თეგი: ანგარიში

ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. პროკურატურის ცნობით, ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები. საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ხვალ, 17 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროკურატურის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის - 2022-2027 წლების სტრატეგიაზე, HR ელექტრონულ პროგრამაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის თქმით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდება. „საქართველოს პროკურატურის მიზანია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პასუხობდეს, ერთი მხრივ, პროკურატურის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, შეესაბამებოდეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თანამედროვე სტანდარტებს. პროკურატურის ახალ სტრატეგიაში წარმოდგენილია უწყების განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პროკურატურის თითქმის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.  მისი თქმით, ახალი სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მოქნილობის და ეფექტიანობის ზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ასევე, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კორუფციული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ფულის გათეთრების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და გენდერული პოლიტიკის გაძლიერება. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2022 წელს დაინერგება პროკურატურის საჭიროებებზე და სპეციფიკაზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა. „ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (HR პროგრამა) შექმნის მიზანია საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირება ციფრულ ფორმატში და შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა, რის შედეგადაც უკეთ მოხდება საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების ფოკუსირება სტრატეგიულ ინიციატივებზე“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის განცხადებით, 2022 წელს თბილისში საქართველოს პროკურატურის თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი პროექტის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რაც პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. „მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურები. აღნიშნული რაიონული პროკურატურების თანამშრომლები დაახლოებით თერთმეტი წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. პროკურატურის ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

11-წლიანი არსებობის განმავლობაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2021 წელს, ყველაზე ბევრი, 15 საქმე განიხილა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ინსტიტუტის 11-წლიანი არსებობის განმავლობაში 2021 წელს ყველაზე ბევრი - 15 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, მათგან განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 108-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით (სსკ-ის 109-ე მუხლი) დაკვალიფიცირებული იყო 6 სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამინური მოპყრობის (სსკ-ის 333-ე და 144-ე ტერცია მუხლები) და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატიური ძალადობის (143-ე და 11 126-ე მუხლები) საქმეები. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ეფექტიანად მუშაობის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია პროცესების დროულად და დაბრკოლების გარეშე ჩატარება. ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებისთვის მასებამდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

ნდობის ჯგუფის წევრებმა ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რომელმაც უწყების საქმიანობის საიდუმლო ნაწილის შესახებ 2021 წლის ანგარიშზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებებზე, სტრატეგიული მილსადენის დაცვასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზეც გაამახვილა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი უმნიშვნელოვანესი მანდატიდან გამომდინარე, საქმიანობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო საზღვრის მართვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სამინისტრო თავისი ფუნქციებით სხვადასხვა სფეროში და ჩვენს მოქალაქეებთან ყოველდღიური, მჭიდრო კონტაქტით, საზოგადოებრივი სერვისის ყველაზე დიდი მიმწოდებელია ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტროს ამოცანების ეფექტიანი შესრულების მიზნით, უწყების საქმიანობის გარკვეული ნაწილი არ არის საჯარო და ის დახურულია. სწორედ ამ ნაწილზე გვქონდა დღეს საუბარი. ეს ეხება სფეროებს, როგორებიცაა: სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საიდუმლო შესყიდვები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

ევროპარლამენტი: 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით

2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. „მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია დოკუმენტში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. „კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის მარცხი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები,“- აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებზე ვრცელი ანგარიში სახალხო დამცველის მოხსენებებს ეყრდნობა. „სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ არაეფექტიანი გამოძიებები კვლავ მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია დახურული დაწესებულებების თანამშრომლების მიერ პატიმართა მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები და ზოგიერთი ინციდენტი, რასაც მოხსენებაში ომბუდსმენმა უწოდა „ფსიქოლოგიური ძალადობა“, მათ შორის ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების სიტყვიერი შეურაცხყოფა შიმშილობის გამო. სახალხო დამცველის ანგარიშში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ინციდენტები პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობად არის შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, არასათანადო მოპყრობის ბრალდებების საერთო რაოდენობამ შეადგინა 463. საქმეებიდან 99, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პროკურორების მხრიდან სავარაუდო დარღვევას ეხებოდა, 93 ეხებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულს, ერთი ეხებოდა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულს და ერთი სახელმწიფო კლინიკაში სიკვდილს. დაფიქსირდა გაჭიანურებული გამოძიების ექვსი შემთხვევა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და 12 საქმე, რომელიც ეხებოდა ზოგად არაადამიანურ მდგომარეობას ციხეში“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ანგარიშში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გამო. 11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (SPS) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც მოიცავდა რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანას გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში, ხანგრძილი შიმშილობის პროტესტის შემდეგ. სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფაქტი. „წინა მანდატისაგან განსხვავებით, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა, მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი რამდენიმე სადავო ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით“. ანგარიში 29 აპრილს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეტანასაც ეხება. სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დააჩქარა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების მიღება, კანონმდებლობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის გარეშე. ორგანიზაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ცვლილებები შეიცავდა დებულებებს, რომლებიც ახანგრძლივებს ადმინისტრაციული დაკავების ვადას და ზრდის ჯარიმებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. ეს ორი ბრალდება ყველაზე ხშირად გამოიყენება მომიტინგეებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა მონაწილეების მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში, 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მისი მიხედვით, მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის დამაჯერებელი გამოძიების და ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნის განუხორციელებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. 11 ივლისს „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმების დროს ის სასტიკად იყო ნაცემი. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე გამოჩნდა, რაც ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს - სუს-ის ანგარიში

საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. „2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური. 2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. აღნიშნულის ფონზე, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას.  უწყების შეფასებით, ანექსიის პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე.   ანგარიშში წერია, რომ არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს (69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83%-ს (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.   სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები.   „დე ფაქტო რეჟიმების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები რუსული ე.წ. საინფორმაციო ომის ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. მათი ძირითადი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციაა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.   2021 წელს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დააფიქსირა. 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უკანონო ბორდერიზაციის 16, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი, 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.  

Freedom House: რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე დაეცა. ანგარიში აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. შეფასების კრიტერიუმები შემდეგია: ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფცია. ქვეყნების შეფასების შკალა 1-დან 7-მდეა, 1 ყველაზე დაბალია და 7 კი დემოკრატიული პროგრესის უმაღლესი დონეა. ქვეყანა 2020 წლის მსგავსად წელსაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია.  Freedom House-ის შეფასებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს როგორც საშინელ საფრთხეს, ასევე გადაუდებელ შესაძლებლობას დემოკრატიებისთვის გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში. თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. რეკომენდაციების ნაწილში ასევე აღნოშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირეთ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს. მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარეთ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინეთ ევროკავშირში ინტეგრაციისას დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.  გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ შეტანილი წევრობის განაცხადების განხილვა. 2020 წლის ანგარიში ამ ბმულზე ნახეთ

ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. „საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში მისივე განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10 თეთრიანი კლება. საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ასევე წაიკითხეთ  ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის

წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს. ეს ამონარიდია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლებას ეძღვნება.  „რელიგიურმა ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რჩებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (ROC) ორივე რეგიონში მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებად აღიარეს, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა გაერთიანებულიყვნენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაშინ როცა ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე აგრძელებდა ავტოკეფალიის აღიარებისადმი მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენის მიერ რელიგიური თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. „კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების გათვალისწინებით. ის ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (GOC) დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიში მედიაში გავრცელებულ ფარული მიყურადების ცნობებსაც შეეხო. „სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიურ ლიდერებსა და სხვათა ფართო თვალთვალს და მათ საუბრებს პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან“, - აღნიშნულია სახელმწიფ დეპარტამენტის ანგარიშში.

პრემიერი: ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს

ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოუტანოს ქვეყანასა და ქართველ ხალხს. „საქართველოს მომავალი არის ევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. 

გაერო: 2021 წელს მსოფლიოში, 828 მილიონი ადამიანი შიმშილობდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გამოაცხადა, რომ გასულ წელს მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შიმშილი აწუხებთ 46 მილიონით გაიზარდა და 828 მილიონს მიაღწია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP)  გლობალური შიმშილის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი შიმშილს განიცდიდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 45 მილიონი ბავშვი იტანჯებოდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 149 მილიონს იმავე მიზეზით ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ჰქონდა.  

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ნაწილში, სადაც სანქციებთან შესაბამისობის საკითხია განხილული.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშში საუბარია ანაკლიის პორტზე და აღნიშნულია, რომ ტრანზიტი და ლოჯისტიკა საქართველოსთვის კიდევ უფრო პრიორიტეტულ სექტორებად უნდა იქცეს.  სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა“, - ნათქვამია ანგარიშში.  საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში“, - ნათქვამია ანგარიშში.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა. მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს უჩივიან, ასევე, მიუთითებენ ხარვეზებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების კუთხით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში. რაც შეეხება სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას, ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“.

ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით   „მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები - ევროკავშირის ანგარიში დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - განაცხადა ვარჰეიმ. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

ევროკავშირი: სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სასამართლო სისტემაში რეფორმებს ცალკე თავი ეთმობა. დოკუმენტში წერია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებასა და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება, მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა კი, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, პირველ დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლად არჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოებისშესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად. ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის11 თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე. მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი. ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოთხოვნილ დასკვნაში12, გამოთქვა შეშფოთება გადამეტებულ დაჩქარებასთან, ინკლუზიური და ეფექტიანიკონსულტაციების ნაკლებობასთან და ამ ცვლილებების მოტივების გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესასრულებლად პარლამენტს 2021 წლის ივლისში წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესებს. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. მომავალი გენერალური პროკურორების არჩევისთვის, 2021 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას. თუმცა, ვენეციის კომისიის არსებული რეკომენდაციების და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, ეს დებულება პარლამენტში პირველი კენჭისყრის შემდეგ არ შენარჩუნდა“, - წერია დოკუმენტში.

ევროკავშირის ანგარიშში მედიის თავისუფლების საკითხები და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ ცნობები მოხვდა

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზედ პოლარიზებული. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. მისივე თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით. „თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 20228 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა. 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“, - წერია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. „მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებით ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

ევროკავშირის ანგარიში: შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.  ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. ევროკავშირი აგრძელებდა საქართველოს გვერდში დგომას და უპრეცედენტო და არსებით ზომებს ახორციელებდა საქართველოს დასახმარებლად COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სანიტარიულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის შესახებ კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხების იქნება გადაწყვეტილი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს. 33 განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება. ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. შრომის ინსპექციის დამატებითი თანამშრომლებით უზრუნველყოფა და გაფართოებული მანდატი ქმნის შესაძლებლობას გაძლიერდეს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით. სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან და შოკებთან მიმართებით, და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამის მიერ შემოთავაზებულია შესანიშნავი ჩარჩოები ასეთი წინსვლის მისაღწევად“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. ის ხელს უწყობს პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, საერთო ღირებულებების პატივისცემას; შეთანხმება ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ახლოვდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მიერ 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღება. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ევროკავშირი: საქართველომ რუსეთსა და ბელორუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად

რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. ამის შესახებ ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. „რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით, რაც გამწვავდა თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების ყოფნით. ამან ასევე იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. მთავრობამ რუსეთსა და ბელორუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 2021 წლის 6-7 ივლისს საქართველოს ეწვია ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, რათა წარედგინა რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი საფლაგმანო ინიციატივები საქართველოსთვის. 26 ივნისს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ვიცე-პრეზიდენტის დავალებით სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ავსტრიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. მათ საქართველოს ევროპის სოლიდარობა და ჩართულობა, რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი მისი ერთგულება აღუქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს შიდა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ოლივერ ვარჰეი საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის გატარების მნიშვნელობაზე მიუთითებს

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა განაგრძოს. ევროკომისრის განცხადებით, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველო რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კურსს განაგრძობს. საქართველომ სერიოზულად უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, განახორციელოს სასამართლო რეფორმები, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობა და გავლენა შეაფასა - დოკუმენტი

2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა ევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა. ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა შვიდი წლის განმავლობაში გაცემული დახმარებიდან ყველაზე დიდი წილი (€253 მილიონი) სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარების სფეროზე მოდის. შემდეგია კავშირების დამყარება (€171) მილიონი), ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები (€168 მილიონი), მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა (€109 მილიონი), საჯარო მმართველობის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა (€90 მილიონი). მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა – მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა. ეკონომიკური განვთარება მცირე და საშუალო საწარმოების და პროფესიული განათლების პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები გაუმჯობესდა, თუმცა მათი ურთიერთთანხვედრა არასაკმარისია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კარგ წინსვლას და გაზარდა ექსპორტის მოცულობა, თუმცა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტი ღირებულების ჯაჭვის მთელს გაყოლებაზე მზარდია. გენდერული პრობლემატიკასთან კომპლექსური მიდგომა ამ თვალსაზრისით ყველა სექტორში მიღწეულია წინსვლა, თუმცა, ეს წინსვლა მცირე იყო შერევის ოპერაციებში [შერევის ოპერაცია ნიშნავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების არანაზღაურებად ფორმას, რომელიც კომბინირებულია მხარდაჭერის ანაზღაურებად ფორმებთან] და ამ კომპლექსური მიდგომის ხარისხი ზოგჯერ სტანდარტებს ჩამორჩება. გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხების წინ წამოწევას ცნობიერების ნაკლებობა და გარკვეულწილად, წინააღმდეგობაც აფერხებს. სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა - რთული. თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომები დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორული განვითარების მიმართულებით. საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა. შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო. ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ. შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა: ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს. ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად. შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით. ესენია: სოფლის მეურნეობა, სოფლის და რეგიონული განვითარება; საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა; მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა; ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები; ურთიერთკავშირები; მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები. ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას. გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული.

ევროპის საბჭომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოსცა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გამოთქვამდა წუხილებს ე.წ. გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და მოუგვარებელ საქმეებზე, რაც „ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის ესკალაციას და გადაადგილების თავისუფლების შეფერხებასა და დარღვევას წარმოადგენს“. ამ კონტექსტში, ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სიტუაციაზე გავლენას ახდენს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხება. აღნიშნავს რა, რომ საანგარიშო პერიოდში გამშვები პუნქტები გაიხსნა, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ პუნქტების გახსნაზე დოკუმენტებთან დაკავშირებული ბარიერები ახდენს გავლენას. ანგარიშის თანახმად, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამოძიებაში პროგრესი არ ჩანს. ასევე არ არის პროგრესი ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწეოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მათ შორის, ფინანსური დახმარებისა და საკვების უზრუნველყოფის გზით.სიტუაცია აფხაზეთში დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ, მათ შორის, „ღობეების აღმართვა, ახალი სათვალთვალო აღჭურვილობის დამონტაჟება და გაძლიერებული მონიტორინგი გამშვები პუნქტების გარშემო“. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, 5 ადამიანი დააკავეს. ამ კონტექსტში, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე 2022 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებაზე. 08/11/2022 – სუს-ის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს დოკუმენტის თანახმად, გალის მოსახლეობისთვის ე.წ. „ბინადრობის ნებართვების“ საჭიროება კვლავ ახდენს გავლენას იმ ადამიანების გადაადგილების თავისუფლებაზე, რომლებიც ცდილობენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. რაც შეეხება განათლებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ გალის რაიონის სკოლებში კვირაში ერთი საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო სხვა საგნები ძირითადად რუსულ ენაზე ისწავლება. დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალულია რაიონის როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში. დოკუმენტის თანახმად, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები საანგარიშო პერიოდში შეჩერებული იყო. 18/10/2022 – სოხუმი გალში IPRM-ის შეხვედრების განახლების შესაძლებლობაზე მიანიშნებს დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სექტემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საშუალებას აძლებს აფხაზებს, რომ რუსული მოქალაქეობა აფხაზურ პასპორტზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.სიტუაცია ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე. საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვარი-სექტემბერში 51 ასეთი ქმედება დაფიქსირდა, მათ შორის, საგუშაგო პოსტების, ღობეებისა და სასაზღვრო ნიშნების აღმართვა. ასევე საქართველოს მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თვითნებურად დააკავეს საქართველოს 29 მოქალაქე. დოკუმენტის მიხედვით, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში სიტუაცია კვლავ მოუგვარებელია, რაც ხელს უწყობს დაძაბულობას. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის კუთხით „რაიმე პოზიტიური ტენდენცია“ არ შეინიშნება, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგორის რაიონს, სადაც „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა“. ანგარიშის მიხედვით, გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ცხინვალის რეგიონის საქონლით და საკვებით მომარაგებაზე, ასევე მცხოვრებთა წვდომაზე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ ერგნეთში გამართული IPRM-ის სამი შეხვედრის დროს, თანაფასილიტატორები მიესალმნენ დაკავებულთა გათავისუფლებას და მიმდინარე და მომავალი დაკავების საქმეების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მიესალმნენ ლომისობის დღესასწაულზე დროებით და აგვისტოს ბოლოს გამშვები პუნქტების რეგულარულ გახსნას. ევროპის საბჭოს დოკუმენტში ასევე ნახსენებია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2022 წლის 10 მარტს გამოცემული ორდერი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების თაობაზე. წყარო - civil.ge

ევროპის საბჭომ საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ პირველი ანგარიში მიესალმება კანონმდებლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ითხოვს მსხვერპლთათვის მეტი სერვისების და მოძალადეთათვის პრევენციული სანქციების არსებობას. ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო - GREVIO საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბევრ ნაბიჯს საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. „მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები; უნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით; უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობები. საქართველოს ხელისუფლების კომენტარები თანაბრად გამოქვეყნდა. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მის თანმხლებ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით. ამასთანავე, ცვლილებები შევიდა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში, რათა ამ უკანასკნელს მოეცვა ძალადობის ყველა ფორმა. ცვლილებები ასევე შეიცავს ისეთ მისასალმებელ ელემენტებს, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური შვებულების უზრუნველყოფა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნის ხანგრძლივობის განმავლობაში, ასევე მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრეთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოჯახში ძალადობის დანაშაული და სხვა ახალი დანაშაულები, მათ შორის, ქორწინების იძულება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია. 2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებს, რათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა. მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისები. ადმინისტრაციული მოთხოვნები, როგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღება, აბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე. GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვის, რომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილები, ლესბოსელები, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალები, ხანდაზმული ქალები. ძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიან. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდება: გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობას, ეფექტურობასა და მგრძნობიარობას. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. უნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაში. მყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი, სასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას. გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესს, დაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებში) და ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ანალოგიურად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში. GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაში, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა. თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას, განურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისა, არავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. დაბოლოს, GREVIO მიუთითებს, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. რეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელება. საჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაში, საჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად“, - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

უფლებადამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, დაპატიმრების გამო. შეშფოთების საგანია ასევე სხვა საკითხებიც. Europetime ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ. გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია 12 პირობის შესრულებაზე, რომელთაგან ბევრი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო.  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს.“ ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა. იანვარში ადგილობრივი ტელეარხებით გადაიცა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს. მეორე პოლიციელს, რომელიც იქვე იდგა, არ უცდია მისი შეჩერება. შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და ივლისში სასამართლომ მოძალადე პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  მაისში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მჟავანაძემ, განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ჯარიმის დადგენილების წამოსაღებად მივიდა, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს იძიებს, მოკვლევა დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.    ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები კანონში  ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამ კანონით დასაშვები გახდა ადამიანების უვადო ფარული მოსმენა და თვალთვალი ამ ადამიანების ინფორმირების გარეშე. ეს ნორმა 77 დანაშაულზე ვრცელდება, რომელთა შორისაც ახლა არის ტრეფიკინგი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ნარკოდანაშაული. აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონს. კომისიის განცხადებით, „ფარული თვალთვალი გამონაკლის ზომად უნდა განიხილებოდეს“ და სახელმწიფოს მხრიდან „ფრთხილ ფორმულირებას და ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებას“  საჭიროებს. სექტემბერში პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს ვეტო სექტემბერშივე დაძლია. სექტემბერში ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა „ტვ პირველმა“ გაჟონილი მასალები გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მასშტაბური თვალთვალი ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა. მასალებიდან ჩანს, რომ წამყვან პოლიტიკოსებს უთვალთვალებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში. მედიის თავისუფლება მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. მარტში „მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ივნისში „ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს.  მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა. შრომითი უფლებები კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს. ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან  დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს. პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმის“ ანგარიშის თანახმად, მშრომელთა 88% ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მოპარული ხელფასი განსაკუთრებით პრობლემურია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც ისედაც გადაღლილები არიან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ზეგანაკვეთური მუშაობით. 2022 წელს შრომის ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ 86-მა კერძო კლინიკამ, რომლებმაც სახელმწიფოსგან სპეციალური დაფინანსება მიიღო ექთნების ხელფასების დანამატისთვის, ეს თანხები სხვა მიზნებით გამოიყენა. დადებითი ცვლილებაა ის, რომ მთავრობამ საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასი გაზარდა. პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან. მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება. ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები. 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითიც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ქალთა უფლებები პროკურატურის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშიებას.   2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW)  დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან. საერთაშორისო აქტორები ივნისში, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის პასუხად, ევროპულმა საბჭომ მზადყოფნა გამოთქვა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტს შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება. ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“, მათ შორის დაშინების, ძალადობის და „მედიის წარმომადგენლების და მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების“ გამო და დაგმო გვარამიას დაპატიმრება. ივნისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერები ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იქნა 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დროს. დაკავების ორდერები გამოიცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამი წევრის მიმართ შემდეგი ბრალდებებით: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაადგილება. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. ფიქრობენ, რომ ისინი ამჟამად სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ვარაუდობს გამოძიების შეკვეცას საქართველოში და ძალისხმევის მიმართვას დაკავების სამი ორდერის აღსრულებაზე. სექტემბერში გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ადამიანი უფლებათა დარღვევები და დასაჯოს დამნაშავეები, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაიცვას ადამიანები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან. ივნისში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების მიმართ და, ამავე დროს, „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო“. თებერვალში ვიზიტის შემდეგ დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების უკეთ დაცვა.

საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად. სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა. შემდეგი ნაბიჯები დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებით, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ანგარიშები გვთავაზობენ ღირებულ მითითებებს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ კანონთა კრებულის (acquis) სხვადასხვა თავთან დაკავშირებით. ევროკომისია გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს სამ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შემდგომ დაახლოებაში, რომელიც ევროკავშირის მთელ კანონთა კრებულს (EU acquis) მოიცავს. კომისია წარადგენს ანგარიშს სამი ქვეყნის წინსვლის შესახებ მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმების კუთხით, როგორც შემდეგი „გაფართოების პაკეტის“ ნაწილს, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება. ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით განვითარებულ მოვლენებს და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. მოლდოვის რესპუბლიკის ასოცირების განხორციელების შესახებ ბოლო ანგარიში 7 თებერვალს, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს დაწყებამდე გამოქვეყნდება. მსგავსი ანგარიშები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი ასოცირების საბჭოების წინ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.   Europetime 57-გვერდიანი დოკუმენტიდან, საქართველოსთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას გთავაზობთ. ლეგალური და არალეგალური მიგრაცია ინსტიტუციური მოწყობა და სამართლებრივი მოწესრიგება უცხოელების შესახებ კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მიგრანტების უფლებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაუცველი მიგრანტებისთვის, საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში უნდა იყოს. საქართველო ევროპის მიგრაციის ქსელს დამკვირვებლის სტატუსით 2021 წელს შეუერთდა. საქართველოს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულებები (მოქმედი 2011 წლიდან) აქვს. ცალკე ხელშეკრულებები აქვს დანიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, ისლანდიასთან, მონტენეგროსთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და უკრაინასთან. 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია 2020 წელს არის მიღებული და მოიცავს მიგრაციის მართვის გაუმჯობესებას, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას, თავშესაფრის გაუმჯობესებულ სისტემას და უცხოელთა ინტეგრაციას. 2021 წელს საზღვარი არალეგალურად 285-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამ კუთხით კონტრაბანდის სფეროში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს. ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია დადებითად ფასდება, როგორც ეს 2022 წლის ნოემბერში რეადმისიის გაერთიანებული კომიტეტის ბოლო სხდომაზე გამოჩნდა. საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული დაბრუნების ბრძანებები 2020 წელს 12 120-დან, 2021 წელს 10 660-მდე შემცირდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2021 წელს მცირედით შემცირებულია. თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობა ძირითადად ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება, საჭიროა შემდგომი თანხვედრა, კერძოდ, უფლებების ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების საკითხებში. საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ძალიახმევა გაიღო. 2021 წლის იანვარში საქართველომ  გამგზავრების წინასწარი შემოწმებები შეიტანა კანონში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლას არეგულირებს. ახალი დებულებები ადგენს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირში მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლის პირობებს ასახავს, როგორც ეს გათვალისწინებულია შენგენის საზღვრების კოდექსით. 2021 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვაზე განაცხადები 2020 წელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, COVID19-ის გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების დასრულების გამო.  სავიზო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითადად შეესაბამება, მაგრამ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს, სრულად არ შეესაბამება მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ ვიზა ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისთვის. ვიზებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლები ევროკავშირის სტანდარტებს ძირითადად შეესაბამება.  საქართველოს არ აქვს ხელშეკრულებები მესამე ქვეყნებთან, რომ მისი სახელით ვიზები გასცეს. თუმცა, ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება, მესამე ქვეყანას შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დაევალოს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დანერგვა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, გლობალურად დამაკმაყოფილებელია. მთლიანობაში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას აგრძელებს და კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლადაც მიიღო ზომები. ქვეყანამ საზღვრის კონტროლისა და არალეგალური მიგრაციის უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაატარა.  სასაზღვრო კონტროლის კანონმდებლობა ევროკავშირის/შენგენის კანონმდებლობას ნაწილობრივ შეესაბამება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) 2022-2026 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არის მიღებული. განხორციელებისა და აღსრულების შესაძლებლობები, საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით შეიძლება, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. სასაზღვრო შემოწმება მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასაზღვრო შემოწმების ხარისხის გასაუმჯობესებლად, დამატებითი ტექნიკური და ადამიანური რესურსებია საჭირო. გაყალბების გამოვლენის ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელია. გამოვლენილია ყალბი დოკუმენტების მცირე რაოდენობა. არ არსებობს ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის წაკითხვის სისტემა. მეზობელ ქვეყნებთან ადგილობრივი სასაზღვრო მოძრაობის შეთანხმებების იმპლემენტაცია დამაკმაყოფილებელია. სასაზღვრო შემოწმება არაეფექტიანია ცეცხლსასროლი იარაღის ტრეფიკინგის გამოსავლენად. სასაზღვრო მეთვალყურეობის სისტემები დამონტაჟებულია სახმელეთო საზღვრის სექტორებზე, რომლებიც განლაგებულია ყველაზე მაღალი რისკის ზონებში, მათ შორისაა ფიქსირებული და მობილური ვიდეოთვალთვალის სისტემები, თერმოგრაფიული მოწყობილობები, რადარები და ა.შ. საქართველოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტის განსახორციელებლად გარკვეული დონეზე მზადაა. ქვეყანას ასევე აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება კანონმდებლობას. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, მისი განხორციელების საკითხი ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია. საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის კანონმდებლობა საბჭოს გადაწყვეტილებებისგან, პოლიტიკური დეკლარაციებისგან, ერთობლივი ქმედებებისგან, საერთო პოზიციებისა და შეთანხმებებისგან შედგება. აპლიკანტ ქვეყნებს კი, მოეთხოვებათ, რომ ევროკავშირის განცხადებებს თანდათანობით შეუერთდნენ და გამოიყენონ შემაკავებელი ზომები, როცა და სადაც საჭირო იქნება. ასოცირების შეთანხმებაზე განმცხადებლის რანგში, საქართველოს ჰქონდა 43-61% შესაბამისობის მაჩვენებელი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) დეკლარაციებთან და შემზღუდავ ზომებთან. დეკლარაციებთან გათანაბრების მაჩვენებელი ბოლო დროს შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანქციების კანონმდებლობა, რომელიც ხელმძღვანელობს სხვა შემაკავებელი ზომების განხორციელებას, გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზომებისა, საქართველოს ადმინისტრაციას, ევროკავშირის სანქციების განხორციელება ამ სანქციებთან შესაბამისობის შემთხვევაში შეუძლია. საქართველო არ არის მიერთებული რუსეთის, ბელორუსის, მიანმარის მიმართ სანქციებთან და არც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმით მიღებულ გადაწყვეტილებებთან.ევროკავშირი და საქართველო ჩართულნი არიან პოლიტიკურ დიალოგში CFSP-ის (საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკა) შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს ფარგლებში. გარდა ამისა, 2017 წლიდან იმართება ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგი, რათა ხელი შეუწყოს ეტაპობრივ კონვერგენციას. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვა ქართული ინსტიტუტების (მათ შორის თავდაცვის სამინისტროს) გარე საქმიანობას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წინაშე. საქართველომ იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კონვერგენციის გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე შემაკავებელი ზომების გამოყენებისას, როცა და სადაც ეს საჭიროა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ელექტრო ქსელი ანგარიშის თანახმად, საქართველო პირდაპირ არ არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ელექტრო ქსელი სინქრონიზებულია აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტრო ქსელებთან. სეზონიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი ხდება მისი მეზობლებიდან, მათ შორის თურქეთიდან. ქვეყანა ატარებს მნიშვნელოვან გაზსა და ნავთობსადენებს სამხრეთ დერეფნისთვის. ის დამოკიდებულია გაზის იმპორტზე აზერბაიჯანიდან (ძირითადად) და რუსეთიდან (ზღვრულად). საქართველოს არ აქვს საკმარისი გაზის ინფრასტრუქტურა (სასაზღვრო ურთიერთკავშირები ტექნიკურ ლიმიტს უახლოვდება, არ არის გაზის საცავი). განახლებადი ენერგიის სფერო -  საქართველომ განახლებადი ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა მიიღოს, რათა განახლებადი ენერგიის დირექტივა შესრულდეს. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის ჩამოთვლილია ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში.  „EaP-ის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს უწყობს სატრანსპორტო ქსელების განვითარებას, შავი ზღვის საბორნე/მიმწოდებლის სერვისების განვითარებით და ინვესტიციებით პორტის ენერგოეფექტიანობაში. კიდევ ერთი მსხვილი სარკინიგზო პროექტია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომელიც 2007 წელს დაიწყო და 85%-ით არის დასრულებული. ის უზრუნველყოფს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის და 1 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობას, ყოველწლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის პერსპექტივით და გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი და ევროპა-ჩინეთის სატვირთო გადაზიდვის მთავარი მარშრუტი“,  - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა შეესაბამებოდეს ტრანსევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო პრინციპების დებულებას (TEN-E რეგულაცია). TEN-E-ს რეგულაციის მიღება პოტენციურად დააჩქარებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უშუალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას.   

TikTok-მა საქართველოდან წაშალა ანგარიშები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომზე დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებდა

ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“.  საქმე ეხება 18 ანგარიშს, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ეს ანგარიშები 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელორუსსა და უკრაინაში იყვნენ ბაზირებულნი. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე აზიარებდნენ, არაავთენტიკური ანგარიშების გამოყენებით, პრორისული თვალსაზრისის გაძლიერების მიზნით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ამ პრორუსული პოზიციების გავრცელებას უნდა მოჰყოლოდა დისკურსი უკრაინაში მიმდინარე ომზე. TikTok--ს ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ისინი ევროპელი მომხმარებლების სახელით მოქმედებდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ. კომპანიამ ასეთი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომლებსაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.  

ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ დასკვაში აცხადებს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. კომისია აცხადებს, რომ მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ასევე გასათვალისწინებელია მათი თანხმობის გარეშე მოსამართლეთა მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. ამასთან, დარჩეს ადგილი მოსამართლეთა კომენტარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - წერია დასკვნაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენენ სერიოზულობას და რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარებიან, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან 14 მარტს გააკეთა. „დარჩენილი გვექნება ორი საკითხი, დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის საკითხი. ამ პროექტებზე მუშაობას უახლოეს დროში დავასრულებთ და, შესაბამისად, საქართველო შეძლებს, სრულად შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „არის ერთი საკითხი. იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას სჭირდება, სულ მცირე, 90 ხმა. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე და იმედი მაქვს, ნაცვლად ლოზუნგებით საუბრისა, ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სერიოზულობას და ამ რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი  მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი სულ უფრო მარგინალიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე მზარდი უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე. ამასთან, წლის განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერები თავს დაესხნენ სახალხო დამცველს და აცხადებდნენ, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი სახალხო დამცველის უფლებამოსილება დეკემბრის დასაწყისში დასრულდა და წლის ბოლომდე ახალი სახალხო დამცველი არ შეირჩა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ შერჩევის პროცესს და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობდა ინსტიტუტის დასუსტებას ხარვეზებით მიმდინარე პროცესით.  ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში მოქმედებდნენ მთავრობის შეზღუდვის გარეშე, იძიებდნენ და აქვეყნებდნენ თავიანთ დასკვნებს ადამიანის უფლებათა საქმეებზე. აქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები გარკვეულწილად რეაგირებდნენ მათ შეხედულებებზე, თუმცა, სხვა შემთხვევებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. მაგალითად, მმართველმა პარტიამ 18 აგვისტოს უარი თქვა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვაზე საპარლამენტო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთის საპასუხოდ შეიქმნა, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხოლო 13 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამორიცხა „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაწილეობა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. „ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის წევრებმა ასევე დაადანაშაულეს შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქცევაში“, - წერია ანგარიშში. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ქვეთავში ვკითხულობთ: „კონსტიტუცია და კანონი ზოგადად ითვალისწინებს შეკრების თავისუფლებას. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება კანონის დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მოთხოვნის შესახებ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა 5 დღით აცნობონ ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო სივრცეში შეკრების მიზნით, რაც გამორიცხავს სპონტანურ დემონსტრაციებს. სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა, არაეფექტურად მართავდა ან ვერ იცავდა შეკრების თავისუფლებას. სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას აქციების მართვისა და დაშლისას. წლის განმავლობაში გაგრძელდა შეშფოთება 2021 წლის ივლისის პრაიდის ღონისძიების დროს ულტრამემარჯვენე კონტრდემონსტრანტების მიერ ჩადენილ ძალადობაზე არასაკმარისი პასუხისმგებლობის შესახებ. წლის ბოლოსთვის სულ 31 პირი იყო გასამართლებული, თუმცა ხელისუფლებას არ დაუდგენია არცერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობის ორგანიზებაზე ან წაქეზებაში“. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. „მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია“, - წერია ანგარიშში. მისივე თანახმად, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე. ყოველწლიურ ანგარიშშია პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. „სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა ხელისუფლებას, შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომელთაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს. 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა, გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას”. „4 მაისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია “. 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი კვლავ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულად” შეაფასა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს”. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებამდე სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთის გამო. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს. „ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ”, - წერია ანგარიშში. პოლიტპატიმრები და დაკავებულები - ამ ქვეთავში წერია: დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება და ოპოზიციური ტელეარხის, მთავარი არხის ხელმძღვანელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. „მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან“, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავ, რომ ხსენებული ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.  

