თეგი: ინტერვიუ

დეზინფორმაცია/პროპაგანდა: ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათ საქართველოში?

უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე. პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც.  საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება.  ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათნი საქართველოში? რა როლი აქვს მედიას? და როგორ მუშაობს ომის დროს პროპაგანდისტული მედია? რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე და საომარი მოქმედებების განვლილმა 40-მა დღემ  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფაქტი, რომ ომს მრავალი ფრონტი აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი კი საინფორმაციო ომია. ჰიბრიდული ომების ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ინფორმაცია  დეზინფორმაციისგან, რომელიც მტრის ყველაზე დიდი იარაღია, განსაკუთრებით ისეთი მტრის, როგორიც რუსეთია, რომლის პოლიტიკა სწორედ პროპაგანდისტულ ნარატივებზეა დაფუძნებული, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. რა არის დეზინფორმაცია/პროპაგანდა, რა გავლენას  ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, როგორ შეუძლია ჩვენი არჩევანის, მსოფლმხედველობის შეცვლა, როგორ ფუნქციონირებს ომის პირობებში და როგორ შევამციროთ პროპაგანდის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე, ამ ყველაფერზე Europetime-თან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე საუბრობს:  დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მრავალგზის გვისაუბრია, თუმცა მიმდინარე ომის პირობებში, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა არის დეზინფორმაცია, რა არის პროპაგანდა და როგორ მოქმედებს ის საზოგადოების ცნობიერებაზე?  ინფორმაციული ომი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ფსიქოლოგიური ოპერაციები, ჰიბრიდული ომი - ეს ტერმინები ხშირად იმაზე მეტ გაუგებრობას იწვევს, ვიდრე სიცხადეს. წლებია, ჰიბრიდული საფრთხეების ეპიცენტრში ვცხოვრობთ. უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე... დეზინფორმაციის ფენომენსა და საფრთხეებზე მრავალი წელია საუბრობენ ექსპერტები, ორგანიზაციები... თითქოს, რიგითმა მომხმარებელმაც გაისიგრძეგანა, როგორი მარტივია სოც-ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება - ცოტაოდენი კონტექსტის შეცვლა ფაქტობრივი მონაცემებისთვის, ცოტაოდენი ფოტოშოფი ფოტო მტკიცებულებისთვის, ცოტაოდენი ვიდეო მანიპულაცია და „ახალი რეალობაც“ მზად არის... მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ მეტ-ნაკლებად ყველამ ვისწავლეთ დეზინფორმაციის ამოცნობის მარტივი ხერხები, რატომღა ახდენს დეზინფორმაცია ასეთ გავლენას საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფებზე?  აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პროპაგანდა, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მაგრამ არ იგივდება დეზინფორმაციასთან. პროპაგანდა მესიჯების თანმიმდევრული და განგრძობითი სქემაა, რომელიც მომხმარებელზე ნარკოტიკივით მოქმედებს - პროპაგანდა ცხოვრების სტიმული ხდება და მის „მოსაპოვებლად“ მომხმარებელი არაფერს დაიზარებს... მაგალითად, დღეს, როდესაც ქართული ახალგაზრდული პრორუსული დაჯგუფების საქმიანობას ბლოკავს ზოგიერთი ინტერნეტ აპლიკაცია პუტინის იდეოლოგიის გავრცელების გამო, მისმა მომხრეებმა არ დაიზარეს რუსულ პლატფორმებზე დარეგისტრირება „აკრძალული სიმართლის“ მოსასმენად...  ერთი რუსი სოციოლოგის გამოსვლა მახსენდება საერთაშორისო კონფერენციაზე. პოსტსაბჭოთა რუსეთის მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ანალიზის მცდელობისას, მან სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დაასკვნა, რომ რუს მოქალაქეს, როგორც ყოფილ საბჭოთა მოქალაქეს, არ სჯერა არანაირი ინფორმაციის, ამინდის პროგნოზსაც კი ეჭვის თვალით უყურებს და ეს ფსიქოლოგიური „თავდაცვითი მექანიზმი“ მას აიძულებს არასოდეს დაიჯეროს სიმართლეც, შედეგად კი ისევ სიცრუის მსხვერპლი ხდება... ესეთია პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ხანგრძლივად ცხოვრების ტრაგიკული შედეგები... საბჭოთა წარსულს რომ თავი დავანებოთ, პუტინის რუსეთის პერიოდში პროპაგანდის მანქანა განსაკუთრებით მძლავრად ამუშავდა ყირიმის კამპანიის შემდეგ. კრემლმა პროპაგანდით ომისთვის დიდი რესურსები დახარჯა, რადგან კარგად გააცნობიერა მისი მნიშვნელობა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის. უკვე წლებია მრავალი ქვეყნის მოქალაქეები ამ პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ვცხოვრობთ, რაც რიგითი ადამიანის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება..   ვინ არიან რუსეთის პროპაგანდის ,,ჯარისკაცები,, საქართველოში და რა არის მათი მიზანი?  პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც. საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. ეს მიზანი რამდენიმე ტაკტიკურ ქვე-მიზნად თუ ეტაპად შეიძლება დავყოთ: რუსეთის უძლეველობის მითის შექმნა, აშშ-სა და ევროკავშირის დისკრედიტაცია, უიმედობის დათესვა, კოლაბორაციონიზმის მორალური გამართლება თუ პრაგმატიზმით შენიღბვა, ევროინტეგრაციის ფარსად ქცევა, რეგიონში გეოპოლიტიკური სამკუთხედის (საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი) დისკრედიტაცია და ჩამოშლა, საზოგადოებრივი პოლარიზაცია... თითოეული ამ მიზნის მისაღწევად ასობით და ათასობით მესიჯი მწყობრად მოედინებოდა წლების მანძილზე. პროპაგანდისტული მესიჯები ყოველთვის ერგება დროსა და აუდიტორიას, ანუ არის ცვალებადი, თუმცა ინარჩუნებს თავის ძირითად მახასიათებლებს და ერთობლიობაში ქმნის იდეოლოგიას.  რაც შეეხება საინფორმაციო ომის პროფესიონალ, ანაზღაურებად ჯარისკაცებს, ესენი არიან პოპულისტური დაჯგუფებები და პარტიები თავისი მედია პლატფორმებით. ამგვარი ჯგუფები არ არის მუდმივი - სხვადასხვა ეტაპზე აქტიურდება სხვადასხვა ჯგუფი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად. „მოხალისე ჯარისკაცების“ რიგიც საკმაოდ დიდია და განვლილ წლებში ახასიათებდა მუდმივი ზრდადობა. ჩვენდა დიდად სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მღვდლების გარკვეული ნაწილიც პროპაგანდის გამავრცელებლად იქცნენ ნებსით თუ უნებლიედ, რაც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას.  რა როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ომის პირობებში? როგორია პროპაგანდისტული მედიის დამოკიდებულება დეზინფორმაციის მიმართ?  ომის მიმდინარეობის დროს კიდევ უფრო რთული ხდება სანდო ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, ანალიზი, რაც დიდი გამოწვევევაა მედიისთვის და ომის პერიოდში განსაკუთრებით დიდია ჟურნალისტების პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ, ჟურნალისტების უმეტესობას აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია, შეაჯეროს სხვადასხვა საინფორმაციო ნიუსები, წარმოადგინოს სხვადასხვა არგუმენტაცია თუ მოიძიოს ოფიციალური დოკუმენტები ჭორების თავიდან ასაცილებლად... ჩემი აზრით, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობაზე მეტად, ქართულ ჟურნალისტიკაში პრობლემად რჩება საბჭოთა საგანმანათლებლო მემკვიდრეობა, როდესაც ჟურნალისტს არ აქვს კონკრეტული დარგის ცოდნა (მაგალითად პოლიტიკის, ეკონომიკის...) და პროფესიულ განვითარებად უმეტესად ჟურნალისტური საქმიანობის ტექნიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მიიჩნევა. დამოუკიდებელმა მედიამ უნდა გააცნობიეროს ეს პრობლემა და დასახოს გზები პრობლემის დაძლევისთვის. რაც შეეხება პროპაგანდისტულ მედიებს, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში წლების მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც. ისინი საქართველოშიც ჩამოდიოდნენ და ტრენინგებს ატარებდნენ ადგილობრივი მედიებისთვის. პრობლემა ის არის, რომ მათთვის დეზინფორმაციაა ყველა ის ინფორმაციაა, რასაც არარუსული მედია საშუალებები ავრცელებენ და ჭეშმარიტი ინფორმაცია - მხოლოდ საკუთარი იდეოლოგია.  პროპაგანდისტული მედია ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. იდეოლოგიზირებული მედიისთვის თუ ადამიანისთვის არჩევანი მარტივდება - თუ გჯერა ერთი ნარატივის, არ გაინტერესებს რას წერს სხვა, რეზისტენტული ხდები ყველა სხვა ინფორმაციის მიმართ... დღეს რუსეთის დუმის დეპუტატები და კრემლის ჟურნალისტები სხვადასხვა ასპარეზზე „არგუმენტირებულად“ ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წამება და დახოცვა უკრაინაში უკრაინელებისა და დასავლური მედიის ფაბრიკაციაა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალმხრივი სიმართლე, ანუ დეზინფორმაცია. ამგვარი იდეოლოგიზირებული სიბრმავის გავლენა ქართულ საზოგადოებაშიც შეიმჩნევა - ვისაც სწამს და სჯერა, რომ თავად უკრაინელები არიან დამნაშავე საკუთარ ტრაგედიაში, მისთვის ომის ნიუსებს შესაძლოა ჰქონდეს ემოციური დატვირთვა, მაგრამ მიღებული ინფორმაცია აზრს ვერ შეაცვლევინებს.  რა გავლენას ახდენს მიმდინარე ომი პროპაგანდისტულ მედიაზე და როგორი იქნება მისი მომავალი ომის შემდგომ?  ომის დროს ლეგალური ხდება ის ქმედებები, რაც მშვიდობის დროს მიუღებლად ითვლება - ინფორმაციის შეზღუდვა მოწინააღმდეგის საინფორმაციო არხებიდან და მტრის წინააღმდეგ ინფორმაციული კამპანიის წარმოება. ომის დროს შიდა პლურალიზმიც ყოველთვის ზარალდება. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც წლებია მძლავრი იარაღია და გაცილებით უფრო თანამედროვე და ეფექტური, ვიდრე რუსეთის სამხედრო აღჭურვილობა, რასაკვირველია, ომის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა. ერთის მხრივ, ის უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას შეკითხვის დასმასაც კი, და მეორეს მხრივ, მტრულ ინფორმაციად მიაჩნია არა მხოლოდ უკრაინის მედიის თუ სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ მსოფლიოს ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც კრემლის ვერსიის გავრცელებით არ არის დაკავებული. ეს ახალი საინფორმაციო შტურმი, რომელსაც თან ახლავს რუსეთში მრავალი ინტერნეტ მედიისა თუ ინტერნეტ აპლიკაციების ორმხრივი დაბლოკვა, რუსეთის მოსახლეობას ჩააყენებს სრული იზოლაციისა და ინფორმაციული ვაკუუმის მდგომარეობაში.  რაც შეეხება კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ზეგავლენას სხვა საზოგადოებებზე, მიმდინარე ომის ყოველდღიური საშინელებათა ფონზე პროპაგანდა ბევრ მოხალისე მიმდევარს დაკარგავს. თუმცა, გულუბრყვილო ოპტიმიზმი იქნება იმის თქმა, რომ ეს ეტაპი რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ჩამოშლის წინაპირობაა. ამ მანქანას ბევრი ავტორი ჰყავს და ის აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას ახალი მესიჯებით, ახალი მანიპულაციებით, ახალი თემებით და ახალ სამიზნე ჯგუფებზე თავდასხმით... უფრო რეალური ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ პროპაგანიდისტული კამპანია ისეთივე დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სამხედრო კამპანია. ვფიქრობ, გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება ამ მანქანის კვლავ მძლავრად ამუშავებას გარე სივრცეში და ეს დრო ქართულმა მედიამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ცნობიერების გაჯანსაღებისთვის.

სალომე ზურაბიშვილი სანქციებზე, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევასა და საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-ს ესაუბრა. Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ბევრს სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაში, საქართველოში მტკივნეული მოგონებები გაუღვივა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ არჩია, არ შეუერთდეს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს სანქციებს უწესებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის სანქციები არ შედის მისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიპლომატიური კონფლიქტი უკრაინასთან, რის გამოც კიევმა თავისი ელჩი გაიწვია. Foreign Policy საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უკრაინის ომი თბილისისთვის, NATO-ში გაწევრიანების შეუპოვარი ამბიციებისთვის და ქვეყნის გადაწყვეტილებისთვის, არ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. _როგორი განწყობაა ახლა საქართველოში? როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საქართველოს პოზიციაზე, განსაკუთრებით, უსაფრთხოების მიმართულებით? ქართული საზოგადოება შეშფოთებულია, მაგრამ მტკიცედ დგას, უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას გამოხატავს იმის გამო, რომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს, როცა პირდაპირ საფრთხე ემუქრება შენს სუვერენიტეტს, შენს დამოუკიდებლობას. _ფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის, საქართველო საკმარის მხარდაჭერას იღებს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან? ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველა შეხვედრაზე. ჩვენ ახლახან გვყავდა კონგრესის დელეგაცია ვიზიტით საქართველოში. ვქონდა კონტაქტები და ვიზიტები (კონფლიქტამდე) ევროკავშირის მხრიდან; [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] შარლ მიშელი შარშან სამჯერ იყო საქართველოში. ასე რომ, საქართველოს აქვს მხარდაჭერა და ჩვენ ახლა ამ დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე ვიმყოფებით... ამავდროულად, ვფიქრობ, დროა, საქართველოზე უფრო მკაფიოდ ფიქრობდეს ყველა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომლებიც რუსეთთან ახლოს, „ფრონტის ხაზზე“ ვართ და რომლებსაც არც ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა იცავს და არც, რა თქმა უნდა, NATO-ს უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გვხდის ორივე სცენარში: მოიგებს თუ არა რუსეთი და გახდება უფრო ამბიციური, ან, როგორც ახლა ჩანს, რუსეთი კარგავს ან არ იგებს ისე, როგორც მათ სურთ, და შემდეგ ეძებს კომპენსაციას. მე არ ვამბობ, რომ ეს არის სცენარები, რომლებიც აუცილებლად განვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვიყოთ მოხსენიებულნი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი და აქცენტი უკრაინაზეა და უნდა იყოს უკრაინაზე. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საქართველო რაღაცნაირად დავიწყებულია, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან არასწორი გზავნილის გაგზავნა იყოს მოსკოვისთვის. _საქართველოს გარკვეულწილად, ყველაზე კარგად ემის, თუ რას განიცდიან უკრაინელები ახლა, მაგრამ ამავე დროს, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს, ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვიცი, საიდან მოდის ეს, რადგან საქართველოს მთავრობამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. ეს იყო განკუთვნილი შიდა საზოგადოებისთვის, იმის ასახსნელად, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ეროვნული სანქციების დაწესებას საერთაშორისო სანქციებთან ერთად. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი: SWIFT-ი, ყველა ფინანსური სანქცია. საქართველოს ფინანსური ორგანოები და ბანკები არამხოლოდ იცავენ, არამედ გადაჭარბებულადაც ასრულებენ მოთხოვნებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს. ფაქტობრივად, საქართველოს ინდივიდუალური სანქციების კუთხით ბევრი არაფერი შეუძლია. უკრაინიდან შემოგვქონდა ხორბალი და ასევე რუსული ხორბალი. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებული ამაზე. ახლა გადახდების პრობლემაა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, იმპორტი არ იქნება. არის გარკვეული ვაჭრობა, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთს შორის, მაგრამ ეს ძირითადად ხილზე მოდის, რომელიც არ არის სანქცირებული საქონელი, ასე რომ, მე ვიტყოდი, ეს ნამდვილად არასწორი წარმოდგენაა იმისა, თუ რას აკეთებს საქართველო. _მაგრამ უკრაინელებმა გაიწვიეს თავიანთი ელჩი თბილისიდან. თქვენ ამბობთ, რომ მათ არასწორად გაიგეს საქართველოს პოზიცია? მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური ელფერები, რომლებიც დაკავშირებულია შიდა ქართულ პოლიტიკასთან და ზოგიერთი [ქართული] ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. _რას გულისხმობთ? ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩვენ გვჭირდება, რომ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მჭიდრო იყოს. ყველაფერი, რაც რაიმე სახის განსხვავებას გამოხატავს და ეს არის ის, რაც მე ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რაც რუსეთს აწყობს. ამიტომაც ეს არის ის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, დაახლოებულები სააკაშვილთან, რომელიც უკრაინაში იყო და იქ ჰყავს თავისი მეგობრები და ის [სააკაშვილი] ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას, რისთვისაც, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის შესაფერისი მომენტი. _თქვენ ახსენეთ სააკაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია. ვიცი, რომ ადრეც თქვით, რომ არ განიხილავდით მის შეწყალებას, მაგრამ, პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო? მე შევწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია. როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება, წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს. _შეშფოთებული ხართ თუ არა იმ გზავნილით, რომელსაც სააკაშვილის დაპატიმრება უგზავნის მსოფლიოს? არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. _თუმცა ეს განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი დემოკრატიის სიჯანსაღისთვის. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დევნა ხშირად შემაშფოთებელ ნიშნად აღიქმება. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. არის მრავალი სხვა მაგალითი, ბერლუსკონის ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ დღეს და [რეგიონში], არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია. _გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ბრალს გდებდათ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადამეტებაში. რას ფიქრობთ ამ გამოწვევებზე? არაფერს. _არაფერს? არ ვფიქრობ, რომ ეს არის თემა საერთაშორისო მედიისთვის, რადგან ეს შიდა პოლიტიკური საკითხია. _დიდი ყურადღება მიექცა იმას, რასაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უწოდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია. ვფიქრობ, რომ, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშიც, საქართველოშიც არის პრობლემები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს, მაგალითად, უკიდურესად თავისუფალი მედია. ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემის რეფორმის პრობლემა, რომელიც არ მიიწევს წინ ისე სწრაფად, როგორც მე ვისურვებდი და როგორც ველოდით, მაგრამ ეს არ არის უკანდახევა. ის არ მიდის წინ ისე სწრაფად, როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ახალი გზა ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს უფრო პირდაპირი გზაა და გვაიძულებს, რაღაც უფრო მეტი ენერგიით გავაკეთოთ. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ. ნებისმიერი, ვინც საქართველოში ჩამოდის, საქართველოს არადემოკრატიულ ქვეყნად არ აღიქვამს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ყურადღებას მივიღებთ, მით უფრო მტკიცედ წავიწევთ წინ ამ მიმართულებით.  

ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

Europetime იწყებს ახალ რუბრიკას, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან: რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ET: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის სრული ენერგოემბარგო. როგორ ფიქრობთ რამდენად ერთიანი იქნება ევროპა ამ გადაწყვეტილების მიღებისას? ქვანახშირის ემბარგო არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციებიც დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების $643 მილიარდიდან, [რაც რუსეთმა დიდწილად დააგროვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან], $300 მილიარდზე მეტი ევროკავშირმა გაყინა. ასევე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და კვლავაც გადის ამ ბაზრიდან. რუსეთის ფედერაციიდან სოლიდური კაპიტალი გაედინება. მაგრამ ახლაც, მის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგება. მსოფლიო ფასზეა დამოკიდებული, თუმცა რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად იღებდა $800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე შემოსავალს. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ის  ფორმირება ხდებოდა ნავთობის ექსპორტისა და გაზის გაყიდვის შედეგად. ET: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ გადაეწყო ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე? მაშინ ვერ აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს? ნავთობის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის აღტკინებასა და რუსეთის ამბიციების ზრდას. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $30-ს შეადგენდა და 2008 წელს საქართველში შემოჭრამდე ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე შეადგინა $147.   რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რუსეთმა 2021 წელს განახორციელა თითქმის 170 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამიტომაც, მთავარი დარტყმა რუსეთს ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ. ET: შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40%. ამ ფონზე რამდენად რეალურია „გაზპრომისგან“ სწრაფად თავის დაღწევა? ევროკავშირს რამდენიმე წელი დასჭირდება რუსეთის ბუნებრივი აირისგან სრულად განთავისუფლებისთვის. დაახლოებით 3-დან 5-წლამდე, ამ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებაზე მაქვს საუბარი. შემცირება ახლაც მიმდინარეობს. იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალჟირთან. ეს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნის 20% აკმაყოფილებდა ბუნებრივ აირზე. იტალია ზრდის იმპორტს ამ ქვეყნიდან. მანამდე, რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. გერმანია დაახლოებით 54% პროცენტით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ახლა, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას ყატართან და არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ასევე განიხილება, ევროკავშირის ბაზარზე აშშ-დან განხორციელდეს ფიქლური გაზის ექსპორტი. საუბარია 15 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც არაა საკმარისი, რადგან ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს 500 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ფიქლური გაზის მოპოვება უფრო რთულია და ძვირია, რადგან სიღრმეში მდებარეობს და სიღრმისეული ბურღვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აშშ-სთან ერთად ასევე შესაძლებელია ირანთან მოლაპარაკება, „ბირთვულ შეთანხმებაში“ გამჭვირვალეობის ფონზე, ირანს შეუძლია, განახორციელოს ევროკავშირში გაზის ექსპორტი. ვფიქრობ, ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ET: ევროკავშირი ენერგორესურსების მომწოდებლებს ეძებს. მოსალოდნელია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირება. ამ პროცესში რა როლი აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას? რეალურად, რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ?  აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს როლი... აზერბაიჯანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, აზერბაიჯანმა ეს ნედლეული გაატაროს საქართველოში მოქმედი ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით და შემდგომ, ეს რესურსი თურქეთიდან მიიღოს ევროპამ. საქართველომ კი, გაზის გატარებისთვის მიიღოს დამატებითი სატრანზიტო შემოსავალი. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია აცხადებს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ეს განცხადება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო ადვილია. რუსული ნავთობის ჩანაცვლება შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება გაზსადენებით, რუსეთიდან ევროკავშირში. მაგრამ ნავთობს რაც შეეხება, ტანკერები როცა იტვირთება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, არავინ იცის, წინასწარ რა მიმართულებით გადაადგილდება. ნავთობით მოვაჭრე, შემსყიდველის ბრძანებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივია. საპარსეთის ყურიდან შესაძლებელია ნავთობის მიღება. ერთი ბარელის მოპოვების თვითღირებულება $3 -ია. ყაზახეთი აპირებს, 2 მილიონი ტონა ნავთობი გაატაროს საქართველოს გავლით. დამატებით მიაწოდოს რესურსი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. მანამდე, ისინი რუსეთის ფედერაციის გავლით აწვდიდნენ ევროპას ნავთობს. ვგულისხმობ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ მილსადენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახები ნავთობის გადასაზიდად ეძებენ ალტერნატივას და ასეთი ალტერნატივა საქართველოა. შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და ასევე  ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება „საქართველოს რკინიგზით“ ბათუმის ნავსადგურში და შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გატანა. ET: ნავთობის რესურსი გასაგებია, მაგრამ ალჟირის, ეგვიპტისა და კონგოს გარდა [იტალიამ ამ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება],კიდევ რა ალტერნატიული წყარობია რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად? რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია და ამას წლები დასჭირდება. ეს პროცესი დაჩქარება მაშინ, თუ დასავლეთი დათანხმდება, რომ ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე შესაძლებელია შეთანხმება ჩინეთთან, სადაც სხვადასხვა მონაცემით, არსებობს ფიქლის გაზის მარაგები. სავარაუდო რეზერვია 300 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ ჩინეთი გახდა გაზის მთავარი მიმწოდებელი, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქ მთავარია აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება. თუმცა ჩინეთი გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, რადგან არ უქმნის საფრთხეს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ET: საქართველოს თუ აქვს რესურსი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად? ბოლო სამი წელია „გაზპრომისგან“ საქართველომ უფრო მეტი გაზი იყიდა. დიახ, რუსული გაზი დღეს საქართველოს მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს. საქართველოს შეუძლია, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან და უარი თქვას რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე. ახალა არაა 2006 წელის მსგავსი ვითარება, როცა მხოლოდ რუსულ ბუნებრივ აირზე ვიყავით დამოკიდებული. ET: და ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ახლა? რა დოზითაა ამ ომში ენერგოინტერესები და გეოპოლიტიკა? აქ რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია, გამოვყოთ. ენერგორესურსები არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ფაქტორი. აქ უფრო დიდი ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკას. ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ,  განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოახერებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რუსეთი იქნება ანგარიშგასაწევი ევრაზიული ძალა. თუ რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ის იქნება რიგითი სახელმწიფო. მან ეს ახსნა იმით, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და რუსეთს შორის და მის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზსადენები და ნავთობსადენები, რაც აკავშირებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებს. უკრაინაზე კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების განმტკიცებას. ამ ომის მიზეზების კვლევისას მეორე ფაქტორია ის, რომ უკრაინას მართავს პუტინისთვის მიუღებელი პროდასავლური ხელისუფლება. რუსეთს სურდა კიევის აღება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. უკრაინას დარჩებოდა ნომინალური დამოუკიდებლობა და ის იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რუსეთში ისევ მიაჩნიათ, რომ უკრაინელები მათი მონათესავე ხალხია. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას შესაძლოა, დათმოს სხვა რესპუბლიკები, მაგრამ არა ბელორუსი და უკრაინა. ეს ქვეყნები უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ET: 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანდა, რომ გარკვეულწილად ჰქონდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი... კრემლი მიიჩნევდა, რომ რადგან 2014 წელს დაიკავა ყირიმი, უკრაინაში მოსახლეობა მხარს დაუჭერდა. ამასთან რუსეთს სურდა, რომ ვიდრე ევროპა და ამერიკა განიმტკიცებდა თავის პოზიციებს უკრაინაში, თავად გაეკეთებინა ეს. და კიდევ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ ომში მარიუპოლი. რუსეთს სურს, დაიკავოს აზოვი და შავი ზღვა. რამდენჯერმე დაბომბა ოდესა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ დაამყარა კონტროლი. რუსებს სურთ, რომ მთლიანად გააკონტროლონ აზოვისა და შავი ზღვა და სრულად განიმტკიცონ პოზიციები ამ აკვატორიაში.  

რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში

ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე? Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.  EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი? ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში  რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა. EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება.  ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება. გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა? ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება. ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი

ზურაბ ბატიაშვილი: შესაძლებელია, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მსგავსი ალიანსი შეიქმნას

უკრაინის ომით გამოწვეული  გეოპოლიტიკური პროცესების ცვლილება, ჩვენს რეგიონშიც შეინიშნება. მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციების გაზრდას და გაძლიერებას სახელმწიფოები უკვე აქტიურად ცდილობენ. როგორი შეიძლება, იყოს მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები? რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ არქიტექტურაში და რა სახის ახალი ალიანსები შეიძლება, შეიქმნას? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.  ET: უკრაინის ომში რა მოცემულობა გვაქვს დღეს, არსებული სიტუაცია რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა? - სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ გარკვეულწილად, ჩიხური მდგომარეობა შეიქმნა და არცერთ მხარეს, გადამწყვეტი უპირატესობა არ აქვს. კარგი ის არის, რომ დრო უკრაინის მხარეს მუშაობს, რომელიც დასავლურ შეიარაღებას და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. ეს შეიარაღება დიდი რაოდენობით, უკრაინაში მაისის ბოლოსკენ იქნება.  რაც უკრაინულ მხარეს, კონკრეტულ ადგილებზე კონცენტრირების შესაძლებლობას მისცემს, შემდგომში საარტილერიო დუელების გასამართად. ძალიან მარტივად პროგნოზირებადია, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ერთმანეთს უპირსპირდება მე-20 საუკუნის საბჭოთა ტექნიკა და 21-ე საუკუნის დასავლური ტექნოლოგიური მიღწევები. ძნელი გამოსაცნობი არ არის უპირატესობა,  რომელ მხარეს ექნება. შემდგომში, სწორედ ამ უპირატესობის რეალიზაცია იქნება საჭირო, ანუ, ისევ იმ ტანკებით და იმ ჯავშანმანქანებით შეტევა მოხდება, რომელსაც ასევე დასავლეთი მიაწვდის უკრაინას. რეალურად, სადღაც მომავალი ერთი თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია ასეთი იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ახალი ძალების მოზიდვას შეეცდება. ეს შეიძლება, გააკეთოს მობილიზაციის სახით, ან გამოუცხადებელი ფარული მობილიზაციის სახით, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი „საზარბაზნე ხორცის“ გამოყვანა იქნება და მეტი არაფერი. დასავლურ ტექნოლოგიურ მიღწევებს ვერ გაუჩერდება, მით უმეტეს, ძველი შეიარაღებით და ნაკლებად მოტივირებული ჯარით. უკრაინელებმა რუსეთს კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილები უკვე გაუნადგურეს და ახლა ვისაც გამოიყვანს, ნაკლებად მომზადებული სამხედრო ნაწილებია. რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებად მომზადებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანა მოუწევს. ამიტომ, შეიძლება, ომის მესამე ეტაპიც დაიწყოს. მესამე ეტაპი რუსეთის სამხედრო ნაწილების სასაკლაო იქნება. ET: ამერიკული დაზვერვა გაჭიანურებულ ომზე მიანიშნებს. რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს შეშლილი მეთაურის და სახელმწიფო მანქანის მოქმედებების პროგნოზირება რა თქმა უნდა, რთულია. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ, ამის ნიშნები არ ჩანს. ომი მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ვიდრე ვიღაც რუსეთში  პუტინის წინააღმდეგ არ იტყვის რამეს და არამხოლოდ იტყვის, ქმედებებსაც დაიწყებს.  ET: როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სად არის საქართველოს ადგილი და როგორ უნდა მოიპოვოს ეს ადგილი? ომი ისევ მიმდინარეობს და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჯერ მხოლოდ კონტურებს ვხედავთ, რომელიც ამ ომის შემდეგ შეიქმნება. ძირითადად, ეს იქნება ის, რაზეც უკრაუნული მხარე საუბრობს ხოლმე. ეს არის მცირე ალიანსების საკითხი, როგორიცაა, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომელიც მომავალში, შეიძლება გაიზარდოს. ასევე, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებსაც უკრაინა ითხოვდა და ითხოვს - როდესაც რამდენიმე ძლიერი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტად გამოდის და მასზე თავდასხმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვალდებულებას იღებს, უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში, ყველანაირად დაეხმაროს. ვამბობ ამ არქიტექტურის მონახაზს. ეს ახალი არქიტექტურა რა სახის იქნება, ჯერ არავინ იცის. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობიდან გარიცხავენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ გაერომ საბოლოოდ ამოწურა თავისი თავი.  ახალი ალტერნატიული გაერთიანების შექმნაც განიხილება. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „ერთა ლიგა“ შეიქმნა.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ამ ლიგამ თავის თავი ამოწურა და გაერო შეიქმნა. რუსეთ-უკრაინის ომიც, ამ მასშტაბის  მოვლენაა. უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც სწორედ ამიტომ საუბრობენ და სრულიად შესაძლებელია, ახალი ასეთი ორგანიზაციები შეიქმნას, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ვნახეთ, გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა საკუთარი შესაძლებლობებით ეს უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს. უსაფრთხოების სფეროში შექმნილ გამოწვევებს ვერ უპასუხეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ საგარეო პოლიტიკაში, უფრო  მეტად აქტიური იყოს და არა პასიური. რაც შეიძლება ხშირად გაიტანოს ის თემა, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, ჯერ აფახაზეთის ომით, მერე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით და  სწორედ ამის გაგრძელებაა უკრაინის ომი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად მსოფლიო დღის წესრიგში იყოს. მუდმივად უნდა ვითხოვდეთ დეოკუპაციას და იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩაბმას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ სულ ახლახან დაიწყო მასზე საუბარი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები უნდა ვიყოთ. თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ამ არქიტექტურის კონტურები, შემდგომში ის დაგვანახებს, საქართველომ უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აუცილებლად იქნება, არის ის, რომ საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს, თუნდაც, ტვირთების ტრანსპორტირების საკითხში და ანაკლიას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. ანაკლიის პორტი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩქარდება. შექმნილმა სიტუაციამ ეს შესაძლებლობა მოგვცა და  საქართველოსთვის ძალზედ ბევრი პერსპექტივა შეიძლება, შეიქმნას, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მხოლოდ იდეები კი არ უნდა გამოვთქვათ, არამედ, მთელი სახელმწიფო მანქანა, დიპლომატიური კორპუსი მზად უნდა იყვნენ ამ საკითხების გასატანად და დასაყენებლად. ET: აზიის ქვეყნები, ევროპისკენ სახმელეთო, სარკინიგზო  ტვირთგადაზიდვებისთვის, ძირითადად, რუსეთის სატრანსპორტო დერეფანს იყენებდნენ. ამ ომის შემდეგ, რა იცვლება სატრანსპორტო დერეფნების კუთხით და საქართველომ  ეს პერსპექტივები როგორ უნდა გამოიყენოს? რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განეხორციელებინა და მომავალში რა უნდა განახორციელოს? ეს რეალურად შეცვლილიც არის, ბოლო პერიოდში საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა 28 პროცენტით გაიზარდა,  რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გავლით, აზიური ტვირთების გადამისამართება უკვე ხდება. რუსეთი-ბელორუსის გავლით ტვირთების გადაზიდვა უსაფრთხო აღარ არის. თან უკვე რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციებიც მოქმედებს, ამიტომ, სხვა ალტერნატივა არც რჩებათ. ტვირთების გადამისამართება ჩვენს ქვეყანაზე გავლით ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც უფრო მეტად დაიტვირთა, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად არა, უფრო დიდი  პოტენციალიც აქვს. დღეს თუ შევხედავთ, მსოფლიოში, აშშ-ის გარდა, ორი დიდი ეკონომიკური ბაზარია, რომელიც ვითარდება - ჩინეთი და ევროპა, მათ შორის დამაკავშირებელი უმოკლესი და სწრაფი  გზა კი საქართველოზე გადის. ეს გზა  გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვები. ET: იყო საუბარი იმაზე, რომ თუ ამერიკამ ირანს დაწესებული სანქციები მოუხსნა, შესაძლოა, ირანმა  საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება მოისურვოს. რამდენად რეალურია და ამის დადებითი და ასევე, საფრთხეების შემცველი მხარეები რა შეიძლება იყოს? -ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ირანმა და აშშ-მ მოლაპარაკება შეძლონ. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ძალზედ მძიმედ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, ხელშესახები პროცესი არ არის. ირანს სანქციებს თუ მოუხსნიან, საქართველო ამით მხოლოდ იხეირებს, არამხოლოდ  ტრანსპორტის მიმართულებით,  თუნდაც ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის ექსპორტის მხრივ, ირანს დიდი პოტენციალი აქვს. ET: როდესაც ევროპა რუსული გაზის და ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას ცდილობს, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ამ ფაქტორმაც შეუწყოს ხელი? რამდენად შეიძლება, იქონიოს გავლენა, ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სანქციების მოხსნაზე? ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი ფაქტორი, რომლის გამოც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვალის დახუჭვას შეძლებენ. დასავლეთის მხრიდან სერიოზული ეჭვია, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დროს, ხომ არ ხდება მისი სამხედრო დანიშნულებითაც გამოყენება. დასავლეთს და მის მოკავშირე ისრაელს არ სურს, რეგიონში, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო გაჩნდეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა და ამის ხარჯზე სანქციების შემსუბუქება ვერ მოხდება. ET: უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, თურქეთის პოზიცია რას ცვლის რეგიონში? ომის შემდგომ, ჩვენს რეგიონში თურქეთის როლი როგორი შეიძლება იყოს და საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს? რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით, ორი რამ არის გასათვალისწინებელი. თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც შავ ზღვაზე თავისი ინტერესები აქვს და ასევე, საბჭოთა კავშირის აღდგენაც არ სურს. აქედან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ, უკრაინას მხარს უჭერს და შეიარაღებასაც აწვდის. ეს ერთი განზომილებაა. მეორე განზომილებაა, რომ  თურქეთს ახლა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ამიტომ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა არ სურს. ამასთან, ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულია. ასევე, ტურიზმის სფეროში, რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელი გახდება ომის პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა. ამიტომ, თურქეთი ყოველთვის სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ერთ-ერთი შეხვედრაც თურქეთში გაიმართა. მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩაკეტილი აქვს როგორც დარდანელის, ასევე, ბოსფორის სრუტე, რის გამოც, სირიაში ბაზირებული რუსული სამხედრო ფლოტი, შავი ზღვის გავლით ომში რუსეთის დახმარებას ვერ ახერხებს.   ამ ომის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია რა თქმა უნდა შეიცვლება. ზუსტად არავინ იცის, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველას ახალ რეალობაში მოუწევს არსებობა,  ფიქრი და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, სადაც თურქეთს რა თქმა უნდა, თავისი როლი ექნება. იმისთვის, რომ ამ ახალ არქიტექტრაში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ თურქეთთან ერთად მუშაობა აუცილებლად მოგვიწევს. მეზობელი ქვეყნები ვართ, NATO-ში გაწევრიანება გვსურს, თურქეთი კი NATO-ს წევრი ერთადერთი უშუალო მეზობელ ქვეყანაა. ამიტომ, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება. იმ ახალი  უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც ამ  გეოგრაფიულ გარემოში უნდა არსებობდეს, თურქეთის  და საქართველოს მონაწილეობით, შესაძლებელია ისეთივე ალიანსი შეიქმნას, როგრიც არის ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი. თურქეთთან ერთად ახალ ალიანსში, შეიძლება, იყოს ბრიტანეთიც. ამას უბრალოდ იდეის დონეზე ვამბობ, ან შეიძლება უკვე არსებულ ამ სამი ქვეყნის ალიანსს  მიუერთდეს თურქეთიც და საქართველოც. ET: რაც შეეხება 3+3 ფორმატს. ამ ომის შემდგომ, შესაძლოა თუ არა, ამ ფორმატის იდეაც შეიცვალოს და ახალი მოცემულობა მივიღოთ, რუსეთის გარეშე? 3+3 საქართველოსთვის, ყოვლად მიუღებელი ფორმატი იყო, რადგან რუსული პროექტია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ითვალისწინებდა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ სხვადასხვა ფორმატზე მოლაპარაკება და ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება შეუძლებელია. რაც შეეხებ რუსეთის გარეშე რაიმე ფორმატს. რუსეთის გარეშე, მის გარეშე  ყველა ქვეყანასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობებს რაიმე ფორმატი რომ არ დავარქვათ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პრინციპები. რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს თანამშრომლობა. თუ რომელიმე ქვეყანა, შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაშინ როგორ უნდა მიიღო მასთან თანამშრომლობა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება საუბარი და ასევე შეიძლება საუბარი იმაზეც,  რომ 3+3 ფორმატს, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დაემატონ - ევროკავშირი ან აშშ. თუმცა, აქ პრობლემა არის ის, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანაა და მასთან ამ ეტაპზე ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის წარმოება  შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენი ყოველწლიური ვაჭრობა ირანთან, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 80 მილიონია, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა კი, 2 მილიარდია.  ირანსაც აქვს იმის პოტენციალი რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ამ დონეზე გაიზარდოს. თუმცა ეს ვერ მოხდება, ვიდრე სანქციების ქვეშ არის, სანქციები პოლიტიკურ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. ამ რეგიონული თანამშრომლობის სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ ისევ არ არის დამყარებული. საკითხები და პრობლემები ბევრია. ET: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები რა ეტაპზეა? - ამ წუთას  მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. კარგი ის არის, რომ თუ აქამდე მათი შეხვედრები რუსეთის სპონსორობით ხორციელდებოდა, ახლა ბოლო შეხვედრა, ბრიუსელში, ევროკავშირის ეგიდით შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ, საინტერესო რამ მოხდა. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს, რასაც სომხეთში პრობლემები მოჰყვა. დღესაც გამოსვლებია და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რადგან მის ამ განცხადებას ყარაბაღის ჩაბარებად მიიჩნევენ. სომხეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეებს შორის, ურთიერთობის ნორმალიზაციის  პროცესი დაწყებულია და შედეგებს დაველოდოთ, ვნახოთ. პრობლემები, სირთულეები ბევრია, მაგრამ მეზობლებს ალტერნატივა არ აქვთ. თუ მეზობელთან არ საუბრობ და არ თანამშრომლობ, მაშინ მისი ალტერნატივა ომია. ომი კიდევ არავის გვაწყობს. რეალისტები უნდა ვიყოთ, რეალურად შევხედოთ მოვლენებს. ვფიქრობ მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობაც ყველაზე ლოგიკურ შედეგამდე მივლენ. ET: ევროკავშირის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანის ეს განცხადება ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ახლა სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და სომხეთი, კონკრეტულად კი ფაშინიანი, ამით სარგებლოს? რა შეიძლება, შეცვალოს ამ გარემოებამ? რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ფაშინიანის ოპოზიცია რამდენად შეძლებს მოლაპარაკების ამ პროცესის შეფერხებას? რუსეთს სომხეთისთვის ახლა ნაკლებად სცალია, მაგრამ სომხეთში მაინც არიან პორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ და ფაშინიანის წინააღმდეგ, საპროტესტო პროცესი მაინც დაწყებულია. თუმცა მეორე მხრივ, ყველა უყურებს და აკვირდება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მათ შორის რუსეთის ახლო სამეზობლოდ მიჩნეული ტერიტორიებზე შემდგომი კონფიგურაცია. ისევე როგორც ამ ომის შემდეგ სრულიად ახალი მსოფლიო გვექნება. ET: მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაზრდელად რა უნდა გაკეთებულიყო აქამდე და რა უნდა გაკეთდეს მომავალში? რა შესაძლებლობები დავკარგეთ და რა პერსპექტივების გამოყენება შეგვიძლია ჯერ კიდევ? ბევრი რაღაცისთვის მზად არ ვიყავით, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. კონკრეტულად, აზიიდან წამოსული ტვირთების ტრანსპორტირებას რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენს მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს და ამ დროს, უკვე რამდენი წელია, საქართველოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გზა ვერ გავაკეთეთ. 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ იმაზე, რომ სატრანსპორტო ფუნქცია უნდა გვქონდეს და ქვეყნის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლომდე შესაბამისი გზა ჯერ კიდევ არ გვაქვს.  

ევროკომისიის დასკვნა მხოლოდ ჩვენი მისამართით შეფასება არ იქნება. ეს გარკვეულწილად იქნება ევროპელების პასუხი ევროპის მომავალზე - ინტერვიუ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან

რუსეთ-უკრაინის ომზე, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საქართველოს როლსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან.   ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი თვე გავიდა. ომის დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, უფრო მეტიც, დასავლეთის სახელმწიფოები ამბობენ, რომ შესაძლებელია, მისი დასრულება  დროში გაიწელოს კიდეც. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება, გასტანოს ამ ომმა და ლენდ-ლიზის აქტი რა როლს ითამაშებს მის დასრულებაში? რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან ბევრი დასკვნის და არაერთი გაკვეთილის საშუალებას უკვე იძლევა არამარტო სამხედრო ჭრილში, არამედ პოლიტიკურ თვალსაზრისით. თავდაპირველად, მოლოდინი იყო, რომ ამ ომს მალე მოეძებნებოდა დასრულების გასაღები, თუმცა ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ომმა შესაძლოა, ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს. სამხედრო ასპექტები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განაპირობებს, მაგრამ მოდით, ცოტა ხნით გადავდოთ სამხედრო ასპექტი, რომელიც არ არის უმნიშვნელო და უფრო პოლიტიკურ თემაზე გადავიდეთ, რაზეც ჩვენს სივრცეში ნაკლებად მიმდინარეობს საუბარი. პირადად ჩემთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ორი პირობითი იდეოლოგიის დაპირისპირების კიდევ ერთი ტესტია. ერთი არის იდეალიზმი, მეორე - რეალიზმი.   ყველას გვახსოვს ცივი ომის პერიოდი, როდესაც კეთილი ებრძოდა ბოროტს და გასაგებია, ვის უკავშირდებოდა სიკეთე და ვის - ბოროტება. იგივე, სიკეთის მხარეს, როგორც წარსული გვიჩვენებს, არაერთი ბუნდოვანი და ბნელი ფურცელია ისტორიულად. ცივი ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით აჭრელდა სურათი ამ მხრივ და მე ვფიქრობ, რომ დღეს მკვეთრი გამყოფი ხაზი ამ ორ მცნებას შორის არ არსებობს. რა თქმა უნდა, არავინ დაობს, რომ რუსეთი აგრესორია, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და წესრიგს, მაგრამ მე მინდა, პრობლემას მედლის მეორე მხრიდან შევხედოთ და ვთქვათ ისიც, რამდენად საკმარისი გაკეთდა და შეიძლებოდა თუ არა რაიმე გაკეთებულიყო, რომ ევროპას ეს ომი თავიდან აერიდებინა და რამდენად საკმარისად იღწვის ახლა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რაც შეეხება პირველ ნაწილს, აქ შეიძლება, რამდენიმე ელემენტს შევეხოთ. შესაძლებელი იყო თუ არა კომპრომისების მოძებნა? ალბათ, გარკვეულწილად, კომპრომისები შესაძლოა, გასულიყო „მინსკი ორის“ შეთანხმებაზე, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც „მინსკი ერთი“, ასევე, „მინსკი ორი“ საკმაოდ გაუმართავი დოკუმენტებია და ვისაც ეს დოკუმენტები წაუკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ შემხვედრი ვალდებულებების თვალსაზრისით, მხარეები ძალიან საორჭოფო სიტუაციაში მოექცნენ. ტექსტი განსაკუთრებით „მინსკი ორისა“, მისი არაერთაზროვნად წაკითხვის საშუალებას იძლევა. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმულაზე, ეს ფორმულა ორ ძირითად ელემენტზე გადის - ერთი - უკრაინის მხრიდან უარის თქმა NATO-ს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და მეორე - ტერიტორიული საკითხი. პარადოქსი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც საკუთრივ ომის დაწყებამდე უკვე იდგა დღის წესრიგში. როგორი ვითარება მივიღეთ ახლა? პრაქტიკულად, დიპლომატია დუმს, მუშაობენ ქვემეხები, იღვრება სისხლი, ინგრევა ქალაქები და თურმე, პოლიტიკური მოლაპარაკებების თემა შეიძლება, კონცეტრირდეს იმ ორ საკითხზე, რომლებიც თავდაპირველად იდგა დღის წესრიგში. ეს არის საკუთრივ პროცესის ტრაგედიაც და ადამიანების ტრაგედიაც. მით უმეტეს, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.  ეს საკითხი დღეს არის გამოკიდებულ ვითარებაში. პოლიტიკური პროცესი, დიპლომატიური მოლაპარაკება პრაქტიკულად შეჩერებულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ომის ტრანსფორმაციაზე, დღეს პრაქტიკულად, 100% ყურადღებისა, რესურსებისა, ძალისხმევისა, სწორედ სამხედრო ასპექტზე არის გადატანილი. დიპლომატია დუმს, პოლიტიკური დინამიკა თაროზე არის შემოდებული. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, აქ ალბათ მხარეთა შორის გაცილებით უფრო დიდი მანძილია შეთანხმების მისაღწევად. საკითხი გადის ორ გეოგრაფიაზე - ერთი არის დონბასი და მეორე - ყირიმი. აქაც იყო სხვათა შორის, სხვადასხვა ფორმა გადაწყვეტისა, მაგალითად, დონბასში საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებდა დონბასის სრული მოსახლეობა; ვგულისხმობ, მათ, ვინც ახლა იმყოფებიან დონბასის ტერიტორიაზე და ასევე - რომლებმაც დატოვეს საომარი მოქმედებების პირობებში. მოგეხსენებათ, ასეთი სტატუს კვოს აღდგენას პირდაპირი და ობიექტური გავლენა შეიძლება, ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგზე. მეორე - ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც თითქოსდა მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ყირიმის საკითხზე გარკვეულწილად, მორატორიუმი იქნებოდა გამოცხადებული, კერძოდ, 15-წლიან პერიოდზე იყო საუბარი. ესეც იმიტომ, რომ ტერიტორიული საკითხი არ ყოფილიყო დაბრკოლება სხვა საკითხების გადასაწყვეტად. ამდენად, ვამბობ ხშირად, რომ პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ  როდესაც საუბარია პოლიტიკურ დღის წესრიგზე, თითქოსდა, ჩვენ ყველანი წრეზე ვტრიალებთ. ამოვდივართ ერთი საწყისიდან და იმავე საწყისს ვუბრუნდებით, მაგრამ ამ დაბრუნების პროცესში, დაბრუნების საფასური არის სწორედ ის ტრაგედია, რომელიც ჩვენ თვალწინ ტრიალდება და ის უბედურება, რომელიც ადამიანების მხრებზე გადადის. მართალია, ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, მაგრამ ეს არის გაცილებით უფრო დიდი კონფლიქტი და სამხედრო დაპისპირება. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ურთიერთობებში არის ტერმინი „proxy war“ - არაპირდაპირი ომი. პრაქტიკულად, დღეს დასავლეთი ჩართულია ამ ომში არაპირდაპირი გზით, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამხედროები უშუალოდ, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ყველა სხვა ელემენტი, დაწყებული სადაზვერვოთი და დამთავრებული სამხედრო აღჭურვილობით, ამოქმედებულია. აქედან გამომდინარე, ამ ომს გაცილებით მეტი დატვირთვა ეძლევა. დაპირისპირების ხსენებული ფორმატის გათვალისწინებით საკითხავია, თუ როგორ შეიძლება დასავლეთის მხრიდან მისი იმგვარი მართვა, რომ აგრესორსაც ეფექტიანად დაპირისპირდე, და თანაც არ გასცდე ისეთ ზღვარს, რომლის შედეგად პროცესი გავა კონტროლიდან და შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ეს მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, სწორედ იმ წითელი ხაზის აღნიშვნაა, რომლის იქეთაც გადასვლა გამოუსწორებელი შედეგების მომასწავებელი იქნება. ამ შეკითხვას იმით დავასრულებ, რომ ვაცნობიერებთ შეკითხვების სიმრავლეს, სადაც ყველა შეკითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. ასეთ ვითარებაში მწყობრი რეცეპტის შეთავაზებაც ძალინ რთულია, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ფენომენთან გვაქვს შეხება რუსეთის ფედერაციის სახით. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სამხედრო პოტენციალისა და მსოფლიო ეკონომიკასთან შეზრდის ხარისხის მქონე ქვეყანა. ისიც ფაქტია და ცხადზე ცხადი, რომ არც ცივი ომის პერიოდში და არც მისი დასრულების შემდეგ, ამგვარი ხასიათის კრიზისი, ამგვარი ხასიათის დილემა დასავლური სამყაროს წინაშე რეალურად არ მდგარა. ამდენად, გამოწვევაც სწორედ ისაა, თუ როგორ შეიძლება, დასავლეთმა მოაგვაროს პრობლემა ისე, რომ პირველი: საკუთარი მოსახლეობა - არ დააზიანოს ამ გლობალურ ეკონომიკურ ომში და მეორე - ეს სამხედრო მოქმედებები არ გადაიზარდოს ისეთი მასშტაბის კონფლიქტში, საიდანაც უკვე დამარცხებულსა და გამარჯვებულზე საუბარი ზედმეტი იქნება, რადგან აპრიორი ყველა დამარცხებული იქნება. ET: უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტი მაისში 63%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა სასურსათო კრიზისი ბევრ ქვეყენას, რომელიც ამ ექსპორტზე იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება, დასავლეთმა რაიმე კომპრომისი დაუშვას სანქციებთან დაკავშირებით?   