თეგი: ირლანდია

ირლანდია და ჩეხეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანას ოთხი რუსი დიპლომატი დატოვებს. „მათი საქმიანობა არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და დიპლომატის ქცევას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, წერს The Irish Times. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, დღეს პარლამენტს აცნობა.  ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატი პრაღაში პერსონა „ნონ-გრატად“ გამოაცხადა.  „ამ დიპლომატმა ჩეხეთი 72 საათში უნდა დატოვოს. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფნა შევზღუდეთ“, -დაწერა Twitter-ზე ჩეხეთის ხელისუფლების წარმოამდგენელმა.  მანამდე ცნობილი გახდა ნიდერლანდებიდან 17, ხოლო ბელგიიდან 21 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.     

ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ირლანდიის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრა გენოციდის აქტია. ირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის გენოციდის შესახებ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.  11 მაისს, ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში პირველად დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად მიიჩნიეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი

ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა ჰპოვა მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან

საქართველოს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო მაკჰიუს ხელმღვანელობით, საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ირლანდიელი პარლამენტარები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. „ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ირლანდიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში შედიან ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუ; კომიტეტის წევრები შონ ჰოგი და რორი ო მურჩუ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, ომის შედეგად განადგურებულ კიევის რეგიონში ვიზიტის შემდეგ მოუწოდა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. ამის შესახებ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ მარტინმი ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.  ირლანდია უკრაინის სამომავლო აღდგენის პროცესში შეიძლება, ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. კრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირლანდიის პრემიერ მინისტრთან მიხეალ მარტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს საკითხი თავად მაიკლ მარტინთან განიხილა. „მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ სამხედრო რისკის დაზღვევის ერთობლივი მოდელი ბიზნესისთვის, რომელიც გადაწყვეტს ინვესტირებას უკრაინაში და განახორციელებს პროექტებს. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ფუნქციონირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ხალხის სახლებში დაბრუნებას“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა, საქართველოს ჩვენი დახმარება სჭირდება - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა. სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, არამედ პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას: „ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს გულის გატეხვას; თუმცა მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია“,  - აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. „გაწევრიანების პროცესი რთული და ხანდახან გაჭიანურებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მაინც გაირკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს.

ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა

ირლანდიაში, ივლისში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უკვე მეორედ დაფიქსირდა. ამის შესახებ The Irish Times-ი წერს. ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი Met Office-მა ორშაბათს დუბლინში მდებარე მეტეოროლოგიურ სადგურზე წინასწარი მონაცემები +33 გრადუსი გამოაცხადა. ირლანდიის მეტეოროლოგიური მონაცემების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა უფრო თბილი ტემპერატურა, რომელიც მხოლოდ 0,3 გრადუსით მეტი იყო. ეს ფაქტი საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1887 წლის ივნისში მოხდა.  „ეს არის რეალურად ივლისის ყველაზე მაღალი რეკორდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. დღეს ტემპერატურა ყველაზე მაღალია მე-20 და 21-ე საუკუნეებში, მაგრამ მე-19 საუკუნეში კილკენში ჰაერის ტემპერატურა 33,3 გრადუსს გაუტოლდა, - განაცხადა მეტეოროლოგმა ლიზ გევინმა. დუბლინში ივლისში ჰაერის ტემპერატურა 18-დან 20 გრადუსამდეა. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ, ირლანდიაში, არის ექსტრემალური მზარდი, ტემპერატურის მატების უფრო დიდი სურათის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამას კლიმატური ცვლილებები იწვევს“, - თქვა პროფესორმა ჯონ სვინიმ, რომელიც მაინუთის უნივერსიტეტის კლიმატოლოგია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.  საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

ირლანდიიის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ კიევში ირლანდიის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ RTE იტყობინება. საელჩო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დისტანციურად ფუნქციონირებდა და ახლა იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოს საკონსულო დახმარება. 17 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში 55 დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მუშაობა უკვე განაახლა.  

ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის, Meta $277 მილიონით დაჯარიმდა

Bloomberg-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის $277 მილიონით დააჯარიმა.  მედიის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით. კომპანიის განცხადებით, პრობლემა აღმოაჩინეს და  ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს. ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ამ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.  

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.  ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში  გაფორმდა. საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ. „აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს  შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის  ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან,  ბაჰრეინთან,  კატართან და ა.შ. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.  

საქართველოს მომავალი მტკიცედაა დაკავშირებული ევროკავშირის ოჯახთან - ჩარლი ფლენეგანი

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლენეგანი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ინფორმაციული განახლება და დისკუსიები საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ნიკოლოზ სამხარაძესთან, მაია ბითაძესა და დავით სონღულაშვილთან. ფართო სპექტრის რეფორმების პროგრამა კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მომავალი მტკიცედ არის დაკავშირებული ევროკავშირის ოჯახთან“, – წერს ჩარლი ფლენეგანი „ტვიტერზე“.  

ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა დაიწყეს

ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება დაიწყეს. ამის შესახებ The Irish Times იტყობინება ირლანდიის თავდაცვის ძალების შტაბის უფროს, გენერალ-ლეიტენანტ შონ კლენსის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სწავლება არის ევროკავშირის მისიის ფარგლებში დახმარების ნაწილი, რომლის დროსაც უკრაინული ძალებს სამხედრო წვრთნას წევრი ქვეყნები უტარებენ, რათა კიევს რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარონ. ირლანდიამ აიღო ვალდებულება, გამოაგზავნოს თავდაცვის ძალების 30-მდე წევრი, რათა მონაწილეობა მიიღონ წვრთნებში. ირლანდიის ჯარები ამჟამად კვიპროსში იმყოფებიან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამზადებენ ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებისა და განაღმვის მიმართულებით, - განაცხადა კლანსიმ. მისი თქმით, მისიას გერმანიიდან და ბრიუსელიდან კოორდინაციას უწევენ თავდაცვის ძალების სხვა წევრები.   

ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების კონტექსტში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური საპარლამენტო ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შორის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. საუბარი შეეხო მსხვილ ირლანდიურ ინვესტიციებსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს. შეხვედრაზე აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ დაფასდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ითქვა, რომ ხელისუფლება ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს და ქვეყანა რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ირლანდიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე აღინიშნა ირლანდიის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ფინი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.  

ირლანდიის პრემიერი უკრაიაში ჩავიდა და €5 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება დააანონსა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარდაკარი უკრაიაში ჩავიდა. ის უკვე იმყოფებოდა ბუჩაში. შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკისაც. დააანონსა €5-მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარება. „ჩვენ კიდევ 5 მილიონ ევროს ვაძლევთ ჰუმანიტარული  დახმარების სახით უკრაინას - 3 მილიონი ევრო უკრაინაში წითელი ჯვრის მიერ დაიხარჯება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე, 2 მილიონ ევროს კი, გაეროს ფონდში შევიტანთ“, - განაცხადა ვარადკარმა დღევანდელ განცხადებაში. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირლანდიის პრემიერთან უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა.  „მივესალმები უკრაინაში ირლანდიის მთავრობის მეთაურს, ლეო ვარადკარს. დღეს ჩვენ გავმართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს...მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა, ეს ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გულგრილობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.  

ირლანდიამ უკრაინის მიერ „მტკიცებულების“ გავრცელებას გამოძიების დაწყებით უპასუხა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ირლანდიამ გამოძიება დაიწყო სამშაბათს უკრაინაში ჩამოგდებული კამიკაძე-დრონის ძრავაში ირლანდიური წარმოების დეტალების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ. „ირლანდია ინფორმირებულია თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ და მიმდინარეობს გამოძიება,“ - განაცხადა ვარადკარმა ოთხშაბათს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ქვეყნის მთავრობას არ სჯერა, რომ ზოგიერთ ირლანდიურ კომპანიას შეუძლია სანქციების დარღვევა. ვარადკარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთ მესამე მხარეს შეეძლო სანქციების დარღვევა. ერმაკი: რუსულ თვითმფრინავებს დასავლური წარმოების ნაწილები ისევ აქვთ, საჭიროა ახალი სანქციები რუსული დრონი, რომელიც გუშინ ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა - „დამზადებულია ირლანდიაში.“  

ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში, ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა

ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში საქართველოს 3432 მოქალაქე ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე - ალჟირი [2543]. ირლანდიაში დაფუძნებული გაზეთუის, Dublin Inquirer-ის ინფორმაციით, თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წელს საქართველოდან განაცხადი 2700 ადამიანზე მეტმა შეიტანა.  

კიევში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისია, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე გახდა

კიევში განთავსებული ირლანდიელი დიპლომატები რუსულ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის სამიზნე გახდნენ. კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა, ოსიან სმიტმა დაადასტურა, რომ ირლანდიის დიპლომატიური მისია კიევში იყო ერთ-ერთი იმ 22 უცხოური საელჩოდან, რომელიც ამ ზაფხულის დასაწყისში ჰაკერების ჯგუფის სამიზნედ იქცა. ეს ჯგუფი ცნობილი როგორც  - „Cozy Bear“ და დაკავშირებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან. სმიტმა განმარტა, რომ ჰაკერების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მათ ირლანდიური მისიის სისტემებში ვერ შეაღწიეს. „მე დარარწმუნა საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა, რომ მათ წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და რომ ზიანი არ მიგვიღია. ამის შესახებ დეპარტამენტმა ასევე აცნობა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს,“ - განმარტა მინისტრმა. თავდასხმის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლონელ დიპლომატს მისი მანქანის პოტენციური მყიდველი დაუკავშირდა და ავტომობილის იმაზე დაბალი ფასი შესთავაზე, ვიდრე დიპლომატს თავდაპირველად ჰქონდა მითითებული. გაირკვა, რომ ფასი რუსმა ჰაკერებმა შეცვალეს. წვდომა კი, ამ მანქანის რეკლამის გამოყენებით შეძლეს.  გასულ წელს ირლანდიამ კიბერუსაფრთხოების სფეროში უკრაინას ერთი მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერა გაუწია. უკრაინის დედაქალაქში საელჩოების სისტემაში შეღწევის მცდელობა კიბერუსაფრთხოების კომპანიის Palo Alto Network-ის 42-ე განყოფილების მკვლევრებმა გამოავლინეს. კიბერდანაშაულის დეტალებზე მათ გასულ თვეში ისაუბრეს.  

მედია: ნეიტრალური ქვეყის, ირლანდიის შეიარაღებული ძალების 30-მდე წევრი უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის

ირლანდიის შეიარაღებული ძალების 30-მდე წევრი უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებს ჩაატარებს. იუწყება Irish Times-ი. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.  განცხადებაში ქვეყნის მთავრობა განმარტავს, რომ დუბლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღს არ აწვდის. „ირლანდიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ხასიათდება სამხედრო ალიანსებში, ერთობლივ თუ ორმხრივ თავდაცვის შეთანხმებებში ჩვენი არმონაწილეობით,“ - ნათქვამია განცხადებაში. „ჯარისკაცების საბაზისო სამხედრო მომზადება, მათ შორის, წვრთნები არ იმოქმედებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე,“ - განაცხადა მთავრობამ. ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა მაისში დაიწყეს. ახლა კი, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები იწყება.  

ირლანდია უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება

ირლანდია მზადაა, მხარი დაუჭიროს მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ სახლები რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. ირლანდიაა მზადაა, დაეხმაროს უკრაინას სტრატეგიული საპორტო ქალაქის რეკონსტრუქციაში. ეს საკითხი მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოსა და უკრაინაში ირლანდიის ელჩის, ტერეზა ჰილის შორის შეხვედრისას განიხილეს. ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ირლანდია მზადაა, მხარი დაუჭიროს მარიუპოლიდან დევნილებს და შეუერთდეს მარიუპოლის სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერის პროგრამებს. გარდა ამისა, ირლანდიამ უკრაინას მისი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, მარიუპოლის ეკონომიკის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და ახალი ინდუსტრიული ფილიალების შექმნის გამოცდილება, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მარიუპოლისთვის. ჰილიმ ასევე აღნიშნა, რომ ირლანდია გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.  

საგარეო უწყება: ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ირლანდიის სენატისა და პარლამენტის თავმჯდომარეებმა, ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დუბლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიის სენატის თავმჯდომარის ჯერი ბუტიმერმა განაცხადებით, ირლანდია მზად არის იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ძალიან კარგი და ძლიერი გზავნილებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე. ირლანდიამ ბევრი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობით და იმედი მაქვს, რომ საქართველოც შეძლებს ამ სარგებლის მიღებას. რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. თქვენმა მთავრობამ და მინისტრმა გაგვაცნეს ის პროგრესი, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. ირლანდიაში საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობართა ჯგუფი, რომელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ველით საქართველოსა და ირლანდიის მთავრობებთან მუშაობას, რათა მალე ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოება“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის შონ ო'ფარელის შეფასებით საქართველოსა და ირლანდიას საერთო წარსული აქვთ და ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის “მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ირლანდიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ირლანდიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდირებისთვის. ირლანდია საქართველოს მტკიცე მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გარდა ამისა, ირლანდიას და საქართველოს მსგავსი წარსული აქვთ. ჩვენც ბევრი ათწლეულის მანძილზე ვიბრძოდით შიდა დაპირისპირების გამო, სანამ ეს ყველაფერი მშვიდობის შეთანხმებით არ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ მდგომარეობის სიმძაფრე, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებშია” - განაცხადა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ. ირლანდიის სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის დიარმუდ უილსონის განცხადებით ირლანდიის სენატმა რეზოლუციის სახით არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ახლაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. „ირლანდიის სენატი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გასულ წელს ჩვენ ერთხმად მივიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია და ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყნის პარლამენტიდან, რომელმაც მსგავსი რამ გააკეთა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა დიარმუდ უილსონმა სენატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.  

ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს

ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, მიჰო მარტინის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რაც, მხარეთა შეფასებით, დაეხმარება ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამასთან, ირალნდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გაასაჯაროვა ირლანდიის გადაწყვეტილება ირლანდიაში მგზავრობისას დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეების ვიზისგან გათავისუფლების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად მიმდინარეობს გადაწყვეტილების ტექნიკური იმპლემენტაცია. მხარეები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამატივებას. „შეხვედრაზე მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ირლანდიაში, რომელიც პირველად შედგა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განავითარებს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება დაფასებული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. საუბრისას ხაზი გაესვა ამ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ პროცესში ირლანდიის პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. აღინიშნა ირლანდიის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სექტორული, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოტენციალს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ირალნდიის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის თბილისში გამართვის საკითხი. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია,“ - ნათქვამია საარეო უწყების ინფორმაციაში.

ზელენსკიმ შენონის აეროპორტში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადასა და აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ირლანდიაში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად უცნობია, რამდენ ხანს დაჰყოფს ქვეყანაში ზელენსკი, მისი სამომავლო გეგმებიც უცნობია. ზელენსკიმ შენონის აეროპორტის შენობაში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანთან. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა. ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური, მშვიდობის სამიტში გაწევრიანება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები. ზელენსკი კანადაში ჩავიდა დაუანონსებელი ვიზიტით. მანამდე ის აშშ-ში ვიზიტით იყო, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება  

ირლანდიის სენატის თავმჯდომარე: ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს

ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს, – ამის შესახებ ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ, ჯერი ბუტიმერიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კარგი დისკუსია ჰქონდათ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. „როგორც ირლანდიის პარლამენტის წევრი ვაღიარებ იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირში წევრობამ მოგვიტანა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ევროკავშირში შევედით. ღარიბი ქვეყნიდან ჩვენ ვიქეცით მდიდარ ქვეყნად. ევროკავშირი წევრობის სარგებელი თვალსაჩინოა. ირლანდია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განაცხადს. ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს. ევროკავშირმა თავისი შეფასებებში, ანალიზში, თუ რა ეტაპზეა საქართველო წევრობის გზაზე, ჩამოაყალიბა კრიტერიუმები და 12 პრიორიტეტი. ისინი დროულად უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, საპარლამენტო ჯგუფის თვალსაზრისით, ირლანდიის მეგობრობის ჯგუფს საქართველოსთან აქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები და ურთიერთგაგება წევრობამდე გზასთან დაკავშირებით. ჩვენ, ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. გამოცემის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.