ბაიდენი წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, საპატიო ჯილდოს მიღებას ტვიტერზე გამოეხმარუა. „მოხარული ვარ რომ კამალა ჰარისსთან ერთად წლის ადამიანად დამასახელეს, სასიამოვნოა ,რომ ამ სიაში მოვხვდი ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად. წინა ხაზზე მომუშავე პერსონალიდან დაწყებული, რასობრივი სამართლის ორგანიზაციებით დამთავრებული , ამერიკელები მომავალ წელს ხვდებიან სიძლიერით, სიმტკიცითა და ნათელი მომავლის მტკიცე რწმენით.“, წერს ბაიდენი Twitter-ზე.
მე-10 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობის პირველ დღეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. 15 კომიტეტის თავმჯდომარეების სია ასეთია: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია; ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიების არჩეული დეპუტატების დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.
ეკა ბესელია: ძალიან მძიმე სანახავი იყო დღევანდელი პარლამენტი
"დღეს ჩვენ ვხედავდით ერთპარტიულ პარლამენტს, ერთმანეთთან მოლაპარაკე იმ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი იდეოლოგიური საერთო არა აქვთ ერთმანეთთან, გარდა მერკანტელური ინტერესებისა" - ასე აფასებს დღევანდელ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომას ეკა ბესელია. "ის რომ ჩვენი გზები გაიყო, ეს აღარ არის გასაკვირი. ალბათ გასაკვირი იქნებოდა ის, რომ ამ ღირებულებათა საშინელი სიმწირისა და მთავარი იდეის ღალატის შემდეგ ყოფილიყო საერთო ემოციური ბმა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად, პარლამენტი იყო გარეთ. პარლამენტი იყო სასახლის ეზოში. ხოლო შიგნით დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ მიიტაცეს ძალაუფლება და არჩევნების გაყალბების გზით, შექმებს ვითარება, რომელმაც, ჩვენი ქვეყანა ბევრი წლით უკან გადაწია. " - აღნიშნა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძე: კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა პრონციპით შეირჩა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და ხომ არ ითვავალისწინებს ამ პოზიციაზე თეა წულუკიანის დანიშვნა მის თანამდებობრივ ჩამოქვეითებას, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაა. „კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, გამომდინარე იქიდან,რომ ყველა კომიტეტი არის პასუხისმგებელი როგორც კანონშიდა მოქმედ საქმიანობაზე, ისე შესაბამისი სამინისტროს, ან სამინისტროების ზედამხედველობაზე. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდონარე, თხუთმეტივე კომიტეტის თავმჯდომარე ამ პასუხისმგებლობას შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.