სამართალი

საგამოძიებო სამსახური: სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს

"ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2015-2016 წლებში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, მოტყუებით დაირეგისტრირეს დიდი ოდენობით, სახელმწიფოს კუთვნილი 13 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 42 301 მ2, რომლის საბაზრო ღირებულება, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შეადგენს 755 144 ლარს. "გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

პოლიციამ ვერაზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითმიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა. ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. გარდაცვლილს, ასევე, დაჭრილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიიგე ჯგუფები. უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15 მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. "სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც. დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენთიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება. თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მომხდარ მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქ. სსკ- ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი", - ვკითხილობთ ინფორმაციაში.

ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ისნის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები. საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. შსს: ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ზუგდიდის #20 უბანთან დაპირისპირების დროს ხუთი პირი დააკავეს

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის წევრსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერიაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ერთი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ოთხი პირი. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ ზუგდიდელებს სეპარატისტები უწოდა. მუმლაძე ამას უარყოფს. მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა კენჭს, დაკავებამდე ამბობდა, რომ მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა "მწვანე ალტერნატივა - მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ჯონი ციმინტია. ნარსია ამბობდა, რომ უბანთან სიებით ხელში მოქალაქეები შეამჩნიეს, ამ საკითხით დაინტერესებამ კი ციმინტია გააღიზიანა. ადგილზე რჩებიან პოლიციის წარმომადგენლები. წყარო რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე: თუ საჭირო გახდა, ვერტმფრენს გამოვიყენებთ

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვერტმრენით გადაიყვანენ გლდანის ციხეში. ამით იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებულ სააკაშვილის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იგეგმება“. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „სრული მზადყოფნაა ნებისმიერი სცენარისთვის“, „სუსის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, საუბარია შესაძლო მძიმე დანაშაულზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, - აღნიშნა ბრეგაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ბოლო დღეებში მიმართავენ ამორალურ მანიპულაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „დღეს ის განცხადებებიც ვიხილეთ, თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის პატიმრის მკვლელობის თანამონაწილეა. ესაა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე პირდაპირ ძალადობა. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. ეს დასრულდება ხვალ და ბუნებრივია ამ ქვეყანაში არასოდეს მიეცემა გასაქანი მსგავსი ტიპის ქმედებებს და ზოგადად, მოსახლეობის შეურაცხყოფას. მსგავსი მანიპულაციები მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

5 ივლისის საქმეზე დაკავებული შვიდივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული შვიდივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილია, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ბრალდებულ პირებს ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი2-ის, "ფორმულას", "მთავარი არხის", გამოცემების - "ტაბულასა" და "რადიო თავისუფლების" წარმომადგენლებზე ძალადობას ედავებიან. ამასთან, შვიდივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

სუს-ი: ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვა მიმდინარეობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ძალები ხელისუფლების დამხობის გეგმას ამზადებს, რაზეც სუს-ი გამოძიებას აწარმოებს. აღნიშნულ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს. სუს-ის განცხადებით ჩანაწერი კანონიერი ნებართვის ფარგლებშია მოპოვებული. „სუსის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს - მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშაულებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებას. მსგავს ქმედებებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სუსმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებულნი გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში “, - აცხადებენ სუს-ში.

ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირების შედეგად, კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა

ფოთში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ინციდენტს წინ უძღოდა ქალებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. დაზარალებული სუპერმარკეტ "იოლის" თანამშრომელია. დაზარალებულს ჭრილობები გატეხილი მინის ბოთლისგან აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილს კრიმინალისტები იკვლევენ. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ის ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს – 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბორჯომში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული კ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ვკითხულბთ ინფორმაციაში.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 57-ჯერ ადვოკატებს შეხვდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. უწყება სტატისტიკას აქვეყნებს, თუ რამდენი ვიზიტი განხორციელდა დაკავებულ ექსპრეზიდენტთან. "მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. „მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს. რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის გნახლებას, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის ტქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით. ინფორმაციისთვის, „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №4109 ბრძანების შესაბამისად ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობასი ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა', - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარკვეული დაჯგუფება შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავდნენ

"გარკვეული ადამიანების ჯგუფები, შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავენ", – ამის შესახებ ინფორმაციას თავად შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ. უწყება კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას. „სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას. შემოსულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას. ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპეტორი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში, რომელიც შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

სუს-ი: ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილების უკანონოდ შეზღუდაზე იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა. მათივე ცნობით, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, - აღნიშნავენ უწყებაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში აქცია გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ" პატიმრობაში მყოფი ექსრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გამართა. შეკრებილებს ადგილზე მოწყობილი სცენიდან მიმართეს პარტიის ლიდერებმა და ასევე ზუგდიდში მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანზორ მელიამ. „30 ოქტომბერს, მოდით, მათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული“, - განაცხადა ანზორ მელიამ. ამავე აქციაზე სიტყვით გამოვიდა საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვეგი ერთვება. ინფორმაცია ექსპრეზიდენტის Faceboo გვერდზე გავრცელდა. ჯონ სენდვიჯი 2013-2014 წლებში ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა

ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

მას შემდეგ რაც პოლონეთის მმართველმა პარტიამ უგულებელყო ევროკავშირის მოთხოვნა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შეჩერების შესახებ, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს დღეში $1.2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ჯარიმის დაკისრების მიზეზი, პოლონეთში განხორციელებული სასამართლო რეფორმა გახდა.პოლონეთის მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას მოსამართლეებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მიანიჭა. ბრიუსელი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული ხელშეკრულებების ნაწილი ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სამიტზეც განიხილეს და კოალიციის წევრმა სახელმწიფოებმა პოლონეთი გააკრიტიკეს. ”თქვენ არ შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ ევროკავშირის მთელი ფული, მაგრამ უარი თქვათ ევროკავშირის ღირებულებებზე”, - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ და პოლონეთი გააფრთხილა, არ მოეპყროს ევროკავშირს, როგორც ”სალაროს მანქანას”. ბევრი პოლონელი მოსამართლე მმართველი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეფორმას მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს. ევროპული სასამართლოს განცხადებით, პოლონეთისთის ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე. სადისციპლინო პალატის გაუქმება ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ივლისშიც მოსთხოვა, თუმცა მოსამართლეების სადისციპლინო პალატა კვლავ განაგრძობს მუშაობას, რის გამოც ევროკომისიამ პოლონეთზე ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. ევროკომისიის განცხადებით, პოლონეთის მმართველი პარტიის ქმედებები ძირს უთხრიან სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყანაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გასულ კვირას განუცხადა ევროპარლამენტს, რომ პალატა გაუქმდება, მაგრამ ზუსტი ვადები არ დაუსახელებია. პოლონეთის ნაციონალისტური მმართველი პარტია, რამდენიმე საკითხზე ბრიუსელთან კონფლიქტშია მას შემდეგ, რაც 2015 წელს ხელისუფლება მოიპოვა , მათ შორის მიგრაციაზე და ლგბტ უფლებებზე, თუმცა, ყველაზე ხანგრძლივი დავა იყო პოლონეთის მთავრობის მცდელობა პოლიტიკური კონტროლი დაემყარებინა სასამართლო სისტემაზე . დღეს დაწესებულ დღიურ ჯარიმას ემატება 500,000 ევროს დღიურ ჯარიმა, რომელიც იუსტიციის სასამართლომ პოლონეთს გასულ თვეში დააკისრა, ტუროვის ყავისფერი ქვანახშირის მაღაროს დახურვის შესახებ მისი ბრძანების უგულებელყოფის გამო.

დღეს, კარტოგრაფების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ივერი მელაშვილის ადვოკატი პროცესის არჩვენების მეორე ტურის წინ ჩანიშვნას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. "პროცესი კარტოგრაფების საქმეზე გულისხმობს უკვე არსებითი განხილვის დაწყებას. ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც გამოვკითხავთ. საქმის კიდევ ხელახლა დაწყება მეორე ტურების წინ, არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეს, თუმცა ამის გარეშეც ძალიან დიდი შინაარსი აქვს პოლიტიკური, რაც ძალიან ბევრ განცხადებებში გამოვლინდა,“ - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. საქმეში შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება. 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ადვოკატსაც არ აქვს წერილის გამოტანის უფლება

"ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება", - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების განცხადებით, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს, არამედ ადვოკატებსაც არ აქვთ უფლება, მისი წერილები ციხიდან გამოიტანონ. აღნიშნული განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის გააფრთხილეს, რომ არ ჰქონდა წერილის გამოტანის უფლება. "ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება. ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", - აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არის პასუხი. კობა ნაყოფიამ ასევე თქვა, რომ სააკაშვილისთვის კომუნიკაციის შესაზღუდად დაბურეს პენიტენციური დაწესებულების მინები. "შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს", - განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ უკრაინელი რეანიმატოლოგი ჩამოდის

"გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ უკრაინელი რეანიმატოლოგი ჩამოდის. საქმეში ასევე კომაროვსკი ჩაერთო, რომელიც უკრაინელი მედიკოსია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში აქტიურადაა, ასევე ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. "ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი, - კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან ექნებათ და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისსა და იმერეთში ყალბი კოვიდ-პასპორტების გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში 9 ადამიანი მიეცა

"თბილისსა და იმერეთში ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და COVID-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგის ამსახველი ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის 9 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მათგან ერთი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი თითო 70 ევროდ დაუმზადა. "ბრალდებულმა შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეორე შემთხვევაში იმერეთის რეგიონში მხილებულია რვა პირი, რომლებმაც საზღვრის კვეთისას რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ამასთან, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობა. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.