ეკონომიკა

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა

უოლტონების ოჯახი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს საბითუმო და საცალო ქსელს Walmart-ს ფლობს, მეოთხე წელია, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში პირველია. მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სიას Bloomberg-ი ადგენს.  სააგენტომ ოჯახის ქონება $224,5 მილიარდად შეაფასა, რაც წლის განმავლობაში $13,7 მილიარდით შემცირდა. Walmart ბიზნესმენმა სემ უოლტონმა 1962 წელს დააარსა. ახლა მსოფლიოში ამ ქსელის მაღაზიების რაოდენობა 10,5 ათასს აჭარბებს, შტაბ-ბინა მდებარეობს ბენტონვილში (არკანზასი), კომპანიის შემოსავალი $573 მილიარდია. უოლტონის ოჯახი ქსელის წილების 47%-ს ფლობს. უმდიდრესი ოჯახების ტოპ 10-ში ასევე შედის: მარსის ოჯახი, რომელიც მარსის საკონდიტრო წარმოებას ფლობს - $160 მილიარდი (+ $18 მილიარდი წელიწადში); კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები - $124,4 მილიარდი (+$4,4 მილიარდი); საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი - $105 მილიარდი (+$5 მილიარდი); ჰერმეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები - $94,6 მილიარდი (-$17 მილიარდი); ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები - $84,6 მილიარდი (-$9,1 მილიარდი); Wertheimer ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები - $79 მილიარდი (+$17,2 მილიარდი); Cargill ოჯახი, Cargill სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელები, $65,2 მილიარდი; ტომპსონის ოჯახი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო წილის მფლობელები - $61,2 მილიარდი; ჰოფმანის ოჯახი, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche Holding-ის უმცირესობის მფლობელები - $45,1 მილიარდი. საერთო ჯამში რეიტინგში 25 ოჯახი მოხვდა. მათ შორისაა ალბრეხტის ოჯახი, რომელიც გერმანულ ფასდაკლების მაღაზიათა ქსელს Aldi (41,4 მილიარდი დოლარი) ფლობს, კოქსის ოჯახი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Cox Enterprises (28,3 მილიარდი დოლარი), Mistry ოჯახი, ინდური სამშენებლო კომპანია Hapoorji-ს მთავარი მფლობელები, „პალონჯი ჯგუფი“ და სხვები. Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის ერთობლივი სიმდიდრე $1,5 ტრილიონია, რაც $143 მილიარდით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.  კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ცენტ-მილიონერთა რიცხვი 25 490 ადამიანს შეადგენს. ესენი არიან ძირითადად ტექნოლოგიებისა და მრავალეროვნული კომპანიების მფლობელები, ფინანსისტები და ოჯახის მემკვიდრეები. ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაორმაგდა. ცენტ-მილიონერთა 38% (9 730) აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს, შესაბამისად ჩინეთი მეორე (2 021), ხოლო ინდოეთი მესამე (1 132) ადგილზეა. მეოთხეა დიდი ბრიტანეთი (968), მეხუთეზე კი გერმანია (966). ათეულში ასევე მოხვდა შვეიცარია, რომელიც მეექვსე ადგილზეა (808), ცენტ-მილიონერთა ათეულშია იაპონია (765), კანადა (541), ავსტრალია (463). საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტი ცენტ-მილიონერთა ქვეყნების ათაეულს რუსეთი კრავს (435). Bloomberg-ის მონაცემებით, სხვა მსხვილი ეკონომიკები, საფრანგეთი (380) და იტალია (298), არ იყვნენ ლიდერებს შორის ცენტ-მილიონერთა რაოდენობის მიხედვით. მკვლევრების აზრით, უახლოეს წლებში აზიასა და აფრიკაში სუპერ მდიდარი ადამიანების რიცხვი სწრაფად გაიზრდება.  

ლაშა ხუციშვილმა, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად დაასახელა

ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვლმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციზე გავლენის კუთხით, მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება.  „ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკის მხრივ. მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და მკაცრ პოლიტიკას. 11%-ზეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამ მიმართულებით, იდგმება ყველა ნაბიჯი, რომ ინფლაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შემცირდეს. რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფისკალური დეფიციტი, რომლიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 9,3% იყო და მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს იქნება და მომდევნო წელს 2,8%- მდე შემცირდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.  ამასთან მისი თქმით, საქართველოში ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო. „ მანამდე 11,5%-ი იყო. გასული თვე, იყო 10,7%. ბუნებრივია ეს არაა ის ტემპი. ჩვენ გვინდა რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდეს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, რის შემდეგაც დაიწყებდა შემცირებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა და შესააბამისად ინფლაციის გადმოცემის ეფექტები არსებობს. „მათ შორის იმპორტთან მიმართებით, ხდება საქართველოსთვის ინფლაციის გადმოცემა. გარკვეული მიმართულებებით შემცირება არის, თუმცა მთლიან სურათში დიდად არ აისახება. იგივე სურსათთან მიმართებაშიც. სამწუხაროდ ენერგორესურსებთან მიმართებით მერყევი სიტუაციაა. შესაძლოა ერთ კვირაში ფასები შემცირდეს და მეორე კვირაში ძალიან გაიზარდოს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე. მთავარი განმსაზღვრელია ომი უკრაინაში, რაც გავლენას ახდენს ფასებზე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გაზრდილი ინფლაციით იხდის უკრაინაში ომის ფასს“, - განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს, 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება.  ასევე წაიკითხეთ:  რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს

ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა, შესაბამისად ვაკვირდებით პროცესებს, რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ხორბლის შემოტანა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.  „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია ამასთან, შამუგიამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია.  „იმედია, უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად. ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნავს შამუგია. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

საქსტატი: თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა

2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა,  - ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ „გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16142.8 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 3.0% სხვა დანახარჯებზე (თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებები). აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.3%-ით აღემატება. სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29201.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯები არასახელმწიფოსთან შედარებით 19.8%-ით დაბალია და შესაბამისად, 13 932.2 და 17 372.0 ლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის სექტორში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში $3 მლრდის ინვესტიციას ელოდება

საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ მითუმეტეს ამ ომმა რაც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით - მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი - ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი  - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორეს მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა,  10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა, ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასო მეგობრებო და მინდა ვთქვა რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.  

მთავრობის ინიციატივით, თხილის მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირება დაიწყება

„პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მლნ ლარს დაახლოებით და ამის თაობაზე ბატონი ოთარი მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა . „ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგოც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ. მინდა ვთქვა ასევე, რომ რთველი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა, რომ იტყვიან კახეთის რეგიონში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მან წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში,“- განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: რა პრობლემების წინაშეა ადგილობრივი წარმოება და რა ნიშა აქვს ქართულ თხილს მსოფლიო ბაზარზე

საქსტატი: სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა. ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ "2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები და დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ- დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.  „პირველი ფრენა გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 - გაფრინდა. დღეს, 12:30 ზე ფრენა ათენიდან შესრულდება, 13:30 ზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა. რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა. გუშინვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარი იყო, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა განახორციელა“. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვკის შემდეგ, მსოფლიოში ხორბლისა და სხვა პროდუქტების გაძვირება დაიწყო. ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელის ფასი თითქმის $9 გაუტოლდა.  ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით. თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს. Bloomberg-ის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც გაზრდილ ფასებზე გავლენა მოახდინა და ხორბლისა და სურსათის გაიაფება დაიწყო.  29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

ახალი ავიაკომპანია თბილისი-ერევნის რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა - Fly Arna-მ ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომლითაც 167 მგზავრი ჩამოფრინდა. თბილისიდან ერევანში კი 110 ადამიანი გაემგზავრა. ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.  

რატომ შემოვიდა საქართველოში, ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები - შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა.  ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს „მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან). ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში. აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველა სახის საქონლის კონტროლი მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება, მათ შორის, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვის პროცესი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებაში.  ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.  

ბუდაპეშტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით ინტერესდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელიც ოქმის გაფორმებით დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა. კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. აღინიშნა, რომ 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველო - უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1.5-ჯერ გაიზარდა. „ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამდენად, მისასალმებელია ქართული ექსპორტის ზრდა უნგრეთის ბაზარზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია ერთობლივი ნაბიჯებით არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის მხარემ შეთანხმების ტექსტი უკვე მიაწოდა ევროკომისიას შესაბამისი ავტორიზაციის მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს ხსენებულ შეთანხმებას. რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მათ შორის განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რაზეც უნგრეთის მხარემ გამოხატა ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა პროექტის რეალიზაციაში აქტიურ ჩართულობაზე. ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. 

საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.  „უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ოთხივე ქვეყანამ ერთდროულად განახორციელოს ეს პროექტი, რადგან ეს არის რამდენიმე მილიარდი ინვესტიცია და ამავდროულად საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს პირდაპირ დაუკავშირდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასულ კვირას საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბაქო, საქართველოს გავლით საერთაშორისო ბაზრებზე 157 გეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებას აპირებს.  ერთი კვირით ადრე თბილისს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი ეწვია. დავითაშვილთან შეხვედრაზე მან განიხილა შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შესაძლებლობა. პროექტი, რომელსაც საქართველო და აზერბაიჯანი, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით განახორციელებს.  ერთი დღით ადრე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთს სჭირდება ელექტროენერგიის შეძენა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7591 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7932 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0341 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოში 9 თვეში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოვიდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 866,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 423,8 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 270,6 ათასი ტონა (61,1%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 161,9 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,4 ათასი ტონა (2,3%); მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან  განხორცოელდა - 429,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 49,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 195,4 ათასი ტონა - 22,5%; ბულგარეთი - 98,2 ათასი ტონა - 11,3%; თურქმენეთი - 71,4 ათასი ტონა - 8,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 6,4%;  თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,9%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,5%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,2% და სხვ.  

ელჩი დეგნანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან

ამერიკის ელჩის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხის წამოჭრა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან ხშირად ხდება ხოლმე, რომლის პრეროგატივაც არის ეს თემა. კელი დეგნანის თქმით, ეს კომპლექსური პროცესია და უმეტესწილად, შეთანხმების ამოქმედების კონკრეტული თარიღიც დროის ფაქტორია. „რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ეს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა და ამ საკითხის წამოჭრა მათთან ურთიერთობაში ხშირად ხდება ხოლმე. როგორც მახსოვს, 2018 წელს ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა, ეს კომპლექსური პროცესია და თარიღი ალბათ დროის ფაქტორია უმეტესწილად, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და ხსენებული შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან, რომ ამ საკითხზე მუშაობა ღირს და ესეც ალბათ იქნებოდა კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ გზები, რომ გაფართოვდეს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და პირიქით, უფრო მეტი ქართული ბიზნესი ამერიკაში და ვფიქრობ, ეს სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა და მან პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანს იმედი აქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებით, იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმაც უპასუხა. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.

კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკება განახლდა

ამერიკის ელჩის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა მოლაპარაკებები აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე, თუმცა ახლა ეს პროცესი განახლებულია. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ვინც მგზავრობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში და პირიქით, ყველა ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ფრენა. მე ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსია და მოლაპარაკებები დაიწყო კოვიდპანდემიამდე. შემდეგ უკვე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეჩერდა გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად, მგზავრობის საკითხი გახდა პრობლემური. ახლა უკვე განახლდა ეს მოლაპარაკებები, თუმცა არ ვიცი, ზუსტად რა ეტაპზეა. კელი დეგნანი: მოლაპარაკებები უნდა განვაახლოთ, აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, დამაკავშირებელი ხიდი იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის. დიდი მანძილის გამო, ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, ჩამოვიდნენ საქართველოში, თუმცა ერთხელ თუ ჩამოვა, მეორედაც აუცილებლად მოდის საქართველოში, სტუმართმოყვარეობის გამო“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.  

ლევან დავითაშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, მოლაპარაკებები გაგრძელდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რომ როგორც პირდაპირი ავიამიმოსვლის, ისე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა BMG-ის განუცხადა.  კელი დეგნანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან „ბუნებრივია, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, განვითარდეს, გვქონდეს ამ მიმართულებით პროგრესი. შეიძლება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა, თუმცა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. დღეს ამერიკას არ აქვს მოლაპარაკებები არც ერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს არ არის მარტივი საკითხი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ინსტიტუტზე ან ინსტიტუციაზე, საუბარი გვაქვს კომპლექსურად. ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის უნდა უნდა არსებობდეს მზადყოფნა როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურ დონეზე, თუ როგორი ტიპის და რა შინაარსის მოლაპარაკება შეიძლება არსებობდეს ქვეყნებს შორის. ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები კონგრესში იმისთვის, რომ გვქონოდა პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური ისტებლიშმენტი იზიარებს პოზიციას, რომ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ამას ექნება მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, პროგრესი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ამ კუთხითაც არის მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ პროგრესი იყოს.„ვმუშაობთ, რომ ამერიკული ავიაკომპანიები დაინტერესდნენ, თუმცა პანდემიური პერიოდი რთულია ავიაბაზრისთვის და გვესმის, რომ ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა და მან პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანს იმედი აქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებით, იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმაც უპასუხა. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.  

ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს

ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. როგორც „ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.    

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი: ზანგეზური, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება

აზერბაიჯანი აქტიურად უწყობს ხელს ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს მისი თქმით, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს. „შენდება და აღდგება საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ამავდროულად, სომხეთის ტერიტორიაზე არაფერი ხდება, არ ტარდება პრაქტიკული ქმედებები, არც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და არც პროექტები მზადდება“, - აღნიშნა მუსტაფაევმა.  ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია