ეკონომიკა

საქართველოდან 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში

საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 991 ტონას შეადგენდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო. „მიმდინარე წელს, ქართული თხილი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (460 ტონა), იტალიაში (423 ტონა), ჩეხეთში (154 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (42 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (66 ტონა), უკრაინა (61 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (154 ტონა). აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქუთაისის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა. „ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

"ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, „ტავის“ ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს: რიგა – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს, ხოლო თბილისი – რიგა, ყოველ ხუთშაბათს. 20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება: რიგა – თბილისი, ოთხშაბათსა და კვირას, თბილისი – რიგა, ხუთშაბათსა და ორშაბათს. ფრენები Airbus A 220 – 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ფინანსთა მინისტრი: "ზამთარი იოლი არ იქნება“

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს მთავრობის მიერ სოციალური დახმარების ახალი პაკეტის დაანონსებას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. როგორც მინისტრი ამბობს, ზამთარი „არ იქნება იოლი“, ტურიზმი კი ნაწილობრი მასშტაბითაც ვერ აღდგება. "ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი: ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა წლის მეორე ნახევარში, რასაკვირველია, ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო. ვარაუდი იყო, რომ 1 ივლისიდან შეიძლებოდა, ქვეყანა სრულად გახსნილიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პირველი ტალღა გაგრძელდა, ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღა წამოვიდა. ამან ცხადი გახადა, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით, თუგინდ ნაწილობრივი მასშტაბით ვერ აღდგება ტურიზმი და ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, ზუსტად მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით", - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის: არსებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5%–ით შემცირდება. 6 აგვისტოს პრემიერ–მინისტრმა დახმარებების ახალი პაკეტი დააანონსა: თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება „ეგეოსის ავიახაზებთან“ და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება. „ძალიან მადლიერები ვართ, საბერძნეთის მთავრობის. ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ჩვენი და საბერძნეთის პოლიტიკური, ტურისტული, ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება იმის მიუხედავად, თუ რას ილაპარაკებს რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი თუ რომელიმე სხვა პირი. რაც შეეხება საბერძნეთთან ფრენებს, არც იქაა მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გარკვეულ ზომებს იღებენ, ასევე ჩვენც, ხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ფრენები ხორციელდება, არა ისე, როგორც გვინდა და შარშან იყო, ისე როგორც შეეფერება ამოცანას, რომ უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური ვითარება შევინარჩუნოთ, ამ ფონზე ფრთხილად ვუდგებით. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა მოლაპარაკება „ეგეოსის ავიახაზებთან“. ახლა დავასრულეთ მოლაპარაკება და როგორც მინიმუმ, აგვისტოს ბოლომდე ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება. ესაა ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საქართველოსაც და საბერძნეთსაც“,-განაცხადა თურნავამ. იხილეთ ასევე: საბერძნეთის ელჩი: „ახსნას ვერ ვპოულობთ, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი“

"სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ ფერმერამდე უნდა მივიტანოთ"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდნენ. „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ კომპლექსურია და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დახმარების პაკეტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა კრიზისული პერიოდის დასაძლევად, მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამები კარგი შესაძლებლობაა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მეტი შეღავათი სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება“, – განაცხადა მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად იმუშავებენ ყველა იმ რგოლთან, რომელიც ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი გამოწვევები ქვეყანამ ღირსეულად დაძლიოს და კრიზისი მინიმალურად აისახოს თითოეულ ადამიანზე. „ბოლო წლებში ძალიან სერიოზული დახმარებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დახმარებების პაკეტი გაიზარდა. ის, ფაქტობრივად, გათვლილია ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოფლად ცხოვრობს და საქმიანობს. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდეს ფერმერებამდე, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონებში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.