სამართალი

შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა – საია

საია-ს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა. ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საიას განცხადებით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, შსს-ის დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს (რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით, 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ის მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება. საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არ არის შესული. შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რომლის დროსაც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა. გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კ,ი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს. 22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.“ „პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. შესაბამისი ინფორმაცია ცხოველთა უფლებადამცველმა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა. ცხოველი თბილისში გადმოიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.  

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები. „პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „კეტამინი“, „ლიზერგიდი“ (LSD), „მეტამფეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „დიმეთილტრიფტამინი“, „პრეგაბალინი“, „ტრამადოლის“, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ და „ფსილოცინის“ შემცველი ნივთიერებები, ასევე, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი.“ ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, ორი სანადირო თოფი, ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე პრიმა, 18-273 პრიმა, 19-273 პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 282 ნარკორეალიზატორია დაკავებული.პოლიციამ ჯამში მთელი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 84 კილოგრამი „ჰეროინი“, 20 კილოგრამი „ალფა პვპ“, 9 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2,5 კილოგრამი „კოკაინი“, 4 კილოგრამი „მეფედრონი“, 2.5 კილოგრამი „მდმა“, ასევე, 304 კილოგრამი მარიხუანა, 4 ტონამდე „კანაფი“, 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები და 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, აქტიურად ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ კომპლექსურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

15 წლის მოზარდმა იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  გოგო კლინიკაში შიდა ქართლის დედათა და ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან გადაიყვანეს. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.  

ორთაჭალაში ავტოავარიისას 11 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავდა 11 ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლი სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.  

თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

საია: სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის ნაცვლად სხვა თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა ადამიანის დანიშვნა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა,“ - აცხადებს საია. გოგა რაზმაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია იცავს. „2023 წლის 12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე,“ - წერს საია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, 10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, “მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო.“ „შესაბამისად, გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას,“ - წერს საია. გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.

„ქოლცენტრების საქმეზე" პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ დევნა დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გავრცელებული განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. „საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ევროჯასთთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქტიური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით. აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო წლებში, საქართველის პროკურატურაში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  

თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევა ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.  

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირი დააკავეს, 2 პირს ბრალი წარედგინა

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა 1981 წელს დაბადებულ ი.შ.-ს. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ, 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

"ალტ-ინფოს" ლიდერების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა

თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი მარტინენკო [ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით] დააჯარიმეს. ეს მუხლი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.  რაც შეეხება იმავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, [174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას]. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციულად შედგენილ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.  

საერთაშორისო კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობა აღკვეთილია - უწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა, CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს. „მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის - გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა. აღნიშნული სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს.  

დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ განაცხადა.მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. „მინდა, ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა. ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი - ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მათივე ცნობით, მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. „დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით, 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები. არსებითი განხილვის ეტაპი: 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“ ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არგადაცემა არღვევდა კონვენციის 38-ე მუხლს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დაადგინა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოში ასევე შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (no. 39611/18), რომელიც ევროპულმა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა 2023 წლის 28 მარტს. საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისო საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სახელმწიფოს საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის სამაგალითო შემთხვევებს და განხილული იქნება ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ დავაში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად. გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით. საია აღნიშნულ საქმეს ახორციელებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში,“ - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში, რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა - ადვოკატი

იურისტ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროსასამართლოს პალატამ ერთხმად ცნო რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო. ევროსასამართლოს შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება - როგორც არსებით ნაწილში (მკვლელობა მისი პასუხისმგებლობით მოხდა), ასევე, გამოძიების არაეფექტიანობის გამო. „გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ, არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი, თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!“ წერს გიორგი ტაბატაძე. 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. „ჩვენ წარვადგინეთ წერილობით არგუმენტაცია. ასევე რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ველოდებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთის ფედერაცია უნდა იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლად ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაზე, ანუ უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩადენილი იყო ე.წ. მესაზღვრეების მიერ, რომლებზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი. მათ გაათავისუფლეს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ცოტა ხანს იმყოფებოდა შინაპატიმრობაში,“ - ამბობდა მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი ტაბატაძე. ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.  

შს მინისტრი: ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით. თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, ტყუილია და აღნიშნა, რომ გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება. „პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის," - აღნიშნა შს მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა. „გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას... ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.