თეგი: ბაქო-სუფსა

BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა

აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა "გამფრთხილებელი ზომებით" იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა და ახლა BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებს. კომპანიის მიერ eurasianet.org-ისთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების დრო მითითებული არ არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შავ ზღვაში კომერციული გადაზიდვები უკრაინის ომის გამო დიდწილად შეფერხდა. ბოლო დროს გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ნაღმები, რომლებიც უკრაინის პორტებში სანაპიროს დასაცავად დგას, კომერციულ გემებს რეალურ საფრთხეს უქმნის. მედია წერს, რომ BP-ის განცხადება, ფაქტობრივად, პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია. 2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა შეაჩერა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით. SOCAR-ის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადასაზიდი ნავთობი მაისში BTC მილსადენზე გადამისამართდა.  

ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე

დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ძირითადად უკვე მოქმედ ენერგოპროექტებზე გაკეთდა. რამდენად  მზადაა სისტემა, რომ გაზისა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები გაატაროს? ალიევის მთელი გამოსვლა, კონფლიქტებზე საუბრის ნაწილის გარდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს ეხებოდა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება, სადაც პირველია „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი. ასევე, ყურადღება გაამახვილა „ბაქო-სუფსის“ მილსადენის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის საკითხზე. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ დღეს აქვს რესურსი, რომ გამტარუნარიანობა 12 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ალიევს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდება გააორმაგოს. ეს არაა პატარა ციფრი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენისთვის და აზერბაიჯანისთვის. გასულ წელს, ამ გაზსადენის გავლით ევროპამ, 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. შემდგომ, გაზის ტრანზიტი ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში განხორციელდა.  წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და როცა საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია. ბუნებრივია, ამას უნდა დაემატოს გაზის ის მოცულობა, რაც გადის მილსადენში თურქეთის საჭიროებისათვის. მანამდე, 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, რომ „ბაქო-თბილისი-ერზრუმით“ გატარებული გაზის მოცულობა 27 მილიარდამდე გაზრდილიყო. ET: რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანი ამ მაჩვენებელზე გავა 2027 წელს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? ის, რასაც ალიევი ამბობს, რომ თუ 2027 წლისთვის მოხერხდა ტექნიკურად და საბადოებიდანაც და ამ რაოდენობის გაზმა გაიარა ჩვენს მილსადენში, ეს იმას ნიშნავს, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს ე.წ. „ოფციურ გაზად“ დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%, 1 მილიარდი კუბური მეტრია, ამას დაემატა 500 მილიონი დაბალ ფასში შესყიდული გაზი და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურებით შევძლებთ იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომ მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (რედ. პერსპექტივა,) ალიევის განცხადებიდან, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ET: რაც შეეხება საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს, ალიევმა საკმაოდ მაღალი ციფრი 157 გეგავატი დაასახელა. რა რესურსით გაიზრდება ეს მაჩვენებელი მაშინ, როცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს გავლით თურქეთში აზერბაიჯანის ექსპორტის მაჩვენებელი გაცილებით მცირეა. ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს. ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა. ET: რაზე მიანიშნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს, ამ ენერგოპროექტებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ღიად გაკეთებული განცხადებები? აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის დღევანდელი განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის. რაზეც დღეს ალიევმა ისაუბრა, ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით. ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს.  

ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის მიწოდება შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახლდეს - BP

ბაქო-სუფსის ნავთობსადენს შეუძლია ტრანსპორტირება ნებისმიერ დროს განაახლოს. ამის შესახებ მედიას  BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბახტიარ ასლანბეილიმ განუცხადა.  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება  „ამჟამად ჩვენ არ ვიყენებთ ბაქო-სუფსის მილსადენს და ნავთობი ექსპორტზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით გადის. ბაქო-სუფსის გახსნა დამოკიდებულია გამგზავნის განაცხადებზე და სუფსაში ტანკერების დატვირთვაზე. განაცხადების მიღების შემთხვევაში, იმავე მომენტში შევძლებთ მიწოდების დაწყებას, რადგან ბაქო-სუფსა ქსელშია ჩართული. როდესაც მილსადენები ცივად იკვებება, მუშაობის აღდგენას დაახლოებით 3 თვე სჭირდება“, - განაცხადა ბახტიარ ასლანბეილიმ. შეგახსენებთ, რომ მილსადენზე ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის მარტში შეწყდა და 1-17 აპრილს ჩატარებული სარემონტო და კორექტირების სამუშაოების შემდეგ განახლდა. შემდეგ ბაქო-სუფსაში ნავთობის გადატუმბვა კვლავ შეწყდა.  ბაქო-სუფსის გაჩერებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული ნავთობის მთელი მოცულობა ექსპორტზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. 2021 წლის ბოლოს ბაქო-სუფსის მილსადენით 4,2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიქაჩა. ნავთობის მთელი მოცულობა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკზე მოდის.  ბაქო-სუფსის მილსადენით (დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენი) ნავთობის ტრანზიტი კასპიის რეგიონიდან, ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საქართველოს პორტ სუფსამდე ხორციელდება. ნავთობსადენი ოფიციალურად 1999 წლის 17 აპრილს გაიხსნა. ნავთობსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი BP-ია. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში ტანკერებით ხდება.   

ლევან დავითაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება ბაქო-სუფსის მილსადენით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება მიმდინარე წელს დაიწყება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საკითხზე მოლპარაკებები ორი წელია, მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აღნიშნული მილსადენით მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარების მოლოდინი არსებობს. „რაც შეეხება ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, ამაზე თითქმის ორი წელია გვაქვს საკმაოდ აქტიური საუბარი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი ამ მილსადენში მოხვდეს. იცით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა არის საჭირო BP-სთან. BP-სთან ჩვენ ამაზე უშუალოდ კონტაქტი გვაქვს და პრინციპში პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი გვაქვს. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე. იცით, რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და შერევა აზერბაიჯანულ ნავთობთან ვერ მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ ძირითადი საკითხებში ჩვენ ახლა გარკვეულობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარებას. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე დაიწყება ნავთობის გატარება,” - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ. „დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა. ყაზახეთი ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს