ეკონომიკა

ლევან იოსელიანი: 300 ლარიანი ხელფასი არის დასაქმებულების დაცინვა, მალე დავასახელებთ ასეთ კომპანიებს

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტში კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების დაბალ ანაზღაურებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თვეში 300 ლარის ოდენობის ხელფასი რის დასაქმებულების დაცინვა. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იოსელიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. მისი თქმით, მოქალაქეები ამ საკითხზე საკნაონდებლო ინიციატივას ამზადებენ. ახლა, როდესაც არჩევნები ჩავლილია, იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს; ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხის ირგვლივ მთელი ამ წლების მანძილზე არის თავმოყრილი და ჩვენ ამ სივრცეს ვიყენებთ ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ ხალხზე და მათ პრობლემებზე ვილაპარაკოთ მინდა, ვისაუბროთ მომსახურეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. სიახლე არ არის, რომ ამ ადამიანების გასამრჯელო არის უკიდურესად დაბალი, დაახლოებით, 300 ლარი. კომპანიების დამოკიდებულება კი ასეთია, თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, შეუძლიათ დატოვონ სამსახური. ჩაბრძანდით [დეპუტატებს] თქვენი ეზოს მაღაზიებში და ჰკითხეთ გამყიდველებს, რამდენი აქვთ ხელფასი. ასეთი ველური დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არსად არ არის. სომხეთში, აზერბაიჯანში ხელფასის მინიმალური ზღვარია დაწესებული, რომლის დაბლაც ხელფასის გადახდა არ შეიძლება. მე არ ვარ მომხრე, ვიღაცას სახელმწიფომ რაღაც მოახვიოს ძალით თავზე, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა, ასეთი დამოკიდებულების გამო არის, რომ მერე „მწვანე ბარათზე“ 100 000-ზე მეტ ადამიანს შეაქვს განაცხადი და გაქცევა უნდათ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მე დღეს არ ჩამოვთვლი იმ კომპანიებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც ასე ექცევიან საკუთარ სფეროში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ შემდგომში აუცილებლად დავასახელებ კონსულტანტებსაც, კომპანიებსაც და მათ მეპატრონეებსაც, რადგანაც ასეთი დამოკიდებულების გამოა, ამ ქვეყანაში გაჩერება რომ არ უნდა ხალხს და რომ გარბიან სამუშაოდ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია, გასაგებია, ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1,80 ლარის გადახდა, ეს არის დაცინვა, უბრალოდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. დეპუტატი ამბობს, რომ დღეს თავს შეიკავებს, თუმცა მომავალში აუცილებლად დაასახელებს ბიზნესებს და კომპანიებს, ვინც ასე იქცევა და დასაქმებულებს შეუსაბამო ხელფასს უხდის. „უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი. სხვაგან 10-20 დოლარს უხდიან საათში ადამიანებს. მესმის, რომ ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ამდენი გადავუხადოთ, მაგრამ 1.80 ლარი არის დაცინვა. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები და მოგიწოდებთ, დავიცვათ ეს ადამიანები. ესენი არიან ძალიან დაჩაგრული ადამიანები და მათი უფლებები უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა დეპუტატმა. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება

"არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით. ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს არ გაუძვირდებათ", - ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. "2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს სოკარ ჯორჯია გაზის საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს სოკარ ჯორჯია გაზის მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბერნში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა

შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქ ბერნში, ფესტივალის "FERNWEH" ფარგლებში, „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცობით, შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღვინის ფორუმს, ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიას და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო. „დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც აქვს ქვევრში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ღვინოებს, რომელთაც აქამდე არ ვიცნობდი. მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ფორუმს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“, - აღნიშნა ბერნის მერმა. „შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) დამფუძნებელმა, ზვიად არაბიძემაც წარმოადგინა. შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი გალარეა გაიხსნა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ქართველ ბიზნესმენ, ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ამასთან, ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დიდი ოცეულის ქვეყნები ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფენ, კლიმატთან ბრძოლის მიზნით

დიდი 20-ეულის გადაწყვეტილებით G-20-ის ქვეყნები, წლიურად 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ. დიდი 20-ეულის ორ დღიანი სამიტი 31 ოქტომბერს დასრულდა. დღეს კი გლაზგოში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. რომში გმართულ G-20-ის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადსადგმელად. სამოქმედო გეგმის მიზანს 2050 წლისთვის ნახშირბადის რაოდენობის შემცირება წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორია, გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიგანტი კომპანიები 15%-ით დაიბეგრებიან

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, გიგანტი კომპანიები 15%-ით დაიბეგრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა რომში გამართლ სამიტზე მიიღეს. სამიტს ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. როგორც სამიტის მონაწილეები განმარტავენ, დიდი 20-ეულის მიერ დამტკიცებული შეთანხმება უზრუნველყოფს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა გადაიხადონ მეტი გადასახადები და არ გაექცნენ მათ ოფშორებში გადასვლით. აღნიშნული საგადასახადო ინოვაცია, აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული.შეთანხმება, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის შევა ძალაში. აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის განცხადებით, დიდი ოცეულის ახალი შეთანხმება ისტორიული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. მისი პოზიციით, შეთანხმების შედეგად ისარგებლებს ამერიკული ბიზნესი და ზოგადად რიგითი მუშაკები, თუმცა ამერიკულ მეგაკომპანიებს მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (ОЭСР) შეფასებით, ახალი საგადასახადო ვალდებულებით, ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან გადახდილი გადასახადის რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი იქნება. ოქტომბერში 136 ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას გლობალური კორპორაციების მინიმალური დაბეგვრის შესახებ, მათ შორის ისეთი ინტერნეტ-გიგანტების, როგორიცაა Google, Amazon-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Apple. მათთვის აღნიშნული შეთანხმებით რთული იქნება გადასახადებისგან თავის არიდება ისეთი ოფისების გახსნით, რომლებიც წესდების თანახმად მცირე თანხებით იბეგრებიან. დიდი ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

სექტემბერში ბენზინი 44%-ით გაძვირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

სექტემბრის თვეში, ბენზინი 44%-ით გაძვირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის სექტემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გაზრდილია დიზელიც ფასიც და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 37%-ით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის ფასების ზრდის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. ფასების ზრდის მთავარ ფაქტორად ნავთობის გაძვირება სახელდება. "მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინი - 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 9.2 პროცენტით გაძვირდა (0.7 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის გაძვირების წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა", - წერია სებ-ის ანგარიშში. მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 15.9%-ით, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში 11.8%-იანი მატებაა, ჯანდაცვა ჯამში 9.2 პროცენტით გაძვირდა, სატრანსპორტო სექტორში კი ფასები 20.3%-ით გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა 12,3%-ს მიაღწია

2021 წელს გაცემული 7 425 სამშენებლო ნებართვიდან, ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 425 სამშენებლო ნებართვა. 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე საქსტატის ცნობით, ნებართვების აღნიშნული სტატისტიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით მეტია. სამშენებლო ფართობის სტატისტიკა კი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9 პროცენტით მეტი. როგორც საქსტატში განმარტავენ, ნებართვების 73,7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 პროცენტი თბილისზე, 9,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 8,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11,1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. საქსტატის ინფორმაციით, სულ, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიიღეს 1 155.4 ათასი კვ.მ ფართობის 1708 ობიექტი.

საქსტატი: 2021 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია. შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში. საქსტატი: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა საარსებო მინიმუმი 216 ლარი გახდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 32 ლარით მეტია ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სექტემბრის თვეში ყველაზე მაღალი - 12.3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზის დაძლევაში €60 მილიონით დაეხმარება

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზის დაძლევაში დაეხმარება და ამ მიზნით 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოლდოვას მიმართ. ხვალინდელი ასოცირების საბჭო კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ევროკომისია გამოყოფს 60 მილიონ ევროს, რათა დაეხმაროს მოლდოვას მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მართვაში“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის Twitter პოსტში. ცნობისთვის, მოლდოვამ პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა. მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე. „ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგება

კონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. "ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი ევროპული პირდაპირი მიმართულებით რეისები. მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი-მადრიდის მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებები არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი. ესპანეთში, ბარსელონაში მსოფლიო ტურიზმის სამიტი იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.

მოლდოვამ ენერგოკრიზისის ფონზე გაზი პოლონეთისგან შეისყიდა

მოლდოვამ პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა. ამის შესახებ Reuters-ი მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „განხორციელდა საცდელი შესყიდვა ალტერნატიული წყაროებიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესამოწმებლად და ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დასაბალანსებლად“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე. „ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

უძრავ ქონებაზე ფასების კლების წლიურმა ინდექსმა 8,9% შეადგინა

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტიშეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელიუძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლებისსეგმენტებს. "2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდაროგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში(-4.6 პროცენტი).2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.

სარფის საბაჟოზე ჯანმრთელობისთვის საშიში იმპორტირებული კარტოფილი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 ტონა კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში არ შემოუშვეს. მიზეზი კართოფილში არსებული ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები გახდა, რომელიც საბჟოს ლაბორატორიაში აღმოაჩინეს. "ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. "საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი ევროკავშირის ტრანშზე: გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს, გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო

ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე უარის თქმა ინვესტორებს გარკვეულ კითხვებს გაუჩენდა. ვაზილ ჰუდაკმა Forbes Talks-თან განაცხადა, რომ ამის შესახებ პრემიერს ღიად ესაუბრა. „გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად, ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით”. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ჰუდაკმა ასევე აღნიშნა, რომ სტაბილურობის, გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. აქ მოიაზრება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც: „ამდენად, რა თქმა უნდა, ღიად ვესაუბრე პრემიერს, რომ ინვესტორების მხრიდან კითხვის ნიშნები იქნებოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად ადგილობრივი სიტუაციისთვის რელევანტურად წარიმართა მთელი პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც გვაქვს პოლონეთის მაგალითი. სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგ შემთხვევებში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია - ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ ბრიუსელში, ევროკომისიაში. ამდენად მსგავსი შემთხვევები ხდება არამხოლოდ საქართველოში, ევროკავშირის გარეთ არამედ, ევროკავშირის შიგნითაც. ამდენად, მე არ მინდა განვსაჯო რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება იყო ეს გადაწყვეტილება - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჰუდაკმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი: საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია. ამის შესახებ მან Forbes Talks-თან ისაუბრა. „ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობასა და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში, განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო საწარმოს დაარსების საკითხი განიხილება

თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო საწარმოს დაარსების საკითხი განიხილება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, 21-ე ადგილზეა

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, მსოფლიო მასშტაბით კი, 21-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა. როგორც ჭეიშვილი აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია რვა ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების 100%-იანი სკალით 62% აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური შედეგია. „ეს წარმატება საქართველოს მთავრობის ეფექტური საქმიანობის შედეგია. საუბარია, განსაკუთრებით ორ ინდიკატორზე – სახელმწიფო სერვისების გაცემას და ანტიკორფუციულ რეფორმებზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, „სერვისების დახვეწა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველდღიური პროცესია, ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით კი, გაიზარდა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და დაიხვეწა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა“. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ამ კურსის ერთგულნი და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონაცემით, საქართველო ლიდერია შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში, მსოფლიო მასშტაბით კი, უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას, ნორვეგიას, შვედეთს, ისრაელს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ა.შ. მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა „SolAbility“-მ გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ ხუთი ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია: თანმიმდევრული მმართველობა (კრიტერიუმები: სახელმწიფო სერვისები, განათლების ბიუჯეტი, სამხედრო ხარჯები), ინფრასტრუქტურა (კრიტერიუმები: ინვესტიციები, გზები და რკინიგზა, საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა), ბიზნესგარემო (კრიტერიუმები: ბიზნესის კეთების სიმარტივე, ბიზნესის რეგისტრაცია, სექტორული განვითარება), კორუფცია (კრიტერიუმები: კორუფციის ინდექსი, მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია), ფინანსური სტაბილურობა (კრიტერიუმები: ფინანსური მდგრადობა, ფინანსური შოკების გავლენა, ფინანსური რეგულაცია). მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაერო-ს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა. „საფინანსო განვითარების კორპორაცია (DFC) აშშ-ის მთავრობის ინსტიტუტია, რომელმაც სიამაყით დააფინანსა საქართველოში ამერიკელების მიერ მართული პირველი საავადმყოფო - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ (AHT). ეს ჰოსპიტალი გააძლიერებს ჯანდაცვის მომსახურების სფეროს საქართველოში, მათ შორის კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებით. ყოველწლიურად, AHT 220,000 პაციენტს მოემსახურება, მათ შორის ბევრს, ვინც სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას ამჯობინებდა. ამასთანავე, AHT საქართველოში ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის ერთგულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისადმი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ტექსტში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი - დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.

სამხედრო ანალიტიკოსი: ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება, აუცილებელია საზღვაო თავდაცვის გაძლიერება

"ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება. მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლების დაცვის გაძლიერება, რომელიც არის დესანტსაშიში", - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა Europetime-ს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის შეფასებისას განაცხადა. როგორც სახმედრო ანალიტიკოსი Euroepetime-თან საუბრისას განმარტავს, 1993 წელს აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული დესანტის გადმოსხმის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ სანაპირო დაცვის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთის. "ჩვენთვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხელახლა შექმნა რთულია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გავაუქმეთ და გავაერთიანეთ შსს-ს სანაპირო დაცვასთან. ფლოტს ვერ შევინახავდით. ომის დროსაც გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვიყენებდით. საჭიროა ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერება. მოწინაღმდეგის საზღვაო დესანტისგან დასაცავად, ასევე პორტების ბლოკირებისგან დასაცავად. თუ ჩვენ ვაძლიერებთ ტანკსაწინაღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, იგივე ჯაველინების შეძენის სახით და იგივე საფრანგეთისგან საზენიტო მისტრალების შესყიდვით, ასევე ლოგიკური იქნება ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო დაცვის გაძლიერება. სანაპირო დაცვას პატარა კატარღების ტყვიამფრქვევებით ვერ შევძლებთ. აქ არის საუბარი მართვად ხომალდსაწინაღდეგო რაკეტების შეძენის საჭიროებაზე, მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია, მაგრამ შუძლიათ, 100-300 კილომეტრამდე მანძილზე მოწინაღმდეგის ხომალდის დაზიანდება. ამას აკეთებს უკვე უკრაინა, თავისი ნეპტუნის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების წარმოებით. ესტონეთმა ისრაელთან გააფორმა ხელშეკრულება თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სისტემას ყიდულობს. იგივეს აკეთებს, ლიეტუვა, ლარვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამივე ქვეყანა NATO-ს წევრი ქვეყნები არიან. მათ იციან, რა არის საზღვაო დესანტის საფრთხე", - განმარტავს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორი და ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში საქართველო აშშ-ს შორის კონკრეტული შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა ვიზიტის მთავარი თემა მაინც შავი ზღვის აკვატორიაა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით, აშშ-ს და საქართველოს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“ ითვალისწინებს. ანალიტიკოსი მოიაზრებს რომ ეს შეთანხმება საქართველოს საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც გულისხმობს. აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები

ლორენს მერედიტი: ევროკავშირი 80 000 მცირე და საშუალო ქართულ საწარმოს დაეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებით ხუთი ახალი პროექტი იწყება. ერთ-ერთი პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება. ამის შესახებ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა. "პროექტის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა. ლორენს მერედიტი: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება ევროკომისიის წარმომადგენელი: ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის და ადამიანის უფლებათა სფეროში