სამართალი

ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს, რომ დროულად შეისწავლონ ფარული მიყურადების ყველა შემთხვევა. ინსპექტორი ამით სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირთა მიმართ, სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. "სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია, აკონტროლებს მოსამართლის განჩინებისა ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მიმდინარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სამსახურის კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისს №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მყარ გარანტიებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მედიამ დღეს გაავრცელა ცნობები ე.წ. ფარული ფაილების შესახებ. ამავე თემაზე: ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

პოლიციამ თბილისსა და ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს. ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაცმა ქალი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქემ, რომელიც ქალს თავს დაესხა, თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტში მონაწილეები სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა შსს ამაზე არ საუბრობს. ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინაში მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს

კიევის მახლობლად, პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 53 წლის მოსამართლე ვიტალი პისანსტი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის პრესმდივანმა ირინა პრიანიშნიკოვამ უკრაინულ სააგენტოს განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. პისანეცს განხილული აქვს გახმაურებული საქმე 2016 წელს, როდესაც კიევში ჟურნალისტ პაველ შერემეტი მოკლეს. ამასთან, მედიაში გავრცელებული ცნობით, ვიტალი პისანსტი ორი დღის წინ განიხილა საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

მედია: ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ ჯინჭველაშვილი რუსეთის საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი „კანონიერი ქურდი“, 63 წლის ნოდარ ჯინჭველაშვილი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „შოშიას“ სახელით იყო ცნობილი, რუსეთის ქალაქ ვოლოგდას საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ის სასჯელს ვოლოგდას ციხეში 2019 წლის შემდეგ იხდიდა. ძარცვის, ქურდობის, ტრეფიკინგის, იარაღის უკანონოდ ტარების და ნარკოდანაშაულის, ბრალდებით კი 7-ჯერ იყო ნასამართლევი.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის მოტივი იყო, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, გაანადგუროს მტკიცებულებები და მიიმალოს. დაკავებულის ინტერესების დამცველი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა. „საქართველოს პროკურატურამ, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შ.მ.-ს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. ადვოკატის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული დანაშაულის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს.

11 სექტემბრის ტერაქტების მე-20 წლისთავზე FBI-მ საგამოძიებო ჩანაწერები გამოაქვეყნა

FBI- მ შაბათს გამოაქვეყნა პირველი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიებას და საუდის არაბეთის მთავრობის მხრიდან გამტაცებლების შესაძლო მხარდაჭერას. The Guardian-ის ცნობით, FBI– ს დოკუმენტში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ საუდის მთავრობა მონაწილეობდა 11 სექტემბრის ტერაქტში. საუდის არაბეთის მთავრობა ყოველთვის უარყოფდა ყოველგვარ მონაწილეობას ტერორისტულ თავდასხმაში. საუდის არაბეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ყველა ჩანაწერის სრულ გაშიფვრას, როგორც სამეფოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების ერთხელ და სამუდამოდ დასრულების საშუალებას. საელჩომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომ საუდის არაბეთი თანამონაწილე იყო 11 სექტემბრის ტერაქტების, კატეგორიულად მცდარია. ჩანაწერი აღწერს 2015 წლის ინტერვიუს იმ პირთან, რომელიც აშშ -ის მოქალაქეობას ითხოვდა და წლების წინ კონტაქტი ჰქონდა საუდის არაბეთის მოქალაქეებთან, რომლებიც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევდნენ რამდენიმე გამტაცებელს. „არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ, როგორც ინსტიტუტმა ან საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა ინდივიდუალურად დააფინანსეს თავდასხმები, რომლებსაც ალ-ქაიდა ხელმძღვანელობდა. დოკუმენტები ქვეყნდება იმ დროს, როცა აშშ-მ და საუდის არაბეთმა შექმნეს სტრატეგიული, თუ რთული ალიანსი, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში“, - წერს The Guardian-ი. ამავე თემაზე: 20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან

ადვოკატის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული დანაშაულის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს

ადვოკატ ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს შალვა მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მელიქიშვილს 52 000 ლარამდე „თიბისი ბანკის“ ვალი აქვს. „მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო. ამასთან, ვერაფერს გეტყვით ბრალის გადაკვალიფიცირებაზე. სამი მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი და როდესაც მტკიცებულებები სრულად შეიკრიბება, მერე შესაძლებელია მოხდეს გადაკვალიფიცირება, ან სასამართლო განხილვის დროს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა. ამავე თემაზე: პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შ.მ.-ს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შ.მ.-მ, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა. სამართალდამცველებმა შ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება იგეგმება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქარდავას მეუღლე მეგის ქარდავას სახელით წერილს აქვეყნებს. ქარდავა წერილში სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან. „უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება "ქართული ოცნების" მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად ამისა, ვუსურვებ ჩვენს ძმებს უკრაინელებს და უკრაინას საერთო მტერზე რუსეთის ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას და ერთიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს და უკრაინის ძმობას ვერასდროს შეარყევს რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ოლიგარქ ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევის, შუღლის, დაპირისპირების თესვისა და ცრუ დაპირებების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელსაც უკვე მერამდენედ უწევს სწორი არჩევანის გაკეთება რუსულ სამყაროსა და იმ დასავლური განვითარების მოდელს შორის, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების სახით შეირგო, გამოსცადა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუკავშირა. სწორ არჩევანს დაცვა სჭირდება. მოგეხსენებათ, წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას - რაც სახეზეა. რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული. (მეგის ქარდავას აღნიშნულ განცხადებას პოსტის სახით ვდებ მისი მეუღლე)“, - წერია მეგის ქარდავას წერილში.

ისრაელის პოლიციამ მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ოთხი დააკავა

ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან პოლიციამ კიდევ ორი მსჯავრდებული დააკავა, - ამის შესახებ ისრაელის პოლიციამ განაცხადა. ხელისუფლებამ ორი მსჯავრდებულის ვინაობა დაასახელა - ზაქარია ზუბეიდი და მაჰმუდ ალ-არიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ჩრდილოეთ ისრაელში, სატვირთო მანქანის ავტოფარეხში იპოვეს. ისრაელის ხელისუფლების თქმით, ზუბეიდი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ინფორმაციით, დაკავებული ორი მამაკაცი პალესტინური დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" წევრია. ამჟამად, გაქცეული პატიმრებიდან თავისუფალია 2 პატიმარი. ამავე თემაზე: ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 6 პალესტინელი გაიქცა

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს კორონავირუსის პანდემიის მართვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრს ანიე ბუზინს ბრალი წაუყენეს. France24-ის ცნობით, საქმე ეხება Covid19-ის პანდემიის მართვის თემას. როგორც Le Monde წერს, მინისტრს ედავებიან „სხვების სიცოცხლის რისკის ქვეშ“ დაყენებას. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ანიე ბუზინი არის ფრანგი ჰემატოლოგი, იმუნოლოგი და ტრანსპლანტოლოგი. საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო 2017 წლის 17 მაისიდან 2020 წლის 16 თებერვლამდე.

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ახლა აღარაფერს საქმიანობს, მანამდე კი „ქართულ ოცნებაში“ უბნის უფროსი იყო. ბრალდებულმა მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის. ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. შეგახსენებთ, რომ რაფაელ მურსაკულოვს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა. "გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები. გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამავე თემაზე: შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

შს მინისტრი: ყვარელში მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე და ის კახეთიდან არის. „მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მოთხოვნებს, მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა. „ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. დღესვე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. უწყების ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

მედიის ცნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

ტელეკომპანიების ცნობით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. განახლება ყვარელში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს უწყება. ასევე დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი დაახლოებით ნახევარ მილიონს ითხოვდა. ამავე თემაზე: "საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

"საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

ყვარელში „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიცირება. "ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით არ მიმდინარეობს. ადგილზე არიან სამართალდამცველები. როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, ეს პირი შეიარაღებულია. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა. მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება", - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა. ამავე თემაზე: ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში  შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. "პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე დღეს შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას. ანა დოლიძის თქმით, ის უნდობლობას უცხადებს გენერალურ პროკურატურას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. "30 აგვისტოს იყო ჩემი სოციალური ქსელის გატეხვის მცდელობა. იყო არაერთი მცდელობა, მთელი დღის განმავლობაში. ამაზე შევიტანე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე. უნდობლობას ვუცხადებ შსს-ს, როგორც წინა ოთხ შემთხვევაზე, ამ შეთხვევაზეც ტყუილად მოვალ. უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი", - აცხადებს ანა დოლიძე.

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დამულის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, სოფიო გოგლიძემ, მურსაკულოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. "ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარსდგენია, არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ რას გვედავება გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა მისი თქმით, მურსაკულოვი შანაე ბრუკს არ იცნობდა. "საერთოდ არ უნახავს, საერთოდ არ იცნობდა", - განაცხადა ადვოკატმა. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა