პოლიტიკა

NATO საქართველოსთან პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებს

NATO საქართველოსთან პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა. NATO-ს ყველა მოკავშირე მზადაა, საქართველოს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს. მისი თქმით, ყველა მოკავშირემ განაცხადა, რომ მზად არიან იპოვონ გზები, რათა უფრო მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართვლოს. „NATO-ს სამომავლო სტრატეგიის ნაწილია ასევე იმ გზების გამონახვა, თუ როგორ შეუძლია NATO-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ NATO-ს მისიებში. ამის შესახებ სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთი განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და შავ ზღვაში ყოფნის ზრდას. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სახდეპი: NATO-ს მინისტერიალის მონაწილეებმა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობაზე NATO-ს მინისტერიალში, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. „მოკავშირეთა ლიდერებს გულწრფელი საუბარი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. სხვა დისკუსიები შეეხო რუსეთს, შეიარაღების კონტროლს, რეგიონალურ უსაფრთხოებას, NATO 2030-ს. ასევე - წინსვლის ასახვის პროცესს და NATO-სა და აზია-წყნარი ოკეანეის პარტნიორებს შორის საერთო კავშირებისა და ღირებულებების განმტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.

მეთიუ ბრაიზა: მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა

მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. მეთიუ ბრაიზამ ინტერვიუს დროს, თეთრ სახლში მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან. „2007 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებს), წინადადების სახით, სომხეთს და აზერბაიჯანს ძირითადი პრინციპები წარუდგინეს. ასეთი წინადადებები ეუთოს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, მადრიდში იყო წარმოდგენილი, რომელსაც „მადრიდის პრინციპების“ სახელწოდებით ვიცნობთ. აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ამ პრინციპებს, არაოფიციალურად დაეთანხმნენ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი დეტალი ისევ შეთანხმებას საჭიროებდა. საბოლოოდ, ეს დეტალები არასდროს შეთანხმებულა. აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება. ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა დაკავებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა „დროებით იურიდიულ სტატუსს“ და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. თუმცა, რაც შეეხება უკვე 10 ნოემბრის ხელშეკრულებას, რომელზეც ალიევი და ფაშინიანი მორიგდნენ, მეთიუ ბრაიზას თქმით, არსებითად „მადრიდის პრინციპებია“, რომელსაც გარკვეული დეტალები აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაემატა. „მანამდე და ომის დროს, სომხეთი „მადრიდის პრინციპებს“ არ დათანხმდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანმა მოიგო ომი და ამგვარად, თავის სასარგებლოდ მოიპოვა ბერკეტები ასეთი პრინციპების მოდიფიცირებისთვის“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.

DFRLab - გამოვლენილია ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელსაც "ქართული მარში" და PosTv იყენებდნენ

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRlab) ცნობით, გამოვლენილია ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელსაც "ქართული მარში" და PosTv იყენებდნენ. კვლევის ფარგლებში DFRlab-მა 30 facebook ჯგუფი, 30 გვერდი და 10 ანგარიში გამოავლინა. ლაბორატორიის კვლევით გამოვლინდა აშკარა კავშირი იმ ანგარიშებს, ადმინისტრატორებს, ჯგუფებსა და გვერდებს შორის, რომლებიც ტელეკომპანია PosTv-ისა და "ქართული მარშის" პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. DFRlab–ს ცნობით, მათი უმრავლესობა შეთანხმებულად, ხშირ შემთხვევაში კი, ერთი და იგივე წყაროდან იმართებოდა. ქსელში შემავალი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები იდენტური მეთოდებით ცდილობდნენ მომხმარებლებისთვის მოტყუებით პოლიტიკური კონტენტის მიწოდებას და მათ გავრცელებას. ფეისბუქგვერდები კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ფეისბუქგვერდები, რომელთა ჯამური აუდიტორია დაახლოებით 98 000 ფბ მომხმარებელი იყო. ეს გვერდები დაკავშირებული იყო ფოტოგრაფ და ვიდეობლოგერ George Toreli - სთან. გამოვლენილი ფეისბუქგვერდები, იდენტობის შეფარვის მიზნით მოგზაურობის, მარკეტინგის, ფოტოგრაფიის, ფილმების და გართობის საკითხებით დაინტერესებას იჩემებდნენ. სინამდვილეში კი "ქართული მარშისა" და PosTv-ის კონტენტის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითისთვის, ფეისბუქგვერდები George Toreli; Tyachi და Torel News კოორდინირებულად ავრცელებდნენ PosTv-ის გართობის და "ქართული მარშის" პოლიტიკურ ვიდეოებს. მოცემული გვერდები PosTv-სა და "ქართული მარშის" კონტენტს ერთი და იგივე დროის ინტერვალით აზიარებდნენ, რაც კოორდინირებულ ქმედებაზე მიუთითებს ისევე, როგორც ამ გვერდების ცენტრალურ მართვაზე. კიდევ ერთი გვერდი - "მარში ტვ" (March Tv) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 1 სექტემბერს შეიქმნა. გვერდი პირდაპირ იყო დაკავშირებული "ქართულ მარშთან" და მასალებსაც პირდაპირ "ქართული მარშიც" ოფიციალური გვერდიდან აზიარებდა. ეს გვერდი ორ საჯარო ფბ ჯგუფს უწევდა ადმინისტრირებას: "საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები" და "ყიდვა-გაყიდვა საქართველოში". მარში ტვ-ის შექმნის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რამდენიმე ფბ გვერდი, რომლებიც ტანსაცმლის, გართობის და სხვადასხვა სფეროს დასახელებებს ირჩევდნენ, სინემდვილეში კი "ქართული მარშის" კონტენტს ავრცელებდნენ. მაგალითისთვის ფბ გვერდი "The best shoe fabric" რეალური იდენტობის დასაფარად ფეხსაცმლების გასაყიდ გვერდად შეიქმნა, სინამდვილეში კი გვერდის შესახებ ინფორმაციაში ინტერნეტ ტელევიზიაა მითითებული, გვერდის მისამართი (ID) კი "მარში ტვ"-ზეა გაფორმებული. ფეისბუქანგარიშები ქსელი ასევე რამდენიმე ფბ ანგარიშსაც (account) მოიცავდა. ისინი ასევე კოორდინირებულად ავრცელებდნენ "ქართული მარშისა" და PosTv-ის მასალებს. რამდენიმე მათგანს არაავთენტიკურობის დამადასტურებელი მკაფიო მახასიათებლებიც ჰქონდათ - ანგარიშებზე პროფილის ფოტოდ ინტერნეტიდან აღებული ფოტოები ეყენათ, 2 მათგანს კი სამუშაო ადგილად "ქართული მარშის" საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახური ჰქონდათ მითითებული. ფეისბუქჯგუფები DFRlab-ის მიერ გამოვლენილი ქსელი 30-მდე ფბ ჯგუფსაც მოიცავდა, მათი ნაწილი დახურული ჯგუფია. ჯგუფების წევრთა საერთო რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს. ყალბი გვერდების მსგავსად, ჯგუფებსაც შეცდომაში შემყვანი სხვადასხვა სფეროსთან ასოცირებული, აპოლიტიკური სახელები დაერქვა, თუმცა, სინამდვილეში, ჯგუფებში PosTv-ისა და "ქართული მარშის" კონტენტი აქტიურად და კოორდინირებულად ვრცელდებოდა. ქსელს ერთმანეთთან, მათ შორის, საერთო ადმინისტრატორებიც აკავშირებენ. მაგალითისთვის: ფბ გვერდი "The best Shoes Fabric" (მარში ტვ) რამდენიმე ასეთი ჯგუფის ადმინისტრატორია (საგიჟეთი ღამურები შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში). კიდევ ერთი საერთო ადმინისტრატორი მსგავსი ჯგუფებისა PosTv-ის გასართობი გადაცემების წამყვანი ნინო ადამაშვილია (Nino Adamashvili), რომელიც, მათ შორის, "ქართულ მარშთან" დაკავშირებული ჯგუფების თანაადმინისტრატორია. ქსელში შემავალ ჯგუფებში ადამაშვილი "ქართული მარშისა" და PosTv-ის კონტენტს კოორდინირებულად ავრცელებდა. ადამაშვილი ასევე ორ სხვა ჯგუფს ადმინისტრირებს - "საქართველო - GEORGIA" და "ქართული სიმღერები". პირველი ჯგუფი თავდაპირველად "Stop COVID-19 Georgia"-ის სახელით შეიქმნა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფის სახელი "საქართველო - GEORGIA"- ად გადაკეთდა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, შეცდომაში შემყვანი სახელის მიუხედავად, თითქოს ჯგუფი ქართული სიმღერების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ადამაშვილი ჯგუფში PosTv-ის კონტენს ავრცელებდა, სხვა მასალებთან ერთად. "საბოლოო ჯამში, ქსელში შემავალ გვერდებში, ანგარიშებსა და ჯგუფებში შეიმჩნევა თანამშრომლობისა და არაავთენტიკური ქცევის დამადასტურებელი რამდენიმე ასპექტი. საერთო სტრატეგია მიმნდობი და დაუეჭვებელი მომხმარებლების შეტყუება უნდა ყოფილიყო, აპოლიტიკური დასახელებების წყალობით, შემდგომ კი მათთვის PosTv-ისა და ქართული მარშის დღის წესრიგის გასატარებლად, შესაბამისი მასალების მიწოდება", - წერს DFRlab. ლაბორატორიამ დაახლოებით ერთი თვის წინ "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ვებგვერდების ქსელიც გამოავლინა, რომელიც ასევე იყო დაკავშირებული პროსამთავრობო მედია PosTv-სთან.

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო "ოცნება" 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

აზერბაიჯანში 10 ნოემბერი „გამარჯვების დღედ“ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბრძანებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამარჯვების დღის დაწესების შესახებ, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბრძანების თანახმად, „გამარჯვების დღეს“ აზერბაიჯანში ყოველი წლის 10 ნოემბერს აღნიშნავენ. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან მონაწილეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო სამეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, მინისტერიალი ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ტარდება. დღეს, 2 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი ონლაინ-შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთად ჩაერთვება. მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის „არსებითი პაკეტის“ განახლების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.

კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ჯო ბაიდენმა სახაზინო მდივანი წარადგინა

კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ასე წარადგინა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახაზინო მდივანი და ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი სახაზინო მდივნის პოზიციაზეა შერჩეული. „მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - განაცხადა ბაიდენმა. იელენის მოადგილედ კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ფონდის ხელმძღვანელი უოლი ადეიემო წარადგინეს. ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაასახელა.

ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს

3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.

ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან - ცესკოს სპიკერი გადადგომას ადასტურებს

ცესკოს პრესსპიკერი გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. როგორც ანა მიქელაძე აცხადებს, მისი თითოეული ნაბიჯი, თანხვედრი უნდა იყოს ღირებულებებთან. "ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა", - აცხადებს ანა მიქელაძე.

არიზონამ და ვისკონსინმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს

არიზონამ და ვისკონსინმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპა 2016 წელს აღნიშნული ორივე შტატი მოიგო, თუმცა 2020 წლის არჩვენების შედეგები გაპროტესტებამაც ვერ შეცვალა. არიზონას შტატში ბაიდენმა ტრამპი 10 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა, ხოლო ვისკონსინში მან 20 000-ით მეტი ხმა მიიღო. გამოცემისვე ცნობით, ტრამპის კამპანიამ უკვე გადაიხადა 3 მილიონი დოლარი ვისკონსინის, მილოუკისა და დეინის ოლქებში ხმების გადათვლისთვის, თუმცა საბოლოო შედეგით მაინც დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა. გამოცემა წერს, რომ ბაიდენი, დიდი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით 302 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 232-ს.

ჩინეთი NATO-სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ჩინეთი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის და ალიანსს სწორი მსოფლმხედველობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. "ჩინეთი იმედოვნებს, რომ NATO მათ მიმართ შექმნილ დამოკიდებულებას შეცვლის, ქვეყანა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს", - განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.