როდესაც ქართულ სივრცეში ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, ხშირად მრჩება წარმოდგენა, რომ სიტყვა სანქციების იქით არც გვინდა გავიხედოთ. არადა, სანქცია არის ერთგვარი მეცნიერება და სასანქციო პოლიტიკის გატარებას აქვს თავისი პრინციპები და საფუძვლები. მაგალითად, ერთ-ერთი პრინციპია, როდესაც იწყებ სანქციების განხორციელებას, შენ სწორედ უნდა გქონდეს გააზრებული, რა არის შენი მიზანი, როგორ უნდა მართო წნეხი, გაზომო სანქციების წარმატებულობა, ისევე როგორც, დასაწყისშივე წარმოდგენა უნდა გქონდეს, თუ რა პირობების, რა ეტაპზე დადგომის შემთხვევაში უნდა დაიწყო სანქციების ჩახსნა. საქნციების პროცესი რამდენიმე ფაზისგან შედგება. ხოლო, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასანქციო პოლიტიკის წარმატების ალბათობაზე, ეს პროცესი შენ თავიდან ბოლომდე -  როგორც ათვლის წერტილიდან, ისე მისი დაბოლოებით უნდა გქონდეს გააზრებული. სწორედ ეს სირთულე განაპირობებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა სახის სანქციას, როგორც სტატისტიკა ამბობს, მხოლოდ 30-დან 35%-მდე სასანქციო ღონისძიებებს ჰქონია ესა თუ ის წარმატება. ვიმეორებ, ეს რთული მეცნიერებაა, სადაც შედეგის სიზუსტე ყოველთვის გარანტირებული როდია. მით უმეტეს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსული ეკონომიკა, მისი ენერგეტიკის სექტორი, ისეთ სინერგიაში მოექცა დასავლურ ენერგოსექტორთან. ამდენად, ეს ორი ეკონომიკური-ენერგეტიკული ბლოკი მაღალი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებითა და ურთიერთკავშირებით გამოირჩევა. როგორ გინდა შენ, ისე ფილიგრამულად ჩახსნა ერთი, რომ მეორემ არსებით ზიანი აირიდოს? თანაც ისე, რომ სანქციებმაც დასახულ მიზნებს მიაღწიოს? აღსანიშნია, რომ დასავლურ მედიაში, საექსპერტო წრეებში ხშირია საუბარი, რომ ხომ არ არის დრო, რუსეთს მიეწოდოს გზავნილი, თუ რა შემთხვევაში მოხდება სანქციებში დეესკალაცია, რა პირობების დაკმაყოფილებისას. აქ, დაახლოებით, მათრახისა და კვერის პრინციპის მსგავსი მიდგომაა... ამდენად, სანქციას არამარტო დასჯის ეფექტი უნდა ჰქონდეს, არამედ, გამოსწორების, წესრიგის დამრღვევის „რესოციალიზაციის“: როდესაც სჯი, უნდა მისცე ძალიან მკაფიო გზავნილი, თუ რა შემთხვევაში შემსუბუქდება ან ჩაიხსნება სასჯელი. სხვაგვარად, თუ სანქციას მხოლოდ უპირობოდ დასჯითი ფუნქცია ექნება და მხოლოდ ამ დატვირთვას აძლევ, მაშინ წარუმატებლობის სტატისტიკას რომელზეც ვსაუბრობდი, შეიძლება, ახალი შემთხვევები დაემატოს. დღეს ბევრი მსჯელობაა, თუ რა ვითარებაშია რუსული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, რუსულმა ეკონომიკამ განიცადა ძალიან დიდი დარტყმა. აქვე იმასაც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, სასანქციო პოლიტიკამ მყისიერი ეფექტი არ იქონია: ომი გრძელდება, ხოლო რუსული სამხედრო მანქანა იკვებება ფინანსური რესურსებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის მეექვსე სასანქციო პაკეტზე უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება იყო ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, რამაც წევრ სახელმფწიფოებს შორის კომპრომისი გარდაუვალი გახადა. აღარაფერს ვამბობთ ბუნებრივ აირზე, ეს უკვე შემდეგი გაცილებით რთული ეტაპი იქნება. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს  ისიც, რომ დასავლეთი ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, მაგრამ ეს რომ ვერ იქნება ერთი და ორი დღის ამოცანა, ფაქტია. ფაქტია, აუდიტორიის დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქციების ამოქმედებისთანავე ომი თუ არ დასრულდებოდა, სამხედრო მოქმედების ხასიათი მკვეთრად შეიცვლებოდა. არადა, ეს იმდენად დელიკატური და რთული თემაა, აქ არც სტერეოტიპული შეძახილი კმარა და არც სადღეგრძელოების დონეზე მისი დაყვანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. ერთი არის იდეალიზმი, ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, მაგრამ მეორეა პრაქტიკული შედეგი. თუ ჩვენ გვინდა, დასრულდეს ის, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, ამისკენ გზა მიდის ძალიან პრაქტიკულ, არაპოპულარულ და ხშირად მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე. EU: ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატი ქვეყნის  სტატუსობამდე - რა მოლოდინები არსებობს? მოგეხსენებათ, სამმა ქვეყანამ შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია დასაბუთებულად, რომ როდესაც ჩვენ შევადარებთ რეფორმირების პროგრესს ამ სამივე ქვეყანაში, საქართველო არის აშკარად დაწინაურებული. ამდენად, თუ ჩვენ გამოვალთ ობიექტური შეფასებებიდან, ჩვენი მოლოდინიც  აბსოლუტურად სამართლიანია. სხვა საკითხია, უკრაინის ომმა რა ცვლილება შეიძლება, შეიტანოს სურათში - ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ ითქვა, და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ არ შეიძლება, ომი იქცეს ერთგვარ, ვთქვათ, საშვად ამა თუ იმ სტატუსის მოსაპოვებლად თუ ამა თუ იმ პოლიტიკურ კლუბში გასაწევრიანებლად. ალბათ, საკითხის ასე დაყენება დაუშვებელია და ამორალურიც. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საკუთრივ უკრაინა, მისი შიდა პოლიტიკური სისტემა თუ რა ხარვეზებით გამოირჩეოდა და იმასაც, თუ როგორ „დააწინაურა“ ქვეყანა ომმა (ვაცნობიერებ, რომ ეს სიტყვა ბოლომდე შესატყვისი არ იყოს, მაგრამ...პროცედურულად დააწინაურა) მე ვთვლი, რომ ეს ის უპირატესობაა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, „უპირატესობად“ ვერ მივიჩნევთ. და თუ ამაზე ვთანხმდებით არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, მაშინ საქართველოს მოლოდინი არის აბსოლუტურად სწორი და ობიექტური. სხვა საკითხია კიდევ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მოლოდინი პასუხისა - „კი ან არა“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პასუხი შეიძლება, იყოს შუალედური, ასე მაგალითად, შეიძლება, ევროკომისიამ თავის დასკვნაში მოგვანიჭოს - „პირობადებული კი“. ეს ნიშნავს იმას, რომ მზაობასთან, პოზიტიურ პასუხთან ერთად იყოს გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული საგზაო რუკა, რომლის შესრულების შემთხვევაში ეს „კი“ ჩვენ უფრო განგვიმტკიცდება. ასევე, კიდევ ერთი გარემოება მოგეხსენებათ, არის ის, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. EU: საზოგადოებაში შექმნილია მუდმივი მოლოდინი ,,კი და არა’’-სი  ზოგადად, თუნდაც, იგივე NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ახალისებს ეს პრორუსულ ნარატივებს? საერთოდ, ერთი რამაა ხელშემშლელი ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში... უნდა აბსოლუტური კატეგორიებით მსჯელობა. არადა ნათქვამია, რომ სიმართლე სადღაც შუაშია. ამიტომ, ურთიერთობებში მხოლოდ ორი ფერის - შავი და თეთრის არსებობაზე, დროა, უარი ვთქვათ. ამ ორს შორის უამრავი შუალედური ფერის არსებობა კომპრომისებით საუბარს გვასწავლის, ინტერესების თანხვედრაში დაგვეხმარება, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ინტერესებისა და მოლოდინების დანახვაში.  გავითვალისწინოთ, რომ თვით ევროკავშირიც საკმაოდ რთული ბიუროკრატიული სტრუქტურაა, სადაც მხოლოდ ზეეროვნული ინსტიტუტების დონეზე არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ, კავშირის ყველა წევრ ქვეყანას თავისი დამოკიდებულება აქვს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. ამ კუთხით არსებობენ უფრო „ღია და მეგობრული“ ქვეყნები, მაგრამ არიან „ჩაკეტილი“ ქვეყნებიც. შედეგად, უამრავი დინება და ტენდენციაც. ამდენად, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს, მხოლოდ ჩვენ ვაბარებთ ამ გამოცდას. ფიგურალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთრივ ევროკავშირიც აბარებს გამოცდას საკუთარი თავის წინაშე, - რამდენად ღიაა ის გაფართოვებასთან მიმართებით, რამდენად მოქნილი, მტკიცე, კეთილმოსურნე და კეთილხმოვანი. მეტიც, პასუხი, რასაც ჩვენ ველით, აგრეთვე იქნება ევროპელების პასუხი საკუთარ მომავალზეც. როდესაც ვსაუბრობთ გაფართოების საკითხზე, უნდა  გავითვალისწინოთ ისიც -  და ევროპელებსაც შევახსენოთ, - რომ რა თქმა უნდა, იდეალები კარგია, მაგრამ მისაღები გადაწყვეტილებები დროსთან და პრაქტიკულ ინტერესებთან თანხვედრაში უნდა იყოს. თუ მათ უნდათ, რომ ეს სივრცე, რასაც საქართველო ჰქვია, არ გავიდეს მათი ყურადღების არეალიდან და პროცესები შეუქცევადი არ გახდეს საზოგადოებრივი განწყობების კუთხით, რა თქმა უნდა, მათგან გაბედული და შემხვედრი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ძალიან კოლეგიალური და მეგობრული შეხსენებაა ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართ: მეტად მკაცრი კრიტერიუმებით ნურც საკუთარ თავს განსჯიან და ნურც ჩვენ შეგვაფასებენ. დაე, იმსჯელონ დროისა და შექმნილი რეალობის შესაბამისად, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების ადეკვატურად. მე მგონი, ახლა იმდენად იდეალიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დრო არ არის, რამდენადაც - რაციონალური და პრაქტიკული შედეგზე მორგებული გადაწყვეტილებებისა. ET: 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით,  რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს? მოლოდინები ფრთხილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდის სამიტი ივნისში იმართება და არანაირი მინიშნება არ არის იმის, რომ რაღაც ფუნდამენტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ NATO-მ მოახდინოს ღია კარის პოლიტიკის დეკლარირება და ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ევროატლანტიკური კურსის. თუმცა აუცილებლად აღსანიშნია, რომ მე პირადად, წინა სამიტთან დაკავშირებით, მაქვს გარკვეული უკმაყოფილება, როდესაც NATO-მ გააკეთა ჩანაწერი, რომ საქართველო გაწევრიანდება NATO-ში მხოლოდ ინდივიდუალური წევრობის გეგმის რეალიზების პირობით (ე.წ. MAP). მიმაჩნია, რომ ეს არ არის ადეკვატური ჩანაწერი და ავხსნი რატომ. ხსენებული გეგმით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც 1999 წელს ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა,  ახლა აბსოლუტურად ამოვარდნილია მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ჩანაწერი წარმოადგენს ზედმეტ და არაპრაქტიკულ პროცედურულ დატვირთვას.  ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდეც, რომ ჩვენზე ამ პირობის დაწესება მოსაცდელ ოთახში გაურკვეველი ვადით ჩარჩენის მცდელობის გამართლებას მაგონებს. მეტიც, ინდივიდუალური წევრობის პროგრამა, თავისი კრიტერიუმებითა და საზომით, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი და ზოგადია. სხვა საკითხებთან ერთად, აქ საუბარია პოლიტიკურ რეფორმირებასა და სამხედრო საკითხებში რეფორმაზე. სამხედრო მდგენელს რაც შეეხება, სხვადასხვა პროგრამის გამოისობით, - და ჩვენი NATO-ელი კოლეგებიც ამასვე აღნიშნავენ - პრაქტიკულად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ძალიან მაღალი დონის თავსებადობაა და ამ მხრივ, წესით, პრობლემა არ ასებობს. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს რაც ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეეებს მხოლოდ ჩვენ არ განვიცდით; ამ მხრივ და ამ დროში მნიშვნელოვან გამოწვევებს განვითარებული დემოკრატიებიც განიცდიან. არაერთი ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, სადაც პროცესმა არასასურველი მიმართულება შეიძინა. ამიტომ, ვთვლი, რომ ასეთი, სტატუსებში მექანიკური დაყოფა - აი, შენ მუდმივად ჩემი მასწავლებელი იქნები, მე კიდევ შენი მოსწავლე, გვაცლის ორივე პარტნიორულ მხარეს საშუალებას, რომ ერთმანეთისკენ მიმავალი პრაგმატული გზები ვეძებოთ. ამიტომაც, განვმეორდები, რომ ამა თუ იმ საკითხის გაიდეალიზება, ჭრელად გაფერადების მცდელობა, მის აბსურდიზმის ხარისხში აყვანა, რეალურად ხელს შეგვიშლის საქართველოს და მის პარტნიორებს, რომ პრაქტიკული შინაარსისა და დროზე მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით ახლა არის ყველაზე გაბედული და პირდაპირი გადაწყვეტილებების მიღების დრო. თუმცა ვაღიაროთ, რომ თანაბრად შესაძლოა, უკრაინის ომმა NATO-ს გაფართოების კუთხით შეიძლება, ფაქტობრივი წითელი ხაზი გაავლოს. დასაშვებია ისიც, რომ ეს წითელი ხაზი არ აისახოს არცერთ სამართლებრივ-პოლიტიკურ დოკუმენტში, მაგრამ რეალურად გაფართოებაზე დაუწერელ მორატორიუმად იქცეს. დღეს საკმაოდ რთულია, დამაჯერებლად ვისაუბროთ, თუ როგორი იქნება უკრაინაში ომის გადაწყვეტის პოლიტიკური ფორმულა. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ამ პოლიტიკური ფორმულის ერთ-ერთ პრინციპად ე.წ. უკრაინული ნეიტრალიტეტი იქცა, ეს საკითხი დიდი ალბათობით, ჩვენც შემოგვიბრუნდება დღის წესრიგში. შეიძლება, არც შემოგვიბრუნდეს, მაგრამ მაღალი ალბათობაა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. „ბუფერულ“ სახელმწიფოებზე (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), რომლებიც გეოპოლიტიკურად, ასე ვქვათ, მაინც გამოკიდებულ ვითარებაში არიან, უკრაინულ ფორმულას, უკრაინულ გადაწყვეტას კრიზისისა, დიდი ალბათობით, პირდაპირი შემხებლობა ექნება ჩვენს საკითხთან. თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსში, დღეს არ არის მიზანშეწონილი და გონივრული, ან რომ ეს ხელს უშლის ევროპაში ახალი წესრიგის დამყარებას, მაშინ, ასეთ მიდგომას სავარაუდოდ, ჩვენზე ექნება გავლენა. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: როგორ უყურებთ აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის ფართო რეგიონის მიმართ ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესაძლებლობას? რაც შეეხება შავ ზღვასთან დაკავშირებით ერთიან კონცეპტუალურ დოკუმენტს, დიახ, ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი აშშ სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ასეთ დოკუმენტს შეიმუშავებს. თუმცა, აქვე ასეთი კითხვა: რატომ ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან ჩვენივე ხედვა წარვუდგინოთ? ზოგიერთისთვის, შესაძლოა, რიტორიკული კითხვა არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ოფიციალურმა თბილისმა მოახდინოს საკითხზე მსჯელობის დაინიცირება? მეტიც, შესაძლოა, რომ საქართველოსთან ერთად თანაინიციატორებად რუმინეთი და ბულგარეთი გამოვიდნენ. საინტერესო იქნება უკრაინის ხედვაც, ხოლო ათმაგად მნიშველოვანი თურქეთის პოზიცია.... ET: რა როლი აქვს თურქეთს რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრაში, მით უფრო, რომ ის ჩვენს სახმელეთო სამეზობლოში NATO-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა? თურქულ საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა ასეთი პრინციპი, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც მის საუკეთესო ინტერსებშია. ამიტომაც, თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული წევრი მისი NATO-ელი პარტნიორებისათვის. თურქეთს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეჭირა და გამორჩეულად განსაკუთრებული ამ დროშიც აქვს. აი ახლაც, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით თურქეთის პოლიტიკა „მრავალპოლუსიანია“. მას არ ერიდება თქვას, რომ თურქული ინტერესი, თურქული დღის წესრიგი მისთვის უფრო მნოშვნელოვანია, ვიდრე საერთო დღის წესრიგი. სხვათა შორის, მკაფიო ხაზის არსასებობა არამარტო თურქეთს ახასიათებს; ჩვენ, რამდენიმე სხვა ქვეყანაც შეგვიძლია, დავასახელოთ, რომელთა მხრიდან უკრაინაში ომისადმი გაცილებით ცალსახა მიდგომის მოლოდინში ვიყავით. თურქეთს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ქართული გადმოსახედიდან მერამდენედ აუცილებლად უნდა ითქვას: თურქეთი არის ჩვენი არათუ მეზობელი, არამედ, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა და სხვათა შორის, როდესაც NATO-ში ჩვენს, წევრობაზე ვსაუბრობთ, თურქეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც დაუფარავად, ხმამაღლა გვიჭერს მხარს. ამდენად, ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასია და დიდი შავი ზღვის რეგიონია, რა თქმა უნდა, თურქეთთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ის, თუ როგორია თურქეთის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიისა და დიდი შავ ზღვის რეგიონისადმი, განსამზღვრელია და ხშირად, გადამწყვეტიც. შავ ზღვას ის მიიჩნევს, როგორც საკუთარი ეროვნული ინტერესების საციცოცხლო არეალს, სწორედ ამას უკავშირდება ცნობილი მონტრეს კონვენცია, რომლითაც თურქეთი ფაქტობრივად აკონტროლებს შესასვლელებს შავ ზღვაში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, თურქეთი არ შეელევა ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ ბერკეტს, არ შეასუსტებს მასზე მოჭიდებას. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთსა და თურქეთს შორის ახლად აღმოცენებულ პარტნიორობას. თუმცა ეს პარტნიორობა, უფრო ტაქტიკური, ვიდრე სტრატეგიული ხასიათისაა. ეს არცაა გასაკვირი, რამეთუ, ზოგადად, რუსულ-თურქული ურთიერთობების ისტორიულად რთულია და აღმავლობისა და დაღმავლობის ეტაპების მონაცვლეობით ხასიათდება. ახლა თითქოსდა აღმავლობის ეტაპია. მაგრამ ესეც შედარებითია, ვინაიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორი ლიდერის თითქოსდა კეთილმოსურნე შეხვედრების უკან რეალურად ერთმანეთისადმი უნდობლობა არის. მიჭირს იმის წარმოდგენაც, თუ რამდენად სტაბილური იქნება თურქულ-რუსული პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კომპლექსური რეგიონული კონტექსტის პირობებში. სიტყვა „რეგიონული“ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ უკავშირდება, არამედ, აქ თანაბრად მოიაზრება ცენტრალური აზია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი - ყველა ის არეალი, სადაც ამ ორი ქვეყნის ინტერესი საკმაოდ უხერხულად იკვეთება. ET: საქართველოს ისტორიული როლი, იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ვგულისხმობ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც. გაზრდილია ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოს გავლით.  რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ უფრო მეტად პოზიციონირდეს ამ კუთხით და უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობებიც? ჩვენ რა თქმა უნდა, თავს მივიჩნევთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, მაგრამ აუცილებლად, ეკონომიკურად მიმღებლობა უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ აღმოსავლეთის მისამართით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მცირე სახელმწიფოს როლზეა საუბარი ახალ მსოფლიო წესრიგში. ეს როლი უნდა უკავშირდებოდეს არა რუკაზე მის ნომინალურ არსებობას განსხვავებულ ფერში, არამედ ფუნქციურ სარგებლიანობას. საკითხი მინდა, ორიოდე სიტყვით განვავითარო იმიტომ, რომ იგივე გასული საუკუნის 90-იანებში, როდესაც ბაქო-ჯეიჰანს, ბაქო-სუფსას და ბაქო-ერზერუმს ჩაეყარა საფუძველი, ეს არ იყო მხოლოდ მილსადენების მშენებლობა და ენერგორესურსების გატარების დაგეგმარება. ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან გამჭრიახი ნაბიჯები, რომ ქვეყანას სხვების თვალში ეს ფუნქციონალური საჭიროება და სარგებლიანობა შეეძინა. მაგრამ მსოფლიო იცვლება, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობები განიცდის ძალიან სწრაფ ტრანსფორმაციას, ამიტომ, ჩვენ ასეთი ფუნქციონალური სარგებლიანობის, მისი მუდმივ განახლების ძიებაში უნდა ვიყოთ.  უკვე მოძველდა რიტორიკა ბაქო-ჯეიჰანზე, მოძველდა რიტორიკა ბაქო-ერზერუმზე. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ამიტომ, ვთქვი, რომ ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. ამიტომ, გავიაზროთ უნდა, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, გარკვეული სახელმწიფოთა ან პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, ან სამხედრო ალიანსის წევრობა არ კმარა, თუ შენ არ ხარ თვითმყოფადი და თვითკმარი. საჭირო სინჯის თვითმყოფადობა და თვითკმარობა კი საერთო საქმესა და ინტერესეში შენს ეროვნულ კონტრიბუაციაზე  - ინტელექტუალური, ეკონომიკური თუ სხვა -  არის დამოკიდებულია. სხვაგვარად, დღევანდელი სამყარო იმგვარად ეგოისტურია, რომ ვერც ვერავის დავავალებთ და ვერც ვერავინ დაივალებს ჩვენს მიმართ სამისდღეშიო გეოპოლიტიკური ძიძის როლს. დღეს უკვე დიდი ქვეყნებიც კი დაუფარავად ამჟღავნებენ მიდგომებში მათთვის ხელსაყრელ საკუთარ ეგოიზმს. და თუ მაინცდამაინც ეგოიზმზე მიდგა, ჩვენც ჩვენსავე ეროვნულ ეგოს მივმართიოთ, მაგრამ გავაკეთოთ ეს ფრთხილად, პასუხისმგებლიანად. თანამედროვე ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოებრიობის კონკურენტუანარიანობა ქართული ისტორიული მეხსიერების კოდის არდავიწყებასთან ერთად სრულიად ახლებური, ინტერესებში პრაგმატიზმსა და მართველობაში ტექნოკრატიაზე დაფუძნებულ მიდგომებს მოითხოვს.  

ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე

ექსკლუზივი NATO-ს ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინასთან. მადრიდის სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime ხავიერ კოლომინასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ET: რას გვეტყოდით უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და NATO-ზე მის გავლენებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ შედეგებს და ზოგადად, როგორ ხედავთ ალიანსის ურთიერთობას რუსეთთან? რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ზარალს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის წინააღმდეგ წარუმატებელი შეტევის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ძალების კონცენტრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში ახდენს. რუსეთი ახლა ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობითაა მსხვერპლი. რუსი სამხედროები განურჩევლად ახორციელებენ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აგრესიას. სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ. ამ ფონზე NATO ორი პარალელური პრიორიტეტის განხორციელების მიზნით, მუშაობას განაგრძობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, ვიცავთ რა, NATO-ს ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ მოხდეს ამ ომის ესკალაცია მოკავშირეთა ტერიტორიაზე. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს უკრაინას, მათ შორის აღჭურვილობით, ფინანსური მხარდაჭერითა და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნით. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიაწოდეს. ყოველივე ეს ცვლის სურათს ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას, უზრუნველყოს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მილიონობით ლტოლვილის მიღების გზით. უკრაინა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სამხედრო ტექნიკით ძლიერდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ჩვენი პასუხი სწრაფი და ერთიანი იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი ერები. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება NATO-ს უშუალო მეთაურობის ქვეშ, რომელსაც ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები უჭერს მხარს. ეს არის რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მიზნად ვისახავთ არა კონფლიქტის პროვოცირებას, არამედ, მის აღკვეთას და მშვიდობის აღდგენას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ET: რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს. უკრაინაში ომის პირობებში, რა არის ის საფუძვლები, რომლებსაც ალიანსი მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა? შეიცვალა რაიმე ძირეულად? უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ET: რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? როგორც აღვნიშნე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე. ET: რა იქნება სამიტის მთავარი აქცენტი და რას იტყვით უკრაინაზე? მომავალ კვირას მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას. ET: რას ფიქრობთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის შეშფოთების მიზეზები სამიტამდე შეიძლება, რომ აღმოიფხვრას? ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ჩვენს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისტორიულია. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ისინი აგზავნიან მკაფიო გზავნილს: დაშინება არ მუშაობს; და NATO-ს კარი ღია რჩება“. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორივე ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს ასევე გააძლიერებს NATO-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი და შვედეთი არიან ძლიერი დემოკრატიები და მედეგი საზოგადოებები, აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები - მათ შორის მნიშვნელოვანი რეზერვები და მოწინავე თვითმფრინავები, და, საზღვაო ძალები. შეუძლიათ, NATO-სთან ერთად იმუშაონ. ისინი არიან დიდი ხნის კონტრიბუტორი NATO-ს წინა და მიმდინარე მისიებში (ავღანეთში, კოსოვოში და ერაყში), ასევე, NATO-სა და მოკავშირეების წვრთნებში. როგორც გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ფინეთისა და შვედეთის გზაზე, რათა შეუერთდნენ ჩვენს ალიანსს; როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს; როდესაც მოკავშირე აყენებს შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით და ვპოულობთ საერთო ენას; ასე რომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ თურქეთის უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებებთან მიმართებით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, სტრატეგიული მდებარეობით, მთავარ როლს ასრულებს შავ ზღვაში, სირიასა და ერაყს ესაზღვრება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თურქეთი ასევე არის NATO-ს მოკავშირე, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის PKK-ის მიზეზით გამოწვეული. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ, კონსტრუქციული სულისკვეთებით, რათა ვიპოვოთ ერთიანი გზა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ გაფართოება იყო ისტორიული წარმატება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა, რადგან თაობის უდიდესი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ. ნება მომეცით დავამატო, რომ უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინეთი და შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე განაცხადების მიღებამდე იყვნენ. ბევრმა მოკავშირემ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულებები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების მიმართ; და NATO-მ გაზარდა ჩვენი ყოფნა ბალტიის ზღვაში, მათ შორის მეტი წვრთნით; მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ჩაერთნენ რამდენიმე მოკავშირეთა წვრთნებში ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის BALTOPS-ში, რომელიც აერთიანებს 7500 პერსონალს 14 მოკავშირიდან - მათ შორის თურქეთიდან. ეს არის NATO-ს ერთგულების აშკარა დემონსტრირება ამ რეგიონის მიმართ.

სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე

24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პირველმა პირმა დიდი ყურადღება დაუთმო ეკონომიკურ კავშირებსა და ენერგოპროექტებს. თუმცა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის პოლიტიკური კონტექსტი და ახალ რეალობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რა როლი ექნება საქართველოს. ამ თემაზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს  ესაუბრა. ET: რა არის საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტისას გაჟღერებული მთავარი პოლიტიკური გზავნილი? საქართველოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც შუამავლები ევროკავშირის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე ჩავიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის მექანიზმები ჩამოყალიბდეს, აზერბაიჯანის სურვილია, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით, არამხოლოდ ორმხრივი, არამედ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობისთვის სამმხრივი პლატფორმა შეიქმნას. ET: ილჰამ ალიევმა ღიად განაცხადა სამმხრივი პლატფორმის შექმნის სურვილზე, თუმცა საქართველო, როგორც შესაძლო ერთ-ერთი მედიატორი „პრაღის შეთანხმების“ მიღმა დარჩა. გასაგებია კითხვის მიმართულება, თუმცა, ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანთან ასევე სომხეთთან. საქართველოს ჩართვა სამმხრივ პლატფორმასა და სხვადასხვა თანამშრომლობის მექანიზმში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით შეცვლის გეოპოლიტიკურ სურათს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ შემთხვევაში, ერთობლივი ძალებით, შესაძლებელი იქნება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტება და სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება. შესაძლოა, ალიევს სურდეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარების კონტექსტში. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველო ჩაერთო პროცესებში და შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა. ET: „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ რიგმა ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება, რომ საქართველომ გარკვეულწილად დაკარგა ლიდერის ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის როლი იზრდება და ძლიერდება რეგიონში თურქეთის გავლენები. თურქეთის გავლენა იზრდება ბუნებრივია, და აზერბაიჯანისაც, იქიდან გამომდინარე, რომ მან განიმტკიცა თავის პოზიციები მთიან ყარაბაღში. ასევე გამოიკვეთა თურქეთის, როგორც შუამავლის როლი, რადგან ამ ქვეყნის სამხედრო დამკვირვებლები იმყოფებიან მთიანი ყარაბაღის ზონაში. აქ ერთი პოზიტიური (შედეგი, რედ.) ისაა, რომ მცირდება რუსეთის გავლენა, ამიტომაც, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთო ჯამში დადებითად აისახება. ET:  ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „ახალი რეალობა იქმნება“ და „მომზადებული უნდა დავხვდეთ“. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში, ახალ რეალობაში საქართველოს მნიშვნელობა გაიზარდოს? საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან საერთო პროექტებში. იგივე „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“, „ბაქო-სუფსა“. ამ პროექტებში საქართველოს როლი არის მნიშვნელოვანი, თუმცა აუცილებელია დაუახლოვდეს დასავლურ სტრუქტურებს. თუ სამხრეთ-კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის როლი იზრდება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს, როგორც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნის როლი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს. ამასთან, თუ შეიქმნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს გზას გაუხსნის დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში და საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა. საერთო ჯამში, იდეალური ვარიანტია, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსება, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს. ET: ე.ი. საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს? საქართველო ერთი მხრივ, უნდა დაუახლოვდეს აზერბაიჯანსა და თურქეთს, რითაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციებს დააბალანსებს გეოსტრატეგიული და ეკონომიკური პროექტების თვალსაზრისით, მაგრამ ღირებულების თვალსაზრისით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ET:  რომ შევაფასოთ, რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის მთავარი გზავნილი და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში ამ ვიზიტის შემდეგ? საქართველოში ალიევის ვიზიტის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი, ერთმანეთთანაა კავშირში. ახალი რეალობიდან გამომდინარე, ერთი კონტექსტია აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული პროექტების გააქტიურება. ორივე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება ხელს შეუწყობს, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. რაც შეეხება პოლიტიკას, აქ საუბარია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. იგივე სამმხრივი პლატფორმის შექმნა - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, თუ სამივე კავკასიური ქვეყანა ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის კონტექსტში, თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას იმ დოზით ვეღარ შეძლებს. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო. ალიევი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას, პირდაპირ არ უპირისპირდება რუსეთს, თუმცა სურს, რომ რეგიონში მისი გავლენა შემცირდეს. რუსეთი აფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას. ცალსახაა, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებით.