თეგი: მშენებლობა

მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა

ორხევის დასახლებაში 28 იანვარს, მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა პროცედურა დროში გაიწელა და საბოლოო ჯამში, ფართი არ დაუკანონდათ. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, იმ სახლების დემონტაჟი მოახდინეს, სადაც არავინ ცხოვრობდა. ამასთან, განმარტა, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც აქვთ. ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია.ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერიც. კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს. „სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით, გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. დადგინდა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი საგანი დაეცა, დაიღუპა

ჰოსპიტალ "ბაუ"-ში 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა. კლინიკა „ბაუს“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ახალგაზრდა 12 ივნისს თავის ქალის მძიმე ტრავმით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მიერ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.  

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთზე, 4 ზოლიანი გზა შენდება

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მილიონამდე ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მოცემულ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რვა ხიდსა და ხუთ გვირაბზე, საიდანაც ოთხი ხიდი უკვე აშენებულია. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ექსპლუატაციაში უკვე შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთისსაუღელტეხილო გზას დაუერთდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 23 ხიდს, ხუთ გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ლიეტუვამ ბელორუსის საზღვართან კედლის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვამ, ბელორუსის საზღვართან 502 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა.  ლიეტუვა ბელორუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა „სამუშაო 100% დასრულდა და ახლა მხოლოდ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ორგანიზაციული დოკუმენტაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს შემიძლია ბედნიერი ვიყო, რომ პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა“, - განუცხადა BNS-ს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბარიერი არ არის ის, რაც აბსოლიტურად დაიცავს ლიეტუვას არალეგალური მიგრაციისგან. ამიტომ, პრემიერმა ხაზი გაუსვა სათვალთვალო ღონისძიებების აუცილებლობასა და IT სისტემების მნიშვნელობას.   

ჩინეთი და უზბეკეთი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ისტორიული შეთანხმება შედგა. უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამარყანდში გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ლიდერებმა განიხილეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უზბეკეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერების შემდგომი გზები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს $8 მილიარდს მიაღწია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიარდს გადააჭარბა.  ღონისძიების შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობაა $15 მილიარდი.  მოლაპარაკებების დასასრულს სი ძინპინმა მირზიოევი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია. მირზიოევმა სი ძინპინგი უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ოლი დარაჟალი დუსტლიკის“ ორდენით დააჯილდოვა.  

საქსტატი: მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.05%-ით გაიზარდა

"მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05%-ით გაიზარდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.6%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.0 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.  

საქსტატი: 2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ფასი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა

2022 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 2.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.1 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ცნობილია, როდის დაასრულებს აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის მშენებლობას

ორ წელზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე ყველა სამუშაოს დასრულება იგეგმება.  ადგილზე სამუშაოების 40% რკინიგზის ხაზზე და 70% მაგისტრალზე დასრულებულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. ეს გამოიწვევს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნას. მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსებაა გათვალისწინებული ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ტონას შეადგენს. „ეს ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის 25 მილიონ ტონამდე გაზრდას“, - აღნიშნა ალიევმა.  

ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზის მშენებლობა

რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემოსავლები და გადატვირთული ტვირთის მოცულობაც არის რეკორდული, - ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი მისივე თქმით, საჭიროა რკინიგზის სწრაფად მოდერნიზება, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი, რომელიც შუა დერეფანის მიმართულებით ტრანსფორმირდება.  ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2024 წელს დასრულდება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და $100 მილიონი უკვე გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის 86% დასრულებულია და ორ წელიწადში აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.   BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:  რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტზე, ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის, იანვარ-თებერვალში ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას დაიწყებენ და პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.  ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება პირველი ეტაპის სამუშოები $300 მილიონი დაჯდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოიყენონ, რადგან ეკონომიკაში ეს ფონდი ზუსტად ამ როლს ასრულებს. „ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი. არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდება. „პირველ ეტაპს დასჭირდება ალბათ, დაახლოებით ორი- სამი წელი. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, რა თქმა უნდა, გრძელვადიანია. ათ წელზე მეტს მოიცავს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი იქნება დატვირთვა, უნდა მოხდეს პროექტის მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების შესაბამისად დაგეგმვა. ესეც არის განსაზღვრული წინასწარ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ მალევე დავიწყოთ სამუშაოები. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპერატიულად შევძლებთ ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია, ეს ერთ დღეში არ შეიქმნება. საბოლოოდ, ეს იქნება დამატებითი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც უბრალოდ უნდა ქმნიდეს უკეთეს კონკურენტულ გარემოს შავ ზღვაზე, განსაკუთრებით, ჩვენს დერეფანში. ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას უნდა უწყობდეს ხელს და მერწმუნეთ, ასეც იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.  შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება

პაკისტანი და რუსეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმება პაკისტანში. დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ხვალ დასრულდება, ორ ქვეყანას შორის ოქმის ხელმოწერაა მოსალოდნელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დღეს ლაჰორში მინისტრი შულგინოვი მიიღო. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს აზრები „პაკისტანის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაზსადენის მშენებლობა იგეგმება სამხრეთ პაკისტანში ყარაჩისა და გვადარის პორტებში. დაგეგმილია LNG-ის მიმღები ტერმინალების დაკავშირება ქვეყნის ჩრდილოეთით კასურის რაიონში მდებარე ელექტროსადგურებთან. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 1,1 ათასი კმ იქნება. გამტარუნარიანობა 12.3 bcm მ წელიწადში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „პაკისტანის ნაკადის“ მშენებლობაზე 2015 წელს. მშენებლობა გადაიდო, მათ შორის რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. 2021 წლის მაისში ნიკოლაი შულგინოვმა და პაკისტანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში შაფკატ ალი ხანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცვლის შეთანხმებას გაზსადენის პროექტის განხორციელების შესახებ. მოგვიანებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს შორის 2022 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.  

ლატვიამ ბელორუსის საზღვარზე 36 კილომეტრიანი ღობე ააშენა

ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, 36,1 კმ-ის სიგრძის დამცავი ღობე აშენდა.  ხეებისგან გაწმენდილი საზღვრის 82 კმ-დან 75-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 173 კმ-იანი სასაზღვრო ღობის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი, 85,8 კმ სიგრძის მონაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, ხოლო მეორე, 63,9 კმ, 2024 წლის გაზაფხულზე. მშენებლობის პირველი ორი ეტაპის განხორციელების პარალელურად, მუშავდება მესამე ეტაპის ტექნიკური დაზუსტება. Citrus Solutions-მა, რომელიც პროექტს 53,57 მლნ ევროდ ახორციელებს, ფასების შესწავლის შემდეგ მიიღო მუდმივი საზღვრის შემოღობვის პირველი ცხრა პრიორიტეტული მონაკვეთის აშენების უფლება. მეორე ეტაპზე ინფრასტრუქტურის შემდეგი ექვსი მონაკვეთის აშენების უფლება Citrus Solutions-მაც მიიღო, ერთ მონაკვეთს კი შპს „ვია“ ააშენებს. მეორე ეტაპის ხარჯების მოცულობა დღგ-ს გარეშე 38,7 მილიონი ევრო იქნება. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბელორუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 63 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა . მედიის ცნობით, 2021 წლის შუა პერიოდიდან ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე შეიმჩნევა ჰიბრიდული თავდასხმა - მიზანმიმართულადაა გაზრდილი არალეგალური მიგრაციის ნაკადი, რომელიც ლატვიაში ბელორუსის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერითაა განპირობებული. მიგრანტების შანტაჟის გამო ლატვიის გარდა ლიეტუვასა და პოლონეთსაც დაზარალდნენ. ამ მოვლენების შემდეგ ორივე ქვეყანამ ბელორუსის საზღვარზე ღობის აგება დაიწყო.  

2024 წლიდან, საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს - ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. "დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. ცვლილებები მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანონპროექტი ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოსური განაშენიანების პრევენციას. მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ.  

თებერვალში საქართველოში მშენებლობის ღირებულება შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7-პროცენტიანი კლებით, რამაც 0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. თუმცა, უწყების მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.  

2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა - "საქსტატი"

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დედაქალაქში 340 ობიექტი მიიღო ექსპლუატაციაში

სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 340 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. „ამნისტიის გამოცხადებიდან, სამსახურში 1124 განცხადება შემოვიდა; ამ დროისთვის, შესწავლის პროცესშია 196 ობიექტი; არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, შუალედური პასუხი გაეგზავნა 434 განმცხადებელს, 78-ს კი უარი ეთქვა; დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, განუხილავი დარჩა 76 განაცხადი“, – აცხადებენ უწყებაში. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამშენებლო ამნისტია ეხება ყველა ტიპის მშენებლობას, მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით, რომელიც მიმდინარეობდა ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. აგრეთვე, იმ ობიექტებს, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია განთავსებული. „სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში ხდება ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიება. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი, ფართობის გადამეტება, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ამასთან, ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისად, აუცილებელია, განმცხადებელმა წარმოადგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა კონსტრუქციულ მდგრადობასა და სეისმომედეგობაზე. სამშენებლო ამნისტიით სარგებლობისათვის დაინტერესებულ პირს, შეუძლია სპეციალური პლატფორმიდან ms.gov.ge ელექტრონული განცხადებით მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას“, – აღნიშნავენ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში. სამშენებლო ამნისტია 2021 წლის 28 ივლისს შევიდა ძალაში და ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სამშენებლო ამნისტიაზე ახალი განცხადების დარეგისტრირების ბოლო ვადა 2023 წლის 27 ივლისია.  

„გარდაბანი 3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თბოსადგურის ასაშენებლად აუქციონის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. „მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა. მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიახლის შესახებ მედიასთან დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური პირობები განსაზღვრა. „ინვესტორის შერჩევის მთავარი პირობა ასევე იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი 1 მგვტ-სთვის. იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება, დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული. „როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმეთვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა. დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად, აუქციონი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროცესს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით, კორპორაცია უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციაში.  

საქსტატი: სექტემბერში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.6 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ეს ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. უწყების ანგარიშით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.  

საქსტატი: ოქტომბერში მშენებლობა გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.2 პროცენტით შემცირდა. „საქსტატის“ ცნობით, ეს ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი შემცირებით, რამაც - 1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.4 პროცენტით გაიზარდა, რაც უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სანქციები მკაცრდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და სანქციები, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მისი თქმით, ახალი კანონი მიმდინარე წლის 11 იანვრიდან შევა ძალაში. „მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი კანონის მიხედვით: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა). ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატი: თებერვალში, მშენებლობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა. საქსტატში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 46.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 8.4 და 1.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.1 პროცენტით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.