კულტურა

უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია

„კალუშის“ ბენდი 631 ქულით „ევროვიზია 2022“-ის პირველ ადგილზე გავიდა. „გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, - გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა ამ სიტყვებით მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „კალუშის“ ბენდს გამარჯვებისთვის, ასევე, ყველას, ვინც კონკურსში ხმა უკრაინას მისცა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უმასპინძლოს. „დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სიმღერის კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, რაც 1998 წლის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო შედეგია. საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ - 6. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს, რასაც მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.  

ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინეს

ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში - ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ. „არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია. პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა და პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვინ იყო ალჟირის ქართველი მმართველი, რომელთანაც ჯორჯ ვაშინგტონს მიმოწერა ჰქონდა და აშშ-ს და ალჟირს შორის პირველი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

ევროპულ, ამერიკულ, ოსმალურ და არაბულ წყაროებში, არაერთი ცნობა მოიპოვება ტყვედ გაყიდული ქართველების შესახებ, რომლებმაც თავის გამოსყიდვა და წარმატებული კარიერის აწყობა მოახერხეს, ზოგიერთი მათგანი კი, ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი ისეთი ქვეყნების ლიდერები გახდნენ როგორიც იყო, ეგვიპტე, ალჟირი, ტუნისი და ა.შ. ამერიკულ, ესპანურ და ფრანგულ ისტორიულ წყაროებში, საკმაოდ ბევრი ცნობა მოიპოვება ალჟირის მმართველზე, ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავზე. ჰასანი წარმოშობით საქართველოდან, ახალციხიდან იყო, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კი ტყვეობიდან არაერთი ქართველი გამოისყიდა და გავლენები მიანიჭა. ალჟირის წარმოშობით ქართველ მმართველზე, რომელთანაც ჯორჯ ვაშიგტონს და საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს პირადი მიმოწერა ჰქონდათ,  Europetime-მა ისტორიკოს კონსტანტინე ფერაძის მიერ მოკვლეული საინტერესო ისტორიული ცნობები მოიპოვა. ისტორიკოსის მოპოვებული ცნობებით,   ამერიკამ პირველად,  წარმოშობით ქართველი მმართველის დროს შეძლო ალჟირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იმ დროის ალჟირი მთავარ შემოსავალს მეკობრეობით იღებდა. ამ ქვეყნის მმართველი ავტომატურად ატლანტიკის ოკეანის მეკობრეების ლიდერიც იყო, რომლებიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ამერიკის ხომალდებს ძარცვავდნენ და ანადგურებედნენ. აყვანილი ტყვეების სანაცლოდ კი, კოლოსალურ თანხებს ითხოვდნენ. საზღვაო უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად და საკუთარი ფლოტის დასაცავად,  ყველა ქვეყანა ცდილობდა ალჟირთან ზავის დადებას, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ამერიკელი ისტორიკოსების განმარტებით, იმ დროის აშშ-სთვის, როგორც ახალბედა სახელმწიფოსთვის, საზღვაო უსაფრთხოების გარანტიები სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.   XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკელ მოგზაურთა და მეზღვაურთა მემუარებით ირკვევა, რომ ალჟირსა და ახლად დაარსებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობება ემთხვევა ალჟირის ქართველი მმართველის, ჰასან ფაშას, იგივე ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავის მმართველობის (1791-1798) პერიოდს. კონსტანტინე ფერაძის ცნობით, ამ დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მიმოწერა, ჰასანისა და ჯორჯ ვაშინგტონს შორის ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში ჯეიმს ქათქართის პირად არქივშია დაცული. ამერიკელი მკვლევარი ჰენრი ბარნბი თვლის, რომ ქართველ ჰასანს ძალიან მოსწონდა ამერიკელები, რადგან აშშ,  ახალბედა სახელმწიფო იყო და ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ  სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდა, ალჟირისთვის კი ეს  მისაბაძი და მაგალითის მიმცემი გახლდათ. ალჟირიც ოსმალეთის იმპერიიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ჰასანის ქართული ფესვები და საქართველოს იმდრონდელი მდგომარეობა.  1830 წლამდე ალჟირშიც ხდებოდა მამლუქის ტიპის სამხედრო პირების აღზევება.  მიუხედავად იმისა, რომ მონები ან მამლუქები აქ სტამბულიდან მასობრივად არ შემოჰყავდათ,  ქართული წარმომავლობის უმაღლეს  ჩინის მოხელეები ალჟირში მაინც ჩნდებიან.    „ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავის ქართული წარმომავლობა ცნობილი იყო მისი პერიოდის ფრანგი მოგზაურებისთვისაც. ამავე პერიოდის ალჟირის შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში, რომელთა ნაწილი ინტერნეტშიც  ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფერაძე. ბრიტანეთის საარქივო მასალაზე დაყრდნობით, ისტორიკოსი ბარნბიც წერს , რომ “სიდი ჰასანი ქართველი იყო”. ახასიათებს, როგორც სხარტი აზროვნების, განათლებულ და გამბედავ ადამიანს.   ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი თავიდან ალჟირის სამხედრო ხომალდის მეთაური  გახდა.  1770 წელს, შავ ზღვაში ალჟირის გემებს ხელმძღვანელობდა, რუსული ფლოტის წინააღმდეგ . ალჟირის მაშინდელი მმართველი მუჰამმად ბინ ‘უსმან დეი  ჰასანს თავის მმეკვიდრედ მიიჩნევდა, ამიტომ ოსმალეთის სულტან აბდულჰამიდ I-თან გააგზავნა. ჰასანმა სულთნისთვის დაწერა ალჟირის და საზღვაო ისტორიისადმი მიძღვნილი ანგარიში სახელწოდებით “Târhçe-y Cezâyr”. ეს დოკუმენტი დღემდე თოფკაფის მუზეუმში ინახება. სტამბულში, სულთნის კარზე, რუსეთის ფლოტთან ომში გამარჯვებულ ჰასანს და მის თანმხლებ დელეგაციას დიდი პატივით შეხვდნენ. ფრანგული წყაროს მიხედვით, ალჟირში დაბრუნებისას, მისი გემი ესპანელებმა ხელში ჩაიგდეს და ჰასანი ტყვედ აიყვანეს. კონსტანტინე ფერაძის ცნობით,  ფრანგული წყაროების მიხედვით, ესპანელებმა მასთან, როგორც ალჟირის გავლენიან მოხელესთან და პოტენციურ მომავალ მმართველთან,  სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს. ჰასან აფისკავმა ესპანეთის მეფისგან განსაკუთრებული საჩუქარიც კი  მიიღო. ალჟირში ამერიკის წარმომადგენლის ჯოელ ბარლოვის მოგონებების თანახმად,  ალჟირის ფლოტის ქართველმა მეთაურმა დამატებით ერთი მილიონი ესპანური ფული აიღო, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში,  ესპანელთა ინტერესების  დასაცავად. კარტაჰენაში ყოფნისას საპატიო ქართველი ტყვე შეხვედრებს მართავდა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და ვაჭრებთან. ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი ჯონ მონტგომერი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ჰასანი იყო “განსაკუთრებული შესაძლებლობების პატრონი და ჭკვიანი პოლიტიკოსი”, დადებითად განწყობილი  ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ტყვეობიდან მის გამოხსნაში აქტიურად ჩაერთო როგორც ალჟირის მმართველი მუჰამმად დეი, ისე იმდროინდელი ფრანგული საგარეო უწყება. ფრანგი დიპლომატების აზრით, აუცილებელი იყო ჰასანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ალჟირში დაბრუნება, ვინაიდან იგი მმართველი დეის ფავორიტი გახლდათ და ალჟირში ძალაუფლებით მეორე პირის მომავალი სიძე უნდა გამხდარიყო ჰასანის და ესპანელთა საიდუმლო შეთანხმების განხორციელება 1785 წლისთვის მოხერხდა, ალჟირსა და ესპანეთს შორის “100 წლიანი ზავი” გაფორმდა. ესპანეთის ინტერესებში შედიოდა ალჟირელი მეკობრეები თავს დასხმოდნენ სხვა სახელმწიფოების ფლოტს. აღნიშნული ზავის გაფორმებიდან სულ ცოტა ხანში,  ალჟირელმა მეკობრეებმა ატლანტიკის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროსთან, ამერიკული ხომალდები “დაფინი” და  “მარია”  დააკავეს . ხომალდები და ოცდაერთი ამერიკელი მეზღვაური ალჟირში ტყვედ წაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი ამერიკელი ტყვე ჯეიმს ქათქართი ჰასანის ქრისტიანი მდივანი გახდა, საზღვაო სამინისტროს უწყებაში. შემდგომში, ხელსაყრელი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და ამერიკელი მეზღვაურების გამოსყიდვის დროს, ამერიკელებს ეს ნაცნობობა ძალზე გამოადგათ. ამერიკისთვის ძალიან რთული იყო ალჟირთან მოლაპარაკება, რადგან ამ დროისთვის სახელმწიფოს არ გააჩნდა იმ სახის საზღვაო ძალა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ალჟირელთა დაშინება და მოლაპარაკებებში დათმობების მოპოვება. საფრანგეთი და ესპანეთი ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატებს ამ მოლაპარაკებების წარმოებისას. მათ მიაღწიეს იმას, რომ ამერიკელი ტყვეების უკიდურესად მძიმე პირობები შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ალჟირის გამგებელი მუჰამმად დეი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო შეემცირებინა ამერიკელების გამოსასყიდად დაწესებული უზარმაზარი თანხა. ამერიკელი დიპლომატები იმედოვნებდნენ, რომ ღრმად მოხუცებულ და ავადმყოფ მუჰამმად დეის, დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი, მისი შემცვლელი წარმოშობით ქართველი ჰასანი კი ამერიკელებისადმი კეთილგანწყობას ინარჩუნებდა, რაც მასთან წარმატებული მოლაპარაკების მეტ იმედს ტოვებდა. სამშობლოში დაბრუნების დიდი იმედი ჰქონდათ დატყვევებულ ამერიკელ მეზღვაურებსაც, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით იხსენებდა: „ჰასანს უზარმაზარი გავლენა აქვს დეიზე და მასზე უკეთ არავის შეუძლია მისი ტახტის დაკავება, ჰასანი მიუთითებს სამხედრო ხომალდებს თუ საით აიღონ გეზი, და იმედი მაქვს, რომ მის ნებისმიერ რჩევას დიდი გავლენა აქვს დეიზე ...ის ყველაზე კეთილგანწყობილია ამერიკელების მიმართ”  1788 წლის მაისში,  წარმოშობით ქართველი ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი, სიმამრის ნაცვლად,  ალჟირის ე.წ პრემიერის თანამდებობაზე  დაინიშნა. 1791 წლის 11 ივლისს  კი, მუჰამმად დეის გარდაცვალების შემდეგ, ალჟირის მთავარი მმართველის თანამდებობა დაიკავა. ისტორიული წყაროების ცნობით, მის გარემოცვაში იმყოფებოდნენ  ქართველი მამლუქი, ‘ალი ვაქილ ალ-ხარიჯი და ბერძენი მუჰამმად ხაზინადარი. ესპანელებმა ჰასანს ალჟირის მმართველად არჩევა განსაკუთრებულად მიულოცეს, მათ მთავარი გემთმშენებელი ოსტატი გამოუგზავნეს და სთხოვეს, რომ საზავო ხელშეკრულება, დიდი ხნის წინ არსებული შეთანხმების მიხედვით გაფორმებულიყო. ალჟირის მმართველად ქართველი ჰასანის დანიშვნამ ამერიკელებს დამატებითი იმედები გაუჩინა. კონსტატინე ფერაძის ცნობით, ამაზე მეტყველებს ამერიკელი დიპლომატის წერილი აშშ სახელმწიფო მდივანთან თომას ჯეფერსონთან. დიპლომატი იმედოვნებდა, რომ აშშ ამჯერად უფრო იოლად შესძლებდა ალჟირის მმართველთან მოლაპარაკებას და რომ მისი ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის გამო არ დაივიწყებდა ამერიკელების მიმართ არსებულ მეგობრულ განწყობას. „ჰასანი კი აგრძელებდა ალჟირში დამკვიდრებულ ტრადიციას რომლის თანახმადაც დეი, ანუ მმართველი უპირველესად ალჟირში  მყოფი თურქი ჯარისკაცების, მეკობრეების და ზოგადად სამხედო კლასის მეთაური იყო და მათი კეთილდღეობაზე და კმაყოფილებაზე ზრუნვა მისი მთავარ მოვალეობას წარმოადგენდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამერიკელებისადმი მიუხედავად მისი პირადი კეთილგანწყობისა, ჰასანი ვალდებული იყო ანგარიში გაეწია საკუთარი ქვეშევრდომების ინტერესებისათვის. მე-16 საუკუნიდან  ალჟირი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეთა ცენტრად მიიჩნეოდა. მეკობრეობით შემოსული თანხები სრულად ხმარდებოდა  მმართველ კლასს და აქ განლაგებულ ოსმალურ გარნიზონს. ალჟირელები იტაცებდნენ ათეულობით ქვეყნის ხომალდებს და  უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვდნენ. 1575-1580 წლებში, მიგელ დე სერვანტესმაც კი ხუთი წელი  გაატარა ალჟირელების ტყვეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველად დანიშვნის პირველ წლებში  ჰასანმა ხელი ვერ  შეუშალა ალჟირელი მეკობრეების მიერ ატლანტიკის ოკეანეში ამერიკულ ხომალდებზე ნადირობას, თუმცა საბოლოოდ აშშ-თან პირველად ალჟირის ისტორიაში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და შეთანხმება მაინც შეძლო.  ჰასან დეი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს წერდა, რომ იგი მიესალმება მოლაპარაკებებს და უახლოეს პერიოდში ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას საჭიროდ მიიჩნევს.ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ 1795 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა. წარმოშობით ქართველი ჰასან დეი ამერიკელებს ასევე დაეხმარა სამშვიდობო ხელშეკრულებები გაეფორმებინათ  ტუნისთან და ტრიპოლთან. ხელშეკრულების თანახმად,  ამერიკულ ხომალდებს ალჟირელი, ტუნისელი და ტრიპოლელი მეკობრეები თავს აღარ დაესხმებოდნენ, რაც ახალბედა ამერიკული სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ბევრს ნიშნავდა. „ამერიკელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ ჰასანის მიერ გაცემულ საბუთებს ჩრდილოეთ აფრიკელები ისე უყურებდნენ როგორც “სიწმინდეს” - აღნიშნავს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე. ქართველ ჰასან დეის ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა ესპანეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ასევე იტალიური, გერმანული და სკანდინავიური სახელმწიფოების მონარქებთან და უმაღლეს პირებთანაც. წარმოშობით ქართველი  ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი 1798 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. მისი დაბადების ადგილზე და ტყვედ ჩავარდნის ისტორიაზე ცნობები შემონახული არ არის. არსებობდა მოსაზრება რომ ის ახალციხიდან იყო, მესხეთიდან, რომელსაც იმ პერიოდში ოსმალეთი აკონტროლებდა.  

თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა. სამინისტროს ცნობით, ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო. „ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. „ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

უილ სმიტი კინოაკადემიას ტოვებს

უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა და განაცხადა, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე კრის როკზე თავდასხმა “შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო”. გასულ კვირას ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კრის როკს სცენაზე მას შემდეგ დაარტყა, რაც წამყვანმა მისი მეუღლის გარეგნობაზე იხუმრა. კრის როკის ხუმრობა ჯადა პინკეტ-სმიტზე, იყო მინიშნება 1997 წლის ფილმზე G.I. Jane, რომელშიც მსახიობმა დემი მურმა თავი გადაიპარსა. გაურკვეველია, იცოდა თუ არა როკმა, რომ ჯადა პინკეტ-სმიტს თმის ცვენის დარღვევა ჰქონდა. კინოაკადემიის პრეზიდენტმა, დევიდ რუბინმა განაცხადა, რომ მიიღო სმიტის გადადგომის შესახებ განცხადება, მაგრამ გააგრძელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, რამაც შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს.  სხდომა 18 აპრილს გაიმართება. 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (Unesco) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს. UNESCO-ს ცნობით, ამ დროისთვის, ცხადი და დადგენილია 29 რელიგიური ადგილის, 16 ისტორიული შენობის, 4 მუზეუმისა და 4 ძეგლი დაზიანება. UNESCO-მ ამოიყენა სატელიტური სურათები, რათა დაედასტურებინა ოფიციალური კიევის ცნობები დაზიანებული ადგილების შესახებ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თითოეული შემთხვევა უკვე დადასტურებულია, თუმცა, სია სრულად არ ასახავს რეალობას - მათი ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ უკრაინული მხარის მიერ წარდგენილ რამდენიმე მოხსენებას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გერმანიაში, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast-ი ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ლეგენდარული ქართველი რეჟისორის - ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს, - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოფესტივალზე შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება: „დღეს ღამე უთენებია“ (1984); „ორომტრიალი“ (1986); „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978); „როცა აყვავდა ნუში“ (1972); „ვალსი პეჩორაზე“​ (1992); „ერთი ცის ქვეშ“ (1961); „მე ვხედავ მზეს“ (1965); „ფერისცვალება“ (1968); „აურზაური სალხინეთში“ (1975); „ოქროს ძაფი" (2019). საერთაშორისო კინოფესტივალი goEast-ი ყოველწლიურად 100-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს სთავაზობს აუდიტორიას. იგი გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ტარდება. წელს ფესტივალი 19 აპრილის გაიხსნება და 29 აპრილს დასრულდება.

სტივენ კინგმა რუსეთში ახალი წიგნების გამოცემაზე უარი თქვა

სტივენ კინგმა, რომლის წიგნებიც რუსეთში საკმად კარგად იყიდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გამომცემლობებთან დადებულ ყველა კონტრაქტი ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია მის აგენტზე დაყრდნობით წერს.  მწერლის ახალი რომანები რუსეთში აღარ გამოიცემა. 5 მარტს Twitter-ში სტივენ კინგმა დაწერა, რუსეთში საკუთარი კონტრაქტების გაყიდვას გეგმავდა.  2016 წელს რუსეტში სტივენ კინგის წიგნის 6,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ყველაზე გაყიდვადი რომანი იყო „ის“. 6 წელიწადში რუსეთში ამ რომანის 393 ეგზემპლარი გაიყიდა.  მანამდე რუსეთში კონცერტები გააუქმა ბიორკმა, იგი პოპმა,Twenty One Pilots, The Killers-მა და სხვებმა.  სტივენ კინგს მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. 

კულტურის სამინისტრომ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია

დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად გამოცხადებულ კონკურსში კულტურის სამინისტრომ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია. „შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს“, - აცხადებს სამინისტრო. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის. მომდევნო ეტაპზე გადასული პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი. პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროში შევიდა 10 განაცხადი. მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეირჩა 3 პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5000 აშშ დოლარით. შერჩეული პროექტი ავტორი, ლევან კოღუაშვილი აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე.  

კულტურის სამინისტრო: ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები არასაკმარისია

საქართველოს კულტურის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს. უწყების განცხადებით: ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია: 1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი;2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ მრავალჟამიერს (2013 წ.) და ქართულ გალობას (2021 წ.),ქართულ მრავალხმიანობას მოცემული სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, 2020 წელს კი ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი განესაზღვრა (2001 წელს UNESCO-ს მიერ აღიარებულია, როგორც მსოფლიო ხელთუქმნელი შედევრების ერთ-ერთი ნიმუში, ხოლო 2008 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში არის ნომინირებული). თუმცა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არამხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი. ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად“.

ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, სამინისტრო სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხელახლა აცხადებს კონკურსს. ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში – 2021 წლის 22 დეკემბერს, ხოლო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი 2022 წლის 20 იანვარს გამოცხადდა. სხვადასხვა მიზეზით, ოთხივე თეატრში კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწვყვეტილება აღნიშნულ თეატრებში კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ. ინფორმაციისთვის, სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა“, – აცხადებენ უწყებაში.

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დავით დოიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ულოცავს დოიაშვილს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას და აღნიშნავს, რომ „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. „დავით დოიაშვილი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა. მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს დავით დოიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგება

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი წელს მეჩვიდმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. 10-17 თებერვალს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა – European Film Market, ხოლო 10-20 თებერვალს ბერლინის კინოთეატრებში გაიმართება ფესტივალის ყველა ტრადიციული სექციის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსის, პანორამის, ფორუმის, რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება. ევროპულ კინობაზარზე ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს სამ ქართული სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს: „სამურაი დასვენების ჟამს” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3; „მშვენიერი ელენე” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი). 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23; „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა). 15 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 6. ფილმების ჩვენებების გარდა, საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ონლაინ გაიმართება შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და კანის, მონპელიეს, კარლოვი ვარის, კოტბუსის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. ონლაინ შეხვედრებს კინოცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება 10 ქართველი პროდიუსერი, რომლებიც ბერლინის კინოფესტივალზე მონაწილეობისთვის კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ (ქეთი კალანდარიშვილი, ქეთი დანელია, რატი ონელი, თიკო ნადირაშვილი, თეკლა მაჭავარიანი, ვლადიმერ კაჭარავა, ელია ფარსადანიშვილი, ელენე მარგველაშვილი, დათო ისაკაძე, გიორგი მუხაძე). წელს ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში სახელწოდებით „წიგნები ბერლინალეზე“, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების სამომავლო ეკრანიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, 10 წიგნს შორის წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“.

10-დან 20 თებერვლის ჩათვლით, ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

ბერლინალე 2022 - ფილმები კინოთეატრების დიდ ეკრანებზე დაბრუნდა. 2022 წლის 10-დან 20 თებერვლის ჩათვლით ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს „ოქროს“ და „ვერცხლის“ დათვის მოპოვებისთვის 15 ქვეყნის 17 მხატვრული და ერთი დოკუმენტური ფილმი იბრძოლებს. გერმანიის საელჩოს ცნობით, ნინო ხარატიშვილის რომანი „უკმარი სინათლე“ ბერლინალეს სპეციალურ სექციაში „წიგნები ბერლინალეზე“ იმ 10 საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. გამარჯვებული ათეული 30–ზე მეტი ქვეყნის 190–ზე მეტი ნამუშევრიდან შეირჩა.

კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის "დიდგორი" თრეილერის პრეზენტაცია შედგა.   კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის "ძლევაი საკვირველი" ფარგლებში შეიქმნა.   "კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „სილესტიალ დიმენშენი“ ქართული კომპიუტერული თამაშის „დიდგორი“ თრეილერი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარუდგინა საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.   თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად კიდევ ერთ თეატრში გამოცხადდა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. „კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა სამმა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ. კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ. რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. 27 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არცერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა. „სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. რაც შეეხება სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკის საელჩო: აშშ-მ საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დააფინანსა

ამერიკის ელჩ კელი დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. საელჩოს ცნობით, ელჩმა ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე დაათვალიერა. ასევე გაეცნო მუზეუმის კოლექციას, მათ შორის არის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი. „ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.   

კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ ორი პრიზი მოიპოვა

ამერიკულ კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვა და ასევე მიენიჭა ფესტივალის ფავორიტი ფილმის ჯილდო. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ზე 25 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში, დოკუმენტური ფილმების კონკურსის სექციაში შედგა. ფილმი რუსი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზეა. ფილმის რეჟისორია კანადელი კინოდოკუმენტალისტი დენიელ როჰერი. ერთ-ერთი პროდიუსერი კი ნავალნის გუნდის წევრი მარია პევჩიხი. ფილმი წარმოებულია HBO Max-ისა და CNN Films-ის მიერ. რეჟისორმა აღწერა ფილმი, როგორც „ერთი ადამიანის ისტორია და მისი ბრძოლა ავტორიტარულ რეჟიმთან“. გადაღებები დაიწყო ნავალნის კომიდან გამოსვლის შემდეგ და გაგრძელდა 2021 წლის იანვარში, მის დაპატიმრებამდე. ფილმის მთავარი გმირის თქმით, გადამღები ჯგუფი აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის დროსაც კი მის გვერდით იყო.  

ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან

მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 ხელს უშლის საშობაო ტრადიციების აღნიშვნას, ქვეყნები მაინც ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად. საშობაო სულისკვეთების შენარჩუნებას კი ლამაზად მორთული ნაძვის ხეებით ცდილობენ. მას შემდეგ, რაც რიგ ქვეყნებში დომინანტური ხდება კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონს“ მთავრობები ახალი შეზღუდვებით შეხვდნენ. რამდენიმე დიდმა ქვეყანამ გააუქმა საშობაო ბაზრობები და საჯარო დღესასწაულები. მოსახლეობა კი ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია საახალწლო განწყობა თავიანთი ქალაქების მთავარ ნაძვის ხესთან იკრიბებიან... მოდით, გადავავლოთ თვალი, როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეები. ნაძვის ხე ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრში ეროვნული ნაძვის ხე ვაშინგტონში, აშშ-ს კაპიტოლიუმის წინ ნარჩენებით დამზადებული ნაძვის ხე რიგა, ლატვია ჟოლოსფერი ნაძვის ხე უინძორის ციხესიმაგრეში, ინგლისი მთავარი ნაძვის ხე ლისაბონში, პორტუგალია განათებული ნაძვის ხე დასავლეთ კოულუნის მთავარ უბანში, ჰონგ კონგი გიგანტური ნაძვის ხე მადრიდის სიმბოლო ქანდაკებასთან საკულტო ნაძვის ხე პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში დიდი ზომის ნაძვის ხე ტორონტოში ნაძვის ხე ბერლინში, ქალაქის მერიის წინ, გერმანია მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, თბილისი, საქართველო