სამართალი

ადვოკატი: ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ

"საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. „სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია", - განაცხადა ადვოკატმა.

ეკა გიგაური ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მიზნობრივი სანქციების გამოყენება კონკრეტული მოსამართლეების მისამართით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ექსპრეზიდენტის საქმე მკაფიო მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საშუალება, რომ სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს. ამის შესახებ ეკა გიგაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, იყო თუ არა საუბარი მართლმსაჯულების პრობლემების კონტექსტში სააკაშვილის საქმეზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „ეს რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა იცით, რომ სხვა საქმეებიც არის“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა. ეკა გიგაურის თქმით, საუბრის ძირითადი თემა სასამართლოში არსებული კლანი იყო. „ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ზუსტად ის, რომ შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი, რომ მიზნობრივი სანქციები იყოს გამოყენებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მისამართით. ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კლანის ქმედებებს სასამართლოს სისტემაში“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სასმახური გამოკითხავს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. „სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მ. სააკაშვილის ადვოკატთან მ. სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით. ამ უკანასკნელის გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, სამსახური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს მ. სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

მიხელ სააკაშვილი: აქ მომიყვანეს მოტყუებით. გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში

გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ადგილზე მოტყუებით მიიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიუთითებს. "მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა, "აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში" და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილები და ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი. ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. P.S. - მიმართვა ნიკა მელიას - ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის!მიხეილ სააკაშვილი", - წერს ექსპრეზიდენტი.

ადვოკატი ბექა ბასილაია გლდანის ციხესთან მომხდარს წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად აფასებს

ადვოკატი ბექა ბასილაია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში, ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია, ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი. „ეს რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა - პატიმრების ხელით ხელისუფლება ახდენს რევანშს მიხეილ სააკაშვილზე. ახდენს ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის დაუყოვნებელი საფუძველი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან იქნას გადაყვანილი“, - განაცხადა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბექა ბასილაიამ. მედიასთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცდულობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული პრეზიდენტი ნახოს ციხეში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაიამ უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“.

ადვოკატი ბექა ბასილაია სააკაშვილის გადაყვანაზე: ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაიამ უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“. ადვოკატის თქმით, ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი. „რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ვის წარმოუდგენია და სჯერა, როცა წაქეზებული პატიმრები იქცევიან ასე, ხვალ და ზეგ იქ რა მოხდება? იქ მოხდება უბედურება, თუ ქართველი ხალხი ხმას არ ამოიღებს. ისინი გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის თავს ძალიან დიდი უბედურების დატეხას“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გლდანში. „სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. ამ დაწესებულებაში მის გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მიხეილ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს. რაც შეეხება ბრეგაძის განცხადებას, ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა. მათ უნდათ მთავარიდან გამოგონილ ფაქტებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით სურთ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბარი. ეს არის უკიდურესი ცინიზმი. სამწუხაროდ, აღარ არსებობს იურიდიული მექანიზმები, აქ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. სასამართლო სისტემა არ არსებობს, ეს მომართულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შურისძიებისთვის - შურისძიებისთვის იმიტომ, რომ მან დაასრულა კორუფცია, დაასრულა ორგანიზებული კრიმინალი, შურისძიებისთვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ის ებრძოდა ოკუპანტ რუსეთს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ქმედებების დამკვეთი არის პუტინი და ივანიშვილია ამაზე პასუხისმგებელი. რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველს მას უნდა მოეთხოვოს პასუხი“, - განაცხადა ბასილაიამ „მთავარ არხთან“. ადვოკატი გლდანის ციხესთან მივიდა, თუმცა ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა ის ადგილზე შესვლას.

შსს: შეკრებების დროს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყაზახეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ყაზახეთში ყარაგანდის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად ექვსი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 64 მუშა იყო, რომელთაგან 56-მა გამოღწევა შეძლო. მეთანი ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხდება.

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძართან დაპირისპირება იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძრის შესასვლელთან სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას ათამდე პირი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფაქტს წინ უძღოდა ტაძარში შესვლის მცდელობა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილთა შორის არის ეკლესიიდან ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ბერი მარკოზი. ტაძრის შესასვლელთან შეკრებილი მხარდამჭერები ადგილზე შეკრებას ყოველდღიურად გეგმავენ. ისინი მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას, მამათა მონასტრიდან გააძევოს სასულიერო პირები, უსამართლოს უწოდებენ. სალხინოს ტაძრის შესასვლელთან მივიდა განკვეთილი არქიმანდრიტი ათინოგენიც. მისი თქმით, ყველა ქართველი, ყველა მართლმადიდებელი, ვისაც თავისუფლება და ქრისტიანობა უნდა, იქ უნდა იდგეს, დღეს კი სალხინოს ტაძარში, სადაც ეპისკოპოსი სტეფანე ატარებდა წირვა-ლოცვას, მისი მომხრე, ჩამოყვანილი მრევლი ესწრებოდა, ადგილობრივები კი არ შეუშვეს და დააკავეს. შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა. უწების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“. ამავე თემაზე მედიის ცნობით, ხობში პოლიციელმა სავარაუდოდ, პოლიციელი მოკლა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას ორი პირი დააკავეს. მოქალაქის დაკავებას სამართალდამცავებსა და დანარჩენ აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. „თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ დღეს, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის დროს.

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც კაცს დახმარებას ადგილზე უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს. „როგორც მოგახსენეთ, ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით“, - განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა. მისივე განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას. შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მინერალებისა და გლუკოზის მიღება შეწყვიტა.

შსს-ს ცნობით, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს. ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრაუნინგის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.რაც შეეხება მეორე პირს, 1991 წელს დაბადებული გ.კ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ქალაქ ქობულეთში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“.

სუს-ი: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა რუსთავსა და თბილისში დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. „მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით. სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

მედიის ცნობით, ხობში პოლიციელმა სავარაუდოდ, პოლიციელი მოკლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სავარაუდოდ, პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარის ორივე მონაწილე ერთი სოფლის მკვიდრი, მეზობლები იყვნენ. პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

იუსტიციის მინისტრი: ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდშია ჩანიშნული, მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება. როგორც მინისტრი აცხადებს, ეს რეკომენდაცია პატიმრის უსაფრთხოებისთვის და მართლწესრიგისთვის არის გაცემული. „ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში პროცესს ხელს შეუშლიდნენ და ამ პროცესში იქნებოდა 500-600 ადამიანი ჩართული. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილი ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და დესტაბილიზაცია, რასაც არ დავუშვებთ! პატიმრის უსაფრთხოება იქნება დაცული. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ სააკაშვილი და დავიცვათ მართლწესრიგი“, - აცხადებს რატი ბრეგაძე „რუსთავი2-თან“.

შსს ბარსელონაში სპეცოპერაციისას კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრის, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

შსს აცხადებს, რომ ბარსელონაში სპეცოპერაციისას კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქეა დაკავებული. უწყების ცნობით, ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები. ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები - 9 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 8, ერთი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მათ ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა დაკავებულების საცხოვრებელი 7 ბინა. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილი გამოკითხეს

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილმა პოლიციის შენობა უკვე დატოვა. ბერი პეტრე ღუდუშაური აცხადებს, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მიყვანილი ჩოხოსნების მოთხოვნას ტაძრის დატოვების შესახებ არ დაემორჩილნენ, პოლიციამ კი, ისინი დააკავა. „საპატრიარქოსთვის გვაქვს მიწერილი წერილი, რომ მეუფე სტეფანეს არ აქვს უფლება, ბერი დაიყვანოს ერისკაცობამდე, ეკლესიის სასამართლოს გარეშე. საქართველოს ეკლესიას სასამართლო არ აქვს, გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ არ დავტოვეთ მონასტერი მეუფე სტეფანეს მოწოდებით, ვითხოვდით სინოდს და თუ ეთანხმებოდნენ დავტოვებდით, გადავაბარებდით მშვიდობით, მაგრამ რა ვნახეთ, დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ, ამასობაში ჩვენც გავუწიეთ წინააღმდეგობა. პოლიციამ ბერები დაგვიჭირა და ყველა წაგვიყვანეს მარტვილის სამმართველოში. დაჭერილები ვიყავით შვიდნი, დაგვკითხეს, სამი გამოგვიშვეს, ოთხი ჯერ იქ ჰყავთ", - განაცხადა პეტრე ღუდუშაურმა. თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ამბროსი სხულუხიამ განაცხადა, რომ დილიდან მარტვილის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციას მისგან აინტერესებდა დაბრუნდებოდა თუ არა სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში. მისი თქმით, მონასტერში 200-300 პირი შევიდა, მათ შორის ჩოხოსნები და პოლიცია, რომლებმაც მამაოები კელიებიდან ლოცვის დროს გაიყვანეს. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. ამავე თემაზე: მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

მეგის ქარდავა სისხლის სამართლის ახალი საქმის ფარგლებში, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა ახალი საქმის ფარგლებში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა გია გოროზიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ მეგის ქარდავა საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს. „საგამოძიებო უწყებიდან მასთან შეხვედრა უკავშირდება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, კონკრეტული დეტალიზაცია ჩემთვის უცნობია, ეს გახლავთ, როცა მეგის ქარდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ჩვენ პოზიცია გახლავთ ის, რომ საგამოძიებო უწყებას არ ვენდობით, მათთან გულწრფელი ვერ ვიქნებით, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებას ჩვენებას არ მივცემთ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას, კონვენციის დათქმა არის ასეთი - იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საქართველოშია გადმოცემული, შეუძლებელია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს. ზოგადი ინფორმაცია მაქვს საგამოძიებო უწყებიდან, ეს ეხება სისხლის სამართლის 333-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დაზარალებული ვინ არის, ვერ გეტყვით, თუმცა, ახალი სისხლის სამართლის საქმეა. ვფიქრობ, ეს აბსურდული საქმეა, რადგან გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგის ქარდავა საქართველოში ჩამოიყვანეს. მეგის ქარდავა საგამოძიებო უწყებას სრულ უნდობლობას უცხადებს, ყველა ბრალდება, რომელიც მის მიმართ წარმოებულია და განაჩენია დამდგარი, აბსურდული, უკანონოა", - განაცხადა გია გოროზიამ. ამავე თემაზე მეგის ქარდავა: არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