პოლიტიკა

საფრანგეთიდან სამხედრო პროდუქციის მიღება გადაიდო

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 75 მილიონი ლარით უმცირდება ხარჯი, აქედან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს სამხედრო პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო. მისი თქმით, საუბარია პროექტების არა გაჩერებაზე, არამედ ვადის გადაწევაზე. „შესაბამისად, ამ პროდუქციის მოწოდების მზაობა როგორც კი იქნება, ეს თანხები აისახება უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს ხელშეკრულება არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საფრანგეთისგან ვიღებთ გარკვეულ სამხედრო პროდუქციას, შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით წარმოიქმნა მოწოდების და ინსტალაციის პრობლემა და ამანაც ვადაში გადაიწია, თუმცა, პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდება და ცხადია, ამ პროექტით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდება. როგორც კი პისტკრიზისული პერიოდი გაივლის, ეს ყველაფერი აღდგება, არც ერთი პროექტი არ ჩერდება,"- განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოში ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებით ოთხი კონგრესმენი აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო მდივნებს წერილით მიმართავს

აშშ-ის კონგრესის ოთხი წევრი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სახაზინო მდივან სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავს და ამერიკელი ბიზნესის დაცვისკენ, ასევე რუსეთთან და ირანთან ივანიშვილის კავშირების შეფასებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილის თანაავტორის, სენატორ ტედ კრუზის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. პრესრელიზს თან ახლავს პომპეოსა და მნუჩინისთვის განკუთვნილი წერილის ტექსტი, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ტედ კრუზთან ერთად ხელს აწერენ სენატორი ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯოდი ერინტონი და მარკვეინ მალინი. წერილში ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო და სახაზინო მდივნებს მოუწოდებენ, ჩაატარონ ბრიფინგი საქართველოში მმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საპასუხოდ, კერძოდ კი, საქართველოს „უკანონო ფინანსურ კავშირებზე ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან, მათ შორის ირანთან, რომელიც ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ბიზნეს ინტერესებს“. „გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებისა და პოტენციური უკანონო ფინანსური საქმიანობის გამო. ჩვენს განსაკუთრებულ და მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრულ მეტოქეებთან და მტრებთან, რომლებიც ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნეს-ინტერესებს აზარალებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები დასავლური ბიზნესისთვის გაიზარდა. კარგ მმართველობასთან დაკავშირებულმა ამ საკითხებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების ოპერირებისა და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას. ტეხასური კომპანია „ფრონტერა რესურსი“ საქართველოს ნავთობისა და გაზის მზარდ სექტორში უმსხვილესი ამერიკელი ინვესტორია. მათ ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩადეს. ბოლო დროს, „ფრონტერა“ გახდა მახრჩობელა რეგულაციებისა და შეზღუდვების სამიზნე და ახლა საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაძლო ექსპროპრიაციის წინაშეა. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ანალოგიური გზით განდევნეს კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებს, რამაც პროექტი შეაჩერა. ეს გართულებები და წინააღმდეგობები ღრმად აღინიშნება გეოპოლიტიკური შედეგებით, „ფრონტერას“ ენერგორესურსების აღმოჩენის სამუშაოს მიზანი იყო, რომ საქართველო გამხდარიყო სტაბილური და ენერგოდამოუკიდებელი. ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი მიმართული იყო რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებისკენ. მეტიც, კანონიერი ბიზნესის გაძევების შემდეგ, მისი ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა. ქართული ბიზნესი და საქართველოს ფინანსური სისტემა წლების განმავლობაში ცნობილი იყო სანქციებზე მომუშავე ამერიკული მაღალჩინოსნებისთვის, როგორც ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როდესაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა თბილისში მცირე საბანკო ინსტიტუტზე კონტროლი მოიპოვა და იყენებდა მას ფულის გადასაადგილებლად დამატებით საქმიანობასთან ერთად, რომელიც დაკავშირებული იყო ფულის გადაცვლასთან, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ კომპანიებთან და ავიახაზთანაც კი. ქვეყნის დასავლური ორიენტაცია მის მრავალრიცხოვან პორტებთან ერთად ხდის მას იდეალურ სამიზნედ ირანელებისთვის. მართლაც, ბოლო დროს გავრცელებული ცნობები მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმის პორტი კვლავ წარმოადგენს სამიზნეს ირანის უკანონო ნავთობსაქმიანობისთვის. ჩვენ ვითხოვთ ბრიფინგს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე: · ჩართულია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით კანონიერი ამერიკული ბიზნესის განდევნის ძალისხმევაში. · მოტივირებული ნებისმიერ მსგავსი საქმიანობა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირების შესახებ ცნობები. · აყენებს საფრთხეს საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა მნიშვნელოვან ამერიკული ეროვნულ ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში. საქართველო კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორია და ნატო-ს ასპირანტი მოკავშირეა. სამხედრო თვალსაზრისით, ქართველებმა ავღანეთში ჩვენი მისია უზრუნველყვეს რესურსებით. გეოგრაფიულად, ქვეყანა სთავაზობს მნიშვნელოვან მარშრუტს ვაჭრობისა და ენერგეტიკისთვის კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე. აშშ-საქართველოს საიმედო პარტნიორობა ამერიკის ინტერესების საჭიროებებში შედის, რაც თავის მხრივ, ითხოვს, რომ საქართველო მიუბრუნდეს და განავითაროს კარგი მმართველობა. ჩახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები საჭიროებს ფართო რეაგირებას ფედერალური მთავრობის მხრიდან და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ რესურსის მიწოდება, რომელიც გჭირდებათ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია წერილში.

სუს-ი - ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.

საგარეო უწყება - 16 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 538 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11 235

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2020 წლის 16 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,538 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,235 მოქალაქე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/CoVID-19-mfa-stats.aspx ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: "მივიღე გადაწყვეტილება გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები ვერ იქნება და შესაძლოა ვერც მაპატიოს. სანამ ჩემი, ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, შეწყალების არსი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად, უნდა განვმარტო: 1. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები. ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. გასაგები რომ იყოს, დავამატებ, პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება - იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს! 2. არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას! 3. არავის, არც მანამდე, და არც ეხლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით.... და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე! პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე ,,უნდათი“ არავინ არ უნდა საუბრობდეს! მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, განიხილებოდეს თუნდაც საკონსტიტუციო, თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. 4. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა, ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალურ ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესეც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას. ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებს და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებ! ახლა მთავარი- ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას? დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ სჩანს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ ორი დამნაშავის გამო, რომ სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს! რადაც არ უნდა მიღირდეს - და მერწმუნეთ ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება - მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ, საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის, ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის!" შეგახსნებთ, რომ 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას თავისუფლების 3 წლით აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, 20 ივნისის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 13 აპრილს გამოიტანა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.