ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილი გამოკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. ვასილ კაკაშვილიმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების შესაბამისად, გამოკითხვის დროს იყო ბარიერი, თუმცა შეფერხება არ ყოფილა. „მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან ამ საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული. მიმდინარე საქმეზე გამოკითხულნი არიან არამარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფები. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო გამოკითხვა და შეფერხება არ გვქონია“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს

ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობენ

ყაზახეთში აქციის მონაწილეთა ნაწილი ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობს. სოციალურ ქსელში ძეგლის ჩამოგდების მცდელობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ძეგლზე თოკები იყო მიბმული, მათი დახმარებით აქციის მონაწილეები ძეგლის ჩამოგდებას გეგმავენ. პირველი პრეზიდენტის ნაზარბაევის ძეგლი ტალდიკორგანში 2016 წელს დაიდგა. ბოლო ინფორმაციით, დემონსტრანტები ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის, ალმათის აეროპორტში შეიჭრნენ. ასევე წაიკითხეთ: მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება. ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და 6 იანვრიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ეუთოს თავმჯდომარემ ენ ლინდემ ყაზახეთში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობა არსებული პრობლემების გადაჭრის არასწორი გზაა. ამავე თემაზე კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია

რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

სახელმწიფო დეპარტამენტი მდივნის მოადგილე ვენდი შერმანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შორის სატელეფონი საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა ევროპაში. „სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ესაუბრა. მდივნის მოადგილემ გაიმეორა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მდივნის მოადგილემ შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა ევროპაში“, - აღნიშნულია ნედ პრაისის განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს ტელეფონით ესაუბრა. საგარეო უწყების ცნობით,საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან, აშშ-ის მხარის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით. „დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია. საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ვარიანტის „ომიკრონის“ 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი სამჯერ ან ოთხჯერ მეტია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 159 ინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აქედან კლინიკებში სამი პაციენტის გადაყვანა მხოლოდ თანმხლები დაავადების გამო გახდა საჭირო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევათა უმეტესობა უცხოეთიდან არის შემოსული, თუმცა ამასთანავე უკვე დაწყებულია „ომიკრონის“ შიდა გავრცელება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 159 შემთხვევის ანალიზის თანახმად, ინფიცირებულთა შორის 16 არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი. 17 პროცენტში რეინფიცირება დაფიქსირდა, 67 პროცენტი კი სრულად ვაქცინირებული ადამიანია. მათ შორის რვას ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული. „დღევანდელი მდგომარეობით, წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით, ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ყოველდღიური ახალი შემთხვევების ე.წ. დაღმავალი ტალღა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა, აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიკატორების ზრდა, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი. სამი პროცენტით არის გაზრდილი დადებითობა. გაზრდილია შვიდი დღის საშუალო დადებითობაც. ჯერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს. გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება, ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებებისა და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ, დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს: ქვეყანაში იზრდება „ომიკრონის“ გავრცელება და მეორე - წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა. სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილიანობის ინდიკატორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ალბათობით მომდევნო ორ კვირაში შემთხვევები მოიმატებს, რისთვისაც ჯანდაცვის სისტემა მზადაა; გავრცელების სისწრაფე დინამიკურია და 30-40 პროცენტის ფარგლებშია. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და 6 იანვრიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის. საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი უკიდია. ეუთოს თავმჯდომარემ ენ ლინდემ ყაზახეთში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობა არსებული პრობლემების გადაჭრის არასწორი გზაა. კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია ყაზახეთში მთავრობა გადადგა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ

ამირან გამყრელიძე: ახალ შტამს B.1.640.2-ს ბევრი სიურპრიზის მოტანა შეუძლია

„კორონავირუსის ახალ შტამს B.1.640.2-ს ბევრი სურპრიზის მოტანა შეუძლია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამყრელიძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც დაკავშირებულია კომერონის შემთხვევებთან, სადღაც დაინფიცირდა 12-მდე ადამიანი. დაარქვეს მას B.1.640.2. ჯერჯერობით, ამ შტამზე ბევრი არაფერი ვიცით. ჩანს ამ ვირუსს, კიდევ ბევრი სურპრიზის მოტანა შეუძლია. უნდა ვიყოთ, ძალიან ყურადღებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა.

სემეკის წევრი განმარტავს, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განმარტა, რატომ მიუვიდა მოსახლეობას წყლის გადასახადი ორჯერ. „დეკემბერში მოდიოდა ნოემბრის გადასახადი, ნახევარი ნოემბერი, ნახევარი დეკემბერი. ახლა მოსახლეობას მიუვიდა დეკემბრის გადასახადი სრულად და შემდეგი გადასახადი უკვე იქნება თებერვალში. ანუ, იანვარში მოსახლეობას მიუვა ქვითარი, რომლის გადახდის ვადა იქნება თებერვლის შუა რიცხვებამდე. იანვრის თვე ამოვარდა. ჩვენ კალენდარული წლით ჩავკეტეთ მოხმარება, მათ შორის სასმელი წყლის. ზუსტად ვიცით რამდენი დაირიცხა, რამდენია აღრიცხული და ა.შ. შემდეგ თვეს, იანვარში გადასახდელი პრაქტიკულად აღარავის ექნება, გარდა იმ პირებისა, ვისაც ქვითარი დეკემბრის ბოლოში მიუვიდა და გადახდის ვადა იანვრის შუა რიცხვებამდე აქვთ. ვისაც ქვითარი იანვარში ჩაბარდება, აბსოლუტურად ყველასი თებერვალში იქნება გადასახდელი. პრაქტიკულად, იანვრის გადახდის პერიოდი ამოვაგდეთ. თებერვლის გადასახადი მოვა მარტში, მარტის - აპრილში და ა.შ. თვე-თვეზე გასწორდა, აღარ იქნება თვეების დაყოფა“, - განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა "ქრონიკაში". ცნობისთვის, სემეკ-ში 4 იანვარს განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვებს სწავლობენ

ავსტრალიის პრემიერი ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისგან მტკიცებულებას ელოდება

ავსტრალიის პრემიერის განცხადებით, საჭიროა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში უნდა დაბრუნდეს. სკოტ მორისონის თქმით, თუ ეს მტკიცებულება არასაკმარისი იქნება, მაშინ სპორტსმენს განსხვავებულად ვერ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით სახლში დაბრუნება მოუწევს. ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ შექმნილ ვითარებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვაქცინაციისგან სამედიცინო მიზეზით გათავისუფლდა.

კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია

კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს თავისი შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია. ყაზახეთს, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთისთვის დახმარება ჯერ არ უთხოვია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ყაზახ მეგობრებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად მოაგვარონ შიდა პრობლემები“, - განუცხადა პესკოვმა „რია ნოვოსტის“ და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, გარე ჩარევა არ მოხდეს. ყაზახეთში მთავრობა გადადგა BBC-ის ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტი გაითიშა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

მედია ჩრდილოეთ კორეის მიერ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ იუწყება. რაკეტა ზღვაში ჩავარდა კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის, რაც სეულმა და ტოკიომ დაგმეს. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდაზე გაეროს მხრიდან აკრძალვა მოქმედებს. ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავდაცვას გააძლიერებს და გასულ წელს არაერთი რეკეტა გამოსცადა. საახალწლო გამოსვლის შემდეგ, ეს პირველი ასეთი გამოცდაა.პირველად, ფაქტი იაპონიის სანაპირო დაცვამ 5 იანვარს, დილით დაადასტურა. „სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დაზვერვა მჭიდროდ აანალიზებენ ფაქტებს“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) განცხადებაში. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 500 კმ (310 მილი) იფრინა.

BBC-ის ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტი გაითიშა

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ, ალმათიში ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები მერის შენობაში შეიჭრნენ. BBC-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. 4 იანვარს, პრეზიდენტმა გადააყენა მთავრობა და განაცხადა, რომ საწვავის დაბალი ფასები კვლავ დაბრუნდება. BBC წერს, რომ საპროტესტო აქციები იშვიათია ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს მთავრობა. ალმათიში პოლიციამ რამდენიმე ათასი მომიტინგის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიდა სხვა საშუალებები გამოიყენა, თუმცა მერიის შენობაში შეჭრა ვერ აღკვეთა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდიოდა, ასევე ისმოდა სროლის ხმა. ქალაქის პოლიციის უფროსმა, კანატ ტაიმერდენოვმა თქვა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებში ოფიციალური შენობების მახლობლად ხალხმრავლობაა და როგორც ჩანს, ინტერნეტ სერვისები გამორთულია ქვეყნის მასშტაბით. ამავე თემაზე: მედიის ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი მივიდა. როგორც კაკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოკითხვა ასევე შეეხება სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურას. ,,ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ეხება მათ შორის გადმოყვანის პროცედურას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა. გაგზავნილია შესაბამისი წერილები კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა და ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

პირველი თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისივე თქმით, განმარტებით, პირველი თებერვლიდან, ანუ სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების დღიდან თბილისში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. „როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ პირველი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. პირველ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან შესაძლებელია

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან შესაძლებელია

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი", - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ აბონიმენტების შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებში შეიძლება, ხვალიდან კი „საქართველოს ბანკის“ ექსპერს ფილიალებშიც. „ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ მათთვის, ვინც ძირითადი მომხმარებელია, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება უფასო მათთვის, ვინც შეღავათით სარგებლობს. დანარჩენ 10%-ში მოიაზრებიან ტურისტები და სხვა ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, მცდარია. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანო ისიც, რომ თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიების შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოსახლეობაზე სატრანსპორტო დანახარჯს არ ვზრდით“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. ცნობისთვის, კახა კალაძემ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება .

BBC: ევროპის ტატუ არტისტები ევროკავშირის ახალ რეგულაციას ბიზნესის ნაწილობრივ აკრძალვად განიხილავენ

ტატუ არტისტები ამბობენ, რომ ევროკავშირის ახალმა რეგულაციამ ათასობით ქიმიკატზე, რომელიც საღებავების მელნებში გამოიყენება, შეიძლება მათ ინდუსტრიას ზიანი მიაყენოს. BBC-ს ცნობით, შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 4 იანვარს შევიდა, ეხება ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კიბო ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ეს შეზღუდვა ძირითადად გავლენას მოახდენს ფერად მელანზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცვლელი მელანი არ არის მარტივად ხელმისაწვდომი და შესაძლოა არ ჰქონდეს ისეთი შედეგი, რაც მომხმარებელს სურს. „პანდემიით გამოწვეული სირთულეების შემდეგ, ბევრი ბიზნესი ამტკიცებს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო ადაპტაციისთვის. ზოგი ახალ აკრძალვას მისი ბიზნენის ნაწილობრივ აკრძალვად განიხილავს“, - წერს BBC. ქიმიკატების შესახებ ევროკავშირის განახლებულ რეგულაციებზე 2020 წელს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა. აკრძალვა ეხება 4000 ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის იზოპროპანოლ ალკოჰოლს, ტატუს მელნის საერთო ინგრედიენტს, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შემცვლელები უკვე ხელმისაწვდომია. ახალი კანონმდებლობის ავტორები ამბობენ, რომ მელანი შეიძლება იყოს სახიფათო, გამოიწვიოს კანის ალერგია და სხვა უფრო სერიოზული გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. გერმანელმა დერმატოლოგმა ვოლფგანგ ბაუმლერმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 3400 ადამიანი 2010 წელს და დაადგინეს, რომ ორი მესამედი უჩიოდა რეაქციას ტატუირებისთანავე, 6% კი რამდენიმე კვირის განმავლობაში აფიქსირებდა პრობლემებს. ტატუების ინდუსტრია ამტკიცებს, რომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც კიბოსთან კავშირზე მიუთითებს. დამატებითი შეზღუდვები ერთი წლის შემდეგ დაწესდება. ევროკავშირმა საშეღავათო პერიოდი ორი ფერისთვის (ლურჯი და მწვანე) შემოიღო, რათა მათ ალტერნატიული საშუალებები მოიძიონ.

ბაღდადის აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი, რაკეტები ესროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი, რაკეტები ესროლეს. მსხვერპლი არ არის. გავრცელებული ცნობებით, ოთხი რაკეტა დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის და ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ჩავარდა. მათივე ცნობით, 4 იანვარს, კოალიციურმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამიზნეებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზისთვის საფრთხედ მოიაზრება, იერიში მიიტანეს. შეგახსენებთ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. 2 წლის შემდეგ, ირანის პრეზიდენტი შურისძიებით დაიმუქრა.

ჩეხეთის მოქალაქეს უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისთვის 21- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პრაღის საქალაქო სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეხეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, სუკუპი უკრაინაში, ბრძოლებში, სეპარატისტების მხარეს 2014 წელს ჩაერთო და სატანკო ბატალიონის მეთაურობას მიაღწია, მონაწილეობდა ბრძოლებში, რომელთა დროსაც, საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. პროკურორის მტკიცებით, სუკუპი 2018 წლის მაისამდე იყო ჩართული ბრძოლებში. თავად ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ, დონბასში იმყოფება, სასამართლოს არ ესწრებოდა. ცნობისთვის, სექტემბერში პრაღის სასამართლომ არაერთხელ ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, დონბასში ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობის გამო 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანალოგიური სასჯელი მიესაჯა 27 წლის ლუკაშ ნოვაჩეკს, რომელიც გამოძიების ცნობით, პრორუსულ სეპარატისტულ რაზმებთან ერთად უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა.

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. უწყების ცნობით, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - აცხადებს სუს-ი. რადიო თავისუფლების ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი მეექვსედ დააკავეს. მან ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად მოიხადა და გასული წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს.

ციციშვილის კლინიკაში, COVID19-ით ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა

COVID19-ით ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოხდა. ცნობილია რომ ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძე ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. „4 თვის ჩვილი ჩვენთან 31 დეკემბერს, უკიდურეს მდგომარეობაში შემოვიდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ჰქონდა კომბინირებული თანდაყოლილი მანკი. იყო დაბადებული დღენაკლული, ძალიან დაბალი წონით. დაბადების შემდეგ ეს ბავშვი სულ მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ. ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ჩვილი გუშინაც გარდაიცვალა