თეგი: ბუქარესტი

ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა

თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. „დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესტთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა. ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია. ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.  

ბუქარესტის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის პრინციპები და შექმნა ტექსტი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში, რუსთაველი კი ისეთი ავტორების გვერდით, რომლებმაც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. „საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე გააკეთა, რუმინეთის მსგავსად, წარმატებით გაივლის პროცესს და მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს. უახლოეს მომავალში საქართველო და რუმინეთი, როგორც მეგობარი ქვეყნები, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატუსით შეძლებენ მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიის ცნობით. ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. „ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა“, - აღნიშნა ბუქარესტის მერმა. ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელევს. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს რუმინეთის სახელმწიფო დროშას. სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ერთმანეთს თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინეს. "საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, კასპიისა და შავი ზპოლიტღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და რუმინეთის ჰიმნები. პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.  

სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.  პრეზიდენტს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა, ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელსა და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება. აღინიშნა, რომ საქართველო-რუმინეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რაც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება და ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაში ანთიმოზ ივერიელის როლი უმნიშვნელოვანესია. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ ,,ქართულ ოთახში“ საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.  

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ შევიკრიბეთ ბუქარესტში, შავი ზღვის სანაპიროებთან, იმ დროს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრა, ევროატლანტიკურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. რუსეთს ამ ომზე, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების აშკარა დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. რუსეთის აგრესია, მათ შორის მისი მუდმივი თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მილიონობით უკრაინელს ართმევს ძირითად ადამიანურ მომსახურებას, რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ საკვებზე და საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ქვეყნებსა და ხალხებს. რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობები, ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთს 15 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, რამაც გამოიწვია ტრაგიკული მსხვერპლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სისასტიკეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ადამიანის უფლებების დარღვევასა, მათ შორის არის იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ. ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ბელორუსს. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი. არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო ანექსიებს, რომლებიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რადგან ის აგრძელებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვას რუსული აგრესიისგან. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, NATO თავდაცვითი ალიანსია და ის გააგრძელებს ალიანსის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას. „ჩვენ ვხვდებით საფრთხეებს და გამოწვევებს ავტორიტარული აქტორებისა და სტრატეგიული კონკურენტების მხრიდან ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის ფონზე და სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ახალ საბაზისო ხაზს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვითი პოზიციისთვის. მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე იქნება ერთიანი და მტკიცე პასუხი. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთიანობითა და სოლიდარობით და ვადასტურებთ მუდმივ ტრანსატლანტიკურ კავშირს ჩვენს ერებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში“, - წერია განცხადებაში. მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები გააგრძელებენ უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისთვის, მათ შორის გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით და, რა თქმა უნდა, კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს

NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა. NATO კვლავ ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. „ალიანსისთვის დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას NATO-ს პარტნიორებთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რადგან ალიანსი აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის ასაშენებლად, მათი შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით. კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოსა და უკრაინისადმი ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას”, - წერია NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან