თეგი: კევინ ჰამილტონი
NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კევინ ჰამილტონი დანიშნა. ჰამილტონი პასუხისმგებელი იქნება ალიანსის პოლიტიკის გატარებაზე ამ ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. ის ასევე არის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პარტნიორობის, ასევე, პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. ალიანსის ცნობით, ჰამილტონი კანადის საგარეო საქმეთა სამსახურის კარიერული დიპლომატია, 2023 წლიდან 2026 წლამდე ის თურქეთში კანადის ელჩად მუშაობდა, ამავე დროს, აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში. მანამდე, რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ელჩად მუშაობდა (2016–2020). 2020 წლიდან 2023 წლამდე, კანადის გლობალურ საქმეთა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა, პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებზე, NATO-სა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობაზე, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე, შეიარაღების კონტროლზე. 2013 წლიდან 2016 წლამდე, ჰამილტონი აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი იყო - მისი პასუხისმგებლობის არეალი მოიცავდა კანადის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს 19 ევროპულ და ევრაზიულ ქვეყანასთან, დასავლეთ ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კევინ ჰამილტონი 2010 წლიდან 2013 წლამდე ლიეტუვაში კანადის საელჩოს მისიას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ესტონეთსა და ლატვიაში გახლდათ აკრედიტებული. მისი ადრინდელი თანამდებობები მოიცავდა პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას კანადის უმაღლეს კომისარიატში, გაერთიანებულ სამეფოში; იყო კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების ჯგუფის დირექტორის მოადგილე და პოლიტიკის დაგეგმვის საკითებში შტაბის დირექტორის მოადგილე. ასევე მუშაობდა კანადის საელჩოებში, თელ-ავივსა და სარაევოში. ჰამილტონის წინამორბედი ხავიერ კოლომინა 2024 წლის ივლისში დაინიშნა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. კოლომინა 2021-2024 წლებში მუშაობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ელჩმა ჰამილტონმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში Norman Paterson-ის სკოლიდან Carleton-ის უნივერსიტეტში (ოტავა) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ვანკუვერი).
NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეცწარმომადგენელი საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ელჩი კევინ ჰამილტონი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა. NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი მიმდინარე წლის მარტში დანიშნა. შესაბამისად, ჰამილტონი ამ რანგში საქართველოში პირველად ჩამოდის. ჰამილტონი მანამდე, სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს მაღალჩინოსანი პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო. მან ასევე შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან და უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურმა წარმომადგენელმა თანამოსაუბრეებთან ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, NATO-სომხეთის პარტნიორობის განვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე. ელჩმა ჰამილტონმა შეაქო სომხეთის მუდმივი წვლილი კოსოვოში, NATO-ს სამშვიდობო მისიაში (KFOR); სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და NATO-ს ძალებთან მათი თავსებადობის დონის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო. NATO აცხადებს, რომ მზადაა, გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობა სომხეთთან. ვიზიტის დროს ელჩი ჰამილტონი ასევე შეხვდა სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების და ერევანში აკრედიტებულ, მოკავშირე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს. „ეს არის ელჩ ჰამილტონის პირველი ვიზიტი. მოგეხსენებათ, ის ცოტა ხნის წინ შეუდგა მოვალეობის შესრულებას, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პარტნიორობების საკითხებში, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში, ასევე, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრების სერია სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. ეს იყო შესაძლებლობა, შეფასებულიყო სომხეთის ხანგრძლივი პარტნიორობა NATO-სთან და გაზიარებულიყო ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო განვითარდეს NATO-სა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, ასევე, განხილვის საგანს წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, მოსალოდნელია, რომ ელჩი ჰამილტონი უახლოეს მომავალში ვიზიტით ეწვევა საქართველოსა და აზერბაიჯანს,“ - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.
კევინ ჰამილტონი თბილისში: ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმყოფებოდა საოკუპაცი ხაზთან. სტუმრობდა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს (JTEC). როგორც ჰამილტონმა განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან შეხვედრაზე განიხილა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი, ასევე — უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების სამომავლო დღის წესრიგი.“ ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, თბილისში კონსტრუქციული და დეტალური განხილვა ჰქონდა.“ „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, NATO-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - წერია თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ვიზიტს, ჰამილტონის თქმით, NATO ყოველთვის მხარს დაუჭერს ერთიან, თავისუფალ საქართველოს — საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის დონე და კომპლექსურობა ძალიან, ძალიან მაღალია. თუმცა აქ ერთი საკითხიცაა: ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი კონკრეტული მოკავშირე ქვეყნების მიერ ფინანსდება და არა მთლიანად NATO-ს ალიანსის მიერ. ამ ინდივიდუალური მოკავშირეებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა, ნაწილობრივ შეეჩერებინა ან შეემცირებინა ეს თანამშრომლობა. ასე რომ, ეს უკვე ის სივრცეა, სადაც პოლიტიკური პრობლემები სამხედრო სფეროშიც “გადაიღვრება.” ცხადია, როგორც NATO-სთვის, ისე საქართველოსთვის, როგორც NATO-ს პარტნიორისთვის, საუკეთესო რამ იქნებოდა, თუ ამ კონკრეტული სამხედრო აქტივობების სრულად აღდგენას შევძლებთ. თუმცა ამას ქართული მხრიდან შესაბამისი ქმედებები დასჭირდება. „პრაქტიკული გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ საქართველო დღეს უფრო ახლოსაა NATO-სთან ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენი ინსტიტუციური და სამხედრო თანამშრომლობის სიღრმისა და კომპლექსურობის კუთხით საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის. ეს კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. ამასთან, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, გულწრფელად რომ ვთქვათ, NATO-ს გაფართოების მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს - არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმასაც ვურჩევდი, რომ მხოლოდ წევრობაზე ან გაწევრიანების პროცესზე ზედმეტად არ კონცენტრირდნენ. ჩვენ გვაქვს უამრავი ინსტრუმენტი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში. სრული წევრობის მიღმაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ - განაცხადა ჰამილტონმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბუქარესტის სამიტის დაპირება [რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი] ისევ ისეთი შეუქცევადია? ჰამილტონის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს „ღია კარის“ პოლიტიკას: „ეს NATO-ს დნმ-ის ნაწილია. მაგრამ ამის გარდა, დიახ - ბუქარესტის სამიტის გზავნილიც კვლავ ძალაში რჩება. კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა NATO-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნება და განზრახვა არსებობს. საქართველო, მიუხედავად ნებისმიერი პრობლემისა ამა თუ იმ მთავრობის პირობებში, NATO-სთვის მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. და ეს არის პარტნიორობა, რომლის შენარჩუნებაც და წინ წაწევაც გვინდა.“ [რედ] ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი: „მხარეებს შეუძლიათ, ერთსულოვანი შეთანხმებით მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში, რათა შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას. ნებისმიერი ასეთი მოწვეული ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება მაშინ, როცა თავისი გაწევრიანების ოფიციალურ დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს. შეერთებული შტატების მთავრობა თითოეულ მხარეს აცნობებს ასეთი გაწევრიანების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.“