ახალი ამბები

კომენდატის საათის დროს თბილისში, საახალწლო განათებების ნაწილი გამოირთვება

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებში დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება" - აღნიშნულ ინფორმაციასი „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. ეს გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული. თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო კონსტრუქციები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც, მათი ჩართვა-გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა-გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება. ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება“, - წერია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.

მაიკ პენსმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაქცინა საჯაროდ მაიკ პენსთან ერთად მისმა მეუღლემ, კარენ პენსმაც გაიკეთა. „არაფერი მიგრძვნია. ყველაფერი კარგად გააკეთეს" - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ აშშ-ში სამი დღის განმავლობაში 3,000-ს გადააჭარბა.

გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა. სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: 1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი; 2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი; 3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა; 4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; 5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე; 6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე; 7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი; 8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი; 9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი; 10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური; 11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროალანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე: ∙ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ∙ ეკონომიკური განვითარება ∙ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ∙ სახელმწიფო მმართველობა თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი.

იაპონიაში დიდთოვლობის გამო 1000 მძღოლი საცობში გაიყინა

იაპონიაში მაშველები ცდილობენ გაათავისუფლონ 1000-ზე მეტი მანქანა, რომელიც ძლიერი თოვლის გამო, ორი დღეა საცობშია. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იაპონიის ხელისუფლებამ მძღოლებს დაურიგა საკვები, საწვავი და საბნები. შემთხვევა კანეცუს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც დედაქალაქ ტოკიოს ჩრდილოეთით ნიგატასთან აკავშირებს. ძლიერმა თოვლმა, რომელიც ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, გზებზე საცობები გამოიწვია. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ჩრდილოეთსა და დასავლეთში 10,000-ზე მეტი სახლი. შესაბამისი სამსახურები მძიმე ტექნიკითა და ფიზიკური შრომით ცდილობენ გაათავისუფლონ მანქანები, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, 1000 მანქანა ისევ გზაზე იყო. ”ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მძღოლებისა და მგზავრების გადარჩენას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში”, - განაცხადა ნიგატას კატასტროფის მართვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

„საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საკონსულოს ოფიციალური პირი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ერთი ადამიანი თურქეთის საკონსულოში, როდოსში მუშაობდა. მეორე, მზარეულად სამგზავრო გემზე, როდოს-კასტელორიზოს ხაზზე“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ს.

ისუტიციის მინისტრობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა. პარლამენტში წარდგენილი მთვარობის ახალი შემადგენლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს. ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება იუსტიციის ახალი მინისტრის ბიოგრაფიას და განათლებას: დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის(ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს; ჰარვარდის სამართლის სკოლის(აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს; 2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი. 1991-2005წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში; 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013წწ.ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი; 2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. უსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.

თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ვინაიდან კანონდამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაცმუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, - აღნიშნულია განცხადბაში.

კარლ ჰარცელი: ახალგაზრდობა საქართველოში სოფლის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელია

„ახალგაზრდობა საქართველოში სოფლის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელია. ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებით, ჩვენ გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ მათ, გამოავლინონ ინოვაციური შესაძლებლობები და განახორციელონ ბიზნეს იდეები“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივიზე საუბრისას, რომლისბ თანახმად, 11-12 დეკემბერს ჩატარდა ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელი ბანაკების, „ბუთკემპების“, მეოთხე რაუნდი, რომელიც პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ონლაინ სივრცეში გაიმართა. „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა ყველა ვერთიანდებით პანდემიის გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

გია ვოლსკი: კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე უწყებად გამოიყოფა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით გაყოფა მოხდება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით სამინისტროების გაერთიანებით, თავიდანაც შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტებისას მნიშვნელოვან ცვლილებები არ მოხდება, გარდა იუსტიციის მინისტრის შეცვლისა და კულტურის სამინისტროს ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბებისა. “მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება., - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.

სამეგრელოში კოვიდინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. კლინიკის მენეჯერის ნინო აკობიას ინფორმაციით, პაციენტი სახლში მკურნალობდა და საავადმყოფოში მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს ოთხი დღის განმავლობაში გადიოდა. მისი თქმით, 32 წლის კაცს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა, კლინიკაში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდებში ლეტალობის მაჩვენებელი 0,5 პროცენტია. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებულიგარდაიცვალა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რემდესივირის“ საქართველოში შემოტანას გამოეხმაურა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რემდესივირის საქართველოში შემოტანას გამოეხმაურა. „გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ „გაამართლებს“, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო: 1. ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, „გაამართლებს“ თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ? 2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? - „ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა“. 3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ. 4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შესაბამისი წესების დაცვით. 5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, „მოუხდა“ პაციენტს თუ არა? 6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ „გაამართლას“? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?“, - დაწერა მაია ბუწაშვილმა Facebook-ზე. საქართველოში „რემდესივირი“ შემოიტანეს.

გიორგი რურუას ცემის საქმეზე პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომელებს ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს, რომლებიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურატურამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება გუშინ წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი რურუას ცემის ფაქტზე პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი 16 დეკემბერს დააკავა.

ბიძინა კულუმბეგოვი: Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი

Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები მდიდარ ქვეყნებს უკვე შეძენილი აქვთ, ამიტომ, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს არ იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“. მისი თქმით, „ჩვენ ალბათ უფრო მივიღებთ რამდენიმე პერსპექტიულ ვაქცინას, მათ შორის არის „ასტრაზენეკას“. „კომპანიებს არ აქვთ ულიმიტო შესაძლებლობები, 300 მლნ დოზა ევროკავშირმა იყიდა, აშშ-მა 100 მლნ. ასევე - იაპონიამ, ისრაელმა. ასე რომ, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს. კანადას შეძენილი აქვს ვაქცინების ისეთი რაოდენობა, რომელიც მას მისცემს საშუალებას, წინასწარი გადახდით ხუთჯერ აცრას თავისი მოსახლეობა. ამიტომ, მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიო ვაქცინების 52% მიისაკუთრეს. შესაბამისად, ჩვენ სხვა ვაქცინებზე აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვირუსით დაინფიცირებამ დაამძიმა. „გუშინ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე. მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენი მოწოდებაა, შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე, წინასაახაწლოდ დაწესებული შეზღუდვების მინიმალურად შემცირების მომხრეა. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა. „რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ქართველმა სტუდენტმა პანდემიის დროს 161 საერთაშორისო სერთიფიკატი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ოთარ მურმანიშვილმა პირველი სერთიფიკატი ქსელური ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი მოწინავე კომპანია Cisco Systems Inc-გან მიიღო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იმყარებს პოზიციას მსოფლიო კომპანიათა ტოპ ასეულში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოშია. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ამ ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის რანგში. ჩემს ვიზიტს 3 მიზანი აქვს: პირველ რიგში, რომ ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის საკითხებზე. ჩემი მეორე მიზანია, შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მე მინდა მივულოცო ეკატერინე ტიკარაძეს, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოში მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მე-3 მიზანია ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობის გაძლიერება. რასაც მე ვხედავ, კორონავირუსზე რეაგირება საქართველოში ძალიან კარგად მიმდინარეობს და მას ეკატერინე ტიკარაძე და ჯანდაცვის სისტემა ერთად უძღვებიან, რადგან ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური. მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყანას კარგ სამსახურს გაუწევს, მაგალითად როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინ კლინიკები, რომელსაც მე დღეს ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან და ამ ბრძოლას ჩვენ ვერ მოვიგებთ ისე, თუ ეს ფოკუსი სხვა მიმართულებით არ იყო გადატანილი, მაგალითად კოვიდსასტუმროებში. ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ მინისტრთან და ნამდვილად გვირაბის ბოლოში ჩანს სინათლე, რადგან როგორც იცით ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, მაგრამ ამ გარდამავალ შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან და ამის დაცვა, როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის. ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება და თუ თავს კარგად ვერ გრძნობთ სახლში დარჩენა, ეს ზომები არ მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს თუ ჩვენ მათ მივსდევთ და შევასრულებთ. მე მინდა გითხრათ, რომ თუკი შევხედავთ მონაცემებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ზომების განხორციელებას დღეს საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. ჩვენ მომდევნო 5 დღის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ვიმუშავებთ და უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ და მეტი გვეცოდონება. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანაა, კიევიდან აქ ჩამოსასვლელად 24 საათი დამჭირდა, მაგრამ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია, ჩვენ ჩვენი მხრიდან გამოცდილებას და ცოდნას გავცემთ და ასევე ვსწავლობთ ქვეყნისგან“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

კოვიდინფიცირებული ინფექციონისტი მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

კოვიდინფიცირებული ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა სახლში განაგრძობს მკურნალობას. როგორც მან გადაცემაში „იმედის დილა“ ჩართვისას განაცხადა, ორი დღეა, მაღალი სიცხე, 38,6 უფიქსირდება. „დღეს დილით შედარებით უკეთესად ვარ. პირველ რიგში ვცდილობ, რომ ვიმოძრაო, თუმცა სიცხის დროს მოძრაობა ძალიან მიჭირს. ძალიან ძლიერი საერთო სისუსტე მაქვს, თუმცა როგორც კი სიცხე ნორმალიზდება, ვცდილობ, ფიზიკურად აქტიური ვიყო, რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღო. ასევე, სიცხის დამწევები, როდესაც ამის საჭიროება არის. ჯერჯერობით, დაავადების დასაწყისია, ამიტომ პირველი სამი-ოთხი დღის შეფასება გამიჭირდება, რადგან მაინც ითვლება, რომ სიმპტომური პაციენტი ვარ. მაღალი სიცხეებით დაიწყო ვირუსი და მესამე დღეა უკვე, ასე მიდის. ახლა, უახლოესი ორი დღე იქნება გადამწყვეტი - თუ ტემპერატურა კლებისკენ წავა, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია. თუ მაღალი ტემპერატურა დარჩება, მეტად საყურადღებოა და შეიძლება, საჭირო გახდეს გარკვეული კვლევების ჩატარება. ჯერჯერობით ვაკვირდები“, - ასე აღწერს ის თავის მდგომარეობას. ინფექციონისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“. „როდესაც მაღალი ტემპერატურა მაქვს, ვიცი, რა წესები უნდა დავიცვა, მაგრამ ძალიან მიჭირს სისუსტის გამო და ხშირ შემთხვევაში მეც ვერ ვახერხებ რეკომენდაციების დაცვას, რასაც გულუხვად ვარიგებდი ხოლმე. ვცდილობ, დადებითი ემოციები შევინარჩუნო და რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რათა დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას და განვაგრძო ამ დაავადებასთან ბრძოლა. ახლა უფრო კარგად გავიცანი ვირუსი, პირადი შეხება მქონდა მასთან და პირიქით, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გამიადვილოს პაციენტებთან ურთიერთობაც - ხშირ შემთხვევაში ისეთი მიმდინარეობა აქვს დაავადებას, რომ პაციენტს ვერ მოსთხოვ ბევრ რამეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსი კიდევ 2 635 ადამიანს დაუდასტურდა, 2 244 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში 0.5-0.7 %-ია, 80 წელს ზემოთ 5 %

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკა „რუსთავში“ 29 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკვე საკმაოდ მძიმე იყო. მედიასთან საუბრისას ​მინისტრმა ლეტალობის სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ, რომ ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. „ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. 80 წელზე ზევით მოქალაქეებში 5 პროცენტიანი ლეტალობის მაჩვენებელი ფიქსირდება, 70-80 წლამდე ეს მაჩვენებელი 2, 5-პროცენტია. რაც შეეხება ახალგაზრდების სტატისტიკას, მაჩვენებელი არის 0,5-0,7 პროცენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველი ლეტალობის შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. დღევანდელი 2 შემთხვევიდან, ერთ შემთხვევაზე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომელიც 29 მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. მას კლინიკა "რუსთავში" ერთი კვირა მკურნალობდნენ. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

ვახტანგ გომელაური: დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 10 პროცენტით იკლო. როგორც გომელაურმა 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ოპონენტები ხშირად აცხადებენ რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, თუმცა სტატისტიკა სხვას აჩვენებს. შს მინისტრის ცნობით გასულ წელთან შედარებით ყაჩაღობის ფაქტები 42%-ით შემცირდა, გამოძალვა -34%,-ით, ძარცვა - 25%-ით ქურდობა -12%-ით, მკვლელობის მცდელობა -5%-ით. „მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ოპონენტების განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით, მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია. იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: • ყაჩაღობა -42% • გამოძალვა -34% • ძარცვა -25% • ქურდობა -12% • შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%. • მკვლელობის მცდელობა -5% თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს შიანაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური