ეკონომიკა

პაატა იმნაძე: ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა

ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა იქედან გამომდინარე, რომ ეპიდსიტუაცია დაძაბულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. სამწუხაროდ, ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, კვლავ მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. თუ ისევ მოიმატებს ავადმყოფების რაოდენობა, როგორც ზაფხულში გახდა საჭირო დამატებითი საწოლების მობილიზება, ე.წ. საველე ჰოსპიტლების სახის, შეიძლება, კვლავაც გახდეს საჭირო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი.

ზალკალიანმა საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, ბათუმის პორტში ამერიკული TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნაზე გაამახვილა ყურადღება

„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმდინარე წელს ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით სვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და მაღალი უცხოური საინვესტიციო კაპიტალისთვის, ასევე სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებისა და ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოებისთვის. დავით ზალკალიანის თქმით, ამ მიზნის რეალიზაციის კუთხით, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად: მიმდინარე წელს, საქართველოში გაიმართა 15 ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი და ბიზნეს-ფორუმი, ასევე, 12 ონლაინ ბიზნეს შეხვედრა/ფორუმი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის პორტში, ამერიკული კომპანია TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნასა და PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის დაწყებაზე. „მიღწეულია შეთანხმება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ჩინეთთან, კორეასთან, იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან, ჩვენს რეგიონში მეტი ტვირთების მოსაზიდად და შესაბამისად ამ ქვეყნების მხრიდან არის მზაობა, ჩვენი რეგიონის დერეფნის გამოყენებით გაზარდონ ტვირთბრუნვა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 ივნისს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

სილვიუ დომენტე: მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% მედიკამენტებზე მოდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის. საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის და რეგიონული დირექტორის სილვიუ დომენტეს თქმით, მედიკამენტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. „გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი. მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მოსამზადებელი სამუშაო დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა. მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ $1.9 მლრდ-ს მიაღწია

საქსტატმა დღეს 2021 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია. ჯამურად, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება. ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც $337 მილიონი გადმოირიცხა, მეორე ადგილზე $316 მილიონით იტალიაა, მესამეზე კი $234 მილიონის გზავნილებით აშშ იმყოფება. საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნების რეიტინგი: 1. რუსეთის ფედერაცია - $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან 16%2. იტალია - $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%3. აშშ - $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%4. საბერძნეთი - $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%5. ისრაელი - $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%6. გერმანია - $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%7. თურქეთი - $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%8. უკრაინა - $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%9. აზერბაიჯანი - $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%10. ესპანეთი - $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან 17%11. ყაზახეთი - $39.1 მილიონი, მატება წინა წელთან 169%12. საფრანგეთი - $30.9 მილიონი, მატება წინა წელთან 38%13. პოლონეთი - $26.7 მილიონი, მატება წინა წელთან 18%14. ყირგიზეთი - $19.5 მილიონი, მატება წინა წელთან 270%15. კანადა - $18.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%16. გაერთიანებული სამეფო - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 17%17. ირლანდია - $16.7 მილიონი, მატება წინა წელთან 49%18. კვიპროსი - $13.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%19. სომხეთი - $10.5 მილიონი, მატება წინა წელთან 8%20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.0 მილიონი, მატება წინა წელთან 20%. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.

საქსტატი - 2020 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით, 6.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 14.8 პროცენტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7 პროცენტი. შემდგომ პოზიციებს იკავებს – 10.7 პროცენტით დამამუშავებელი მრეწველობა, 8.7 პროცენტით მშენებლობა, 8.3 პროცენტით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, 7.5 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, 6.1 პროცენტით ტრანსპორტი და დასაწყობება, 5.1 პროცენტით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და 4.9 პროცენტით განათლება. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 8.1-პროცენტიანი ზრდა იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის, ხოლო 8.6-პროცენტიანი განათლების მიმართულებით; სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 12.4 პროცენტით გაიზარდა, 2.3 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2.8 პროცენტით გაიზარდა, ინფორმაცია და კომუნიკაცია კი 2.6 პროცენტით. კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).

ნათია თურნავა: ეჭვი არ გვეპარება, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება

ეკონომიკის მინისტრს ეჭვი არ ეპარება, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც 10 თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 31,4%-ით არის გაზრდილი. ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტის ზრდას გადააჭარბა. „ექსპორტის ზრდა არის დიდი შემომტანია ეკონომიკურ ზრდაში და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, ოქტომბერში საქართველომ ექსპორტით $411 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული თანხაა. დღესვე, მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს მის გუშინდელ განცხადებაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს. „ინფლაცია პრობლემაა და ამაზე საუბარს არ გავურბუვართ, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში, პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა. რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს ელემენტალური სტატისტიკაა, 2005, 2006, 2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა, მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2007 წელს, ორნიშნაც იყო, სიღარიბე ლამის 40%-ს აღწევდა, 2018, 2019 და 2020 წლებში სიღარიბის დონე იყო 19, 20, 21 %, თავად ხედავთ, რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით. ზრდა გახდა არამარტო ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი: ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ

"ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა მოგვარდეს. "რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა. 2005-2006-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა მაშინაც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და თუ არ ვცდები, 2007 წელს ორიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-40%-ს აღწევდა. 2018-2019 და 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, სიღარიბის დონე იგივე მაჩვენებელზე იყო. ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური იმისთვის, რომ ზრდის სიკეთე მთლიანად მოსახლეობას მოხმარდეს. როგორ ხდება ეს? გვაქვს მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის თვითმიზანი. მიზანი არის ის, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნეს პროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამის მექანიკა, თორემ ის, რომ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი: მთავარი ამოცანაა, ENKA-სთან შეთანხმება ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე მოხდეს

„ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, ინვესტორ კომპანია Enka-ს და ქართულ მხარეს შორის ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში, შეხვედრები კიდევ გაიმართება. „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

საქსტატი: ოქტომბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი თითქმის 8 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 224.2 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის სექტემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი შვიდი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 224.2 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 6.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.5 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). საქსტატში აღნიშნავენ, რომ ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“ მუშაობას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ცნობით, მიზანი ნუმიზმატური მიმართულების განვითარებს და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაა. ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს. დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა - ვერცხლის მონეტები - 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები - 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების - 1500 ლარი. დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან. დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან. თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან. თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან.

ეკონომიკის მინისტრი: მომზადებული გვაქვს საკმაოდ წონადი პორტფელი ინვესტორებისთვის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს მთავრობას ინვესტორებისთვის საკმაოდ წონადი პორტფელი აქვს მომზადებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ის მიმართულებები დაასახელა, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელება და ინვესტორების მოზიდვა იგეგმება. „მომზადებული გვაქვს საკმაოდ წონადი პორტფელი, რომელიც ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ, ეს ეხება სხვადასხვა ლოგისტიკურ პროექტს, მათ შორის საპორტო ინდუსტრიის, A კლასის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას, ასევე საერთაშორისო აეროპორტებში კარგო-ტერმინალების განვითარებას. პარალელურად ძალიან დიდი პროექტებია ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში დაწყებული მანქანათმშენებლობით, დასრულებული IT ინდუსტრიით, რომელიც ინვესტორებისთვისაა შესათავაზებელი და ვიხილავთ, როგორ გავხადოთ ჩვენი საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. სააგენტო „აწარმო საქართველოშის“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „აწარმოე საქართველოს“ მექანიზმების დახვეწაზე. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოურ ინვესტიციებს და კომპანიებს, რომელთა მოზიდვა ხორციელდება. მიმდინარეობაში მზაობის სხვადასხვა ეტაპზე 21 ასეთი პროექტია. არის პროექტები, რომელიც ბოლო ეტაპზეა გადასული. ასევე ვისაუბრეთ იმაზე როგორ დავხვეწოთ „აწარმოე საქართველოს“ საინვესტიციო მექანიზმები და კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ, რათა სხვადასხვა სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განმარტა მან.

კარლ ჰარცელი კახეთში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა

11-12 ნოემბერს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ეწვია კახეთს, რეგიონისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად. მან მოინახულა ყვარელში, თელავსა და პანკისის ხეობაში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტები და შეხვდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ვიზიტი ეხებოდა ენერგოეფექტურობას, ბიზნესის მხარდაჭერას და ახალგაზრდების ჩართულობას. ევროკავშირის ელჩის ვიზიტი, 11 ნოემბერს, სასტუმრო ყვარლის ტბის მონახულებით დაიწყო. ამ სასტუმროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ენერგოეფექტურობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით ჩაუტარდა. რეზორტი ყვარლის ბუნებრივ ლანდშაფტზეა განლაგებული და 300 ჰა-ზე მეტ ფართობს იკავებს. ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, ის სრულ შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს რეგულაციებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. ვიზიტი ყვარლის ევროკლუბში გაგრძელდა, სადაც ელჩმა ჰარცელმა კლუბის დაარსების ორი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გახსნა. „ყვარლის ევროკლუბი - ილიას გზით ევროპაში“ 2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივის ფარგლებში დაარსდა. მისი მთავარი მიზანია ყვარლის ახალგაზრდებში განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გასული ორი წლის განმავლობაში ყვარლის ევროკლუბის ბენეფიციარების რაოდენობამ 1200-ს მიაღწია, 100-ზე მეტ ღონისძიებაში ჩართულობით, როგორიცაა კინო კლუბები, ინგლისური ენის გაკვეთილები და სხვა. იმავე დღეს ელჩმა ჰარცელმა მოინახულა კიდევ ორი კომპანია, რომელთაც EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით ისარგებლეს. ღვინის ქარხანას და დისტილერიას ასკანელი ძმები, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში: ლიეტვაში, ესტონეთში, გერმანიასა და პოლონეთში. ევროკავშირის და EBRD-ის დახმარებით კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია უახლეს საწარმოო დანადგარებსა და აღჭურვილობაში, გააუმჯობესა სურსათის უვნებლობის მართვა, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. პირველი დღე თელავის სასტუმროში ჰოლიდეი ინნ დასრულდა. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის დამხარებით, სასტუმრო განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით, აგრეთვე დააკმაყოფილა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები. მნიშვნელოვანი ოდენობის სესხის გარდა, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში, კომპანიამ საერთაშორისო ექსპერტებისგან უსასყიდლო მიიღო ტექნიკური დახმარება, რითაც სასტუმროს ბიზნესპრაქტიკა და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესა. ვიზიტის მეორე დღეს, დილით, ელჩი ჰარცელი ესტუმრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს და ოფიციალურად გახსნა ადგილობრივი საბავშვო ბაღი, რომელსაც სარემონტო და თბოიზოლაციის სამუშაოები ევროკავშირის დახმარებით, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა. პროექტს ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო ახორციელებს. ვენახის ნარჩენებისგან შექმნილი ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავე დროს, ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯების 60%-საც დაზოგავს. საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიება ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“ ფარგლებში გაიმართა. შემდეგ, ელჩი ჰარცელი ესტუმრა თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს, დაესწრო სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგს და შეხვდა ადგილობრივ ახალგაზრდებს. ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროექტის დახმარებით გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის ახალგაზრდები ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებით საკუთარი პოტენციალის გაზრდას შეძლებენ. დღემდე, საქართველოში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი შეიქმნა, მათ შორის თელავში, და უკვე 1,000-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დაეხმარა. ვიზიტი პანკისის ხეობაში გაგრძელდა, სადაც ევროკავშირის ელჩმა გახსნა პანკისის პედაგოგებისათვის მედიაწიგნიერების სემინარი, რომელიც კომუნიკაციის კომისიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. აუდიტორიის ნაწილი პანკისელი პედაგოგები იყვნენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. სემინარი ფართო სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და ასწავლონ სტუდენტებს როგორ წაიკითხონ და შეაფასონ მედია. ბოლოს, ევროკავშირის ელჩი შეხვდა პანკისის ქალთა საბჭოს და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში შექმნილ ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG). ქალთა საბჭო აერთიანებს ხეობაში მცხოვრებ პატივცემულ 15 ქალს, რომლებიც ადგილობრივ ქალებს დავების მოგვარებაში ეხმარებიან, კერძოდ, უზრუნველყოფენ იურიდიულ და სოციალურ დახმარებას და მუშაობენ ქალთა უფლებების საკითხებზე. გასული სამი წლის განმავლობაში, ახმეტის LAG-ი პანკისის თემს ადგილობრივი განვითარების სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარა, მათ შორის პირდაპირი მხარდაჭერა გაუწია ქალთა საბჭოსაც.

კვიპროსის პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე ვისაუბრეთ

კვიპროსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილს ნიკოს ანასტასიადისმა უმასპინძლა. მისი განცხადებით, კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, რაც საშუალებას მაძლევს დაგიბრუნოთ ის გულითადი მასპინძლობა თქვენც და თქვენს დელეგაციასაც, როგორიც მე გამიწიეთ 2019 წლის აპრილში. ეს ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ვიზიტად, რადგან ეს იყო კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენს საერთო მცდელობაში გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ისტორიულია თქვენი ვიზიტი, რამეთუ ის წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს კვიპროსზე. კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში. დამახასიათებელია, რომ ქართული საზოგადოება ერთ-ერთი უძველესი მართმადიდებლური საზოგადოებაა ჩვენს კუნძულზე, რასაც მოწმობს მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ძლიერ ცენტრს წარმოადგენს. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ ქართული საზოგადოების მოღვაწეობას კუნძულზე, რომელიც დაახლოებით, 2000 ადამიანს წარმოადგენს, სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა ამ მონასტრის გარშემო მიწის ის ნაკვეთი, რათა აქ აღიმართოს სამონასტრო კომპლექსი, რომ ქართველებმა რელიგიური მსახურება შეძლონ. ქალბატონ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, იმ ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების შესახებ, რომელთა თაობაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ეს არის შეთანხმებები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ცირკულარული მიგრაცია, ასევე, აკადემიური ხარისხების გაცვლა და ცნობა და ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, უმნიშვნელოვანესია სწორედ ის ბიზნეს შეთანხმებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე. დღეს ვისაუბრეთ ძალიან ფართო თემებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს. ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე კვიპროსის რესპუბლიკის მხარდაჭერა, რომელიც თბილისისა და ბრუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობას შეეხება“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

სამინისტრო: იანვარ-სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 11,3% შეადგინა

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, იანვარ-სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 11,3% შეადგინა აპრილში დაფიქსირდა უპრეცედენტო, 44.8 %-იანი ზრდა; მაისში - 25.8 %; ივნისში - 18.7%; ივლისში - 9.9%; აგვისტოში - 10.3%.გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და 2021 წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში, ჩვენ კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში, მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ. 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3% შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება

საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარები ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველჰყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით მწვანე წყალბადის მომავლის ტექნოლოგიას რეალობად აქცევს. დღეს გაფორმებული დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში მწვანე წყალბადის პონტეციალისა და სარგებლის შეფასება; პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველჰყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების გასავითარებლად; იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა; განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შერბილება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა მწვანე წყალბადის შესწავლის რუკაზე, კონკრეტულად, ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში მწვანე წყალბადის პირველ წარმოებას შექმნის. მისივე განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, მათ შორის საქართველოსთვის - გადაიყვანოს ელექტროენერგია მწვანე წყალბადში.

გერმანია საქართველოს  €5.2 მლნ-ს გამოუყოფს

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020). ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, მათ საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის 5.2 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი გრანტის გამოყოფას პროექტისათვის: „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“. პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 23.7 მლნ ევროს. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.

გერმანიასა და საქართველოს შორის გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დროს დოკუმენტი გაფორმდა

გერმანიასა და საქართველოს შორის გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები შესაბამისი ოქმის ხელმოწერით გუშინ წარმატებით დასრულდა. გერმანიის საელჩოს ცნობით, 2019 წელს გამართული წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 188,15 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი ევრო გრანტია. ამას ემატება რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომლის დიდი ნაწილიც საქართველო ხმარდება. გერმანიასა და საქართველოს შორის სამთავრობო მოლაპარაკებები ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბილ გეითსი იტალიური კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციას განახორციელებს

ბილ გეითსი იტალიური კოვიდვაქცინის ტექნოლოგიის განვითარებაში ინვესტიციას განახორციელებს. დაფინანსების მიზანია მეორე თაობის ვაქცინების შემუშავება, რომლებსაც შეუძლიათ, უფრო ფართოდ გაუმკლავდნენ Sars-CoV-2 კორონავირუსის შემაშფოთებელ ვარიანტებს. „მოხარულები ვართ, რომ ბილ და მელინდა გეითსის ფონდმა ინვესტიცია ჩადო ReiThera-ს ტექნოლოგიაში“, - განაცხადა სტეფანო კოლოკამ, ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა და კომპანია ReiThera-ს თანადამფუძნებელმა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. „პროექტი საშუალებას მოგვცემს, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერ-თანამშრომლების ქსელს დავუკავშირდეთ, ჩვენი ახალი GRad ვექტორული ტექნოლოგიის პოტენციალის გამოყენებით ვაქცინების შემუშავების მიზნით, რომლებიც საჭიროა ახალი COVID19-ის ვარიანტებისთვის“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი. ReiThera-მ უკვე შეიმუშავა GRad-COV2, Covid19-ის ვაქცინის კანდიდატი. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და კარგად ადაპტირდება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში, რაც კომპანიის დამფუძნებლებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მესამე ფაზის კვლევა დაიწყოს. ამავე თემაზე: მეორე ფაზის კვლევისას ახალმა იტალიურმა ვაქცინამ ეფექტიანობა აჩვენა

„თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტა აკრძალა

„თალიბანმა“ ავღანეთში უცხოური ვალუტების გამოყენება აკრძალა, რამაც კოლაფსის პირას მყოფი ეკონომიკა შეიძლება, კიდევ უფრო შეაფერხოს. ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, მას შემდეგ რაც „თალიბებმა“ კონტროლი დაამყარეს ავღანეთზე, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გაუქმების გამო ქვეყნის ეკონომიკას გაუჭირდა. „ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას გამოიყენოს ავღანური ვალუტა“, - აცხადებს „თალიბანი“. დოლარი ფართოდ გამოიყენება ავღანეთის ბაზრებზე. დოლარს ასევე ხშირად იყენებენ ვაჭრობისთვის ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პაკისტანში. „ისლამური საამირო ავალებს ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მესაკუთრეს, მოვაჭრეებს, ბიზნესმენებს და ფართო საზოგადოებას, ამიერიდან განახორციელონ ყველა ტრანზაქცია ავღანეთში და მკაცრად თავი შეიკავონ უცხოური ვალუტის გამოყენებისგან“, - თქვა თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განცხადებაში. აგვისტოში, „თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ავღანეთს საზღვარგარეთ აქტივები გაუყინეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა. „აუცილებელია, შევინარჩუნოთ სანქციები „თალიბანის“ წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს ვიპოვოთ გზები ლეგიტიმური ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ავღანელი ხალხისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ", - განაცხადა შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა. 29 ოქტომბერს, „თალიბანის“ მთავრობამ ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარის განბლოკვა მოითხოვა.