პოლონეთში სამუშაო ვიზას, წლიურად, საქართველოს 10,000-მდე მოქალაქე ითხოვს - ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, საკონსულოში წელიწადში თითქმის 10 000 განაცხადი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღების მიზნით. ამის შესახებ დიპლომატმა Forbes Georgia-სა და BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმთ, როგორც სასწავლებლად, ისე სამუშაოდ, ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. „აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები. პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ჩვენ ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.

აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. მათი თქმით, სომხეთის შეარაღებული ძალების გასვლისა და ოკუპაციიდან 28 წლის შემდეგ, რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. „სამმხრივი შეთანხმების თანამხად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა მოაწერეს, პირველ დეკემბერს აზერბაიჯაინის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. მოსკოვში დადებული ხელშეკრულება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილიდან გასვლას ავალდებულებს.

იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, NATO-ს ღირებული პარტნიორის, საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ

„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, NATO-ს ღირებული პარტნიორის, საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადი საკითხების განსახილველად ორი დღის განმავლობაში შეიკრიბებიან. „ასევე შემოგვიერთდებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიის ფარგლებში, რომლის დროსაც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ. განსახილველ საკითხთა შორისაა ამ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინულმა მედიამ დღეს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.

ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს - უკრაინული მედია

ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ კიევში, თბილისსა და ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნატოს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე უკვე მიაღწიეს თანხმობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეუძლია წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს. გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა სამოქმედო გეგმის მოთხოვნები და ახლო მომავალში ალიანსის 31-ე წევრი უნდა გახდეს“, - წერს უკრაინული გამოცემა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ამ ეტაპზე ყველა მოკავშირის პოლიტიკური თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის. წყაროების ინფორმაციით, დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.

პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიცია მეტეხის ტაძრის ეზოში შეიკრიბება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიციური პარტიები მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბებიან, სადაც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ხელმოწერით დაადასტურებენ. ამის შესახებ ჩიხლაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჩიხლაძის ინფორმაციით, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. „თარიღი არ ვიცით, რადგან არ ვიცით, როდის ჩატარდება პირველი სხდომა. ადრეც გვქონდა ეს ვარიანტი, მთლიანი ოპოზიციური ფლანგის მეტეხის ეკლესიის ეზოში შეკრება, როგორც ბარიერ გადალახულის, ასევე იმ პარტიების, ვისაც არ გადაალახინეს ბარიერი და ერთობლივი ხელმოწერა იქნება არშესვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიებმა ასევე ისაუბრეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზეც. „გვაქვს მოლოდინი ჩვენ, პარტნიორებსაც და მოსახლეობასაც, რომ მესამე რაუნდი შედგება, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, მოვა მესამე რაუნდზე საერთოდ, თუ არ მოვა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება თუ არა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს

29 ნოემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 250 ადამიანი მინსკში დააპატიმრეს. კვირის მორიგმა აქციამ ამჯერად "მეზობლების მარშის" სახელი მიიღო. დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ კოლონად უნდა გაერთიანებულიყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. აქციის დაწყებამდე მინსკში კვლავ შეფერხებული იყო მობილური ინტერენეტის კავშირის და დახურული იყო მეტროს ცენტრალური სადგურები. საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია „ლელო საქართველოსთვის "ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გაივლიან ტექნიკურ დეტალებს, თუ რას აპირებს ოპოზიცია პარლამეტის პირველი სხდომის გამართვისას. „იცით, რომ გუშინ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს ე.წ. მეორე ტურის შედეგები. შესაბამისად, ყოველდღე შეგვიძლია ველოდოთ იმას, რომ ცესკო შეაჯამებს საბოლოოდ ამ ე.წ. არჩევნების შედგებს და შემდეგ ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს პირველი სხდომა. ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ რათა გავარკვიოთ ბოლო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვაკეთებთ პირველი სხდომის დროს. გარკვეული მონახაზები უკვე არსებობს. „ლეიბორისტებთან" შეხვედრის შემდეგ ჩვენ ეს მონახაზები გავაჟღერეთ. შესაბამისად, დღეს ტექნიკურ დეტალებს გავივლით. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით სიახლის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ იქნება თუ არა ეს მესამე რაუნდი საერთოდ, არავინ იცის“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, ელჩებს დღეს ოპოზიციის ლიდერები, კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძე შეხვდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.