ეკონომიკა
მასწავლებლები და მოსწავლეები 10 ლარად 20 გბ ინტერნეტს მიიღებენ
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, 2021 წლიდან სწავლა ისევ ონლაინ განახლდება. კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ დაარეგულიროს ინტერნეტის ტარიფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში. შესაბამისად, 2020 – 2021 სასწავლო წლებში, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს – “მაგთის”, “ჯეოსელსა” (“სილქნეტი”) და “ბილაინს” (“ვიონი საქართველო”) უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, 30 დღიანი ვადით, 20 გბ ინტერნეტი 10 ლარად შესთავაზონ. მოქმედი ტარიფებით, 20 გბ “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, “ბილაინში” მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს. კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას.
საქსტატი: ზეთის ფასი 27 %-ით გაიზარდა, პურპროდუქტების - 7 % -ით, ყავა, ჩაის - 13%-ით, რძის ნაწარმის - 11%-ით
სტატისტიკის ეროვნული სამსახური სურსათზე ფასების ზრდის მონაცემებს აქვეყნებს საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი).
საქსტატი: სამედიცინო პროდუქციის ფასმა 13.6 %ით მოიმატა, ამბულატორიულმა მომსახურებამ - 11.9 %-ით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სექტორში ფასებმა 9.6 პროცენტით მოიმატა. უწყების განმარტებით აღნიშნული მაჩვენებელი 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის ინდექსზე. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე ფასებმა 13.6 პროცენტით მოიმატა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი 11.9 პროცენტით გაძვირდა.
საქსტატი: წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, სამედიცინო სექტორში ფასები მომატებულია 9.6 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტრო ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.0-პროცენტიანი კლება, რაც -1.89 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. „ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ამასთან, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.5 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი)“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, როგორც უწყებაში აცხადებენ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), თევზეული (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.5 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.5 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.2 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (11.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (8.2 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (6.7 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (5.9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.6 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.4 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7 პროცენტიანი კლება, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1 პროცენტი)“, – განმარტავენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი ძვირდება
დღეიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი ძვირდება არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა). „თბილისი ენერჯი“- ის თანახმად, 1 კუბური მეტრის ფასი 1.10 ლარი იქნება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. დღეისთვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 86 თეთრია. „თბილისი ენერჯი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკ-ის მიერ. „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით."- არის ის მიზეზი, რომელსაც ასახელებს კომპანია, ტარიფის მომატებისთვის. თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა.
კურტ ვოლკერი: ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი, თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი
ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს, ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. "ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება."- ვოლკერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და ის გამოთქვამს იმედს რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება. "უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა.
საქართველოს გავლით ევროკავშირში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდება დაიწყო
შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთ კორიდორის პროექტის ამოქმედებით, საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო დონის სტრატეგიულ მოთამაშედ იქცა. სამხრეთ კავკასიის გაზსადენიდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით, აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის 7 ქვეყანას და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის განვითარებას მოჰყვა. „თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა – ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში – ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. 692 კმ. სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის დაპროექტდა. სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროცესის დაწყებას აფასებს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით მას დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად აცხადებს: საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს. პროცესის დაწყებას, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა ეკონომიკის მინისტრმა. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს - ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანსადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ, გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმის ადგილობრივ გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. ამ მილსადენის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმავე დერეფანში გადის, რომელშიც BTC მილსადენი, 2006 წელს დასრულდა. BTC მილსადენის მსგავსად, ისიც მიწაშია ჩაფლული. SCP მილსადენის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მომხმარებელს მიეწოდება.
იანვრიდან პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წლისა და ამ ასაკს გადაცილებულთათვის კი 25 ლარით გაიზარდა
2021 წლის იანვრიდან პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის 25 ლარით გაიზარდა. „ფასების ზრდა აღარ გამოიწვევს პენსიის მსყიდველუნარიანობის შემცირებას, რადგან ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლების გათვალისწინებით ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 2020 წელს პენსიები გაიზარდა 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით. 2020 წელს ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი - ეს არის პენსიების ყოველწლიური ზრდის წესი და მკაფიოდ განსაზღვრავს პენსიის ყოველწლიურ მატებას.
ეროვნული ბანკი: ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით, ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით, ყველის გაძვირებამ იმოქმედა. მნიშვნელოვანი იყო პომიდვრის, ბენზინის და ზეთის გაძვირებაც. „თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია მანდარინის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში სურსათი 6.0 პროცენტით არის გაძვირებული. ნოემბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე და ზეთზე – 0.6 პპ. სხვა პროდუქტებიდან ათი პროცენტით სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.3 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 41 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი. ნოემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიფება მოქმედებდა, ჯამში 0.8 პპ-ით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.8 პროცენტამდე შემცირდა. ასევე ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 3.0 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.1 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონ¬ლის ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ეროვნული ბანკი: რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა იკლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 169.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.1 პროცენტით 21.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. „საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (208.1 პროცენტით) და უკრაინიდან (124.4 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 2.5 და 3.5 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (23.4 პროცენტით), რაც იტალიიდან (27.7 პროცენტით), საბერძნეთიდან (15.4 პროცენტით) და გერმანიიდან (65.0 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა კანადიდან (41.3 პროცენტით) და აშშ-დან (35.6 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.7 პროცენტი) და რუსეთი (19.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
საქსტატი: ნოემბერში საბანკო სექტორის ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა
საქსტატის ცნობით, 2020 წლის ნოემბრის თვეში საფინანსო საქმიანობის სექტორში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, ფინანსურ სექტორში ზრდის გამომწვევი მიზეზი კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა გახდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. „ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატი: ბოლო 11 თვეში ეკონომიკის 5,9%-იანი ვარდნა დაფიქსირდა
ბოლო 11 თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის 5,9%-იანი კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ მედიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ცნობით, რაც შეეხება ნოემბრის თვეს, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზეა საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა. მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. დანარჩენ სექტორებში კი გამოვლინდა კლების ტენდენცია. „განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირებული კლების ტენდენცია. 2020 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13,4 %-ით, ხოლო იმპორტი12,1%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11,3%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, დაახლოებით, 16%-ით არის შემცირებული. 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 3450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11,4 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 4,2%-ით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს სექტორულ ჭრილში, დავიწყებ დარგებით, სადაც კლების ტენდენცია გამოვლინდა. მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად, ელექტრო- ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების მონტაჟი. შემცირდა, ასევე, შემუშავებული სამშენებლო პროექტების მოცულობაც. აღსანიშნავია, რომ 15%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. მისივე განმარტებით, ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირებაც.„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება, ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან, დაახლოებით, 92%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც, რასაკვირველია, გავლენა მოახდინა ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების შემოსავლებზე. ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამოვლენის მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული დაწესებულებების შემოსავლების შემცირება. ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან, დაახლოებით, 62%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. გარკვეულწილად შემცირებულია, ასევე, საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებითა და ალკოჰლური სასმელებით, ასევე, საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. იმ სექტორებს შორის, სადაც ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის სექტორი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნულ სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლის ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. „ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ, ხოლო, რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან,“- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. „მომხმარებელთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. ამასთანავე, სემეკის „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დარღვევის გამო, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა კომპენსაციები, ჯამში 200 ათას ლარამდე. სემეკში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების მიერ კომერციული მომსახურების ხარისხი გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, შესაბამისად, შემცირებულია სემეკის წესების დარღვევის შემთხვევები და კომპენსაციების ოდენობა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216 და სემეკის Facebook გვერდზე
ნათია თურნავა: 2020 წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია
"2020 წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში პრეზენტაციისას. თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკისთვის, რომ გაჯანსაღდეს და განვითარდეს. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები. 2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა. პრეზენტაციაზე სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრივატიზების კუთხით სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამჟამად უფუნქციო ან ნაკლებად ეფექტური სახელმწიფო ქონების ჩართვას ეკონომიკურ ცხოვრებაში. „სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. პრეზენტაციაზე პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა, როგორც მნიშვნელოვანი რეფორმა სახელმწიფო უძრავ - მოძრავი ქონების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განკარგვის მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გამიჯვნის, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ოპტიმიზაციის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებისთვის უძრავი ქონების გადაცემა და სხვა.
10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა
10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი განცხადებით, ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა. "2016 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია ((The Annex to Commission Decision 2011/163/EU). ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის დაშვებას, წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების შესაბამისი პროცედურები. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კონტროლის სისტემის პარალელურად, ქვეყანაში გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა. ქართული თაფლის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხორციელდება", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვერსია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააცნო 82 ხმით მიიღეს. 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით. ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.
კახა კახიშვილი: თუ ბანკები შეღავათებზე არ იფიქრებენ, ეკონომიკას და ქვეყანას დაანგრევენ
"თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას", - განაცხადა პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრმა, კახა კახიშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის. კახიშვილის თქმით, პანდემიის გამო ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა. "ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ? თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ სჯობს, დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკოტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს", - განაცხდა კახა კახიშვილმა. კახიშვილს პარლამენტშივე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბანკებმა პანდემიის პირობებში შეღავათები დაუწესეს არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ მოქალაქეებსაც. "პირველი და მეორე ტალღის პერიოდში ბანკებმა სერიოზული სოლიდარობა აჩვენეს. მე თვითონ ვარ ამის მომსწრე. გადაუვადეს ფიზიკურ პირებს და ბიზნესაც შეეხიდნენ... მე მგონი, რაც მე გამოცდილება მქონია, ამ ნაწილში ჩვენს საბანკო სისტემას საყვედური არ ეთქმით, გააზრებული აქვთ. დღეს შეიძლება არ გამოეკიდონ მოგებას, მაგრამ ფინანსური მდგრადობა და მათი კლიენტების გრძელვადიანი სიმყარე მათთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი მთავრობის მოთხოვნით დაიხურა. კომპანიას, რომელიც მუშაობას არ შეწყვეტს, 10 ათასი ლარით აჯარიმებენ. ამ პერიოდში კომპანიებს უწევთ საბანკო ვალდებულებების გადახდა და თანამშრომლების შენარჩუნება.
დავით ნარმანია: სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო
"ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. როგორც დავით ნარმანიამ სემეკის საჯარო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მეტად არ მოხდა. „საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და პროექტის გათვალისწინება. ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ“,-აღნიშნა ნარმანიამ. რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა ტარიფების ზრდა, დავით ნარმანია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და მათ შორის პანდემიის გავლენასაც ასახელებს. „პირველ რიგში ესაა პანდემია და მისგან გამოწვეული მოხმარების შემცირება, ასევე ბოლო 2 წელი არ იყო უხვი ნალექები და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია დააკლდა ენერგიის კალათას. იყო სხვა რამდენიმე ფაქტორი, რამაც ზეწოლა მოახდინა ტარიფზე. გაცვლით კურსს რაც შეეხება, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული კურსი ავიღეთ, რასაკვირველია, ლარის კურსი აძვირებდა შესასყიდ ელექტროენერგიას“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ. როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე სემეკის მიერ სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა 6 თვით, თუმცა მას შემდეგ, რაც „თელასისგან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გამოიყოფა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, ზაფხულში ტექნიკური ცვლილება მოხდება, რაც ტარიფებზე რაიმე გავლენას არ იქონიებს. ცნობისთვის, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.
თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა
სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში დენი გაძვირდა. იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი ზრდა 11 თეთრზე მეტია. თბილისის მსგავსად, დენი რეგიონებშიც გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებშიც იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე. ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 12 მილიონი ლარით შეუმცირეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები. საყოფაცხოვრებო ტარიფი: 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,065 თეთრიდან 17,731 თეთრამდე; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,435 თეთრიდან 21,707 თეთრამდე; 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,269 თეთრიდან 26,227 თეთრამდე. ფასში გათვალისწინებული დღგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი: 110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე; 10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე; 0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე; ფასში გათვალისწინებული არ არის დღგ. კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. "ეს არის უფრო ნაკლები, ვიდრე "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნოდა", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი გაიზარდა
დენის ფასის გაზრდის შემდეგ წყლის ტარიფიც იზრდება. რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი გაიზარდა. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. კერძოდ, როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომისიის საჯარო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე. „რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფი თითქმის უცვლელია, 3.6 ლარი იყო და 3.7 გახდა“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ტარიფების გადახედვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კომპანიებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ მუშაობა. ამასთან, მისივე თქმით, კომპანიას სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი არ აკმაყოფილებთ და "ჯივიპის" მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ტარიფი კიდევ უფრო მეტად, 30-40%-ით გაიზრდებოდა. "კომპანია არ ეთანხმება და შესაძლოა აღნიშნული ტარიფები გასაჩივრდეს კიდევაც, თუმცა სერიოზული ანალიზი ჩავატარეთ და მიგვაჩნია, რომ კომპანია ამ ტარიფით შეძლებს მოამარაგოს თბილისი, მცხეთა და რუსთავი უწყვეტი სასმელი წყლით", - აღნიშნა მან. ფასთა შორის სხვაობა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა სემეკმა არ გაითვალისიწნა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარდგენილი ხარჯების ნაწილი.