სამართალი

მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაშია

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. მან მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლოს ეს შეზღუდვა არ გაუუქმებია. „ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა დღეს გაუქმდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს.

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ცნობით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავენ. გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაესწრება. დღესვე დანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა, უნდა მოხდეს სხეულის გარეგანი დათვალიერება. ექსპერტიზას, სააკაშვილის მოწვევით მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება. გიორგი მიქელაძის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი სამოსის ნივთმტკიცების სახით ამოღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ამის შესახებ სააკაშვილი გამოკითხვის ოქმში დააფიქსირებს პოზიციას. „ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით. რაც შეეხება მისი დათვალიერების ოქმს, ის გამოთხოვილია გამოძიების დაწყების დღესვე - ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ. „დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული. ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა. "გადაწიეს პროცესი, ვინიცობაა და მიხეილ სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდესო, იქნებ მომდევნო კვირაშიც შეძლოს, რომ გამოცხადდესო და ჩანიშნეს 29-ში, როდესაც მისი მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე, უკვე კრიტიკული, ანარადა ქართველი ხალხი ამ დროისთვის გაიმარჯვებს და მაშინ უკვე ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან".- ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს

"ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. ადვოკატების პროტესტი მოჰყვა მოსამართლის უარს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის სხვა ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. „მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბასილაიამ. მოსამართლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა უკვე დაწყებულია, ადვოკატები დარბაზში ვეღარ შევლენ.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა, სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს. 7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელი დარჩა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ეს ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, სანდრო გირგვლიანის საქმეზე კი - 3 წლით.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები: მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ვითხოვთ

7 ნოემბრის საქმეზე, ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის: ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ. ამასთან, ადვოკატები სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, მათ შორის ონლაინ ჩართვის ფორმით ითხოვდნენ. „მაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დისტანციურად მოხდეს

"მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დისტანციურად მოხდეს", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე. „მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, - განაცხადა პროკურორმა. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.

გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ, სასამართლომ კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია", - განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეკრებილების მოთხოვნაა: "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს". ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბ და შალვა წოწორიების, გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველიც დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა, თანხის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს ანდო. ამავე საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება. ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე იმართება

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები. პროცესს წინ უძღვის პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, „შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში“. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით, 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, რომ მზად არიან, არ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში, თუ ის გადაჰყავთ სასამართლო პროცესზე და არ დააბრკოლებდნენ ამ პროცესს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკია

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანს. ამის შესახებ ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. „მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.

შსს: თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“- აცხადებენ შსს-ში.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას.

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. "პროტესტი ყველგან მივა, ყველგან გაიშლება, მთელი თბილისის მასშტაბით. ხედავთ, პოლიციის რამხელა მობილიზებაა, როგორ ეშინიათ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროა მნიშვნელოვანი. შიგნითაც არ აქვთ თანხმობა და კოორდინაცია", - განაცხადა დეკანოიძემ.

სუს-თან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე და მურმან დუმბაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია. პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საია-ს თავმჯდომარე აშშ-ის შესაძლო ნაბიჯებზე: ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პერსონალური სანქციები

საია-ს თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს რეფორმის აუცილებლობასა და იმ ნაბიჯებზე ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის უნდა გადაიდგას. ნიკა სიმონიშვილმა ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აქ დისკუსია არ ყოფილა, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს რეფორმა, ეს პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი და კითხვა არ დასმულა, გვჭირდება თუ არა ამ ნაბიჯების გადადგმა. „ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა განხორციელდეს. ერთი არის სამართლებრივი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას აქვს გადასადგმელი და ის რეფორმა, რომელიც განსახორციელებელი აქვს სახელმწიფოს და მეორეა, პოლიტიკური ნება, რომელიც პირდაპირ შეგვიძლა ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, არც ექნება ამის სურვილი, რომ რამე შეცვალოს იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღოს სასურველი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. კითხვაზე, რა ნაბიჯებია მოსალოდნელი აშშ-სგან, ნიკა სიმონიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს პერსონალური სანქციები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს სისტემაში და ეს შეიძლება, გარკვეული სიგნალი იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ რაღაც წესრიგში არ არის და ცვლილებები განსახორციელებელია. ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

ადვოკატი: ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ

"საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. „სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია", - განაცხადა ადვოკატმა.

ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ექსპრეზიდენტის საქმე მკაფიო მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საშუალება, რომ სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს. ამის შესახებ ეკა გიგაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, იყო თუ არა საუბარი მართლმსაჯულების პრობლემების კონტექსტში სააკაშვილის საქმეზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „ეს რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა იცით, რომ სხვა საქმეებიც არის“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა. ეკა გიგაურის თქმით, საუბრის ძირითადი თემა სასამართლოში არსებული კლანი იყო. „ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ზუსტად ის, რომ შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი, რომ მიზნობრივი სანქციები იყოს გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მისამართით. ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კლანის ქმედებებს სასამართლოს სისტემაში“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.