სამართალი

ფარული ჩანაწერების საქმეზე ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებს გრიგოლიამ განუმარტა, პროკურატურაში მისი მისვლის მიზანია, გაარკვიოს, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. "რადგან ამ დოზით კონტროლდება საზოგადოების ყველა აქტიური წევრის საუბარი, მიმოწერა, რადგან ამ დოზით ხდება მათი მიყურადება, ეს არის პირდაპირი გზა ურთიერთდაპირისპირებისკენ. ჩემი აზრით ეს სანახაობა დადგა ხელისუფლებამ, სხვას, როგორც გავარკვიე, არ ხელეწიფება წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ფაილებზე," - აცხადებს ინგა გრიგოლია, რომელიც პროკურატურაში ადვოკატ ლევან მახარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებული 15 პირიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული 15 პირიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა, 3 კი აღკვეთის გარეშე დატოვა. მოსამართლე ალექსანდე იაშვილის თქმით, 3 პირის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად გირაოს 2 000-დან 7 000 ლარამდე სთავაზობდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ითხოვდა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიებით სახით გამოყენებული ყოფილიყო სასჯელის უმაღლესი ზომა პატიმრობა, რადგან პროკურორის განმარტებით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ამავე თემაზე: პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალი წარუდგინა შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული რ.ვ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი ნარკოტიკი, შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოგადაღება განახორციელა. „სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კიევი-თბილისის რეისით მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. საქართველოს მიერ ძებნილი ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტების აღმოჩენის გამო დააკავეს. დაკავებული უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ქარდავა ხელმეორედ დააკავეს და 13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპორტითაც. საქართველოში, მეგის ქარდავას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა 2012 წელს, ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე. ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც. თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

მარეგულირებელმა კომისიამ "იმედის" წინააღმდეგ ოპოზიციის საჩივრები დააკმაყოფილა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დააკმაყოფილა. როგორც Europetime-ს მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის ტელეკომპანიას ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. " „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ. კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტისგანჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას, უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს. კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელე იმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვის და მხარდაჭერისთვის 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ., კ.ნ., მ.მ., ა.ა., ა.ც., შ.მ., ბ.გ., პ.ბ., და შ.ქ., აღიარებენ ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან. ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, წყვეტდნენ არაერთ დავას და მოქალაქეებს სისტემატიურად სძალავდნენ ფულად თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დავის გადასაწყვეტად, ბ.ა.-მ და ზ.ნ.-მ ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს. კანონიერი ქურდის დავალებების შესრულებისას კი ბ.მ.-მ, ო.მ.-მ, გ.რ.-მ და გ.გ.-მ თავიანთი აქტიური ქმედებით ქურდული სამყაროს საქმიანობას ხელი შეუწყვეს. ნ.მ.-ს, კ.ნ.-ს, მ.მ.-ს, ა.ა.-ს, ა.ც.-ს, შ.მ.-ს, ბ.გ.-ს, პ.ბ.-სა და შ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბ.მ.-ს, ო.მ.-ს, გ.რ.-ს და გ.გ.-ს ბრალდება 223-ე სამი პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ბ.ა.-ს და ზ.ნ.-ს 223-ე ოთხი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. ბრალდების მხარე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამავე თემაზე: შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

მაია რჩეულიშვილი ციხიდან გათავისუფლდა

„ყველას ბოდიშს ვუხდი“, - „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლის პირველი სიტყვებია საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ. ასევე წაიკითხეთ: „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა „უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა. მადლობა უფალს, რომ დასრულდა. ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, რომ მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება“, - აღნიშნა მაია რჩეულიშვილმა. მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმის გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ დატოვა. „ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე, სულ ეს იყო, მაგრამ ძალიან ბევრი დრო დასჭირდა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. მაია რჩეულიშვილის თქმით, „მიონთან“ დაკავშირებით გაფორმდა საპროცესო, ამ ობიექტებზე კი დასრულებითი სამუაშაო ახლა მიმდინარეობს. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს "სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ა.გ. სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“. პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

სომხეთი აზერბაიჯანს რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ჰააგაში უჩივის

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ერევანმა ბაქო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 1965 წელს. მოსარჩელის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი "სომხებს ათწლეულების განმავლობაში რასობრივი დისკრიმინაციის ქვეშ აყენებდა", სახელმწიფო "ატარებდა სომხების მიმართ სიძულვილის პოლიტიკას", რის შედეგადაც ისინი "განიცდიდნენ სისტემური დისკრიმინაციას, ხოცვას, წამებას და სხვა სახის ძალადობას " . მომჩივნის თქმით, ეთნიკური ან ეროვნული წარმოშობის სომხები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, დისკრიმინირებულნი იყვნენ. სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს მასთან დაკავშირების არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში სარჩელი გაფრინდაშვილმა 16 სექტემბერს შეიტანა. როგორც ცნობილია, სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit -ის (ლაზიერის გამბიტი) დასკვნით ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ის 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე. სერიალში ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს". ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ. The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ "მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს, აშკარა სიცრუეა, ასევე უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”. ნონა გაფრინდაშვილი (1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები) მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში. 1983 წელს გახდა პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. 1989 -1996 წლებში ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი საამქრო დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები, სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებული. მეხანძრე-მაშველები ადგილზე რჩებიან. უცნობია ზარალის ოდენობაც. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დროულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ხის საამქროში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მისი ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. „მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია და თითქმის მთლიანად დაიწვა საამქრო“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

„მთავარი არხის“ ოპერატორი მომხდარ ინციდენტზე: გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

„მთავარი არხის“ ოპერატორ ლევან აბლოთიას განცხადებით, გუშინ ის ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის აივნიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ მან დღეს, კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა. ოპერატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქარელში მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უცხო ადამიანების მხრიდან მსგავსი აგრესია და ძალადობა არსად უნახავს. „თუ გნახავდით, არ მეგონა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ცოტა რთული გასახსენებელია.. მე და ჩემი ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ოფისში მივედით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, როგორ გამოჰყავთ შიგნიდან ბექა ყორშია, ამის შემდეგ მეც გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოყვანეს გარეთ. ეს ხალხი მერე ოფისში ჩაიკეტა, მე და ბექა „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი და ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან, და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე. უკან მივდიოდი. მინდოდა, რომ დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და იმ აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - განაცხადა ლევან აბლოთიამ. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა ქარელში მომხდარ ფაქტს. კოალიცია გმობს „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას. „მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია და „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ქარელში გადაღებული კადრები წარადგინა და განაცხადა, რომ ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება. „ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ისე ზიზღის ენას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული ბუკეტი იმისა, რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ. ამავე თემაზე: ,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ

შსს-მ  გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირი კი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა. ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“). „კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ. ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები“ , - ნათქვამია უწყების განცხადებაში. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება

წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ერთი არის 19-109 მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და მეორე - 236-ე მუხლი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ნიკა კვარაცხელია დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მას ქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დაპირისპირება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამავე თემაზე: თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბლოთია. ამას უარყოფენ მმართველ გუნდში. ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „4-ჯერ“ ესაუბრა შტაბის წევრებს ქარელში და ფიზიკური შეხება ოპერატორთან არ ყოფილა და სიცრუეა, რომ ოპერატორი გადმოაგდეს. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უკუსვლით წასული ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და ერთმეტრიანი დისტანციიდან გადავარდა“. „პრესსამსახურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ვიდეოს და ფოტოებს, სად დაეცა ოპერატორი და კიდევ ერთხელ მოხდება ტყუილის მხილება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ის აივნიდან თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა. ,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი აივნიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მეცხრე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ექიმმა განაცხადა, ექიმები ბიჭის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ. თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დღეს დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ემანუელ მაკრონი პოლიციაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ქვეყნის საპოლიციო ძალების და მათი ქცევის მონიტორინგის მიზნით, საპარლამენტო ზედამხედველობის შექმნა სურს. France24 წერს, რომ მაკრონის გამოსვლა მოსახლეობასთან პოლიციის ურთიერთობის საკითხზე დისკუსიას მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიციის ძალების საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანოს შექმნა აუცილებელია. კერძოდ, საუბარია გასული წლის ნოემბერში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ოთხი ოფიცერი შავკანიან მუსიკოსს სცემს. მაშინ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის ცემა საფრანგეთისთვის სამარცხვინოა. მისივე თქმით, პოლიციელის ქმედებები სამაგალითო უნდა იყოს. მიშელ ზეკლერზე თავდასხმამ საფრანგეთში ფართო აღშფოთება გამოიწვია და გაამძაფრა აქტივისტების პრეტენზია უმცირესობების, განსაკუთრებით შავკანიანი და არაბი კაცების მიმართ აგრესიის გამო. საფრანგეთში პოლიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა იმის გამო ისმის, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიციის დამოუკიდებელი ზედამხედველი.

ადვოკატი აცხადებს, რომ 16 წლის მოზარდს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა

16 წლის მოზარდს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა, ბრალდება არ დაუდასტურდა. ყოფილი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი იცავდა. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები არ ჰქონდა და გაუპატიურებული არ ყოფილა, ამიტომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამავე თემაზე: 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა