ახალი ამბები

მედია: ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს მერილენდში სამხედრო აღლუმს გამართავს

ტრამპი,ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, მერილენდში სამხედრო აღლუმს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ღონისძიება მერილენდის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. ღონისძიებაზე ტრამპს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, სამხედროები გამოემშვიდობებიან. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები. არაა გამორიცხული, რომ აღლუმს პრეზიდენტის რიგითი მხარდამჭერებიც დაესწრნენ. მოსაწვევებში, რომლებიც სტუმრებს თეთრმა სახლმა დაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ცერემონია დილის 08:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს არის დაგეგმილი.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: მსოფლიო ბანკი მზადაა, 2024 წლისთვის EU-ს წევრობის განაცხადის მომზადებას მხარი დაუჭიროს

"შესანიშნავი შეხვედრა იყო, ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს" - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო. სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას - 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით. "მსოფლიო ბანკი მზად არის, განაგრძოს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ბანკის სურვილია ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის უახლესმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა. პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია Covid-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან. შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველომ გამოიყენოს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოსტკოვიდურ მსოფლიოში წარმატებულად პოზიციონირებდეს. შეხვედრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ აშშ დოლარს მოიცავს.

ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ინაუგურაციის შემდეგ, პირველ დღეს გეგმავს. აღნიშნული კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს. მსგავსი საიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია. კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს. კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას გაივლიან და სხვა ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ემიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ. როგორც ცნობილია, ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრანტებისთვის პროცესი უფრო დაჩქარებული იქნება.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კალიფორნიის შტატიდან სენატორის მანდატი ოფიციალურად დატოვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კამალა ჰარისს ალექს პადილა ჩაანაცვლებს, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორმა სენატს უკვე წარუდგინა. კამალა ჰარისმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის კალიფორნიის შტატის მოსახლეობას მადლობას უხდის. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა გუნდთან ერთად, რომელიც ასე დაუღალავად მუშაობდა“, – განაცხადა ჰარისმა. ვიდეომიმართვაში მან განვლილი ოთხი წელი შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს საზეიმოდ დადებენ.

პაატა იმნაძე: საქართველომ COVAX პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ

საქართველომ COVAX პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველო „ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინების მისაღებად ემზადება. „ძირითადად ვემზადებით, რომ „ასტრაზენეკა“ ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის COVAX პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება. COVAX პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება COVAX პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1550 შემთხვევიდან, 647 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა.

პოლიციამ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 143 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 679 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

217 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 434 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 398 პირი, აჭარაში - 1 788, იმერეთში - 2 269. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 973 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი კიდევ 1550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130-მდე.

მელანია ტრამპი: ძალადობა არასდროსაა პასუხი და არასდროს ექნება გამართლება

"იყავით მგზნებარე ყველაფერში, რასაც აკეთებთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და არასდროს ექნება გამართლება", - თეთრი სახლის ოფიციალურად დატოვებამდე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სპეციალური მიმართვა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 6 იანვრის მოვლენების შემდეგ ეს კამერის წინაშე მელანია ტრამპის პირველი საჯარო გამოჩენაა. "როდესაც თეთრ სახლში მოვედი, გამოვიხმე ის პასუხისმგებლობა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი როგორც დედა, რომ გავამხნევო, გავაძლიერო და ვასწავლო სიკეთის ფასი. ჩვენი, როგორც ზრდასრულებისა და მშობლების ვალია, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები იცხოვრონ სავსე და ჯანსაღი ცხოვრებით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მქონოდა შესაძლებლობა წარმომედგინა ასეთი კეთილი და დიდსულოვანი ხალხი... ახლა, როდესაც მე და დონალდი ვასრულებთ ჩვენს დროს თეთრ სახლში, ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩემს გულში შემოვუშვი, სიყვარულით, პატრიოტიზმით და თავდადებით მათ დაუჯერებელ ისტორიებზე". – თქვა მელანიამ ვიდეოში და მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, სამართალდამცველებს, ექიმებს, ექთნებსა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებს. მელანია ტრამპმა ასევე ისაუბრა მის მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე "იყავი საუკეთესო", რომელიც ბავშვების ფსიქიკური, ფიზიკური და ონლაინ ძალადობისაგან დაცვას ისახავდა მიზნად. "ახლა, როდესაც პირველი ლედის როლს ვემშვიდობები, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ყველა ამერიკელი შეიტანს თავის წვლილს და ასწავლის ჩვენ შვილებს, როგორ იყვნენ საუკეთესოები. ვთხოვ მშობლებს, გაანათლონ შვილები იმ მამაცი და თავდადებული გმირების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ და თავს სწირავდნენ იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო თავისუფალი ადამიანების ქვეყანა. და ვთხოვ მათ ასწავლონ საკუთარი მაგალითით და იზრუნონ სხვებზე. ნუ დაკარგავთ პატიოსნებას და ღირებულებებს. ყველა სიტუაციაში ყველა ამერიკელს სთხოვეთ, გახდეს "იყავი საუკეთესოს" ელჩი. ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც გვაერთიანებს, და არა იმაზე, რაც გვყოფს. ყოველთვის აირჩიოს სიყვარული და არა სიძულვილი, მშვიდობა და არა ძალადობა, სხვები კი საკუთარ თავზე წინ დააყენოს", - ამბობს მელანია.

ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

დონალდ ტრამპმა პანდემიის გამო ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე, ტრამპმა შეზღუდვები ბრაზილიასაც მოუხსნა. ახალი რეგულაციები 26 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა როგორც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წარმომადგენელი ჯენიფერ პსაკი აცხადებს, ახალი ადმინისტრაცია ტრამპის განკარგულებას, სავარაუდოდ, გააუქმებს.

კით კრაჩი 5G-ის უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმზე: ახლა ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს გეგმა“ უნდა შეიქმნას

„საქართველო ამერიკის არაჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას", - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა განაცხადა. კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს აფასებს და აცხადებს, რომ „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში, შეერთებული შტატებს დაფინანსების გამოყოფა შეუძლია. კრაჩის განცხადებით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება. „ეს ნამდვილად უგზავნის სიგნალს ამერიკის კერძო სექტორს და ასევე იმ ქვეყნების კერძო კომპანიებს, რომლებიც “სუფთა ქსელში” შედიან. როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი. 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება. ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩამოვთვალე, თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან. ასე რომ, ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი “განვითარების დაფინანსების კორპორაციის” ფარგლებში. ჩვენ "დი-ეფ-სის" ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთ ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა "დი-ეფ-სი" ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. არაჩვეულებრივი იქნება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ პროცესი დაწყებულია“, - აღნიშნა კრაჩმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. როგორც კით კრაჩიმ აღნიშნა, “სუფთა ქსელი" საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. "საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ ალიანსს სუფთა 5G ნატოს ქსელი სჭირდება. არ შეიძლება ნატოს ზოგიერთ წევრს სანდო 5G აღჭურვილობა ჰქონდეს და ზოგიერთს არასანდო. სანდო სამოქალაქო ქსელი ალიანსს მშვიდობის დროსაც სჭირდება და ომის დროსაც. ევროკავშირიც ასე ფიქრობს. ამის გამო, რეგიონული გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის უკიდურესად სტრატეგიული ნაბიჯია. ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალსექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას. ამის შემდეგ კი დავსხდებით და გადავწყვეტთ ვინ და როგორ უნდა შეასრულოს ეს გეგმა. წარსულში ჩვენი გამოცდილება ასეთი იყო, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში ვეხმარებოდით, იქნება ეს სასამართლო სისტემაში თუ სხვაგან. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა და “სუფთა ქსელი“ ამ რეაქციის ერთ-ერთ კატალიზატორია.", - აღნიშნა კრაჩმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში შედგა და მას ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, კით კრაჩმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოაწერეს.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.

პარიზის დისნეილენდის გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო

Covid-19-ის გავრცელების გამო, პარიზის დისნეილენდის ხელახალი გახსნა 2 აპრილამდე გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას დიდნეილენდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს Reuters-ი ვრცელებს. „ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო, პარიზის დისნეილენდი, როგორც დაგეგმილი იყო, 13 თებერვალს არ გაიხსნება. თუ მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენ პარიზის დისნეილენდს 2021 წლის 2 აპრილს ხელახლა გავხსნით“, – შესაბამისი განცხადება დისნეილენმა Twitter-ში გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა.ამის შესახებ Europetime-ს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს 2018 წლიდან დღემდე, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სამინისტროს ცნობით, აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

დღეს ნათლისღებაა

19 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყებს. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთი საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, იყოს თუ არა უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები. „იმ დროს, საბჭოთა კავშირს არ მოსწონდა ის, რომ გვინდოდა NATO-ს წევრი გავმხდარიყავით. სტალინმა ნათლად აღნიშნა, რომ მას სურდა ნორვეგია NATO-სგან განცალკევებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ორგანიზაციის ლიდერებმა პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და ყველგან უარი თქვეს. ნორვეგიას, რუსეთის მეზობელს, სუვერენული უფლება აქვს, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, მათ სურთ იყვნენ წევრები, ისინი აკმაყოფილებენ NATO-ს სტანდარტებს და ჩვენ მათ მივესალმებით ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს- საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს წევრობაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

ერდოღანი: რაც უფრო ძლიერდება თურქეთი, მით უფრო იმატებს ანკარაზე ზეწოლა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, მაქსიმალურად აამოქმედოს საკუთარი პოტენციალი და ფსონი ინვესტიციების ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე გააკეთოს. ერდოღანის თქმით, რაც უფრო ძლიერდება თურქეთი, მით უფრო იმატებს ანკარაზე ზეწოლა“. „ისინი, ვინც თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას აკრიტიკებენ, თავად უყოყმანოდ სამარცხვინო ნაბიჯებს დგამენ დემოკრატიის სფეროში, ვინაიდან მათთვის დემოკრატია ინტერესების მიღწევის ინსტრუმენტია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.