ახალი ამბები

მიტროპოლიტი სტეფანე COVID-19–ით დაინფიცირდა

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძეს თქმით, მიტროპოლიტ სტეფანესთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მიტროპოლიტი სტეფანე ერთერთია იმ მღვდელმთავრებს შორის, რომელიც გაზაფხულზე ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ღვთისმსახურების შეწყვეტასა და ზიარების წესის ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

"საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას"

ამერიკული გამოცემა NPR აქვეყნებს აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალი ფილიპ ბრიდლავის სტატიას სახელწოდებით "აშშ-ს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის იგნორირების ფუფუნება არ აქვს“. "საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ. ამ კონფლიქტს, რომელშიც გამოყენებულია ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითი დანაყოფები, არტილერია და იარაღით აღჭურვილი დრონები, უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“,- წერს ბრიდლავი. როგორც გენერალი აღნიშნავს, "ბევრი ამერიკელი ვერ ხვდება, რომ რეგიონზე სერიოზული უარყოფითი გავლენის გარდა, აქ სასწორზე აშშ-ის ინტერესებიც დევს, მათ შორის ენერგორესურსების და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის კუთხით". მისი თქმით, "კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურ დიპლომატიას უნდა მიმართოს". ფილიფ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ "საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო–ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ამერიკის ძალისხმევის მიზანშეწონილობას და დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი": "სამხრეთ კავკასიაში განლაგებულია არსებითი მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სადენებს, რომლებითაც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიედინება კასპიის ბუნებრივი აირი და ნავთობი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთში ნატოს ტვირთების გადაზიდვაში. შესაბამისად, ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაკარგვა ან დაზიანება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ინტერესებს. განახლებული კონფლიქტი ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მასში ჩართულ მხარეებს, რომლებსაც სამხედრო წვლილი აქვთ შეტანილი ავღანეთში ამერიკის ძალისხმევაში, არამედ საქართველოსაც - აშშ-ის ახლო მოკავშირეს, რომლის წარმატებაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობაზე. შესაძლებელია, რომ განვითარდეს კიდევ ერთი, უფრო შემაშფოთებელი სცენარი. თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამძაფრდა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო ჩარევა, რასაც გავლენა ექნება ფართო რეგიონზე. რუსეთს საგრძნობი სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული სომხეთში და მას ერევანთან გაფორმებული აქვს სამხედრო შეთანხმება. ჯერჯერობით რუსეთი თავს იკავებს კონფლიქტში უშუალოდ ჩართვისგან. ნაცვლად ამისა, მან ორჯერ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუმცა ორივეჯერ ეს წამოწყება თითქმის იმთავითვე ჩაიშალა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ეთნიკურად მონათესავე აზერბაიჯანელებს, სამხედრო დახმარებას უწევს ბაქოს და ფრონტის ხაზზე აგზავნის სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს. დაბოლოს, ირანი, რომელიც ესაზღვრება როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობს მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი. შესაბამისად, ირანიც იოლად შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში. ამგვარად, რეგიონის სამი მთავარი ძალის ნელ-ნელა ჩათრევა ამ კონფლიქტში ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს. რეგიონში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი უბრალოდ ძალიან მაღალია“. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ "დასავლეთის რეაგირება აყოვნებს და მისი ჩართულობა ლეთარგიას უფრო ჰგავს": "მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ეუთოს მიერ 1992 მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად შექმნილი მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნები) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიპლომატიური თვალსაზრისით, მოწყვეტილია რეგიონს, რაც ასუსტებს მის პოზიციას და ზღუდავს მის უნარს, მიაღწიოს რეალურ პროგრესს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში". ,,სამხრეთ კავკასია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი რეგიონია და, დიდი ალბათობით, ასეთად დარჩება უახლოეს მომავალშიც. 3 კონფლიქტი: მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქამდე „მიძინებული“ იყო, თუმცა ბოლო დროს გაჩაღებულმა შეტაკებებმა დაგვანახა, რომ დაძაბულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს აფეთქებაში. შემდგომი ესკალაციის პრევენცია უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტი. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მცდელობას, ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის თავი მოუყაროს კონფლიქტში მონაწილე მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს დასაწყისია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს“,- წერს გენერალი. ფილიპ ბრიდლავის თქმით, "თითქმის 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ძალ-ღონეს არ იშურებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ამერიკამ მხარი დაუჭირა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და მათ სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით". გენერალი აღნიშნავს, რომ დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით: ,,რეგიონში აშშ-ის ჩართულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ამერიკაში, რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, ასევე რეგიონის მზარდი პოლიტიკური კავშირები საქართველოსთან. ხსენებულმა ძალისხმევამ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო–ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ჩვენი ძალისხმევის მიზანშეწონილობას. დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით. აშშ-ის აქტიურ დიპლომატიას არსებითი მნიშვნელობა აქვს მინსკის პროცესის მეშვეობით კონფლიქტის დეესკალაციის და ამ პროცესში ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობის თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე მხარდაჭერას ისეთი სანდო მოკავშირისა და პარტნიორის ადგილობრივი ინიციატივების და ლიდერობის მიმართ, როგორიც საქართველოა“.

„საბოლოოდ საქართველო იძულებული გახდება, ჩინეთსა და დასავლეთს შორის არჩევანი გააკეთოს“

ჩინეთმა იმედი გაუცრუა ქართველ ლიდერებს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მათ სუპერ ძალებს შორის ბალანსის დაცვა შეეძლოთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმედგაცრუება იზრდება. „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივისა“ და ჩინეთის გეგმების რეალიზაციისთვის საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ქართულ ელიტას მომავლის დიდი იმედი ჰქონდა. სადღეისოდ კი ენთუზიაზმით განწყობილი ცოტა ადამიანი დარჩა. ურთიერთობა იმედისმომცემად გამოიყურებოდა. კერძოდ, 2017 წელს ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმებას, ამ ნაბიჯით საქართველოს ლიდერები იმედოვნებენ, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობდა ექსპორტს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩინეთის ინვესტიციები გაიზრდებოდა საქართველოს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, შავი ზღვის პორტებში, ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო და საგზაო კავშირებში. ამ მიზნით თბილისში რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ასევე განიხილებოდა, როგორც საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რუსეთის რეგიონული გავლენის დაბალანსების ხელშემწყობი და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ ჩადებული ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ იმედები ვაჭრობის გაუმჯობესების თაობაზე არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი მოცულობის სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ძირითადად ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, როგორიცაა სპილენძი და სხვადასხვა სახეობის ქიმიკატები. უფრო მაღალი ღირებულების სასაქონლო ვაჭრობა არ განხორციელებულა. პარალელურად გაიზარდა შეშფოთება კორუფციული საქმიანობის გამო, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლეს ჩინურმა კომპანიებმა ხელშეკრულებების მოპოვება. აღნიშნულის ერთ–ერთი საილუსტრაციო შემთხვევა ეხება Powerchina– ს შვილობილ კომპანია Sinohydro– ს, რომელმაც ხულო – ზარზმის გზის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება 26,3 მილიონი ევროს შეადგენდა. Sinohydro– ს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ცნობილია კორუფციით, გარემოსთვის ზიანის მიყენებით და მაინც, ეს კომპანია იგებს ახალ ტენდერებს. გარდა ამისა, თბილისში პოლიტიკოსებისთვის აშკარა გახდა, რომ ჩინეთი რუსეთთან მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობების დაზიანებას არ შეეცდება. მაგალითად, ჩინეთი საერთოდ ვერ ეხმარება საქართველოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დიპლომატიურ საკითხებში. მან არაერთხელ მისცა ხმა გაეროს რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" წინააღმდეგ. პეკინს არც ერთხელ არ დაუგმია დე-ფაქტო საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა. ამასთან, ჩინეთი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე დუმილს ინარჩუნებს. იგი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსულ "ბორდერიზაციის" პოლიტიკაზეც დუმილს ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედროებთან ერთად" მონაწილეობას მიიღებდა რუსეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში "კავკაზ -2020". გარდა ამისა, ჩინეთი დაეხმარა კრემლს ქვეყანაში დეზინფორმაციის დათესვაში. მაგალითად, 2 სექტემბერს ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ China Daily ეჭვქვეშ დააყენა თბილისის ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელიც აშშ–ის მიერ არის დაფინანსებული და განაცხადა, ეს ლაბორატორია საქართველოსთვის სავარაუდოდ, ბიოლოგიურ რისკს წარმოადგენდა და რომ საქართველოს მოქალაქეებს იქ სავარაუდოდ, საცდელ სუბიექტებად იყენებდნენ. ყველაფერი ზემოთხსენებული წინააღმდეგობაში მოდის დასავლელი პარტნიორების საქართველოს მიმართ​​განწყობებთან, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ისევე, როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთთან მზარდი იმედგაცრუების ფონზე საქართველოს ლიდერები განაგრძობენ ჩინეთსა და დასავლეთთან კავშირების შენარჩუნებას. მაგრამ რაც უფრო მკაცრდება ამერიკის პოზიცია ჩინეთთან მიმართებაში, ამ ბალანსის დაცვა უფრო და უფრო რთული იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილი მთელი რიგი საჯარო წერილების თანახმად, აშშ-ის კონგრესმენებმა და სენატორებმა აშკარად აღნიშნეს, რომ საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ჩინეთთან ღრმა კავშირები და მჭიდროდ გაეცნოს დასავლეთის სტანდარტებს და სავაჭრო პრაქტიკას. დაბალანსების ქმედება უბრალოდ არამდგრადია. საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, მისი გეოპოლიტიკური ორიენტაციის ქვაკუთხედი, შეუსაბამო და გამაღიზიანებელია ჩინეთისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალიანსი აძლიერებს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ჩინეთის მზარდი სამხედრო ამბიციები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. საბოლოოდ საქართველო იძულებული გახდება მხარეებს შორის არჩევანი გააკეთოს. დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ველით, რომ საქართველო უფრო მტკიცედ დაუჭერს მხარს დასავლეთს, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ უფრო მეტად ეკონომიკურად, დასავლური 5G ტექნოლოგიების, ასევე სავაჭრო და ინვესტიციის სტანდარტების გათვალისწინებით. ემილ ავდალიანი სტატიას „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“ აქვეყნებს

“პიკი ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება - წითელ ზონაში ვართ"

“ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია” – ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი. „მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი არაგვიშავს – გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გადავაბიჯეთ “წითელ ზონაში”, იქნება წერტილოვანი შეზღუდვები. „შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პირბადის ტარება შესაძლოა, ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შოლტის პრინციპი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მაინც გაზრდილია პირბადის გამოყენება და ეს მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. თუ ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. დღეს საქართველოში ნიღბის გამოყენება გვაქვს 60-64%-ის ფარგლებში და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რაოდენობას“,-აღნიშნა გამყრელიძემ. მან მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსმა სიკვდილიანობით არაერთ დაავადებას გადაასწრო. „ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კორონავირუსი გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ მესამე მიზეზია სიკვდილიანობის. ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიმსივნეებს, ალცეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“,-გაანცხადა გამყრელიძემ.

913 - ვირუსის ახალ სტატისტიკაში კვლავ თბილისი ლიდერობს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში 337-ს, ხოლო აჭარაში 296-ს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7. "ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, დღეის მდგომარეობით 18 692 აქტიური შემთხვევაა. 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1969 პირი, ხოლო აჭარაში 657. მათ შორის მძიმე პაციენტია 401, საიდანაც თბილისში 159, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 პირი, საიდანაც თბილსში 71 მკურნალობს, აჭარაში 23. 12611 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 27736 პირი", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. ქვეყანაში დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს.

მთავრობა COVID-19–ის მართვაში სტუდენტებს რთავს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორტდინაციო საბჭო გეგმავს COVID-19–ის მართვის პროცესში სამედიცინო მიმართულების სტუდენტები ჩართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული. „სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი. საჭიროების შემთხვევაში ისინი კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს“,– განაცხადა ჩხენკელმა. მისი თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან დღეს შედგება შეხვედრა და მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება ბაზა უფროსკურსელების, „რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევეაში, იქნება მზაობა, პროცესში ჩაერთონ“. ჩხენკელი ამბობს, რომ მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება და სტუდენტები ექიმებს საჭიროების მიხედვით აღმოუჩენენ დახმარებას. გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

ტიხანოვსკაია ბელარუსის მოსახლეობას საყოველთაო პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც ქვეყანა არჩევნების შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გამო დატოვა, მოსახლეობას საყოველთაო პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პროტესტი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობიდან არ გადადგება და სანამ, პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან. გუშინ მინსკის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცავებმა 200-მდე აქტივისტი დააკავეს. ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3832 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2249-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

აშშ-ში კორონავირუსის 60 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 340 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 60 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 635 966-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 340 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 225 229-ს მიაღწია. ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევებმა წინა კვირასთან შედარებით აშშ-ის 35 შტატში მოიმატა.

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე). შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ",- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ტრამპი, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ზავის დადებას ულოცავს

ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს დილიდან ამოქმედდება. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს. „ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო," - წერს დონალდ ტრამპი. მედიის ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ლონდონბერიში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს „ადვილად გამოასწორებს.“ "შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთურად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას მარტივს ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე). შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ",- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა და ღამის ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ესპანეთში, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ღამის ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ე.წ. „კომენდანტის საათი“ ყოველ დღე, 23:00-დან 06:00 საათამდე, იმოქმედებს. სანჩესის განმარტებით, ახალი წესები ძალაში კვირას, 15 დღის ვადით შევიდა, თუმცა ის აპირებს, პარლამენტს მათი 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს. BBC-ი წერს, რომ არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ესპანეთის სხვადასხვა რეგიონს შორის მიმოსვლაც აკრძალონ. ცნობისათვის ესპანეთი კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. რამდენიმე დღის წინ ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ქვეყანაში 35 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა. პომპეომ თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა მოლაპარაკებები, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. დიპლომატებს შეხვედრების შემდეგ მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ. პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც. ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

"მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნქთი აპარატები, არამედ, საექიმო რესურსი, რომელიც ამოწურვადია. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა განსაზღვრავს პანდემიის გავრცელების პიკსაც. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდომიოლოგების მხრიდან, ამაში ჩვენ ვგულისხმობთ პირბადეეების ინტენსიურ გამიყენებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, საკმარის ჰიგიენასა და სოციალური დისტანცირებას. ყოველივე ეს განსაზღვრავს შემდგომი პერიოდის რიცხვს, თუ რა იქნება გავრცელების პიკი. ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც მუდმივად ვაკეთებ კომენტარს, რომ მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და არა სასუნთქი აპარატი, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ყველა ის ზომა დავიცვათ, რომელიც პანდემიის პერიოდშია მოწოდებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს ჩატარდება. გადაწყვეტილება რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მთავრობის მეთაურის პოზიცია სადირ ჟაპაროვმა დაიკავა. ყირგიზეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

დონალდ ტრამპი - ბაიდენს ამერიკელების შეშინება სურს, ჩვენ ამ პანდემიის დასრულებას სწრაფად ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრუდლება, მისი მეტოქე ჯოზეფ ბაიდენი კივირუსთან დაკავშირებული საფრთხის გაზვიადებით ამერიკელების დაშინებას ცდილობს. „ჩვენ ამ პანდემიის დასრულებას სწრაფად ვგეგმავთ. ბაიდენი და მისი „დემოკრატი“ მოკავშირეები ვირუსის საფრთხის გაზვიადებით ხალხის დაშინებას ცდილობენ,“- აღნიშნა ტრამპმა ფლორიდაში ამომჩეველთან გამართულ შეხვედრაზე. მოგვიანებით მან მხარდამჭერებთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის არჩევანი ქვეყნის „სწრაფი ტემპით ზრდასა და პანდემიას შორის“. ცნობისათვის, გუშინ გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ბაიდენმა განაცხადა, რომ წელს შეერთებულ შტატებს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.

"შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება" - ჯეიმს კარაფანო

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა გააკეთებს ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”, - ამის შესახებ “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარმა ჯეიმს კარაფანომ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მკვლევარის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების ხელშეწყობის კუთხით გაგრძელდება. „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან მომავალ ადმინისტრაციას ექნება პოზიცია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დაადოს ვეტო იმას, თუ ვინ გაწევრიანდება ნატოში", - განაცხადა კარაფანომ. მისი თქმით, შავი ზღვის აუზში, რუსეთის გავლენის მოპოვების მცდელობის კვალდაკვალ, შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება. „ვფიქრობ, სტაბილური და წარმატებული ევროპის ამერიკისეულ ხედვაში საქართველო უფრო და უფრო რელევანტურია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”,- განაცხადა მან. კარაფანოს განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთთან შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს ნოემბრის არჩევნევის შემდეგ „პრეზიდენტი ტრამპი რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ვლადიმირ პუტინის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარი ღია იყო. ტრამპის მხრიდან ამ რიტორიკის მიუხედავად, ადმინისტრაცია ინარჩუნებდა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას. პრეზიდენტი ინარჩუნებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები საუბრობდა რუსეთის ჩარევაზე და ქმედებებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება. აქ პრობლემა არა შეერთებული შტატების ქცევა, ან მისი პოლიტიკაა - ან ევროპის პოლიტიკა - არამედ რუსეთის პოლიტიკაა. პუტინი არ ცვლის მის პოლიტიკას... რუსეთს არ უჩვენებია სურვილი, რომ უნდა უფრო კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება", - განაცხადა კარაფანომ.

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის სამთავრობო, „ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს“ (TsNIIKhM) სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორგანიზაციას სანქციები კიბერსივრცეში მავნებლური საქმიანობის გამო დაუწესდა. კერძოდ, უწყების ცნობით, TsNIIKhM–ის სამიზნე 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობქიმიური ობიექტი გახდა. "განსხვავებით ტიპური ციფრული შემოჭრისაგან, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახვს მონაცემების ქურდობას ან გამოსასყიდის მოთხოვნას, ეს კიბერშეტევა მიზნად ისახავდა ობიექტის ფიზიკური ზიანის მიყენებას მისი უსაფრთხოების სისტემის გამორთვით", – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიაში, იტალიაში, საფრანეგთსა და ჩეხეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ევროპის ქვეყნების უმეტესობა ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში გერმანიაში, იტალიაში, საფრანეგთსა და ჩეხეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ გერმანიაში კორონავირუსის 14 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში –42 032, იტალიაში – 19 143, ჩეხეთში – 15 252. ბოლო პერიოდში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობს. საფრანგეთსა და იტალიაში დაწესებულია კომენდანტის საათიც. ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 149 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 497 000–ზე მეტი ადამიანი, 31 430 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 გარდაიცვალა.