ახალი ამბები

3071 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - 25 ნოემბრის სტატისტიკა

25 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 95 581-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42. 3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 814 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში - 4 951“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ვადა გახანგრძლივდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, 2021 წლის 12 იანვრამდე გაგრძელდა. 12 იანვრამდე ისევ იკრძალება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სახლების მუშაობა, ქორწილები და სხვა მასობრივი ღონისძიებები საბანკეტო დარბაზებში, რესტორნებში, კაფეებსა და სხვა მსგავს ობიექტებში, დახურულ სივრცეებში სპორტული, საქმიანი, გასართობი და სხვა სახის ღონისძიებები, სავარჯიშო დარბაზების და აუზების მუშაობა და სხვა. ბჟანიას განკარგულებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა დამცავი ნიღბების გამოყენება, შეზღუდულია სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები კი გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან. გარდა ამისა, აფხაზეთის მცხოვრებთ ურჩევენ, რელიგიური დღესასწაულების დროს თავი შეიკავონ საკულტო ობიექტებზე მისვლისგან. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აპრილის შემდეგ აღრიცხული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 5442 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 3623. COVID-19-ით გარდაცვლილია 70 ადამიანი.

მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია - ერთობა 2013 მეტროს გაჩერებას მოითხოვს

"თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013"-ის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რომ არსებობს მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების საფრთხე. "ახლა არსებული სიტუაცია ურთულესია, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", - აცხადებენ ერთობა 2013-ში. პროფესიული კავშირი შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებს. პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათ სატრანსპორტო კომპანიას შესთავაზეს მემანქანეების რესურსის განაწილება - 10 დღე ერთი ჯგუფის მუშაობას, ხოლო 10 დღე მეორე ჯგუფის. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიამ შეთავაზება უარყო. "სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა. ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, "ერთობა 2013"-ში აცხადებენ, რომ მემანქანეებს არასათანადოდ ჩაუტარდათ კოვიდ ტესტები, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი: "ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და "ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თანამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ერთობა 2013_ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე",. "ერთობა 2013"-ში მკაცრი შეზღუდვების შემოღებას ითხოვენ, მათ შორის გარკვეული დროით მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებასაც, "რადგან არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება".

აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

ამერიკა დაბრუნდა და მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს - ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. „ეს არის გუნდი, რომელიც გამოხატავს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, არ დაიხიოს უკან, კვლავ დაჯდეს მაგიდის თავში, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს და არ უარყოს ჩვენი მოკავშირეები, მზად არის მტკიცედ დაიცვას ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ეს მიდგომა განსხვავდება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკისგან, რომლის პრიორიტეტული ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა".

2021 წელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების შანსი არსებობს - ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე “საქმიან დილასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი მიმდინარე წელს საკმაოდ წარმატებული იყო. მისივე განმარტებით, პროექტის გაგრძელებაზე მსჯელობა ამჟამად არ მიმდინარეობს. “5 700 სესხია სუბსიდირებული, რაც 550 მლნ ლარის თანხას შეადგენს. 5 700 სესხიდან 1 500 სესხამდე საკრედიტო საგარანტიო სქემაშია ჩართული, რაც, ჯამში, 150 მლნ ლარია. წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტი გრძელდება და არ არის მოლოდინები, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ რისკიც არსებობს, პროექტიდან ერთბაშად გამოსვლა იქნება კარგი გამოსავალი, თუ ნელ-ნელა გამოსვლა. მუდმივად სუბსიდია ვერ იქნება, თუ აღნიშნულ პროექტზე საუბარი შედგება, მსჯელობა უფრო მეტად პროექტიდან გამოსვლის მექანიზმზე იქნება და არა - მის გაგრძელებაზე. სუბსიდირების პროექტმა სესხების გაცემის რაოდენობით მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა, აქტივობა ახლაც მაღალია და ამ კუთხით წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. ასევე, პროექტმა ხელი ლარიზაციის პროექტსაც შეუწყო", - აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა. ალექსანდრე ძნელაძემ ბანკების ფინანსური შედეგების ანალიზიც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამომხმარებლო სესხების ნაწილში გადახდები აღდგა. “ბანკები უკვე მოგებაზე გავიდნენ, თუმცა ეს არ იქნება ის მოგება, რაც 2018-2019 წლებში იყო და მიმდინარე წელს 0-თან ახლოს დავასრულებთ. კონკრეტული პრობლემური სექტორების და მოწყვლადი ჯგუფების გარდა გადახდები აღდგენილია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მას მზარდი ხასიათი აქვს, მაგრამ ვხედავ, რომ არსებულმა მდგომარეობამ იმის შანსი მოგვცა, რომ მომავალ წელს საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდეს", - აღნიშნა ძნელაძემ.

უკრაინა-საქართველოს ნატოს წევრობა, შესაძლოა, რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით მოხდეს - ვერშბოუ

ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ვერშბოუს მიერ „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ კომენტარს აქვეყნებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის. „ნატო-ში რუსეთის წვერობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატო-სა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ - განაცხადა ვერშბოუმ.

შავ ზღვაში ოპერირება, რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია - კელი ჯოუნსი

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - ამის შესახებ ამერიკული ხომლადის "დონალდ კუკის" მეთაური, კელი ჯოუნსი წერს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. "საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ხომალდი "დონალდ კუკი" საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა,ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა. 🇬🇪 welcomes 🇺🇸 Donald Cook in the Black Sea, marking 7th visit of U.S. Navy ship since the beginning of 2020. Increased presence of the U.S. and NATO in the Black Sea strengthens regional peace and security. @USNavyEurope @usingeo — MFA of Georgia (@MFAgovge) November 24, 2020

ილჰამ ალიევი: ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია

„44 დღის განმავლობაში, მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკამ, ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნების ლიდერებმა გაგვიწიეს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანმა გამარჯვებას ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით მიაღწია. 10 ნოემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. სომხეთის პრემიერმა შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-მა სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. ვაშინგტონის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები, ირანს, სერიასა და ჩრდილოეთ კორეას,მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის გამოსადეგ ტექნოლოგიებსა და მასალებს გადასცემდნენ. სანქციები ძალაში იქნება ორი წლის განმვალობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის ორი ჩინური კომპანიაცაა. ერთი თვის წინ ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც. ყველა პირს ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა ეკრძალება, გაიყინება ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.

პოლონეთში აშშ-ის საარმიო კორპუსის სარდლობა გაიხსნა, რომელიც ევროპაში ერთადერთი ასეთი სტრუქტურაა

პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც პოლონეთში, ამერიკელი სამხედროების დაახლოებით 5500 კაცამდე გაზრდას უზრუნველყოფს. ამის შესახებ Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“, ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან. „მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა. 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანაში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში. დაწინაურებული სარდლობა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების თანამშრომლობასა და სინქრონულ მოქმედებას გაუწევს კოორდინაციასა და კონტროლს. ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას რატიფიკაცია მოახდინა.

ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოსალაპარაკებლად ეკლესიაში მისვლას სთავაზობს. როგორც მან ქადაგების დროს აღნიშნა, სურს დამშვიდებული ერი ნახოს და ეს გაერთიანება ალბათ, ეკლესიაში უნდა მოხდეს. "მე მინდა ერთ რამეს შევეხო. მე მინდა ვნახო ჩვენი ერი დამშვიდებული. ალბათ, ერის დამშვიდება... ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი - აერთიანებს. ალბათ, გაერთიანება ეკლესიაში უნდა მოხდეს. კარგად იცით, ჩატარდა არჩევნები. მე არ შევეხები, იმას არ ვაპირებ, რომ ტყუან-მართალი ვეძებო. არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს... მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მათთან შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა ეკლესიის როლს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ორი რაუნდი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით უკვე გაიმართა. ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევლენ, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება მოლაპარაკების დაწყებისთვის არჩევნების შედეგების აღიარებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. საუბრის თემები უცნობია, რადგან მოლაპარაკების ერთ-ერთი დათქმა ამ საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებაა", - აღნიშნა მან. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ეს აშშ-ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „შესანიშნავი იყო საუბარი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მე მას გამარჯვება მივულოცე. ეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გლობალური პარტნიორობისთვის ახალი დასაწყისია. ძლიერი აშშ-სა და ძლიერი ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობასა და საერთო ღირებულებებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც გამართა. „ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს. „ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ჩემი კოლეგებია. პირველ რიგში, ალბათ ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. იგივე აშშ-ც სამედიცინო პერსონალით იწყებს, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ - ექიმები. იგივეა გრიპის ვაქცინაციის პროცესში, რისკ-ჯგუფი სამედიცინო პერსონალია და ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 ათასი სამედიცინო პერსონალი აიცრა. მეორე რისკ ჯგუფი ის ხანდაზმულები იქნებიან, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ. ასევე განიხილება ისეთი რისკ ჯგუფები, როგორიცაა მოხუცთა სახლებში და თავშესაფრებში მყოფი პირები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიას მოლაპარაკება, რათა ქვეყანა ვაქცინისათვის საჭირო სამაცივრე დანადგარებით აღიჭურვოს. „ვაქცინა ორჯერადად, სამი-ოთხი კვირის გამოშვებით კეთდება. ამიტომ საჭიროა მილიონ 400 ათასი დოზა. წინასწარი გაანგარიშებით, კოვაქს-პლატფორმის საშუალებით, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. 4-მილიონი დოლარი წინასწარ შენატანის სახით უკვე გადარიცხულია და როგორც კი, ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე - არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშობთ, რომ ის საქართველოში ადმიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიდ ქალაქებსა და აჭარაში, სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გაგრძელდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე, ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, დისტანციურად გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. "ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, არ მგონია ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს - კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხარეებმა უნდა იპოვონ. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ზუსტად, რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი, ეს ქართველების გადასაწყვეტია. “გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ. არ მგონია ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს. შეიძლება ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა. ვიცი, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. შეიძლება ამაში ასევე შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმედია, პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა - რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს”, - განაცხადა კრამერმა. როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. “ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა, და მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება თქვან: რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასეთი არეულია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება”, - განაცხადა კრამერმა. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების დანიშვნასა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

თურქეთის ელჩი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად თვლის და ნატოში გაწევრიანებისკენ მის ამჟამინდელ ძალისხმევას სრულად უჭერს მხარს

ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მისი მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა. სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ჯგუფი შევიდა. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ბაქო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას დათანხმდა. რუსეთის ჯარები გააკონტროლებენ ახალ გზას, რომელიც აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის გავლით დააკავშირებს სომხეთს მთიან ყარაბაღთან. გარდა ამისა ფაშინიანი დათანხმდა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს დასავლეთით მდებარე მის ანკლავთან, ნახიჩევანთან. ამ დერეფანსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები დაიცავენ. შეთანხმებიდან ასევე ვიგებთ „ზავის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში“ თურქეთის მონაწილეობაზე. ასევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, „რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“. რეგიონში მიმდინარე საკითხებზე, თურქეთზე როგორც ნატოს წევრი ქვეყნის როლზე ყარაბაღის პროცესებში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე „ევროპათაიმმა“ კომენტარი თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს სთხოვა. _მთიანი ყარაბაღის საკითხი რეგიონში მუდმივი არასტაბილურობის წყაროა. თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (822, 853, 874, 884) შესაბამისად, სომხეთს 30 წლის განმავლობაში მოუწოდებდა, დაესრულებინა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ოკუპაცია. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამაიმედებელი ნაბიჯია და შეუძლია გახსნას გზა საკითხის მდგრადი, ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონში სტაბილურობა სომხეთსაც სარგებელს მოუტანს. რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს. თურქეთი საქართველოს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მისწრაფების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ნატოში გაწევრიანებისთვის მის ამჟამინდელ ძალისხმევას“, - აღნიშნავს თურქეთის ელჩი. „აზერბაიჯანის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე. რუსეთთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის ჯარების ყოფნას ერთობლივ სამშვიდობო ცენტრში. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგთან დაკავშირებული ღონისძიებების დეტალები რუსეთის ხელისუფლებასთან განიხილება. თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა რეგიონში, 1952 წლიდან, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს ალიანსის თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომელთა შორის არის სომხეთიც. არც თურქეთის ნატოს წევრობაა ახალი და არც ჩვენი მეზობლებისადმი ნატოს მხარდაჭერა“, - აცხადებს ფატმა ჯერენ იაზგანი. რაც შეეხება გენერალ ბენ ჰოჯესის ინტერვიუს ჩვენს გამოცემასთან, რომლის მიხედვით, ევროატლანტიკურ გზაზე დასავლეთის ყველაზე დიდი მოკავშირე თურქეთია და რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს გაზრდიდა, ამ საკითხთან მიმართებით „ევროპათაიმის“ შეკითხვას ელჩმა ასე უპასუხა: ეს საქართველოს შიდა საქმეა და ეხება ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს გადაუსწრო. ამ დროისთვის ილონ მასკი პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია. გამოცემა მასკის ქონებას 127.9 მილიარდი დოლარით აფასებს. მიმდინარე წელს მასკის ქონება, დახლოებით, 100 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მასკმა გადაასწრო ბილ გეიტსს, რომლის ქონების ღირებულებაც, გამოცემის მონაცემებით, 127.7 მილიარდი დოლარია. რეიტინგში დიდი უპირატესობით, 182 მილიარდი დოლარი, კვლავ კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, ამ სიაში ილონ მასკი მეოთხე ადგილს იკავებს და მისი ქონება 110 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ამავე რეიტინგის პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჯეფ ბეზოსი [Amazon] 181.3 მილიარდი დოლარი, ბერნარ არნო [LVMH] 140.4 მილიარდი დოლარი, ბილ გეიტსი [Microsoft] 118.5 მილიარდი დოლარი. გასულ კვირას Bloomberg-ის რეიტინგში მასკმა კიდევ ერთ მილიარდერს, Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგს გადაუსწრო, რომლის ქონებაც 102 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. ილონ მასკის აქტივების ღირებულების შთამბეჭდავი ზრდის მიზეზი კომპანია Tesla-ს მაჩვენებლებია, რომელიც უკვე ზედიზედ 5 კვარტლის განმავლობაში მომგებიანია. გასულ კვირას, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აქციები დეკემბრიდან S&P 500-ის პლატფორმაზე გადაინაცვლებდა, სწორედ ამ პლატფორმაზე ვაჭრობენ 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებით. Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს, ჯამურად, 485%-ით არის გაძვირებული. გუშინ, 23 ნოემბერს კომპანიის მათი ფასი კიდევ 6.5%-ით გაიზარდა და ერთის ფასი 521 დოლარს გაუტოლდა.

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მათი მოთხოვნებიც უცვლელია. „ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამის გარშემო არის გაერთიანებული დღეს ოპოზიციური სპექტრი. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ე.წ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს გვექნება საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ პირობების ერთგული ვრჩებით. აქციაც დაგეგმვის პროცესშია. თუ როგორი იქნება და რა ფორმის, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ამ პროტესტისთვის ოპოზიცია ემზადება“, -განაცხადა ბუაძემ.

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "მე ქედმაღლობა და თავდაჯერებულობა არ მჩვევია, მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ჩემს გადადგომაზე განხილვაც არ ყოფილა", - განაცხადა ტიკარაძემ.