სამართალი

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო. თელავის რაიონული სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია. საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.  

შსს: სქესობრივი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების - 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების - 22, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის - 86, გარყვნილი ქმედების კი - 96. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.  

შსს: 9 თვეში, განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა - 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა. რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს - უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი - 36. ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.  

შსს ფონიჭალიდან, სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს. შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული არასრულწლოვნის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა, ერთი თვის წინ, გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე.  

ფულის გათეთრების საქმეზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში - ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში - მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სარფში 50 მილიონამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა. „სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორის მიმართ ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია "ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წელს, შპს ,,ვივა ვაკე“ დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს ,,ვივა ვაკის" საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 988 279,56 ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შპს „ვივა ვაკის“ დირექტორს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვანში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით "ევროპული საქართველოს" წევრი დააკავეს

ვანში, „ევროპული საქართველოს“ წევრი, კობა ძაგნიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს. საკითხზე „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კობა ძაგნიძეს არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავებიან. „რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. ბრალდება მძიმეა, "ევროპული საქართველო" ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს,“ - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.  

მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გირაო შეეფარდა

მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. გამოძიების ვერსიით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ 4 დეკემბერს ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა. პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. უწების განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს „პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 10.000 ლარი შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. „გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 - ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 11 დრონიდან 10 ჩამოაგდო - საჰაერო ძალები

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 11 თავდასხმის დრონიდან 10, ასევე, რუსეთის მიერ გაშვებული Kh-59 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან იყო გაშვებული, ოდესის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დარჩენილი დრონი ინფრასტრუქტურას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 სამხედრო შეტაკება მოხდა, უკრაინელებმა ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით 21 თავდასხმა მოიგერიეს. წინა ღამეს უკრაინულმა ძალებმა 25 თავდასხმის დრონიდან 18 ჩამოაგდეს.  

მე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდების ბრალდებით კაცი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

დაკავებულია კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის სახლში ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა - საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობებში განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ადვოკატმა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა. საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. პროკურორის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა.  ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის. დავით სანაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ამ მომენტისთვის ნასამართლობა არ აქვს, ის გაქარწყლებულია. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა კახა აბუაშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობს, დაზარალებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მისი ადეკვატურობა შესამოწმებელია. სასამართლო პროცესზე კახა აბუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ადვოკატებს აბსოლუტურად ეთანხმებოდა". ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.  

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს, ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს. ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა. 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აქვთ წარდგენილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კოკა კაციტაძე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში 62 სამართალდამცველი ვამხილეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას კაციტაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა, სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა კი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. „237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს”, - აღნიშნა კაციტაძემ. დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან ვრცლად ისაუბრა სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე. კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაუთმო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. კაციტაძის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62  - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი  ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება  420 საქმეზე დაიწყო. 237 (56%)- სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.  

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს გირაო შეეფარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდგომ საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული მედიკოსის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. „სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი გვქონდა შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით აკრძალვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე გაეცნობა დასაბუთების ნაწილს და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება. ყველა ის გარემოება, რაზეც ბრალდებულმა ისაუბრა, გამოძიების მიერ შესწავლილია. მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა. ყველა ის საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, გამოძიების მიერ დეტალურად იყო შესწავლილი და ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებშია და მტკიცებულებები არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ნადირაძემ. პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა  

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.