რა წერია Amnesty International-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ

2022 წელს დაფიქსირდა ახალი, განახლებული და გაჭიანურებული კონფლიქტები, რამაც გამოიწვია საშინელი ტრაგედიები. ზოგიერთი მათგანი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება. მთელ მსოფლიოში, ხელისუფლებებმა განაგრძეს საყოველთაო თავისუფლებების წინააღმდეგ მძიმე რეპრესიები. ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საკვებისა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა და ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სერვისებზე ზეწოლა. Amnesty International-ის ანგარიში 2022/23 ამ საკითხებს გლობალურ და რეგიონულ დონეზე კრებს და აანალიზებს 2022 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას 156 ქვეყანაში. ანგარიში მოქმედებისკენ მოუწოდებს - ეს შესავალი ახლავს უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს, რომელსაც Europetime გთავაზობთ. დოკუმენტი ორგანიზაციის ვებგვერდზე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა. ახალი კანონებით გაფართოვდა მიყურადების უფლების ფარგლები და კიდევ უფრო შეილახა სასამართლოსა და საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. გრძელდებოდა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია; კვლავ ხშირი იყო მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არქონა გამოწვევად რჩებოდა როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონტექსტი პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდებოდა. ამ წუხილების ფონზე, ივნისში ევროპულმა კომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადადო და მომავალი გადაწყვეტილება 12 პრიორიტეტის შესრულებას დაუკავშირა, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, სასამართლოს რეფორმის და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. რუსეთიდან საგრძნობლად გაზრდილმა გზავნილებმა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ადამიანის შემოდინებამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, ასევე გაზარდა ცხოვრების ღირებულება და ეკონომიკური უთანასწორობა. შრომის ბაზარზე ახალგაზრდებისთვის არსებულმა მძიმე მდგომარეობამ ემიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია. მარტში სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა საქართველოს მიერ მიღებული არასაკმარისი ზომების გამო გარემოს დაბინძურების აღმოფხვრისა და უსაფრთხო სასმელი წლის უზრუნველყოფის საკითხებში, აგრეთვე, დასაქმებულთა და მათზე ეკონომიკურად დამოკიდებულ პირთა სოციალური დაცვის არარსებობის გამო. გამოხატვის თავისუფლება კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებსა და მათ მიმართ წამოწყებულ ცილისწამების საქმეებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა. ასეთივე გავლენა ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მაისში გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა, რისი ნაწილობრივი საფუძველიც გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის საფრთხის შექმნა გახდა; აღნიშნული ტენდენციები წლის ბოლომდე შენარჩუნდა. 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ. ძალადობრივ თავდასხმას ერთ-ერთი ტელეოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა. ივლისში, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალმა თანამდებობის პირმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცებასა და აზერბაიჯანში გადაყვანაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს სდებდა ბრალს. აფგან მუხთარლიმ ტვ პირველს უამბო, რომ მან ფოტოებით ამოიცნო ერთ- ერთი გამტაცებელი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და ამით, საბოლოოდ მიიღო სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი სტრუქტურების ფარული მიყურადების წარმოების უფლებამოსილები გაიზარდა. კერძოდ, ახალი კანონით გაფართოვდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლები და შესაძლებელი გახდა მოქალაქეების უვადოდ მოსმენა ისე, რომ მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. გრძელდებოდა ოპოზიციის, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ფარული მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკა. ივლისში პრო-სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა ფარულად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, სადაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის თანამშრომლები სარედაქციო საკითხებზე მსჯელობენ. სექტემბერში გავრცელდა ახალი მასალები, მათ შორის, აუდიოჩანაწერები და ფოტოები პირადი ცხოვრების შესახებ, რომლითაც გამოჩნდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების სავარაუდო მიყურადების ფაქტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო, თუმცა, საანგარიშო წლის ბოლოსთვის გამოძიების შედეგის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გამოწვევად დარჩა. იანვარში სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აგრეთვე, ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი, დამნაშავეებად ცნო პოლიტიკურად მოტივირებულ თაღლითობის საქმეში და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მსჯავრდადებულები სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის გამო, საპარლამენტო მანდატი შეუწყდა ბადრი ჯაფარიძეს. სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის საქმეების შესახებ მისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად სამედიცინო ცნობებისა „მძიმე მეტალებით [მისი შესაძლო] მოწამვლისა“ და „სიკვდილის მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკის“ შესახებ, საანგარიშო წლის ბოლოსთვის სასამართლოს სააკაშვილის სასჯელი არ გადაუვადებია. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ წარმოებაში მიიღო ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე. მაისში მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 42 თვით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუსაბუთებელი ბრალდებით. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ივნისში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2021 წელს შეტანილმა ცვლილებების სისწრაფემ და მასშტაბმა შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი იქონიოს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასა და შიდა სასამართლო დამოუკიდებლობაზე“ და შექმნას აღქმა, რომ მიღებული ცვლილებები მოსამართლეთა „კონტროლსა და გაჩუმებას“ ემსახურება. აპრილში აღნიშნული კანონი ხუთმა მოსამართლემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საკონსტიტუციო გარანტიებზე დაყრდნობით. წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იძიებდა, 12 იანვარს გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახური შეიქმნა. ამ ნაბიჯს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა; მათი მოსაზრებით, გადაწყვეტილება შეამცირებს სამსახურების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას, და უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფოს უნარზე ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამების, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მათი გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევები, აგრეთვე, მის უნარზე აღასრულოს სამართალი აღნიშნულ დანაშაულებზე. ქალთა და გოგონათა უფლებები მედიაში გავრცელდა ცნობები ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევის შესახებ, რამაც გააძლიერა წუხილები, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით მოტივირებული სხვა სახის დანაშაულები იზრდება. ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით მიღებული ზომები კვლავ არ იყო საკმარისი. საგანგაშო რჩებოდა ეკონომიკური უთანასწორობაც: მსოფლიო ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საოჯახო საქმეების გამო ქალთა 50% შრომის ბაზრის მიღმა რჩება, მაშინ, როცა მამაკაცებში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. კვლევის თანახმად, ქალები 16%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. წარსულ საქმეებზე დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა. წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი 31 აგვისტოს, 2020 წელს პატიმრობისას ცემისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კულაევის გარდაცვალების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. არ განხორციელებულა ინალ ჯაბიევის საქმის ეფექტური გამოძიებაც, რომელიც ასევე 2020 წელს, პატიმრობისას მასზე განხორციელებული წამების შედეგად გარდაიცვალა. 2021 წელს აფხაზეთის მცხოვრების, პატიმრობისას გარდაცვლილი ანრი ატეიბას საქმეზე ეფექტური გამოძიება არ წარმართულა. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუას, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებოდა.  

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა

სახალხო დამცველმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ანგარიშის თანახმად, მკურნალობამ, რომელიც პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. „საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, 2022 წლის 12 მაისს სამოქალაქო პროფილის კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა დასკვნა, რომლის თანახმადაც, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნად გაუარესებულად შეფასდა. 2022 წლის 27 აპრილის დასკვნაში სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა. ექსპერტთა ჯგუფმა, სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირ მიუთითა, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. დამატებით, საგულისხმოა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს გასცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ერთ წელზე მეტი ხნის (14 თვე) განმავლობაში, ეპიზოდურად მნიშვნელოვნად მძიმდება, ხოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში მკვეთრად არის გაუარესებული და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მართვა ვერ ხერხდება პროაქტიულ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები სხვადასხვა გართულებაზე რეაგირებით შემოიფარგლება. მართალია, პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია. მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება. ზემოაღნიშნული სამედიცინო შეფასებების საფუძველზე, სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ აკმაყოფილებდა განაჩენის აღსრულების გადავადების სტანდარტს, რადგან იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც სასჯელის მოხდას ხელს უშლის. სახალხო დამცველის მოსაზრება ეყრდნობოდა როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის მიუხედავად, 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც, სასჯელის გადავადებაზე. სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა პატიმარს დააკისრა და განმარტა, რომ ვერ დარწმუნდა, რომ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარება არაადეკვატურია. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გარემოებები და მდგომარეობის ლეტალურ გამოსავლამდე დამძიმების მაღალი რისკები, ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად“,-აღნიშნულია ანგარიშში.  ნიკა გვარამიას საქმე ომბუდსმენის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება. „ამას განაპირობებს არაერთი გარემოება: პირველ რიგში, კრიტიკული ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და მედიამენეჯერისთვის, თავისი შინაარსით კორპორაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აგრეთვე, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი, როგორც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის და მსჯავრდების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში. ეს გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიმართ დაწყებული პროცესი არა მართლმსაჯულების ინტერესით, არამედ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“,-აღნიშნულია ანგარიშში. ომბუდსმენის შეფასებითვე, ცალსახად იკვეთება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსების, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ საქმიანობისგან ჩამოშორებით დაინტერესება. „მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოვლენილი არსებითი ხარვეზები ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს ეფუძნება. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). ეს არ არის პირველი შემთხვევა - სახალხო დამცველმა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, პოლიტიკური მოტივის არსებობის საფუძვლით, აგრეთვე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გამომდინარე აქედან, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდა. 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების გამოძიება სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოძიების პროცესში არსებობს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი 20 პირიდან მხოლოდ 6 პირი გასამართლდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოცემულ ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ეს პირებიც გაამართლა.  

Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა, გაძლიერდნენ მოლდოვა, სომხეთი და ალბანეთი

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მედიათავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.  გასულ წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მედიის მდგომარეობაზე განსაკუთრებული გავლენა 2022 წელს ტელეკომპანია „მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ იქონია. „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით. საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04 ) Freedom House-ის შეფასების შკალით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად, ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა. საქართველოს გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელორუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში-ჰერცეგოვინასა და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთმა შეფასების შვიდი კრიტერიუმიდან 5-ში აჩვენა ვარდნა და ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნის მიერ განცდილი რეკორდული რეგრესია. უნგრეთის დემოკრატიის ხარისხის გაუარესება კი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილმა პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა. Freedom House-ის შვიდ კომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს, დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდნენ მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთი მაკედონია, ლიეტუვა და კოსოვოვო. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას. „ვლადიმირ პუტინის სასტიკი, არაპროვოცირებული დამპყრობელი ომი უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის პროცესს და აფართოებს პოლიტიკური ბზარების ფართობს", - ასე აფასებს მდგომარეობას Freedom House-ის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი. „დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის პარტნიორებმა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელები თავს იცავენ ბრძოლის ველზე და მათი მსხვერპლი და თავდადება არ უნდა გაიფლანგოს. მხოლოდ მყარი ბიძგი დემოკრატიული პროგრესისკენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიის რეგიონში მოიტანს თავისუფალ და წარმატებულ მომავალს ამ რეგიონისთვის", - მიიჩნევს მაიკლ აბრამოვიჩი. წყარო  

საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭო რეკომენდაციებს აქვეყნებს - ანგარიში

ევროპის საბჭო, საქართველოში ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვის დოკუმენტს აქვეყნებს. მიმოხილვაში, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტმა, პიტერ ნორლანდმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" 2019 წლიდან, ხოლო ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რამდენიმე დადებით ელემენტს, საკმარისად არ იცავს ჟურნალისტებს. რადიო თავისუფლების თანახმად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმოხილვის მთავარი რეკომენდაციაა დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შექმნა, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული პირი ან უწყება/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ჩაატაროს კვლევა და შეიმუშავოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება მთავრობას. ასევე, რეკომენდებულია, რომ მაღალი დონის არჩეულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მკაფიოდ დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სიძულვილი, ხოლო თავად თავი შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან. ამას გარდა, მიმოხილვა ყურადღებას ამახვილებს ოთხ საკითხზე: "ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის საქმეების გამოძიება და დევნა; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები (ინსტიტუციური შესაძლებლობები, ისევე როგორც ტრენინგის საჭიროებები); მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება; უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტებისა და მედიის პერსონალის შესაძლებლობები და ცოდნა. მწვავე საჭიროებაა, გაუმჯობესდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის მიმართ". ევროპის საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისა და დევნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] ახლებურად ჩამოყალიბება. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ კანონის ამ ნორმამ უნდა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ჩატარდეს სისტემატური მოკვლევა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და შემდეგ შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად. ევროპის საბჭო, ასევე სთავაზობს საქართველოს, შეაგროვოს ყოვლისმომცველი სტატისტიკა, რაც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ჩაშლილ მონაცემებს მოიცავს, ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. დოკუმენტით რეკომენდებულია, გაიზარდოს სასჯელი ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან, "რათა ასახოს დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე". ასევე, რეკომენდებულია პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფების შექმნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ასევე სპეციალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს იმასაც, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ ტრენინგი, რას უნდა ელოდონ იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან, რომელშიც თავად არიან დაზარალებულები და რას მოელიან მათგან, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. მიმოხილვაში, ევროპის საბჭო შსს-ს სთავაზობს, გადახედოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებას, რომ მან მოიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ცვლილებას, რათა გაუქმდეს მოთხოვნა ჟურნალისტების მიმართ, ატარონ საიდენტიფიციკაციო ნიშნები. „სამართალდამცავმა ორგანოებმა და მედიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რათა შეათანხმონ სახელმძღვანელო პრინციპები მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია, რომ შეხვედრები ჩატარდეს ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მანიფესტაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, როგორიცაა არჩევნები, საპროტესტო აქციები ან დიდი სპორტული ღონისძიებები, რათა მათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად შეათანხმონ უსაფრთხოების ოქმი", - წერია დოკუმენტში. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა - საქართველოს წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალების რაოდენობა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე მკვეთრად გაიზარდა, 0-დან (2017-2019 წწ.) 16-მდე (2020-2022 წწ.), ხოლო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ მედიის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა - 29 ადგილით ჩამოქვეითდა წინა წელთან შედარებით.

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება: 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული; საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას. ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით: „არანაირი პროგრესი“; „ნაწილობრივი პროგრესი“; „კარგი პროგრესი“; „შესრულებული“. ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან: 3 სრულად შეასრულა (25%); 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%); 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%). უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან: 2 სრულად შეასრულა (29%); 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%); 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%). მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან: 3 სრულად შეასრულა (33%); 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%); 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%). ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად“ ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა: დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა; გენდერული თანასწორობა; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. 8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს: დეოლიგარქიზაცია; პოლიტიკური პოლარიზაცია; ინსტიტუციების დამოუკიდებლობა; ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის: მედიის პლურალიზმი. ამ ნაწილში მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს. „შესაბამისად, დეტალური შეფასების მოლოდინი ახლა არ უნდა შეგექმნათ. ოქტომბრის დოკუმენტი კი უკვე საფუძვლიანი იქნება და, რაც მთავარია, გადამწყვეტი რეკომენდაციებით - როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ“, - ამბობს იოზვიაკი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი  

ევროკავშირი: საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში

მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის ანგარიში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. ამგარიშის თანახმად, კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ: 1. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს. ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2. ევროკავშირის მოქმედება - საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ევროკავშირი საქართველოში სამუშაოდ ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ევროკავშირის სამოქმედო გეგმით 2020-2024 წლებისთვის. 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რომ მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტი თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე. 3. ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა: 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან,  მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი 2022 წლის ივნისში გაიმართა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, რომლებსაც  სტრატეგია არ ითვალისწინებდა, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. 4. ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო - საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო). პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა. 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ამ სფეროში ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა  EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით. სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა კარგი მმართველობისთვის PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. საქართველოში განხორციელებული კომპონენტები სასამართლოსა და სასამართლოს ადმინისტრირების, სტატისტიკის შეგროვების, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, უზენაესი სასამართლოს, დამოუკიდებელ ინსპექტორის და სხვების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. 5. მრავალმხრივი კონტექსტი: საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის. 2022 წლის მარტში, ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა კომისარი სთხოვდა უმაღლეს კომისარს წარმოედგინა განახლებული ინფორმაცია (ზეპირი მოხსენების სახით) და წერილობითი ანგარიში ორ თვითგამოცხადებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებაში. 9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მე-15-ჯერ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას  აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა. საქართველოსთან ამ დიალოგების დროს გაეროს შესაბამისმა საკონვენციო ორგანოებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებით და ასევე სხვა გამოწვევებთან მიმართებაში COVID-19 პანდემიის კონტექსტში.  

პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს

პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მიმდინარეობდა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა. ანგარიშს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.  

ევროკომისიის ანგარიში: საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.  კონკრეტულად, წინა, მეხუთე ანგარიშში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა მთლიანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაუთანაბროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და საქმიანობის შემაფასებელი კანონმდებლობა მიიღოს და განახორციელოს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი. ევროკომისიის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო. ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და გადადგა ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო. კერძოდ: 1 საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ; 2 წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება; 3 საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში ჩართვა და სხვა. 4 "აქტივების აღდგენის ოფისისა" და "აქტივების მართვის ოფისის" შექმნა. 5  ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა; 6 უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ.  

ევროკომისიის ანგარიში - როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო.“ კერძოდ, რეკომენდაციების ნაწილში საუბარია: საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ; წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება; საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში ჩართვა და სხვა.  „აქტივების აღდგენის ოფისისა" და "აქტივების მართვის ოფისის" შექმნა. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა; უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ. ამავე ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 26 450 განაცხადი შეიტანეს, რაც 81%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს (14 635 განაცხადი). 2022 წელს ამ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილებების, ანუ აღიარების დონეც, გაიზარდა 5%-დან (2021 წელს) 7%-მდე (2022 წელს). ევროკომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს მიერ საზღვრის არარეგულარული კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს. 31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარების რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი - 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი - 2021 წელს. ასევე 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: : 16 275 გადაწყვეტილება - 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება - 2021 წელს. ევროკომისიის ანგარიში: საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია  

რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში „ვივამედზე“, სადაც სააკაშვილი მკურნალობს

„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს დაცულ ნაწილში მყოფ პატიმართა, მათ შორის სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით შეფასებას. (CPT) მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშში დოკუმენტის ბოლო ნაწილი რეკომენდაციებს მოიცავს.    ანგარიშის მიხედვით, „ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს, მიიღოს ინფორმაცია პაციენტი С-ს პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა, ტელევიზიაზე, რადიოსა და პრესაზე წვდომა. ცალკე განთავსებული პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია პაციენტებთან ან სათანადოდ მომზადებულ პერსონალთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა (სულ მცირე, 2 საათი დღეში). რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმის გამო, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს და ასევე პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობის გამო. კომიტეტის შეფასებით, დაცული პალატების მართვა უნდა დაექვემდებაროს კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რათა საშუალება ჰქონდეთ, შექმნან თერაპიული და ნდობაზე დაფუძნებული გარემო.  ასევე უნდა იყოს მიღებული ზომები (შესაბამისი ინსტრუქციების სახით), რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პაციენტების (მათ შორის ბ-ნი ს.-ის) შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს. ასეთი კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ასევე შეიძლება, გადაეცეს კანონიერად უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს (როგორებიც არიან პროკურორები და გამომძიებლები, მიმდინარე გამოძიების კონტექსტში), ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოებს, მათი კანონიერი მანდატის ფარგლებში მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით. ამასთან, ფორმიანი და შეიარაღებული ოფიცრები მუდმივად არ უნდა იმყოფებოდნენ  დაცულ პალატებში; მათი იქ ყოფნა გამართლებული უნდა იყოს ცალკეულ შემთხვევებში იმ რისკით, რომელსაც კონკრეტული პაციენტები წარმოადგენენ (მაგალითად, პერსონალისა და სხვა პაციენტების მიმართ ძალადობის რისკით, შფოთვისა და თვითდაზიანების რისკის შემთხვევაში) და ეს რისკი უნდა შეფასდეს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ. „რაც შეეხება სათვალთვალო კამერების არსებობას, განსაკუთრებით ბ-ნი ს.-ის მუდმივ მეთვალყურეობას, ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. მართალია, მუდმივი მეთვალყურეობა გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული (თუმცა არა ფიზიკურად ძალადობრივი) ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა (მაგალითად, უარის თქმა კლინიკის მიერ შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე), თუმცა დელეგაციის ვიზიტის დროს გამოყენებული ზომები (რომელიც წარმოადგენს პაციენტის კონფიდენციალურობაში უხეშ ჩარევას) მაინც პოტენციური საფრთხის არაპროპორციული აღმოჩნდა. იგივე მიზანი შეიძლებოდა, მიღწეული ყოფილიყო, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის ადეკვატურად ყოფნის უზრუნველყოფით. კომიტეტი კვლავ რჩება აზრზე, რომ სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებლობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი გადაცემა აუცილებელი და დაგვიანებულია. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს გადაცემის პროცესი  შემდგომი შეყოვნების გარეშე.“ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა. ის კლინიკა „ვივამედში“, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს იკვლევდა. საქართველოში ვიზიტით იყვნენ: ჰანს ვულფი (შვეიცარია), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი; ვიტაუტას რაშკაუსკასი (ლიეტუვა), ფსიქიატრი, ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კონსულტანტი, ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და მარი კმეცოვა (ჩეხეთის რესპუბიკა), იურისტი, ჩეხეთის სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საკითხებში. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმიურად, 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებენ. კომიტეტი 34 წლის წინ, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ იმპლემენტაციის მონიტორინგისთვის, 1989 წელს შეიქმნა. მისი მიზანია თავისუფლებააღკვეთილი პირების მონიტორინგი, კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან მათ ციხეებში, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სოციალური დაცვის სახლებსა და ა.შ.