სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს. მისი შეფასებით, პროცესი დაჩქარდა და გადავიდა შეფასების ეტაპზე, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს. ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვს, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე, ასევე, მოსამართლეთა კონფერენციამ არ აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. კარლ ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ 22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება. პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ამცნობს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს. ივნისის ბოლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი. არამოსამართლე წევრების გარდა, ივნისის ბოლოს ვადა ასევე ეწურებათ საბჭოს მოსამართლე წევრებს: დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა.

ბაჩანა შენგელიამ, დედის, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში ახალი განცხადება შეიტანა

ბაჩანა შენგელიამ, დედის, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში ახალი განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ამ უკანონობის ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ბაჩანა შენგელია საქმის გამოძიების განახლებას, გიორგი გახარიას გამოკითხვას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. „წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ. გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ „ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას“. 6 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა. 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. ბაჩანა შენგელია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია. სკოლის დირექტორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს. თუმცა ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ბაჩანა შენგელია გახარიაზე: ვიდრე ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, დედაჩემის საქმეზე ის გასამართლდება

5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე ს.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. "სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ს.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროურატურის განცხადებაში.

საფრანგეთიდან საქართველოში ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 19 მაისს, საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების - ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ საერთაშორისო ძებნილი ვ.გ. 2018 წელს, ხოლო ძებნილი თ.ჟ. 2019 წელს წინა საექსტრადიციო პატიმრობაში იქნენ აყვანილი. მათი ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ვ.გ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით ძებნას, 1994 წელს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა. „სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების შემდგომ გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრმა განცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობა, ჩადენილ დანაშაულში მხილების შიშით და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ვ.გ. და მისი თანამზრახველები 1994 წლის 19 თებერვალს, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენით, ვ.გ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილით (ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით განესაზღვრა. საქართველოს გენერალური პროკურატურა მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის თ.ჟ.-ს ძებნას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე ახორციელებდა. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2005 - 2008 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფმა თ.ჟ.-მ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, საფოსტო გზავნილის და ავტომანქანის მეშვეობით, რამდენჯერმე გაუკეთა ორგანიზება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ საქართველოში შემოტანას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის განაჩენით, თ.ჟ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საფრანგეთიდან საქართველოში ეტაპირება განხორციელდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნენ შესახლებულნი. საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება მომავალშიც მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქრთამის აღების ფაქტზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, როგორც გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „Trump Organization-ს შევატყობინეთ, რომ ჩვენი გამოძიება უკვე აღარ ატარებს მხოლოდ ადმინისტრატიულ ხასიათს. ამჟამად ნიუ-იორკის ოლქის პროკურორთან ერთად გამოძიებას სისხლის სამართლის ჭრილში ვატარებთ“, - ნათქვამია განცხადებაში. 2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეჭვობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტიზს ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღნიშნულ პრაქტიკას იყენებდნენ.

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განას რესპუბლიკის 1 და კონგოს რესპუბლიკის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა, მათ შორის, სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდა. პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საუბარია პოლონეთის რესპუბლიკაში რუსეთის საქმიანობისთვის აუცილებელ მონაცემებზე. დაკავებულმა ბრალი აღიარა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულ ორ პირს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მთვრალ მდგომარეობაში ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ერთი პირი. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს დმანისში დაპირისპირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე

შინაგან საქმეთა სამინისტროში დმანისში დაპირისპირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან კანონის მოთხოვნები. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, ახლაც დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა. როგორც ცნობილია, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დილიდან განახლდა. გამოძიებამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელიც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ასახავს. ცნობისთვის, ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-მ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია.

პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. "მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.", - ნათქვამია ინფორმაციაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფატუ ბენსუდა: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მხარეები შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის სამიზნე გახდნენ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის მონაწილეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სამიზნე გახდნენ. როგორც ბენდუსამ განაცხადა, ისინი აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უყურებენ. ”ეს არის მოვლენები, რომლებსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ”, - განაცხადა მან. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ბენსუდას ოფისი ანტისემიტურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სარჩელებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკანორ მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა საჩივარში დავობდა საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1) ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვისთვის; 2) ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3) ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4) 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო. 2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნარკოტიკების და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, მთავრობას წარედგინა. "ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც. სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. წარდგენილი კანონპროექტით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება. ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემუშავებული ცვლილებების პროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. წარმოდგენილი ცვლილებები სრულად იზიარებს საუკეთესი ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და ა.შ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება", - ნათქვამია სამინიტროს ინფორმაციაში.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი, მათ შორის ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი: 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "პოლიციამ თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს: ასპინძის მუნიციპალიტეტში მწყემსმა მწყემსი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 წლის კაცმა, რომელიც არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე 38 წლის მწყემსი სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. "ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ნიკა მელია საპატიმროს ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, დღეს დატოვებს. აღკვეთის ღონისძიება 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ციხეს რამდენიმე წუთში დატოვებს. სხდომას თავად ბრალდებილი არ ესწრებოდა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 8 მაისს გადასცა. ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. ის ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ნიკა მელია 23 თებერვალს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსი პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის კანონით“ უნდა გათავისუფლებულიყო.