ახალი ამბები

კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 72 შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა.

234 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, აჭარაში - 1 871, იმერეთში - 2 488. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 915-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე.

ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 958 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს დაუდასტურდა, 1 643 გამოჯანმრთელდა.

Twitter-მა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

Twitter-მა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში Twitter-ის პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევის გამო ჩაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მარჯორი ტეილორ გრინი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეკამათა, კონგრესის წევრი ასევე ცნობილია შეთქმულების თეორიების მხარდაჭერით. თავად მარჯორი ტეილორ გრინი Twitter-ს კონსერვატიული პოლიტიკური ხმების ჩახშობაში სდებს ბრალს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Samsung-ის ხელმღვანელს სამხრეთ კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის სამხრეთ კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარის მტკიცებით, ლიმ 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული. 52 წლის ჯეი ი. ლი 2017 წელს დააკავეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა. ამის შემდეგ საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა. მესამე ინსტანციამ კი, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და ჯეი ი. ლის პატიმრობა მიუსაჯა.

კასპში ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

კასპში ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი,უწყების ყოფილი თანამშრომელია.

ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ამის შესახებ ინფომაციას Interfax.az-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი. „აეროპორტის შენობა ან წელს აშენდება ან გაისად. მისი მთავარი მიზანია შუშაში უცხოელმა სტუმრებმა შეძლონ ჩამოსვლა. მანძილი ფიზულისა და შუშას შორის დიდი არაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ფუნდამენტი ჩაეყარა ექვსზოლიანი გზის ოთხ ნაწილს, უცხოელებს შუშამდე მისვლა უმოკლეს დროში შეეძლებათ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.. მანამდე ალიევი ამბობდა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ორი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგემება. ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მათი ქალიშვილი ლეილა ალიევა ეწვივნენ ქალაქ შუშასაც (სომხ. შუში), რომელიც აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ სომხებმა არ უნდა დაივიწყონ 44-დღიანი ომი და მისი შედეგები. „თუ სომხეთში ვინმე რევანშზე ფიქრობს, ისევ ჩვენს რკინის მუშტს დავანახებთ. ამ რკინის მუშტმა მოახრევინა მათ ქედი და გაუტეხა თავები. თუ ჩვენს წინააღმდეგ რამე პროვოკაციას წამოიწყებენ, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ, ინანებენ და მწარედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ალიევმა.

ეკატერინე ტიკარაძე: გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას

თებერვლის ბოლო იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში იგეგმება Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა. „დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებული და გარკვეული თანხა გვაქვს გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. რაც შეეხება, თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამ ეტაპისთვის საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ, ამ „ცივი ჯაჭვის“ არსებობის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ უკან, რათა მათ ჰქონდეთ გარანტია. ორმხრივ გარანტიაზეა საუბარი“, - განაცხადა ტიკარაძემ. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო ჯაჭვი, რომელიც ვაქცინების შესანახ მაცივრებსაც ითვალისწინებს, ქვეყანაში უკვე არსებობს. ცნობისთვის, 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ იანვრის ბოლომდე ქვეყანა მზად იქნებოდა ვაქცინის მისაღებად.

ალექსეი ნავალნის დაკავები კადრები

ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩაფრენისთანავე დააკავეს. ნავალნი მოსკოვში დღეს ჩაფრინდა.

ალექსეი ნავალნი დააკავეს

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩაფრინდა

ალექსეი ნავალნი მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტში ჩაფრინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა ლიუბოვ სობოლი, მისი ადვოკატი უკვე დააკავეს. ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი ჩინეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ჯანმოს განცხადებით, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევას შეეცდება. მეცნიერების ვიზიტი უხანში საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. არც ორგანიზაციამ და არც ჩინეთის მხარემ არ დააზუსტეს, თუ რას ეძებენ მეცნიერები, რომლებსაც ჩინეთის მთავრობამ რამდენჯერმე ქვეყანაში შესვლაზე პრობლემები შეუქმნა . AP News-ის გამოცემა ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს. რატომ უხანი? დღევანდელი ცნობების თანახმად, პირველი დაფიქსირებული შემთხვევა სწორედ უხანში იყო. მოსახლეობის დიდი რაოდენობა ქალაქში 2019 წლის დეკემბერში დაინფიცირდა. უმრავლესობა ავადობას ადგილობრივ ბაზარს აბრალებდა, კონკრეტულად კი ეჭვი იმ ადგილზე ჰქონდათ,სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობდნენ. დაავადება უკონტროლოდ ვრცელდებოდა უხანში, ვიდრე ქალაქი 23 იანვარს არ ჩაიკეტა. რა არის გუნდის გეგმა? როგორც ყველა საერთაშორისო ვიზიტორი, გუნდის წევრებიც სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან. ამ დროის განმავლობაში ისინი ჩინელ კოლეგებთან ონლაინფორმატში იმუშავებენ. კარანტინის შემდეგ: ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარსა(დეკემბერში გავრცელდა პირველი კლასტერი) და უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტშია ვიზიტები დაგეგმილი. მეცნიერების თავდაპირველი ვარაუდით, ვირუსის გავრცელება ველური ცხოველების ბაზრიდან დაიწყო, თუმცა ეს ვარიანტი გამოირიცხა. მიუხედავად ამისა, მაინც არის შესაძლებობა, რომ ბაზრის ტერიტორიაზეც აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულება, რითაც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება. ჯანმოს გუნდს ასევე იმედი აქვს, რომ მათ ექნებათ წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაზე, სადაც ინახება ვრცელი არქივი, რომელიც 2003 წლის SARS პანდემიის შემდეგ შეიქმნა. რატომ არის ვიზიტი ნაწილობრივ გასაიდუმლოებული? ჩინეთის მთავრობა ერთ წელიწადზე მეტია, რაც უარს აცხადებს საერთაშორისო მეცნიერთა გუნდის დაშვებაზე. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი პროცესებს განზრახ აჭიანურებს. ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტია ცდილობს, რომ შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა და აუკრძალოს ნებისმიერ მკვლევარს კვლევის შედეგების გავრცელება. სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ასევე ცდილობდა, საერთაშორისო ექსპერტებისგან წამოსული მოსაზრება ჩაეხშო, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი ვირუსის ეპიცენტრად მოიაზრებოდა. Associated Press-ის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაში გაირკვა, რომ მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ კვლევას, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. სახელმწიფო მედია კვლავ განაგრძობს ვირუსის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვარიანტის გავრცელებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვირუსის გამოკვლევით გამოჩნდება, რომ ინფექცია რამდენიმე ქვეყნიდან გავრცელდა".

ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება

რუსი პოლიტიკოსი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნავალნი მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და მოსკოვში, ვნუკოვის აეროპორტში მალე დაეშვება. მას რუსეთში მხარდამჭერები შეხვდებიან. მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ ნებიესმიერი მხადამჭერი, რომელიც ნავალნის დასახვედრად მივა, ჩაითვლება რომ უკანონო დემონსტრაციის მონაწილეა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

ისრაელის ელჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ელჩმა Facebook-ზე დაწერა და პოსტს შესაბამისი ფოტოც დაურთო. "იმედი მაქვს, მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით", - წერს რან გიდორი.

ლინკოლნ მიტჩელი: მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება

ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უწევდა კონსულტაციებს, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას Europetime-თან აფასებს. „ბევრის მსგავსად, მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება. იგრძნობს თუ არა კომფორტულად თავს ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის ჩათვლის, რომ მთავრობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, ან პარტია პოლიტიკურ ჩიხშია და ამ დროს არაფერი არ უნდა თქვას და გააკეთოს - ეს არის საინტერესო. გარდა ამისა, ბევრი, „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაში მიჩვეულია, რომ ივანიშვილია ყველაზე დიდი გავლენის მქონე საქართველოში და შეიძლება არც დაიჯერონ, რომ ის ნამდვილად ტოვებს პოლიტიკას. საქართველოსთვის მთავარ საკითხად რჩება, შეუძლია თუ არა ქვეყანას თავი დააღწიოს, ერთპარტიულ სისტემას. ამ ციკლიდან გამოსასვლელად საჭიროა ნამდვილად კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში გადანაცვლება. ივანიშვილის გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ ნაბიჯია. ამასთან, ყველაფერი, რაც საქართველოს ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლიდან გამოიყვანს, პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს და ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამას“, - განუცხადა Europetime-ს ლინკოლნ მიტჩელმა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.

სოლსბერის ტაძარი კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინაციის ცენტრად გადააკეთეს

ინგლისში, სოლსბერის ტაძარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახლად გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ვაქცინა პირველად ხანდაზმულებმა გაიკეთეს. 95 წლის ლუის გოდვინი მიესალმება ვაქცინაციის დაწყებას ტაძარში, რომელიც 800 წელზე მეტს ითვლის. „მოხარული ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე, განსაკუთრებით კი ამ გარემოში“, - ამბობს გოდვინი. 88 წლის სტელა ბენეტის თქმით, ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. „ადვილი იყო. მე მარტო ვცხოვრობ, ასე რომ, გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე აქამდე მოვსულიყავი. ყოველ შემთხვევაში მე სახლში ვარ და არა საავადმყოფოში", - ამბობს სტელა ბენეტი. ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, სამეფო-საჰაეროს ძალების ვეტერანი იყო. სულ ამ ლოკაციაზე 80 წელს გადაცილებული ათასი ადამიანის აცრა იგეგმება. დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 113 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 698 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

დეტალები Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით ვაქცინაციაზე ნორვეგიაში

„ყველა შემთხვევის სიღრმისეული მოკვლევა მიმდინარეობს“, - აცხადებს ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო 23 პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექციის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ. სააგენტოს თანახმად, ვაქცინაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ღებინება და ტემპერატურის მატება, „შესაძლოა გამხდარიყო განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების გარდაცვალების მიზეზი“. მათი თქმით, კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური პრეტესტირების დროს, პრეპარატი არ იყო გამოცდილი არასტაბილურ, ან სუსტ და 85 წელს გადაცილებულ პაციენტებზე. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ძირითადად ვაქცინაცია ტარდება მოხუცთა სახლებში, სადაც ბევრ პაციენტს მძიმე მდგომარეობა აქვს. ნორვეგიაში ვაქცინაცია ამერიკულ-ბელგიური კომპანიის მიერ, Pfizer-BioNTech - ის პრეპარატით მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ერთი დოზა 33,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. მედიკამენტების სააგენტოს თქმით, თითოეული ლეტალური შემთხვევის დეტალური გამოკვლევა მიმდინარეობს და ნაადრევია იმის დასკვნა, რომ პაციენტების მდგომარეობის გართულება პრეპარატმა გამოიწვია. Bloomberg-ის ცნობით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია და ნორვეგია ერთად სწავლობენ გარდაცვალების შემთხვევებს. ნორვეგიაში დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტზე ასევე დაუსვეს შეკითხვები ამირან გამყრელიძესაც. მისი თქმით, სავსებით გასაგებია, რომ ეს თემა საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს,თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ: „მე საფუძვლიანად გავეცანი ნორვეგიის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ ლიტერატურას“, - ამბობს გამყრეილძე, მისი თქმით, ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანები Pfizer-ის მიერ დამზადებული ვაქცინის მიღების გამო გარდაიცვალნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, საჭიროა, რომ ექსპერტიზის დასკვნას დაველოდოთ. Pfizer-BioNTech -ის კლინიკურ ცდებში 43,448 პაციენტი მონაწილეობდა. ცდების დროს არც ერთი მწვავე ალერგიული რეაქცია და/ან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. აშშ-ის მასშტაბით Pfizer-ის ვაქცინა 1,893,360-მა ადამიანმა გაიკეთა, რომელთაგან მხოლოდ 21 შემთხვევაში დაფიქსირდა პრეპარატზე რეაქცია, აქედან 71% შემთხვევაში ალერგიული რეაქცია პრეპარატის მიღებიდან 15 წუთში შეინიშნებოდა. მხოლოდ 4 შემთხვევაში გახდა საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზება, ხოლო მიღებიდან რამდენიმე დღეში ყველა პაციენტი სახლში გაწერეს. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დოზა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ისრაელში გაკეთდა. ქვეყანაში მოსახლეობის მეოთხედს გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა. ისრაელის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პირველი დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ 200 000-კაციან ჯგუფში ინფექციის მაჩვენებელი 33 პროცენტით დაეცა მეორე, არავაქცინირებულ 200 000-კაციან ჯგუფთან შედარებით.