სამართალი

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობდა, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს" ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში bm.ge-ს ცნობით.

შს სამინისტრომ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას – დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული – ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე. კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირველ დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

გიგი უგულავას სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პოლიტიკოსი 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით, უგულავამ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. თავის მხრივ, უგულავას თქმით, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ცნობისთვის, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, დიდი ხანია ტანდემში ერთიან რეჟიმს წარმოადგენენ. ნოტარიალურ კანტორად არიან გადაქცეულები. 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს, რომელიც 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც თამლიანის ადვოკატი თეონა ქურიძე აცხადებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს. „დუმილის უფლებას იყენებს ბატონი ბესიკი, მას ოფიციალურად ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით. ეს მუხლი წარმოადგენს ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით ხელშეშლას სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ, ხელშეშლას მის საქმიანობაზე. მუხლის კვალიფიკაციას რაც შეეხება, ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო მობრძანებული შეამოწმეს, აღწერეს დაზიანებები, ასევე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი იქედან გამომდინარე, რომ განცხადებებია ინსპექციაში შესული, რომ გადამეტება იყო პოლიციის მხრიდან, გამოიკითხა ის, მისცა ჩვენება და გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა თეონა ქურიძემ. ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს.

კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გასაჩივრდა

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა სარჩელი 29 ნოემბერს შეიტანეს. ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინონ სამეცნიერო არგუმენტაცია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოში კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ, რასაც სპეციალისტები გაუმართლებლად მიიჩნევენ. პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო ბიძინა კულუმბეგოვი: უვადო კოვიდპასპორტის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვნახე ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია

პროკურატურა: ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო. საუბარია 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვას. პროკურატურის მტკიცებით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა მორიგ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. „სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გარდა ამისა, ადვოკატ ნ. გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან შსს სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო" - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემხებლობაში მყოფ პირთა დაკითხვა და სხვა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული

20 ივნისის აქციის მონაწილე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული. პოლიციამ ის 29 ნოემბერს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავა. შსს ცნობით, თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

პროკურატურა: სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის პატიმრობა გირაოთი შეცვალა

პროკურატურისთვის გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლებ ზურაბ ზვიადაურის საქმეზე. ამასთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს. "ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი. საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ამავე თემაზე: ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილმა ორ უმძიმეს დანაშაულს "პიარული" უწოდა

"გაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა", - მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. „მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერც ერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების. ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა", - განაცხადა პროკურორმა.

ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიიდან ესკორტის თანხლებით გაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაიყვანეს. მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 15 პირი დააკავეს. "თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანზე და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს.სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოსამართლე პროკურორს არ დაეთანხმა და სააკაშვილს სიტყვის გაგრძელების უფლება მისცა

"როდესაც ბრალდებული პირი მოდის სასამართლო სხდომის დარბაზში, მან პოზიციაც უნდა დააფიქსიროს ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. „უნდა ისაუბროს, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი მხარეებს. ის პირველად წარდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში, შესაბამისად, მას აქვს უფლება, განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების. ამაში საათობრივ შეზღუდვას ვერ დავაწესებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში კანონი, როგორც ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს, აძლევს უფლებას, გამოთქვას აზრი და განცხადებისთვის რეგლამენტსაც ვერ დავაწესებთ. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ნაკრები გამოდის, ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიციის. შესაბამისად შეგიძლიათ გააგრძელოთ“, - განაცხადა მოსამართლემ. მანამდე, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილს სიტყვა დაესრულებინა, რადგან მისი თქმით, განსახილველ საკითხზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა. „შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში წიკლაურმა.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა სასამართლო დარბაზიდან: არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა და „დრაივი“?

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე პირველი სიტყვა საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებისადმი მისალმებით და მადლობით დაიწყო. შემდეგ ხალხს მიმართა და კითხვა დაუსვა, მოენატრათ თუ არა აღმშენებლობა, რადგან მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში იარა საქართველოში, „ტყვეობამდე“, და მოქალაქეებს შეატყო, რომ ყველა დაღვრემილია. „მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრთ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენმებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, ასე კარგად მატერიალურად არასდროს ყოფილა, თუმცა ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და საქართველოში ჩამოვიდა. „ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, მოვეკალი, როგორც ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი. ალბათ, ზოგი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე და რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ფუფუნება გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია. მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე“, - განაცხადა სააკაშვილმა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერს უკრაინელების უყურებენ და მათ უკრაინულად მიმართა, რამაც პროკურორის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან გაუგებარი იყო შინაარსი, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და ჯობდა, თარჯიმანი მიეყვანათ ადგილზე. თავის მხრივ, ადვოკატმა განმარტა,რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა.

მოსამართლემ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

„7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ესწრება, შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესახებ, მოსამართლემ დააკმაყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პროცესს პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ესწრება, რომელიც აქამდე პროცესს ვერც პირდაპირი ეთერით გადასცემდა და ვერც ჩაწერილ მასალას აძლევდა მედიასაშუალებას, რადგან მას, როგორც ჟურნალისტი ამბობს, კამერის მეხსიერების ბარათის დროდადრო გარეთ გატანის საშუალებას არ აძლევდნენ. მანამდე, „ტვპირველთან“ სატელეფონო ჩართვისას, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ სჯობს, ყველამ ღიად ნახოს პროცესი, ვიდრე შემდეგ უსაფუძვლოდ აკრიტიკონ და „ლანძღონ“ ის (მოსამართლე). მასალაში გამოყენებულია პირველი არხის ფოტო ამავე თემაზე სააკაშვილის საქმის მოსამართლე: თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

გიგი უგულავა დააკავეს

გიგი უგულავა დააკავეს, პოლიციის განმარტებითმ, უგულავა 173-ე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. მანამდე, მას სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა სამართალდამცველებთან. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება. პირველი კადრები ადვოკატებმა გაავრცელეს, როდესაც Facebook-ზე პირდაპირი ჩართეს. მოგვიანებით მოსამართლემ დაცვის მხარეს ლაივის გათიშვა სხდომა და ახლა პროცესზე შუამდგომლობა განიხილება, რომლის მიხედვითაც ადვოკატებმა დარბაზში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეშვება და პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვეს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ტარდება, დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის. მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. შსს-მ კი თავის მხრივ, განცხადება და მოწოდება გაავრცელა აქციია მონაწილეთა მიმართ.

შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს", - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული. სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.