თეგი: მარაგი

თბილისის მახლობლად საბადოში, 16 მლრდ მეტრ კუბის გაზის მარაგი დადასტურდა - საქართველოს გაზისა და ნავთობის სააგენტო

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროს გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს, ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება. “ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, „შლუმბერჟეს“ გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად. ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს "ბლოკ ენერჯი", რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. "ბლოკ ენერჯის" აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს “ბლოკ ენერჯის” $6.1 მილიონის შემოსავალი და 4.8 მილიონი დოლარის ზარალი ჰქონდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მისი აქციების ღირებულების ჯამი 9.4 მილიონი გირვანქა სტერლინგია. კომპანიის ერთი აქცია 1.35 გირვანქა სტერლინგი ღირს.  

ირანში ნავთობის ახალი მარაგი აღმოაჩინეს

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა მეჰდი ფაკურმა განაცხადა.  „საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამი ქვეყანა - რუსეთი, ერაყი და ირანი მომავალში განახორციელებს ყველაზე მეტ სამძებრო-საძიებო სამუშაოებს“, - თქვა ფაკურმა პრეს-კონფერენციაზე. ამ დროისთვის ირანში 14-მდე საძიებო ბლოკია გამოვლენილი, მაგრამ  ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამო არცერთ ბლოკზე ინვესტიცია არ განხორციელებულა.   

თურქეთში, გაბარის მთის რაიონში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს.  არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს.  აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.   

ნორვეგიაში, კონტინენტურ შელფზე ლითონებისა და მინერალების დიდი მარაგი აღმოაჩინეს

ნორვეგიის კვლევითმა ჯგუფმა, ქვეყნის კონტინენტურ შელფზე ლითონებისა და მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინა.  ნორვეგიისა და გრენლანდიის ზღვების რაიონებში, წინასწარი შეფასებით, საბადოებში 38 მილიონი ტონა სპილენძისა და 45 მილიონი ტონა თუთიის მარაგია. ასევე, კონტინენტურ შელფზე აღმოაჩინეს დაახლოებით 24 მილიონი ტონა მაგნიუმი, 3,1 მილიონი ტონა კობალტი და 1,7 მილიონი ტონა ლითონის ცერიუმი, რომელიც შენადნობებში გამოიყენება. გარდა ამისა, ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე აღმოჩენილია იშვიათი ლითონების საბადოები: ნეოდიმი, იტრიუმი და დისპროზიუმი. კონტინენტურ შელფზე, შემდგომი კვლევები მიმდინარეობს.