თეგი: კიბერდანაშაული

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

სებ-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს სხვადასხვა მობილური აპლიკაციის (მაგალითად WhatsApp) საშუალებით  უცნობი  პირები უკავშირდებოდნენ მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთის ფოსტით გაგზავნის ან აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შეთავაზების მიზნით. აღნიშნული პირები მომხმარებლებს უგზავნიდნენ ვებგვერდების ბმულებსაც და მათზე ბარათის და/ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მომხმარებლის მიერ საკუთარი პირადი და/ან საბარათე მონაცემების აღნიშნულ ბმულებზე შეყვანის შემდეგ, უცნობ პირებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ. აღნიშნული სქემა ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს. „საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების, გაზიარებისას, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებგვერდებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.   

გენერალურ პროკურატურაში „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ შეიქმნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სპეციალიზებული დანაყოფი - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალიზებული დანაყოფის შექმნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით, კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა, რაც მათ შორის აქტიურად ვლინდებოდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებში. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამედროვე საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდა და მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს პროკურატურის ახალ სამოქმედო გეგმაში.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე საუბრობს

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, პირველი კურსი ქართველი სამართალდამცავი უწყებების პროფესიონალებისთვის 3-4 ნოემბერს დაიწყო. ეს სასამართლო ექსპერტიზის სერტიფიცირების თითქმის ერთწლიანი კურსის პირველი ეტაპია, კურსი საქართველოს შესაბამის უწყებებს წარედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზება რთულ ამოცანად ითვლება, საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და უწყება, რომელიც კიბერდანაშაულთან ბრძოლაშია ჩართული, მზადყოფნას გამოხატავს ვალდებულებების შესასრულებლად. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ერთწლიან კურსს, გახდებიან სერთიფიცირებული სასამართლო ექსპერტები და დამატებით მოეთხოვებათ სამართალდამცველების მომზადება, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) მხარდაჭერით“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  შეგახსენებთ, აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 3 პირი: 1973 წელს დაბადებული ა.ს. , 1984 წელს დაბადებული ვ.ე. და 1971 წელს დაბადებული მ.წ. დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების - მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.