ეკონომიკა

Tesla-მ ბიტკოინებში $1,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ბიტკოინებში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. Tesla აცხადებს, რომ საკუთარ პროდუქციას კრიპტოვალუტაზე გაყიდის. კომპანიის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს - $43 000 მიაღწია.

ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე „კომენდანტის საათის“ წესში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხსვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე. „ვფიქრობთ, 2 კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. „ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ გარკვეულ პარამეტრებზე კორონავირუსის ​ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებელის კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერს კომენდანტის საათით 2 საათით გადაწევა სთხოვეს. მისი თქმით, შეზღუდულ დროში სამუშაოს შემდეგ თანამშრომლების სახლებში გადაყვანა ინფიცირების რისკების მატარებელია, ამიტომ სექტორი კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვს. „დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ტრანსპორტის 21:00 საათამდე ამოქმედების საკითხი პრობლემატურია, რადგან სავაჭრო ობიექტები 19:00 საათზე იკეტება და რჩება 2 საათიანი პერიოდი ხალხის გადაყვანისთვის. თუ ადრე იყო სავაჭრო ობიექტებში ინფიცირების რისკი, ახლა იქმნება გადაყვანის დროს ინფიცირების რისკი, ამიტომ ვითხოვთ კომენდანტის საათის 2 საათით გადატანას. მოინიშნა, გვითხრა რომ მოკლე პერიოდში დაგვიბრუნდება და გავაგრძელებთ მაგ საკითხებს კონსულტაციებს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ. „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას შეფასებით გიორგი გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი იმდენად კონსტრუქციული იყო, რომ დაიბნა. „საკითხები მეგობრული იყო, კონსტრუქციული. ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პირადად იღებს ვალდებულებას თავის თავზე რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი“, - განაცხად თემურ ჭყონიამ. კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო. „ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ უნდა ვისაუბროთ ერთობლივად რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის და ბიზნესი რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის", - განაცხადა ჭყონიამ. ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არჩილ კონცელიძემ ჟურნაილსტებს უთხრა, რომ კითხვები ბიზნესსაც ჰქონდა. „ძირითადად საუბარი პანდემიიდან გამოსვლის საკითხებზე იყო, რა გაკეთდება. დაახლოებით 15 კითხვა ბიზნესმა დასვა. გვაინტერესებდა პანდემიის და შეზღუდვების მოხსნის პრინციპები და როდის დაიწყება ეკონომიკის სრული გახსნა. რაზეც გვიპასუხეს, რომ დაავადების რაოდენობასთანაა მიბმული და რომ შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ვითიბი ბანკის პრეზიდენტმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ იმ 2 ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება. „პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი მზად არის, 24 საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერ მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. IG დეველოპმენტის დამფუძნებელი მინდია საბანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრემიერი მოტივირებულია, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს. მისი თქმით, პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს და საკითხები, რაც რთული გადასაწყვეტია, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. „ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში უწევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია. პრემიერიც კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას. პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს, განხილვებს, დისკუსიას და ის საკითხები, რაც რთულია გადასაწყვეტად, ეს საკითხები პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“, - განაცხადა მინდია საბანაძემ.

საპენსიო სქემაში ჩართული 1 მილიონი ადამიანის დანაზოგი უკვე 1,3 მილიარდი ლარია

საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. ამ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო Facebook-ზე ავრცელებს. მისივე თანახმად: საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ასეულობით ათასი ლარის საეჭვო ხარჯებზე, აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს

2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული. ანგარიში 5 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხა 90.0 ათასი ლარი.მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ დააფინანსა ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დახარჯული საბიუჯეტო სახსრებიდან რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული 90.0 ათასი ლარის ხარჯის მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული. დასკვნის თანახმად, მაშინ როცა მერიის ქონების მართვის სამსახურში 35 ადამიანია დასაქმებული, ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გადაურიცხეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, საკონსულტაციო სამუშაოებისთვის. მერიამ ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაოების მტკიცებულება ვერ წარადგინა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასოციაცია მერიას ეხმარება უძრავი ქონების და მატერიალური ფასეულობების აღწერაში, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი. 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ანგარიშის თანახმად, ასევე გამოვლინდა, რომ ნახევარ ტონამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სულ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი. გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად კი მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. სულ 2018-2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი. სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ანგარიშში ასევე საუბარია სატენდერო პირობების დარღვევაზე გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 7,932.6 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს. 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტის, მერიის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას. საჯარო ფინანსების რაციონალურიხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე,

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს აფრთხილებს

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს. ნათია თურნავას თქმით, 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება რომელიმე ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოზე ზეწოლის შედეგი არ ყოფილა. „ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ პირველ არხთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ხდება მაღაზიებისა და მოლების შემთხვევაში. „

საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

5 თებერვალს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ინფრომაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს შეხვედრის ფარგლებში ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმსა და ნაყოფიერ ურთიერთობებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში. "მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა სურვილი, რომ 2021 წელს გააქტიურდეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, შესაბამისი სამთავრობოთაშორისო, როგორც ეკონომიკური ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით. საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. ასევე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია იმუშავებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით,160 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ეროვნულ სტრატეგიაში ჩაიდება, რომელიც მოიაზრებს უფრო მეტი დახმარების გამოყოფას: წარმოების, მიწოდებისა და იმუნიზაციის ცენტრებისთვის, რაც ხალხისთვის ვაქცინის მისაწოდებლადაა საჭირო". „ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის იმუნიზაცია", - აცხადებს ჯო ბაიდენი. გეგმის ფარგლებში აშშ მოსახლეობას დამატებით 1,400 დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი გეგმა შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, გაზრდის ეკონომიკას და უფრო მეტს გააკეთებს, რათა აშშ უფრო ეფექტური გახდეს". ბაიდენის თქმით, თუ მისი ადმინისტრაცია ახლავე არ იმოქმედებს, „2025 წლამდე ვერ მიაღწევს უმუშევრობის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უმუშევრობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. „მილიონობით ამერიკელია უმუშევარი, ბევრი მათგანი 6 თვეა, რაც სამსახურის გარეშე დარჩა“, - დასძენს ჯო ბაიდენი.

ეკონომიკის სამინისტრო: ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია

"ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია", - ამის შესახენ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას. როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერი: შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფო მხარდაჭერას და სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ

ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. „მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესებისა, გარდა იმისა, რომ ამას როგორც შედეგი მოყვება უმკაცრესი რეაგირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. "ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მთავრობის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, ამიტომ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

იტალიის ახალი მთავრობის ფორმირება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბანკირს, მარიო დრაგის დაავალეს

დღეს, 3 თებერვალს, კვირინალების ბორცვზე (როგორც ამ ბორცვზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ეძახიან იტალიელები), პრეზიდენტმა მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა და ფაქტობრივად იტალია ჩააბარა. იტალიაში კრიზისის ფონზე, სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა. მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია. 2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე, რამდენიმე წელიწადი სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. კვირინალებზე მინისტრთა კაბინეტის შერჩევა-დასახელება მიმდინარეობს. იტალიელები სკეპტიკურად უყურებენ დრაგის კანდიდატურას - ეს ბოლო წლებში რიგით მეორე ე.წ. ტექნიკური მთავრობაა. პირველმა, მარიო მონტემ იტალიელები "დასაჯა" და არნახული გადასახადები დაუწესა ბერლუსკონისგან გათამამებულ ხალხს, უბრალო პენსიონერებსაც კი. მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა

EBRD-ის პრეზიდენტი: მზადად ვართ შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის

EBRD-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ოდილ ღენო-ბასოსთან, სალომე ზურაბიშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა. ევროპის რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოსთან შავი ზღვის მხრით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა. ოდის ბასომ, შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ EBRD მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეფორმების დანერგვაში. რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს პანდემიის დროს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესების დახმარების მიმართულებით გაკეთდა.

საქსტატი: იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატსისტკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასულიწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშეწლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა. "ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.3პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.3 პროცენტი) დაელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (2.1 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 პროცენტი), თევზეული (10.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 პროცენტი), პურიდა პურპროდუქტები (7.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები დანატურალური წვენები (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (26.7 პროცენტი), მინის ჭურჭელი,მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.6 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (7.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასებიგაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება, რაც -1.77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28.9 პროცენტი)." - ნათვამია სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: რესტორნების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება

"კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია", ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სარესტორნო ბიზნეს, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად გახსნას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "გასაგებია, რომ იმის გამო რომ რესტორნები არა აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე მათ აქვთ უკმაყოფილება. მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია. ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრამა. ცნობისთვის, გუშინ, სარესტორნო ბიზნესმა პროტესტის განსხვავებული ფორმა დააანონსა. 200-მდე რესტორანი, 6 თებერვალს მუშაობის განახლებას გეგმავს.

თბილისის მერია სწავლას დამატებით კიდევ 1000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსებს

"დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება", - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ადრე სარეიტინგო ქულა იყო 70 000 ან მასზე ნაკლები. ამჯერად, მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა. "ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წლიდან ფინანსდება ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან მასზე ნალები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაიზარდოს ბენეფიციართა რაოდენობა. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება. ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი. სემესტრულად-1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებულია როგორც ის აკადემიურ მოსრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველტა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე. გარდა ამისა, თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვისაც. ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები. ჩვენი ინიციატივით ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება - გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება და წლიურად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი" - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმ სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი სასწავლებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური. „სიახლე გვაქვს ისიც, რომ თუ ადრე ფინანსური წახალისების სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ეს თანხა იბეგრებოდა, ახლა შესაძლებელი იქნება ამ თანხის პირდაპირ სასწავლებლის ანგარიშზე ჩარიცხვა და ის აღარ დაიბეგრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მაია ცქიტიშვილი: EBRD-ისგან 4 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მივიღეთ, წლების განმავლობაში

