სამართალი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება

გერმანიის პროკურატურამ სამუდამო პატიმრობა მოითხოვა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით იძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა. ამავე თემაზე: ხარკოველმა ბიზნესმენმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნო და განაცხადა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს

კახეთში, დროებითი მოთავსების იზოლატორში კაცი გარდაიცვალა

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი, 41 წლის კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კაცი სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. რადიო თავისუფლების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო.

არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. „სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ორივე ბრალდებული იქნება პატიმრობაში”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა. 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ ქმნის. მისივე თქმით, საქმე არასრულადაა გამოძიებული და არსებობს რიგი დარღვევები. „არის უფლება, რომელიც არასრულწლოვანისთვის მნიშვნელოვანი უფლებაა, ეს არის დაცვის უფლება, რომელიც დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. შესაბამისად, არის რიგი დარღვევები და არის არასრულად გამოძიებული საქმე, რომელმაც შეიძლება ბრალდება უკვე შეიყვანა შეცდომაში და ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელზეც ბრალი წაუყენეს. დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ არ ჩაუდენია“, - განაცხადა გოგა ბოგვერაძემ მედიასთან. ამავე თემაზე: 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

15 წლის მოზარდის მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოვითხოვ, რომ გამოყენებული იყოს გირაო და ასევე, დამატებითი ღონისძიება, რომელსაც სასამართლო ჩათვლის მიზანშეწონილად“, - განაცხადა ამირან ხუციშვილმა საქალაქო სასამართლოსთან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. „მან სრულად დეტალურად მისცა ამომწურავი ჩვენება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რას შეესწრო, რა ნახა და ასევე, თანხმობა გამოხატა, მონაწილეობა მიიღოს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში და მიაწოდოს გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია“, - განაცხადა ადვოკატმა ამირან ხუციშვილმა. ამავე თემაზე: თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია

"მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია", - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. „სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?! მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008 წელს ჩვენ ამ ქმედებით დავზარალდით”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული. „მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება. სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში ვერ მიაღწიეს მიზანს, იმიტომ, რომ ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. დღეს, მე პირველად მომეცემა საშუალება, სამი წლის განმავლობაში ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, მოვუყვე სასამართლოს რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული და გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ორი პირი. ორივე არასრულწლოვანია. "2005 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პირი დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში არასრულწლოვანი მოკლეს. შსს-ში განაცხადეს, რომ მკვლელობის გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ დალუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბი გასულ ღამეს დააჯარიმეს, ხოლო მისი დალუქვა ცოტა ხნის წინ განხორციელდა. შრომის ინსპექციის მიერ Facebook გვერდზე გავრცელებული ცბოით, ზედამხედველობისას, კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინეს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე“ აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ „მწვანე ზონების“ კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება. შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკა მელია გამოკითხვაზე დაიბარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. მელიას მოწმის სახით გამოკითხავენ. "რეჟიმის პარანოია გრძელდება.სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი ბათუმში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან:1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა. 1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი. 1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა. 1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა. 1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი. „ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა ,რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თბილისში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შემდეგ, დედა-შვილი გარდაიცვალა. „2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-მა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებზე ვაქცინაციის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტაციას გასცემდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს. ამის შეასხებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები. გარდა ხსენებული ეპიზოდისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით. ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად. „ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას, თუკი ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებულნი არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კანონით დადგენილი წესით არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებენ უწყებაში.

ქობულეთში, 30 წლამდე კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ქობულეთში, 30 წლამდე კაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ. მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია მხილებული. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია „აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის – თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა” და „ბ” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაკო გომური შს სამინისტროს უჩივის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. გომური სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს. "როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები. მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. აღსანიშნავია, რომ საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოეს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა", - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“ ნებართვის გარეშე საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მეწარმე სუბიექტს, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, 4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა. „ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს. პროცესზე ხმაური 26 მაისის თემამ გამოიწვია. ადვოკატების განცხადებით, პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მათთვის გაუგებარია, რატომ ახსენა მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სხდომაზე პროკურორის განცხადების ჩანაწერი ჩართო. რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“. ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა. მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცული იყო. „დაყენებულია საკითხი ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მისი გამოსვლის გამო, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და პოლიტიკური მიკერძოებულობის საყვედურით მოითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი პროკურორის საქმესთან ჩამოშორებას. ჯერ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რა არის მიკერძოება, რა არის პოლიტიკური მიკერძოება და კონკრეტულად ეს სიტყვები ჯდება თუ არა ამ ფარგლებში. მიკერძოება ეს არის გადახრა პირის სასარგებლოდ ან საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ეს გახლავთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნასა და ბრალდებას აფუძნებს არამხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, ნიშანზე, სარჩულსა და საფუძველზე. შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი მხრივ წარიმართოს საერთოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, ამავდორულად, შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი დევნისა და ბრალდებისა, თუმცა, პროცესში პროკურორმა გამოიჩინოს იმგვარი მიკერძოება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათანაბარზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნის ადრესატებს. როდესაც პროკურორი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ბრალდების კომპონენტი მოიცავს მათ შორის გაკიცხვის ელემენტსაც, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მორალურ კატეგორიას. სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, ამ თარიღების შემდეგ შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ეს მომსახურება საზღვარგარეთ მიეღო. ეს გარკვეულწილად შესაძლებელია, სცილდებოდეს სამართლებრივ ფარგლებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღარ ეხება, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავისთვის ამის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხია და პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში დაცულია", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.