EBRD-ის დაფინანსებით, საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და მათი ჯამური ღირებულება 4 მლრდ ევროს აღემატება, რომელიც საქართველომ EBRD-სგან მიიღო”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, EBRD-ის დახმარებით, საქართველოს 6 ქალაქისთვის, 175 ავტობუსი ჩამოვიდა და უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება დამატებითი ავტობუსების ჩამოყვანა. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი დონორი და აფინანსებს, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის, ახალი გვირაბის გაყვანასაც. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი ავტობუსების შესყიდვას. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ნარჩენების მართვის საკითხებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროექტებისა, რომელსაც EBRD გვთავაზობს. ძალიან აქტიურია EBRD-ის თანამშრომლობა კერძო სექტორთან. მთლიანად, მთელი პორტფელის ნახევარზე მეტი, პრაქტიკულად, კერძო სექტორთან აქვს EBRD-ს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კომპლექსური თანამშრომლობაა შესაძლებელი, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთესი პროექტები, საინვესტიციო პროექტები აღმოვაჩინოთ, დავაფინანსოთ და შევუწყოთ ხელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მხრიდან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

EBRD-ის პრეზიდენტი: ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე

EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულებას, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ოდილ ღენო-ბასომ ონლაინ-ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას თბილი მიღებისა და ვიზიტის ფარგლებში წარმართული დიალოგის ხარისხისთვის მადლობა გადაუხადა. „მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით“, - განაცხადა ოდილ ღენო-ბასომ. EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბანკის ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. „ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდო უპრეცედენტო მდგომარეობაში. ევრობანკის რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სოლიდარობის პაკეტი შევიმუშავეთ 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რათა ჩვენს საოპერაციო არეალში წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ვირუსის გავლენის დაძლევაში. ამას ძალიან ძლიერი მიზანსწრაფულობით ვახორციელებთ საქართველოში და ჩვენი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა. სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას - და სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი - ვისაუბრეთ ევრობანკის ძლიერ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის გაგრძელების კონტექსტში შემდეგი კომბინაციით: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში. ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის“ ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, ევრობანკს პრიორიტეტებად მიაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში, რომელიც შესანიშნავი ჩარჩო დოკუმენტი, გზამკვლევი და კალენდარია სტრუქტურული რეფორმების ნაწილში. ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას ამ სტრატეგიის შემუშავების დროს. ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ინვესტორი და მეგობარი. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის მთავრობას ასეთი თბილი მიღებისთვის და ძალიან ნაყოფიერი დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.

31 იანვრამდე 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მანდარინის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.

31 იანვრამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტმა 79.2 მლნ დოლარი შეადგინა

"2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა". ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამისნისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 165 ტონა), იტალიაში (3 766 ტონა), ჩეხეთში (716 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ესპანეთში (430 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), საფრანგეთში (359 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (873 ტონა), რუსეთი (713 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (444 ტონა), უკრაინა (290 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (166 ტონა), შვეიცარია (89 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია", -ნათქვამია სამინისტრო განცხადებაში.

31 იანვრამდე განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტმა 4.2 მლნ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 9.8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. "2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 9.4 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში", ნათქვამია განცხადებაში.

2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება

2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება და ზოგადად, 4 წელიწადში, ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, 20 მილიარდის ინვეტიციაა დაგეგმილი - ამის შესახებ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დათვალიერებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა. პრემიერის ცნობით, პანდემიის მიუხედავად, წელს, მხოლოდ ერთი სამინისტროდან, 2,2 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მისივე თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე დაიწყო რიკოთის არსებული გვირაბის პარალელური გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე, საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 800 მეტრიანი გვირაბი იქნება. უკვე გაჭრილია 190 მ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი - 885 მ. სამშენებლო სამუშაოები 53-დან 39 გვირაბზე და 96 -დან 61 ხიდზე ხორციელდება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ რიკოთს ახლა აქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის. „ეს გვირაბი, დაახლოებით, იქნება პარალელური, ყველასთვის ცნობილი, რიკოთის გვირაბის და იქნება 1800 მეტრი. ეს დასრულდება 2022 წლის მეორე ნახევარში, საერთოდ დასრულდება 1-ლი ეტაპი ამ რიკოთის მონაკვეთის და იქნება ყველაზე დიდი გვირაბი, სანა ქვეშეთი-კობს დავასრულებთ. ქვეშეთი-კობი, მოგეხსენებათ, რომ იქნება 9 კილომეტრზე მეტი. არც ერთი დღით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, პანდემიის პირობებშიც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც არ გაჩერებულა და არ გაჩერდება. აქ, მაგალითად, ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაკვეთზე, სულ დასაქმებულია 2 700 ადამიანი, საიდანაც 2 000 არის საქართველოს მოქალაქე. ამას ჩვენთვის, დღეს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებას და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერდება. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე - ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკა გაჩერებული არ არის. სამწუხაროდ, ეკონომიკის ზოგიერთი დარგებია გაჩერებული და ეს იძულებით ხდება, რამეთუ ჩვენც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 2020 წელს, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს 31 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - 2023 წელს. სამშენებლო სამუშაოები პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა, თუმცა COVID-19-ის გამო გადავადდა ჩინეთიდან სპეციალისტების ჩამოსვლა და ბოლო მონაკვეთზე სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება.